სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    როგორ გამოიყენა კომნენოსთა ნათესაობა კოზირად საქართველოს სამეფო კარმა ბიზანტიის იმპერიის წინააღმდეგ
    მამუკა ნაცვალაძე
    (15.03.2017)

     მეცამეტე საუკუნის დასაწყისი წარმატებული გახლდათ საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის. ბასიანის მოგებით ქართველებმა სამეფოს შემადგენლობაში მოაქციეს კარი და არზრუმი - სავაჭრო-საქარავნო გზაზე მდებარე უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ქალაქები. მაჰმადიანთა კოალიციურ არმიაზე საქართველოს ორგზის გამარჯვების შემდეგ ჯვაროსნებსაც მიეცათ იმედი, მუსულმანთაგან შევიწროებულნი ერთადერთ მხსნელად საქართველოს განიხილავდნენ.

    და ეს საკმაოდ დინამიური პოლიტიკური პროცესები რამდენიმე წელში სრულდება მოულოდნელი შედეგით - საქართველო და ჯვაროსნები ფაქტობრივად ინაწილებენ ბიზანტიის იმპერიას.

    რა სარგებელი ჰქონდა ტრაპიზონის იმპერიას საქართველოსთვის

    სწორედ ამ გადანაწილების შედეგი გახლდათ ტრაპიზონის იმპერიის შექმნა, რომელსაც უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ამოცანა უნდა შეესრულებინა - მას დასავლეთიდან ბიზანტიის და სამხრეთ დასავლეთიდან რუმის სასულთნოს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული შემოტევები უნდა მოეგერიებინა.

    ის ფაქტი, რომ ტრაპიზონის სამეფოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ლაზები - ძირძველი ქართველური ტომები იყვნენ, ამ იმპერიის ფუნქციას დამატებით იმპულსებს სძენდა და დასახულ ამოცანათა შესრულებას კიდევ უფრო უწყობდა ხელს.

    გარდა პოლიტიკური ინტერესისა, ტრაპიზონის იმპერიის შექმნა ეკონომიკური თვალსაზრისითაც იყო აქტუალური - მისი მეშვეობით საქართველო აკონტროლებდა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების სავაჭრო გზების ჩრდილოეთის მიმართულებას თავრიზი - ტრაპიზონის მონაკვეთს.

    როგორ აღმოჩნდნენ კომნენოსები საქართველოს სამეფო კარზე

    ბიზანტიაში საიმპერატორო კარზე გადატრიალებები ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ - აქ ხომ ყველა ადამიანი დაბადებით თანასწორი იყო და შესაბამისად ყველას გააჩნდა შანსი და პრეტენზიაც საიმპერატორო ტახტზე ასვლისა. ჰოდა, ამ ლოგიკით, 1185 წელს ანგელოსებმა იმპერატორი ანდრონიკ კომნენოსი ჩამოაგდეს.

    ანდრონიკის მეუღლე გიორგი მესამის და, რუსუდანი იყო. რუსუდანს და ანდრონიკს სამი შვილი ჰყავდათ - დაბრმავებული მანუელი ბიზანტიაში გარდაიცვალა, ალექსი და დავითი კი რუსუდანმა საქართველოში ჩამოიყვანა.

    ასე აღმოჩნდნენ ბიზანტიის იმპერიის ტახტის ლეგიტიმური პრეტენდენტები ალექსი და დავით კომნენოსები, თამარის მამიდაშვილები, ქართველთა სამეფო კარზე. სწორედ აქ აღიზარდნენ ისინი ქართული ტრადიციებით.

    ის რომ, კომნენოსები კანონიერი მფლობელნი იყვნენ ბიზანტიის ტახტისა, ბუნებრივია, საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის გარკვეული კოზირი გახლდათ. თუკი უნდა შეცვლილიყო ბიზანტიის იმპერიაში მმართველი დინასტია, ბუნებრივია, საქართველოს გააჩნდა კანონიერი პრეტენზიები კომნენოსთა დინასტიის აღდგენის თვალსაზრისით, თუმცა, ჯერ კიდევ არავინ უწყის როდის მოხდება ეს, როდის დადგება საჭირო დრო ამ პრეტენზიების გაცხადებისა...

    ამბავი დაუძლურებული ბიზანტიისა

    მეცამეტე საუკუნის დასაწყისისთვის ბიზანტია საკმაოდ დასუსტებული ქვეყანაა, თურქ-სელჩუკებთან გამწვავებულმა დაპრისპირებამ თავისი გაიტანა და ერთ დროს უძლიერესი იმპერია ჩვეულებრივ სახელმწიფოდ იქცა, მისი ტერიტორიები საკმაოდ შემცირდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ხმელთაშუა და შავი ზღვისპირეთის რეგიონებში მაინც წამყვან პოზიცებზე რჩება. ამ თვალსაზრისით მას მეტოქეობას უწევს სწორედ საქართველო. ბიზანტიის დასუსტება საქართველოს აძლევს შანსს უფრო მასშტაბურად და თამამად განახორციელოს ქმედითი ღონისძიებები, რაც რეგიონში მის დომინირებას შეუწყობს ხელს.

    სიტუაციას აიოლებს ისიც, რომ ანგელოსთა დინასტია, რომელიც იმ პერიოდში ზეობდა ბიზანტიაში, საკმაოდ არაპოპულარულია მოსახლეობაში, სიმდიდრის მოყვარული და მომხვეჭელობით ცნობილი ალექსი საკმაოდ აღიზიანებდა მოსახლეობას, ამიტომაც მას არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონდა ქვეყანაში, პირიქით, მოსახლეობა ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მოეცილებინა ტახტიდან იგი.

    ერთი სიტყვით, პოლიტიკური ვითარება ისეთია, უკეთესს ვერ ინატრებს კაცი, თანაც მოვლენები ისე ვითარდება, მეოთხე ჯვაროსანული ლაშქრობის მიერ სამიზნე ხდება არა იერუსალიმი არამედ კონსტანტინოპოლი.

    აშკარაა სულ მალე წყალი უნდა აიმღვრეს, ამღვრეულ წყალში კი ყველაზე ადვილია თევზის ჭერა...

    ერთმა ყოფითმა ეპიზოდმა მნიშვნელოვნად დააჩქარა ქართველთა სამეფო კარზე შემუშავებული გეგმის განხორციელება. ეს ეპიზოდი კატალიზატორი აღმოჩნდა პოლიტიკური პროცესებისათვის.

    როგორ გაძარცვეს ქართველი ბერები კონსტანტინოპოლში

     ტრაპიზონის იმპერიის შექმნამდე ერთი წლით ადრე, 1203 წელს სამშობლოს ეწვია საზღვარგარეთ მოღვაწე სასულიერო პირებთა დელეგაცია. ქართველი ბერების სტუმრობა სახელმწიფოებრივ დონეზე იქნა აყვანილი - თამართან შეხვედრისას მრავალი კულტურულ-საგანმანათლებო ნოვაცია დაისახა, მათ შორის ბიზანტიაში ახალი ქართული კულტურის კერის დაარსებაზეც იმსჯელეს, საქართველო ისე მყარად იდგა ფეხზე, ჩვენი ქვეყნის სულიერი და პოლიტიკური ძლიერება შეუქცევად მოვლენად ჩანდა...

    ბერებმა გელათისა და იყალთოს აკადემიები მოინახულეს, კიდევ ერთხელ შეაჯერეს გეგმები და უკან გაბრუნდნენ. როგორც უდიდესმა ქველმა ხელმწიფემ, თამარმა მათ უამრავი ოქრო-ვერცხლი გაატანა თავიანთი მონასტრისათვის შესაწირად და ახალი საქმის დასაწყებად. თავისი მადლიანი ლოცვაც არ დაიშურა, გზა დაულოცა, ქალაქის კარიბჭემდე თავად მიაცილა, შემდეგ კი საპატიო ამალა გააყოლა საქართველოს საზღვრამდე.

    გზად ქართველებს კონსტანტინოპოლში უნდა გაევლოთ, ბიზანტიის დედაქალაქს გამორჩეული განწყობითა და მოწიწებით უახლოვდებოდნენ, ის-ის იყო მართლმადიდებლური საქრისტიანოს დედაქალაქში შევიდნენ, რომ მოხდა მანამდე ქართველთათვის გაუგონარი ამბავი, აია-სოფიის მონასტერთან ბერები გაძარცვეს, სულ ერთიანად წაართვეს ოქრო-ვერცხლი...

    რატომ თხრიდა კეისართა საფლავებს ბიზანტიის იმპერატორი ალექსი ანგელოსი

    ქართველებს ბიზანტიის იმპერატორის წყალობის იმედიღა დარჩათ, იფიქრეს, იმპერატორ ალექს მესამე ანგელოსთან მივალთ და ის განაჩენს სამართალსო. თავისი გულისწადილი ერთ-ერთ ბიზანტიელ ბერს გაუმხილეს, მაგრამ რაც იმ ბერმა უპასუხა, სჯობდა ყურს არ მოესმინა.

    თავად ალექსია ამის მოთავე, თქვენი გაძარცვა არავის გაკვირვებია, იცოდა ბიზანტიის იმპერატორმა თამარმა რომ დაგასაჩუქრათ ძვირფასეულობით და წინასწარ ჰქონდა თქვენი გაქურდვა ჩაფიქრებულიო... როცა ქართველებმა სიტყვა შეუბრუნეს, კი მაგრამ რა საბუთი გაქვს რომ ასე ფიქრობო, ბერძენმა ბერმა მიუგო, - საბუთი ისა მაქვს, რომ მაგ უკეთურმა სახელი იმით გაითქვა, კეისართა საფლავებს თხრის და იქიდან ძვირფასეულობებს იღებსო, არ ერიდება არაფერს, ოღონდ კი ფული იშოვოსო. ამ საქმეში თავად მონაწილეობს, თუმცა, მარტო ეს რომ კმაროდეს, რაღა გვიჭირს, თავისი ძმა ისაკი ჯერ ტახტიდან ჩამოაგდო, შემდეგ ესეც არ აკმარა და თვალები დათხარა, არ დაინდო არც მისი შვილი ალექსიო... თქვენი გაძარცვის ამბავიც ამიტომაც არავის გაკვირვებია კონსტანტინოპოლში ყველამ იცის ეს საქმე ვისი გაკეთებულიაო...

    როგორ დაემთხვა ბიზანტიელებზე ქართველთა შურისძიება ტრაპიზონის იმპერიის შექმნის იდეას

    ქართველი ბერების გაძარცვის ამბავმა ელვის სისწრაფით მოაღწია საქართველომდე. თამარმა განრისხება ვერ დაფარა, სხვა ოქრო-ვერცხლი გაუზგავნა ბერებს, შემდეგ კი ჯარის შეკრება ბრძანა და პონტოსკენ აფრინა. ქართველი ჯარი ბიზანტიისკენ დაიძრა.

    ლაშქარს სათავეში უდგანან ალექსი და დავითი კომნენოსები, იმ კომნენოსთა შთამომავალნი, რომელთა მმართველობაც რამდენიმე წლის წინ დაამხეს ბიზანტიაში.

    ქართველთა მცირერიცხოვანი არმია ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შედის ტრაპიზონში, საგულისხმოა, რომ ეს 1204 წლის აპრილში ხდება, სწორედ იმ დროს ჯვაროსნებმა რომ აიღეს კონსტანტინოპოლი. ეს მოვლენები პარალელურად ვითარდება, განსხვავება სულ ორიოდ დღეა.

    განვითარებული მოვლენების ფონზე საგულისხმოა, ისიც, რომ ხალხი სიხარულით ხვდება ქართულ ჯარს, კომნენოსების ტრიუმფალური სვლა დიდ აღტაცებას იწვევს მოსახლეობაში. კომნენოსები ფაქტობრივად ეროვნული გმირები გახდნენ. იმ აუტანელი რეჟიმის შემდეგ, რაც ანგელოსებმა დაამკვიდრეს, ეს არც იყო გასაკვირი.

    ქართველთა ლაშქარმა გზა ტრაპიზონიდან მარმარილოს ზღვამდე უწია. სწორედ ეს ტერიტორია აღმოჩნდა ლეგიტიმური ხელისუფლის კომნენოსების მმართველობაში.

    ოგორ დაექვემდებარა ჯვაროსანთა მეოთხე ლაშქრობა ვენეციელი ვაჭრების ინტერესებს

    მესამე ჯვაროსნულმა ლაშქრობამ, რომელიც ყ||-ს-ნის მიწურულს განხორციელდა, დადებითი შედეგი ვერ მოუტანა ევროპელებს, 1187 წელს სალადინის მიერ დაპყრობილი იერუსალიმი ისევ მაჰმადიანების ხელში რჩებოდა.

    პაპი ინოკენტი ||| იწყებს ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის ორგანიზებას. აქტიურად ჩარეთნენ ამ პროცესში იტალიის ქალაქ-სახელმწიფოები, რომელნიც ცდილობენ ვითარება თავიანთ სასარგებლოდ შემოატრიალონ.

    მათ აღარ აინტერესებთ ქრისტეს საფლავის დახსნა, აქცენტი კონსტანტინოპოლზე აქვთ გადატანილი - ისინი ცდილობენ ბიზანტიაში ისეთი ხელისუფალი დასვან, რომელიც ვენეციელ ვაჭრებს მიანიჭებს თავისუფალი მოქმედების საშუალებას ხმელთაშუა ზღვაზე. ამიტომაც ეს ჯვაროსნული ლაშქრობა, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, მიზანმიმართულია არა იერუსალიმის მაჰმადიანებისგან დახსნაზე, არამედ კონსტანტინოპოლის აღებას და იქ სასურველი მმართველობის დამყარებას ითვალისწინებს.

    ვენეციელი ვაჭრები არა მარტო ხმელთაშუა ზღვისპირეთის ხელში ჩაგდებას და იქ სრულ ეკონომიკურ კონტროლს უმიზნებდნენ, არამედ კონსტანტინოპოლის გავლით ცდილობდნენ შავი ზღვის სანაპიროებზე თავიანთი გავლენის გავცელებას.

    1204 წელს ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლს ალყა შემოატრყეს და მცირე წინააღმდეგობის შემდეგ მისი აღებაც მოახერხეს.

    რატომ არ დაიკავა ქართულმა ლაშქარმა კონსტანტინოპოლი

    უნდა ითქვას, რომ ბიზანტიისკენ დაძრული ქართველთა ლაშქრობის მიზანი უფრო მასშტაბური უნდა ყოფილიყო, ვიდრე ტრაპიზონის იმპერიის შექმნა, მოვლენებს თუ კომპლექსურად განვიხილავთ, დავინახავთ, რომ ყველაზე სამართლიანი იქნებოდა ის, რომ კომნენოსების სამეფო დინასტიის აღდგენა სწორედაც რომ კონსტანტინოპოლში მომხდარიყო. ანუ კომნენოსებისთვის უნდა დაებრუნებინათ იმპერატორის ის გვირგვინი, რაც მათ დაახლოებით ოცი წლის წინ დაკარგეს და რომელსაც მანამდე ერთი საუკუნის განმავლობაში ფლობდნენ.

    შეიძლება ითქვას, აქ ალექსი და დავით კომნენოსებს ქართველ ჯართან ერთად არ გაუმართლათ. მათ ჯვაროსნებმა დაასწრეს და კონსტანტინოპოლი აიღეს, ბუნებრივია, ჯვაროსანთა მიერ კონსტანინოპოლამდე ჩასვლას აზრი აღარ ჰქონდა, რამდენადაც ეს უკვე ჯვაროსნებთან ქართული ჯარის დაპირისპირებას გამოიწვევდა, რაც მაჰმადიანური აგრესიის ფონზე, არცერთი ქრისტიანული მხარისთვის - არც ჯვაროსნებისთვის და არც ქართველთათვის ხელსაყრელი არ იქნებოდა.

    ასე შეჩერდა ქართული ლაშქრის ტრიუმფალური სვლა კონსტანტინოპოლისკენ.

    რატომ აღარ დასჭირდა საქართველოს ტრაპიზონის იმპერია, როგორც ბუფერი

    ტრაპიზონის იმპერიის, როგორც ბუფერული სახელმწიფოს შექმნა საქართველოს თავდაცვითი პოლიტიკის ნაწილი გახლდათ. ეს საკმაოდ საინტერესო და ერთგვარად უცნაური მომენტი იყო პოლიტიკური თვალსაზრისით, რამდენადაც ტრადიციულად ბუფერული სახელმწიფო სხვა ტერიტორიებზე თავდასხმისათვის გამოიყენება.

    საგულისხმოა ის, რომ 1204 წლის შემდეგ შეტევები დასავლეთის მიმართულებით აღარ ყოფილა, სამაგიეროდ, აღმოსავალეთის მიმართულებით განხორციელდა უმნიშნველოვანესი სტრატეგიული სვლები.

    ტრაპიზონის იმპერიის შექმნა ახალ სივრცეებს სახავდა ქართველთა პოლიტიკური ძლიერების გამყარებისათვის, თუმცა, მაშინ ჯერ კიდევ არავინ უწყოდა, რომ ათიოდე წელში, თამარის სიკვდილის შემდეგ, ეს პროექტი პროექტად დარჩებოდა, საქართველოს აღარ დასჭირდებოდა არც ტრაპიზონის იმპერიის ბუფერული როლი და არც ირანისკენ მიმავალი უდიდესი სავაჭრო გზის კონტროლზე ფიქრი.

    1204 წელს რთული გასაცნობიერებელი იყო ის, რომ სულ მალე ქართველთა ისტორია უშველებელ დაღმართს დაადგებოდა...

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    თათა   (15.03.2017)
    საინტერესო სტატიაა

    სტუმარი   (15.03.2017)
    კომენტარი დაფარულია არაეთიკური გამონათქვამების გამო.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter