სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "თუ ამას პროტესტი არ მოჰყვება, მაშინ გარემოვაჭრეების აყრას დაიწყებენ"
    ნატა გიორგაძე
    (29.07.2010)

      არჩევნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, თბილისის მერი გარევაჭრობის საკითხით დაინტერესდა და დედალაქალის მთავრობისგან ამ პრობლემის მოგვარება მოითხოვა. ამ თემის წინ წამოწევის მთავარ მიზეზად კი ქუჩაში შეძენილი პროდუქტებით მოწამვლის შემთხვევების გახშირება დაასახელა. უგულავას ამ გადაწყვეტილების ფონზე აშკარაა, რომ მალე გარემოვაჭრეებს კარგი დღე არ დაუდგებათ და ერთ დღესაც მერიის წარმომადგენლები მათ აყრას დაიწყებენ. ამას არც "კონსერვატორი" ლაჩა ჩხარტიშვილი გამორიცხავს და აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში ის აქციებს უკვე გარემოვაჭრეებთან ერთად გამართავს.
      გიგი უგულავამ გარევაჭრობის პრობლემაზე დედაქალაქის მთავრობის იმ სხდომაზე ისაუბრა, სადაც მის ქვეშევრდომებს ინვესტიციების მოზიდვა დაავალა. როგორც გიგი უგულავამ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ბოლო პერიოდში ქუჩაში შეძენილი პროდუქტებით მოწამვლის შემთხვევები გახშირდა. ამიტომ უსაფრთხოების ზომების დაცვა აუცილებელია. თბილისის მერის განცხადებით, გარემოვაჭრეებისთვის სპეციალური ადგილები უნდა გამოიყოს, სადაც სანიტარული ნორმები დაცული იქნება. ამასთან, უგულავა ხაზგასმით აცხადებს, რომ არც ერთი მოვაჭრე სამსახურის გარეშე არ უნდა დარჩეს.
      ის, რომ გარევაჭრობის საკითხი მოსაგვარებელია და ყველაფერი ქუჩაში არ უნდა იყიდებოდეს, ფაქტია და ამაზე თავად მოვაჭრეები საუბრობენ. თუმცა, მათივე თქმით, ახალ ბაზრებში, რომლებიც ბოლო წლებში აშენდა და სადაც კომფორტული გარემოა, ერთი ადგილი ისეთი ძვირი ღირს, რომ მის გადახდას ნამდვილად ვერ შეძლებენ.
      ნინო გ. გლდანში, მეტრო "ახმეტელის" მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე წლებია ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობს და ამბობს, რომ მერიის თანამშრომლებს ადრე ტერიტორის დატოვება არაერთხელ მოუთხოვიათ. თუმცა აქციებისა და წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, ის თავის ადგილს მაინც დაბრუნებია.
      "გლდანში ააშენეს დიდი შენობა, სადაც გარემოვაჭრეები უნდა შეეყვანათ, მაგრამ იქ თითქმის არცერთი ჩვენთაგანი არ შესულა. იმდენია ერთ ადგილზე გადასახადი, რომ მე მის გადახდას ნამდვილად ვერ შევძლებ. თანაც ამ შენობაში მყიდველი არ შემოდის და რამდენი უნდა ვივაჭრო, რომ ქირაც გადავიხადო და ოჯახშიც რაღაც შევიტანო? თუ იქნება მცირე გადასახადი, ყველა შევა და იქ ივაჭრებს.
      გგონიათ ჩვენ არ გვინდა, რომ უფრო კომფორტულ გარემოში ვიმუშავოთ? ზამთარში ყინვა, თოვლი და ქარი არ გვაწუხებდეს, ზაფხულში კი სიცხე? ეს ყველას გვინდა, მაგრამ გიმეორებთ, ვერ შევძლებთ გადასახადების გადახდას, სახლში ლუკმა-პურის მიტანაზე ხომ საუბარი ზედმეტია", - გვითხრა ნინო გ-მ.
      ანალოგიურ განცხადებას აკეთებენ გლდანში მოვაჭრე სხვა ადამიანებიც, რომლებიც თვლიან, რომ გარევაჭრობის აკრძალვის შემთხვევაში ისინი ლუკმა-პურის გარეშე დარჩებიან.
      "სად უნდა ვივაჭროთ, იმ შენობაში, რომელსაც ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანები აკონტროლებენ და სადაც გადასახადი ძალიან მაღალია? იქ ვერ შევალთ, უბრალოდ, იმდენს ვერ ვივაჭრებთ, რომ ქირა გადავიხადოთ. ხელისუფლება ამაზე კი არ ფიქრობს, მათ ლუკმა-პურის შოვნის პრობლემა არ აწუხებთ.
      რაც შეეხება იმას, რომ მალფუჭებადი პროდუქტი, ხორცი, თევზი და ა.შ. ქუჩაში არ უნდა იყიდებოდეს, ფაქტია, მაგრამ ბევრ მოვაჭრეს აქვს მაცივარი და ასეთი პროდუქტები სწორედ მაცივარში უწყვია. აბა, მაცივრის გარეშე ასეთ სიცხეში პროდუქტი გაფუჭდება და მოვაჭრეც იზარალებს. 
      თუ ვიღაც ამ წესს არ იცავს, ეს მისი პრობლემაა და მერიის თაგამშრომლებიც მათით უნდა დაინტერესდნენ, ერთი და ორი ადამიანის გამო, პრობლემა ყველას არ უნდა შეექმნას", - ასეთია როგორც "ახმეტელთან", ასევე ვაგზლის მოედანზე მოვაჭრეთა დიდი ნაწილის პოზიცია.
      "გიგი უგულავას განცხადება გარევაჭრობის საკითხის მოგვარებაზე, მისაღები ნამდვილად არ არის. ალბათ, ისინი გარევაჭრობის რეგულირებასთან დაკავშირებით კანონის ჩუმად მიღებას აპირებენ, რაც დაუშვებელია. თანაც ეს თემა ქალაქის მთავრობის კი არა, საკრებულოს საქმეა. როდესაც ასეთ კანონზე მუშაობ, უნდა მოხდეს მისი საჯაროდ განხილვა და თანაც საკრებულოში.
      რა თქმა უნდა, მალფუჭებადი პროდუქტი სანიტარიული ნორმების დარღვევით არ უნდა იყიდებოდეს, მაგრამ ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობის აკრძალვა არანაირ ნორმებში არ ჯდება. მსოფლიოს ბევრ ქალაქში, მათ შორის დედაქალაქში ნახავთ, რომ ხილიც და ბოსტნეულიც ქუჩაში კომფორტულად მოწყობილ დახლებზე იყიდება.
      დღეს კი იმაზე საუბარი, რომ გარევაჭრობა აირკძალოს, ემსახურება ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების, მეგობრების ბიზნესის გააქტიურებას, რომლებმაც ააშენეს ბაზრები, სადაც ხალხი სიძვირის გამო არ შედის. 
    უგულავამ ეს განცხადება ნიადაგის მონისჯვის გამო გააკეთა. თუ დაინახავს, რომ ამას პროტესტი არ მოჰყვება, მაშინ გარემოვაჭრეების აყრას დაიწყებენ. ჩვენ კი ყველანაირად შევეწინააღმდეგებით, რომ არ მოხდეს გარევაჭრობის აკრძალვა და გარემოვაჭრეების აყრა, მაგრამ თუ პროცესი მაინც დაიწყო, ჩათვალეთ, რომ ამას მოჰყვება საპროტესტო აქციები", - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    კომენტარის დატოვებისათვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია(თუ ხართ "რეზონანსის web–კლუბის წევრი), ან გაიაროთ რეგისტრაციის უმარტივესი პროცედურა და შემდეგ –– ავტორიზაცია.
          შესაბამის ველები საიტის ზედა ზოლშია

    Copyright © 2006-2010 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter