სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    30.11.2016

     მე-19 საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში თბილისში სტუმრად მყოფი უცხოელი მოგზაურები შინ დაბრუნებულები ახლობლებს თბილისის ბოჰემურ ცხოვრებაზე უყვებოდნენ. მაინც რა იყო იმ დროს ისეთი არაჩვეულებრივი, რაც ასე აოცებდათ სტუმრებს - თბილისის ქუჩაბანდები, ყარაჩოხელთა ქეიფი, ლოყებდაბერილი მედუდუკეები, არღანზე მოცეკვავე კინტოები? - ესეც და უფრო მეტიც, როგორც გრიშაშვილი იტყოდა, თბილისის მშვენიერი სული და თბილისური კოლორიტი.

    "ქართველები მეტად სტუმართმოყვარენი გახლავართ და ჩვენ გვერდით დამკვიდრდნენ ებრაელები, ბერძნები, აზერბაიჯანელები, რუსები, უკრაინელები, ბერძნები, ქურთები. გაჩნდა უბნები, თათრის მოედანი, კლდის უბანი, ავანაანთ ხევი, ლეღვთა ხევი, ისნის ყელი, პატარა და დიდი სირაჩხანა, სეიდაბადი, ორთაჭალა, ხარფუხი და მისი მიჯნა - განჯის კარი.

    "სავაჭრო ცენტრად თათრის მოედანი ითვლებოდა. აქ მოდიოდა ფქვილი, ხორბალი, ბრინჯი, მატყლი, ერბო, კვერცხი, ბოსტნეული დურნოკიდან, ყარაიაზიდან, არდაშიდან, ზაქათალიდან, ბორჩალოდან. სოფლებიდან მოტანილი საქონელი ჯერ ქალაქის მცხოვრებთ უნდა ეყიდათ, შემდეგ ქორ-ვაჭრებს. ჭრელ მაღალ ბოძზე ბაირაღი როცა იყო აღმართული, თბილისელებს უნდა ევაჭრათ, ხოლო 12 საათზე ბაირაღს დაუშვებდნენ და სოფლელთა აღებ-მიცემობა იწყებოდა.

    თბილისური მეტყველება განხვავებული იყო. ენას შეერია თათრული, სპარსული, არაბაული, სომხური, ლათინური და შემდეგ რუსული... ენის წახდენას, ყველაზე მეტად ვაჭრები უწყობდნენ ხელს. განათლებულობის დასამტკიცებლად რუსულ სიტყვებს იყენებდნენ: "პრისტავმა გადაარჩია ოთხი საროჩკა სხვალდასხვა ცვეტის, ლილოვი, გალუბოვი, სირენოვი, ბუმაგაში გაახვევინა და ჩაიდო ვეშჩებით გატენილ საკვოიაჟეში".

    ვისაც ცოტა ფული ჰქონდა, შვილებს ხელობის შესაწავლად ოსტატს მიაბარებდნენ, "ერთი ლაკმა პური" რომ ჰქონოდა და "კაცი გამოსულიყო".

    ძველ თბილისს ბევრი გრანდიოზული გასართობი ჰქონდა. ერთ-ერთი სანახაობა იყო ყეენობა, ქალაქი იყოფოდა ორად. "ყეენი" შემოდიოდა ისნიდან, "დაიპყრობდა" ქალაქს, "ჩააყენებდა" თავის ხალხს. ყეენი ენამოსწრებული და ოხუნჯი უნდა ყოფილიყო, თავზე შაქრის ქუდი ეხურა. თანმხლები ხმაურით, ზურნის ჭყვიტინით მისდევდნენ. ნაშუადღევს ყეენს მტკვარში "გადააგდებდნენ" - ასეთი იყო გრიშაშვილის თვალით დანახული თბილისი.

    ამ სიტყვების შემდეგ ძნელია რაიმე დაამატო, მაგრამ დღევანდელ სტატიაში გვინდა გავიხსენოთ ის ადამიანებიც ვინც ამ ქალაქს ლაზათს მატებდა - აშუღები, ყარაჩოხელები, მედუდუკეები, მეარღნეები...

    თბილისური ზეიმების მშვენება იყო აშუღი. თბილისში ყველა იცნობდა, ხარფუხელ ობოლ ბიჭს, აშუღს იეთიმ გურჯს, საიათნოვას შემდეგ არავის რომ უმღერია ასე თბილისისთვის. თბილისში ყელამ ზეპირად იცოდა აშუღი ბეჩარას სიმღერები, დაირაზე პოეტ ჰაზირას დამღერებული "მუხამბაზი" და "მარტის თვე". ჰაზირა და მისი მეგობრები ძალიან პოპულარულები იყვნენ თბილისში "ქართულ თეატრში" ჰაზირას "დაფა" უკრავდა და "სულიკოს" ამღერებდა.

    ყარაჩოხელები, ლოპიანა, გრიგოლ ორბელიანის მეგობარი და მეტსახელად "ქარაფქანდოლი" პურ-მარილში ღამენეთევები, გამთენიისას ქეიფს "მუხამბაზის" სიმღერით, გოგირდის აბანოში რომ აგრძელებდნენ.

    არღნის გარეშე წარმოუდგენელი იყო თბილისი. თბილისის მშვენება მეარღნე ვანო ქიტესოვი, ჩეხი იოჰან ნეჩადას მოწაფე ყოფილა, სწორედ მას ჩამოუტანია ოდესიდან არღნის შექმნის საიდუმლო. თავის ხელით გაუკეთებია და ქართული ელემენტები დაუმატებია. ინსტრუმენტის სახურავი ვაზით გაუფორმებია, გვერდებზე ქართველი მოჭიდავეები და მწყემსი ბიჭი დაუხატია. სახელიც შუცვლია ნეჩადას "ორღანისთვის" "არღანი" დაურქმევია.

    იმ დროს თბილისში უკრავდნენ სალამურზე. ცნობისათვის 5 ათასი წლის წინანდელი, გედის ძვლისაგან დამზადებული პირველი სალამური არქეოლოგებმა 1938 წელს აღმოჩინეს უფლისციხეში, 14 წლის ბიჭის სამარხში. ძირითადად ორ სალამურზე უკრავდნენ უენო სალამურს მწუხარების ჟამს იყენებდნენ. ენიან სალამურს საცეკვაო მუსიკისთვის.

    უკრავდნენ ფანდურზე, რომელსაც თუთის ხისგან ამზადებდნენ. ჭიანურზე, ჩონგურზე, სიმებს ნამდვილი ძუისგან და აბრეშუმისგან ამზადებდნენ. თარზე, რომელიც გულთან ახლოს ჰქონდათ მიტანილი, იმიტომ, რომ გულისნადებს გადმოსცემსო. ქამანჩას - პატარა ბავშვივით მუხლზე ისვამდნენ და ეფერებოდნენ. პატრა გარმონს წიკო-წიკოს, დაირას და დიპლიპიტოს ქორწილებში და სახალხო დღესასწაულებზე უკრავდნენ.

    დიპლიპიტოსთან დაკავშირებით ასეთ ამბავსაც გაიგონებდი ძველ თბილისში. ალექსანდრე მაკედონელს კავკასიაში რომ ულაშქრია, წინ შეხვედრია დასარტყამ საკრავზე დამკვრელი ქართველები. ეს რომ დაუნახვს, წამოუძახია, "ეს რა დიპლიპიტოაო". ქართველებიც ამის შემდეგ ეძახიან დიპლიპიტოსო.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved