სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნოე ჟორდანია: "მოეშველეთ თფილისს, მეტი ლაშქარი, მეტი სურსათი"!
    ია აბულაშვილი
    17.02.2017

     "მტერი განსაკუთრებულ მნიშვნელობას თბილისის, როგორც სამხედრო-სტრატეგიული და პოლიტიკური ცენტრის აღების საქმეს ანიჭებდა. მან კარგად იცოდა, რომ უთბილისოდ საქართველო ფეხზე წამოდგომას ვეღარ შეძლებდა. ამიტომაც აჩქარებდა სტალინი ორჯონიკიძეს - "ახლავე შეუტიე და აიღე ქალაქიო".

    თებერვლის შუა რიცხვებში მე-11 წითელი არმია თავის შეირაღებაში ითვლიდა: 17 ათასზე მეტ ხიშტს, 4 ათასზე მეტ ხმალს, ათასზე მეტ ტყვიამფრქვევს. 200-მდე მსუბუქ და 20-მდე მძიმე არტილერიას. 7-ჯავშანმატარებელს, 3-ჯავშან რაზმს. ერთ სატანკო რაზმს და 50 თვითმფრინავს", - ამბობს ისტორიკოსი გიორგი საითიძე.

    დღევანდელ სტატიაში გვინდა გავიხსენოთ ზოგიერი ეპიზოდი იმ საბედისწერო დღეებისა, როგორ მიიტანა იერიში თბილისზე 1921 წლის 24-25 თებარვალს მე-11 წითელმა არმიამ და როგორ იცავდნენ ქართველები საკუთარ დედაქალაქს.

    1921 წლის იანვარში დე-ფაქტოდ არსებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, დე-იურედ იქნა აღიარებული, რის შემდეგაც ერთმანეთის მიყოლებით უცხოეთის ქვეყნებმა დიპლომატიური კავშირები დაამყარეს საქართველოსთან.

    საქართველოს დაკარგვას ვერ ეგუებოდა ბოლშევიკური რუსეთი. მიუხედავად, 1920 წლის მაისში საქართველოსთან დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებისა, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დონეზე დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობისა, ეძებდა საბაბს დაეპყრო საქართველო.

    ამაში კი დიდ დახმარებას უწევდნენ ქართველი ბოლშევიკები - სერგო ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე და სხვები.

    "ბოლშევიკების მიზანს საქართველოში, მხოლოდ ბოლშევიკური გადატრიალება კი არ შეადგენს, არამედ ისინი საქართველოს დამოუკიდებლობის თვით იდეას ებრძვიან, ეწინააღმდეგებიან საქართველოს, როგორც სუვერენულ პოლიტიკურ ერთეულს და ყოველი საშუალებით ცდილობენ განმეორებით გაბატონდნენ ჩვენში.

    "ბოლშევიკები დამხობას უპირებენ საქართვთელოს!... ქართველი ბოლშევიკები მათ მხარში უდგანან და ცდილობენ შეცვალონ საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური გეზი. ახლა ისინი ბორჩალოს მაზრაში შეთქმულებას აწყობენ საქართველოს დასამხობად", - წერდა გაზეთი "საქართველო" 1921 წლის 30 იანვრის ნომერში.

    მართლაც, ბოლშევიკების ლიდერები დროს არ კარგავდნენ, რათა საქართველოს საკითხი სამხედრო ძალის გამოყენებით გადაეწყვიტათ.

    იანვრის ბოლოს ორჯონიკიძეს საბჭოეთის უმაღლესი ეშელონებიდან ატყობინებენ, რომ შესაძლოა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ჩარევა და ოკუპაცია დაგვჭირდესო.

    საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე კი შულავერში საქართველოს რევკომი შეიქმნა, რომელშიც სტალინისა და ორჯონიკიძის სურვილით შეყვანილი იყვნენ ქართველი ბოლშევიკები ფილიპე მახარაძის მეთაურობით.

    წითელი არმიის ნაწილებმა ერთდრულად შეტევები დაიწყეს სომხეთის, აზერბაიჯანის, ჩრდილოეთ ოსეთისა და სოჭის მხრიდან. მაგრამ მაინც ვერ მოახერხეს საქართველოს ხელში ჩაგდება და ხელისუფლების დამხობა.

    მე-11 არმიასთან ერთად ბრძოლებში მე-3, მე-9 და მე-13 არმიები, ბუდიონის და ჟლობას კავალერიაც მონაწილეობდა, რომელსაც ქართული ჯარი და სახალხო გვარდია მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ.

    16 თებარვალს, ნოე ჟორდანიამ მიიღო გადაწყვეტილება რადიოდეპეშით მიემართა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მეთაურებისთვის, რომელშიც ნათქვამი იყო: "ქართველი ხალხისა და მისი მთავრობის შეურყეველმა მისწრაფებამ მშვიდობიანად და მეგობრულად ეცხოვრა ყველა ხალხთან, ხელი ვერ ააღებინა საბჭოთა ხელისუფლებას, ჩვენს წინააღმდეგ საზიზღარ თავდასხმაზე.

    "რუსეთის საბჭოთა მთავრობა ამით ისტორიაში უმაგალითო ბოროტმოქმედებას იდენს, მას შემდეგ, რაც ჩვენთან დადებული ყველა ხელშეკრულება დაარღვია, გადაწყვიტა წითელი დროშისა და ლამაზი ლოზუნგების ნიღბის ქვეშ, შეირაღებული ძალით მოსპოს ჩვენი თავისუფლება, ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენობა...

    "ამ მძიმე ისტორიულ მომენტში ქართველი ხალხი მხოლოდ ერთი მისწრაფებით არის გამსჭვალული: დამოუკიდებლობა, ან სიკვდილი! ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ამ ბრძოლაში ყველა კულტურული ხალხის თანადგომა ჩვენს მხარეზე იქნება" - ეს მიმართვა გამოქვეყნდა ასევე გაზეთ "საქართველოს" 1921 წლის 18 თებარვლის ნომერში.

    მიმართვა - მიმართვად დარჩა და რეალურად დახმარება არსაიდან ჩანდა, საქართველო, რომელსაც არ ჰქონდა საკმარისი საბრძოლო ტექნიკა და მასალები, არ ჰყავდა არავითარი მოკავშირე, ფარხმალი არ დაუყრია.

    ქართული ჯარი, სახალხო გვარდია, სამხედრო სასწავლებლის კურსანტები "იუნკრები", საშუალო სკოლების უფროსკლასელები, უნივერსიტეტის სტუდენტობა და სახალხო მოლაშქრეები, გამოცდილი ქართველი გენერლებისა და ოფიცრების მეთაურობით თბილისის დასაცავად გამოვიდნენ.

    მე-11 არმიის ნაწილები თბილისზე შეტევას აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან ახორციელებდა. მთავარი დამრტყმელი ძალა იყო ჯარების დაჯგუფება მე-20 დივიზიის უფროსის ველიკანოვის ხელმძღვანელობით.

    ისტორიკოს გიორგი საითიძის თქმით, მარტო ამ დაჯგუფებაში შედიოდა მე-20, 32-ე, მე-18 და მე-9 მსროლელი დივიზიები. მე-12 ცხენოსანი დივიზია. 5 - ჯავშანმატარებელი. 4 - ჯავშანი, 5 - ტანკი და 16 თვითმფრინავი.

    პირველი შეტევა თბილისზე სოღანლუღის მხრიდან ღამით დაიწყო. გათამამებულები, რომ ახლო იყვნენ ქალაქთან წინ და წინ მოიწევდნენ. მტრის ერთი მოწინავე რაზმი ფრონტის სარდლის გიორგი მაზნიაშვილის შტაბს მიადგა და ცეცხლი გაუხსნა, მაგრამ გენერალ მაზნიაშვილმა მებრძოლებთან ერთად რკალი გაარღვია და დიდი ზარალით უკუაგდო.

    "ველი მოფენილია ბოლშევიკების მკვდრებით და უფრო მეტი კიდევ ტყვეებად ჩაუვარდა ჩვენს მხედრობას. ამ ბრძოლაში ჩვენმა ჯარმა და გვარდიამ აუწერელი მამაცობა გამოიჩინა, რომელსაც მხოლოდ შემდგომში დააფასებს ისტორია. ტფილისი პირველად ამ ბრძოლამ იხსნა", - წერდა გაზეთი "საქართველო" 1921 წლის 24 თებერვალს.

    გენერალური შტაბის ცნობაში კი მითითებული იყო - "ღამით, 18-19 თებარვალს, მტერმა დიდძალობით შემოუტია თფილისის მიდამოებში ჩვენს პოზიციებს... მთელი ღამე გაგრძელდა ბრძოლა. მტერი უკუგდებულ იქნა დიდი ზარალით. ის უწესრიგოდ გარბის. მტრის დევნა გრძელდება. ჯერჯერობით წამოვიყვანეთ 1000-მდე ტყვე... 19 თებარვალს მტერი სრულიად დამარცხდა და უწესრიგოდ გარბის".

    ამ გამარჯვებით აღფრთოვანებული თბილისის მოსახლეობა რუსთაველის პროსპექტზე გამოეფინა. ნოე ჟორდანიამ მოსახლეობას მიმართა: "თბილისი საქართველოს ვერდენად იქცა, მაგრამ თფილისის ბედი ამ გამარჯვებით არ წყდება. მტერი ისევ იერიშზე გადმოვიდა. მისი სრული განადგურება მოგვიტანს ჩვენ საბოლოო გამრჯვებასა და მშვიდობას.

    განაგრძეთ მთელი ენერგიით დაწყებული საფრონტო მუშაობა. მოეშველეთ თფილისს. მეტი ლაშქარი, მეტი სურსათი. მთავრობა შეურყევლად დგას თავის პოსტზე და თქვენს საქმიანობას და თავდადებას ეყრდნობა. გამარჯვება ჩვენია". - ეს მიმართვა დაიბეჭდა გაზეთ "ერთობაში" 1921 წლის 22 თებარვალს.

    ამ დროს მტერმა მაშველი ძალები უკვე მიიღო, მიმართულება შეცვალა და ახლა კოჯორ-ტაბახმელის მხრიდან დაიწყო შემოტევა. მიუხედავად უმკაცრესი ამინდისა და საბრძოლო აღჭურვილობის სიმწირისა, ახალგაზრდობა ფრონტის წინა ხაზზე იდგა.

    იმ დღეებში გაზეთი "საქართველო" წერდა: "ჯერ არავის ახსოვს ასეთი პატრიოტული აღფრთოვანება და დაუზოგავი თავგანწირვა. ახალგაზრდების რაზმებს, კიდევ პროვინციიდან ჩამოსული რაზმები უერთდებიან".

    წითელი ჯარის ფრონტის სარდალი გიტისი თავის პატაკში ბრძოლის ველზე განცდილი მარცხის მიზეზად, მოწინააღმდეგის ძალების შეუფასებლობას თვლიდა: "არმიისა და თბილისის მიმართულებით ჯარების ჯგუფის სარდლობამ ვერ შეაფასეს მოწინააღმდეგის ძალები და შესაძლებლობანი, რომლებიც თავმოყრილი იყვნენ ქალაქის მისადგომებთან და თავის საუკეთესო ნაწილებს... იუნკრების, სასწავლებლების, უნივერსიტეტელთა, სახალხო გვარდიის და თითოეულ მცირე საბრძოლო უბნებს... სათავეში გენერლები ედგნენ.

    სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენდა შიშველი კლდოვანი მთები..." სარდალი ბოლშევიკების ხელმძღვანელობას სთხოვდა - ძალების გადაჯგუფებას და სარეზერვო ნაწილების დახმარებას.

    თბილისის აღება

    24 თებარვალს, წითელმა არმიამ თბილისზე გადამწყვეტი შეტევა დაიწყო. რამდენიმე საყრდენი პუნქტის ხელში ჩასაგდებად თავის ძალები აღმოსავლეთით და დასავლეთით მიმართა. განსაკუთრებით ცხარე ბრძოლები გაიმართა კოჯრის სიმაღლეების 1046 და 1496-ის დასაკავებლად.

    ცხენოსანთა რაზმმა, რომელმაც ვერ შეძლო ქართველების მიერ დაკავებული სიმაღლეების აღება, გვერდი აუარეს გამაგრებულ პოზიციებს დასავლეთიდან და მდინარე ვერეს ხეობით წყნეთის მიმართულებით დაიწყეს თბილისზე შემოვლა... შეიქმნა დადაქალაქის ალყაში მოქცევის რეალური საშიშროება.

    თბილისის მიმართულების ჯარების სარდლის ველიკანოვის ბრძანებაში ნათქვამი იყო: "ამა რიცხვს 25 თებარვალს, ჩემდამი რწმუნებულმა ჯარმა, 12 საათსა და 15 წუთზე, დაიკავა ქალაქი ტფილისი. წითელი არმიელების, მეთაურების და კომისრების გმირული მოქმედება მძიმე და უთანასწორო ბრძოლაში გამარჯვებით დაგვირგვინდა.

    ქალაქი ტფილისი - ბურჟუაზიის უკანასკნელი სიმაგრე დაეცა და საქართველო გამოცხადებულია საბჭოთა რესპუბლიკად. საუკუნო ხსენება დახოცილ მეომრებს და დიდება ცოცხლებს, რომლებმაც გმირული შეტევით თებარვლის 24-ს მძიმე და უთანასწორო ბრძოლაში სძლიეს მტრის წინააღმდეგობა და აიღეს ქალაქი ტფილისი". ველიკანოვის ეს ბრძანება 3 მარტს გაზეთმა "კომუნისტმა" გამოაქვეყნა.

    1925 წლის 25 თებერვალს ორჯონიკიძემ მოსკოვში, კრემლში ლენინს და სტალინს უდეპეშა - "თბილისზე წითელი დროშა ფრიალებს".

    საქართველოს რევკომის თავმჯდომარემ ფილიპე მახარაძემ კი გეკერის სახელზე წერილი გააგზავნა: "ძლევამოსილ წითელ ლაშქარს, სამშობლოს კონტრრევოლუციის დამმარცხებელს, კავკასიის შევიწროვებულ ხალხთა გამანთავისუფლებელს, ახალ კომუნისტურ ცხოვრების აღმშენებელს, ბურჟუაზიის მტერს და მსოფლიო პროლეტარიატის იმედს, საქართველოს რევოლუციონერული კომიტეტი უგზავნის მხურვალე და აღფრთოვანებულ სალამს. გაუმარჯოს წითელი ლაშქრის ავანგარდს - მეთერთმეტე ლაშქარს, მათ სახელოვან მებრძოლთა სახით - წითელი ლაშქრის სარდალს და სამხედრო რევოლუციონურ საბჭოს".

    თბილისის აღებაში მონაწილე ასეულობით წითელი ოფიცერი და ჯარისკაცი ორდენებით დაჯილდოვდა, მათგან პირველი იყო ფრონტის სამხედრო საბჭოს წევრი სერგო ორჯონიკიძე. იგი წითელი დროშის ორდენით დაჯილდოვდა, რომელსაც ამშვენებდა წერწერა - "თბილისის აღებისათვის".

    ბრძოლებში უშაულო მონაწილეობისათვის დაჯილდოვდნენ შაუმიანის სახელობის მე-7 ჯავშანმატარებლის ხელმძღვანელი ხმალაძე, მე-11 არმიის სამხედრო საბჭოს წევრი, შემდგომში საბჭოთა საქართველოს პირველი სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი ელიავა და სხვები.

    ასე გაეხვა ცეცხლის ალყაში, არა მხოლოდ თბილისი, არამედ მთელი საქართველო. სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    სტუმარი   (17.02.2017)
    კომენტარი დაფარულია არაეთიკური გამონათქვამების გამო.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter