სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    (17.03.2017)

     ის, რომ მსოფლიოს 14 ძირითად ანბანს შორის ქართულ ანბანი უძველესია, ამაზე არავინ დავობს, თუმცა ისტორიკოსებსა და ენათმეცნიერებს შორის არის განსხავებული ვერსიები ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ.

    ისტორიკოსთა გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ქართული ანბანი შეიქმნა ძვ. წ. მესამე საუკუნეში ერთიანი საქართველოს პირველი მეფის ფარნავაზის მიერ. ეს ვერსია ეყრდნობა მეორე საუკუნის მემატიანის ლეონტი მროველის "მეფეთა ცხოვრებაში" ჩართულ თხზულებას "ცხოვრება ფარნავაზისა" დაცულ ცნობებს.

    მოსაზრებას ამყარებს გასული საუკუნის ბოლოს ჟინვალის არქეოლოგიუორი ექსპედიციის მონაპოვარი - დავითის სტელა (ქვის ჯვარი) რომელიც მე-4-მე-6 საუკუნეებითაა დათარიღებული და ქვა-ჯვარზე გამოსახული ქართული ანბანი ადასტურებს მის წარმოშობას ფარნავაზის ეპოქაში.

    პირველი მოზაიკური წარწერა აღმოჩენილია პალესტინაში და მიჩნეულია, როგორც ქართული უძველესი წარწერა, რომელიც თარიღდება ჩვ.წ. 433 წელს. ბოლნისის სიონის ტაძრის წარწერას კი მეცნიერები ათარიღებენ 493-494 წლებით.

    მე-20 საუკუნეში, ასევე პალესტინაში აღმოჩენილი იქნა ქართული მონასტრის ნაგრევები სამი ქართული წარწერით. ორი მათგანი თარიღდება მეხუთე საუკუნის პირველი ნახევრით, 428-433 წლები. ამ აღმოჩენის ავტორია იტალიელი არქეოლოგი ვირჯილიო კორბო. ასევე აღმოჩენილია უძველესი ქართული წარწერა წმ. ეკატერინეს მონასტერში, რომელიც თარიღდება ჩვ.წ.864 წლით.

    მეოცე საუკუნის ბოლოსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში ქართველმა არექოლოგებმა აღმოაჩინეს კახეთში ნეკრესის ქალაქში ქართული ხელნაწერები, რომელიც იმის მტკიცების საშუალებას იძლევა, რომ ქართული ანბანი უფრო ადრე უნდა ყოფილიყო შექმნილი.

    ამავე მოსაზრებას იზიარებს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი რაულ გვეტაძე, რომელიც "რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ ქართულ ისტორიოგრაფიაში ძვ. წ. 284 წელი ღირშესანიშნავ თარიღად არის აღიარებული და მას ეწოდება ალექსანდრობითი წელი, რომლიდანაც იწყება ქართული ერა, იბერიის სახელმწიფოებრიობის დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და ხელისუფლების სათავეში ფარნავაზის დინასტიის დამკვიდრების თარიღი.

    მისი თქმით, ძვ.წ. 284 წელს, რომელსაც ასტრონომიულად ეთანადება 283 წელი, იწყება ქართული ეროვნული წელთაღრიცხვის მე-11 ქორონიკონი და ისტორიული მასალების თანახმად 2017 წელს იბერიულ-კოლხურ ფუძეზე აღმოცენებულ თანამედროვე საქართველოს უსრულდება 2 300 წელი.

    ამ საიუბილეო თარიღის დამადასტურებელი დოკუმენტი კი, როგორც პროფესორი რაულ გვეტაძე ამბობს, არის ქართული ასომთავრული ანბანი.

    "მუხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, პროფესორ გურამ ცერცვაძის თანაავტორობით, მონოგრაფიაში "ქართული ასომთავრული ანბანის კრიპტოანალიზი" და ჩემ მიერ გამოქვეყნებულ მრავალრიცხოვან სტატიებში მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ ასომთავრული ანბანური სისტემა ძველი ცივილიზაციის ზუსტ მეცნიერებათა ძეგლია, რომელშიც ასახულია ენციკლოპედიური ხასიათის ცნობები მათემატიკის, ასტრონომიის, ქრონოლოგიისა და ისტორიული გეოგრაფიის შესახებ" - ამბობს რაულ გვეტაძე და იქვე დასძენს, რომ თავად ანბანურ სისტემაში დაფიქსირებულია მისი შექმნის თარიღის ათვლის წელიწადი - 50 წელი წინა აზიაში ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობიდან (334-50- 284); ან 266 წელი სპარსეთის წელთაღრიცხვიდან ( 550-266-284).

    იგივე თარიღები აითვლება ფუნდამენტური მნიშვნელობის არქეოლოგიურ ძეგლებზე.

    ნეკრესის ნაქალაქევში აღმოჩენილი მზის ტაძარი, წარმართული მთვარე მზის კალენდარი და ეპითატიური წარწერები იმას მოწმობს, რომ ჰერეთი იყო იბერიულ-კოლხური ცივილიზაციის ცენტრი.

    რაულ გვეტაძე: "284 წელი არის ქართული ანბანური დამწერლობის რეფორმისა და ანბანური სისტემის თარიღიც. ამის დასკვნის საფუძველს იძლევა ის, რომ ძვ.წ. 284 წელს (ასტრონომიულად 283 წელი) შექმნილი იქნა ქართული ანბანური კალენდარული სისტემა, ეროვნული წელთაღრიცხვა და ჩატარდა სახელმწიფო რეფორმა.

    კვლევების საფუძველზე მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ ქართული დამწერლობა შემოღებულია ელინისტური ეპოქის დასაბამიდან, 50 წლის შემდეგ ე.ი. ძვ. წ. 284 წელს; ქართული დამწერლობა შემოღებულია სპარსული წელთაღრიცხვის დასაბამიდან 265 წლის შემდგომ. ე.ი. ძვ; წ. 284 წელს. ასევე ქართული დამწერლობა შემოღებულია ბაბილონური წელთაღრიცხვის დასაბამიდან 342 წლის შემდგომ. ე.ი. 284 წელს.

    ქართულ ანბანში ასახული ბაბილონური ასტრონომიულ-ქრონოლოგიური აღრიცხვის შესახებ არსებობს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, სადაც ნაჩვენებია, რომ ქართული და ებრაული წელთაღრიცხვა ხდებოდა ბაბილონური მეტონის ციკლის მიხედვთი. ამ ციკლით 19 მზის კალენდარული წელიწადი უდრის 235 მთვარის დღეს.

    კვლევებით ასევე მტკიცდება, რომ ჰერეთი იყო იბერიული კულტურის ცენტრი, ძვ.წ. 720 წლიდან ებრაელთა დიასპორის ეგზილარქსის (ხელმძღვანელის) რეზიდენცია იყო ჰერეთში, ახმეტაში (ეს ინოფრმაცია არის ივრითულ ენაზე დაწერილ ძველ აღთქმაში).

    სპარსეთის დიდი მეფე კიროსი დაიბადა ჰერეთში. თავად კიროსის მიერ შედგენილ ე.წ. "კიროსის ცილინდრზე" (ინახება ბრიტანეთის მუზეუმში) ასახული წარწერა იუწყება, რომ იგი დაიბადა კამბეჩოვანში (ქიზიყში), რომლის საზღვრები მდებარეობდა კიროსს (მტკვარს), კამბის (ივრის), ანშანს (ალაზანს) შორის. იქვე იყო მისი საზაფხულო რეზიდენცია.

    კიროს დიდმა გამოსცა ძვ.წ. 558 წელს "მანიფესტი", რომლის თანახმად ბაბილონის დატყვევებულ ებრაელებს უფლება მიეცათ დაბრუნებულიყვნენ თავიან სამშობლოში და აღედგინათ იერუსალიმის ტაძარი. იერუსალიმის ტაძრის აღდგენაში მონაწილეობა მიიღო მეფე დარიოს პირველმა, რომლის წარმოშობა ასევე ჰერეთთან არის დაკავშირებული.

    ეს ისტორიული ფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ შემთხვევითი მოვლენით არ აიხსნება, რომ მაინცდამაინც ნეკრესის ნაქალაქარში აღმოაჩინა გამოჩენილმა ქართველმა არქეოლოგმა ლევან ჭილაშვილმა უძველესი ქართული წარწერები და ის, რომ ანბანური დამწერლობის უმაღლესი საფეხური რეალიზებულია, მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ასომთავრულ ანბანურ სისტემაში, რომელშიც ასახულია ბაბილონური ასტრონომიული კალენდარული ინფორმაცია.

    იბერიულ-ქართულ სახელმწიფოსთან დაკავშირებით შექმნილი იყო ასევე ისტორიული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ იბერიული ქარტია. იბერიის ქარტიაში მრავლად არის დაცული ქართული ტოპონიმები. ამ დოკუმენტმა დღემდე იმიტომ მოაღწია, რომ მას ასომთავრული ანბანური სისტემის ფორმა მიეცა.

    აყურადღებას იმსახურებს ასევე ქართულ ისტორიოგრაფიაში დაცული მეტად მნიშვნელოვანი ცნობა ქართული დამწერლობის წარმომავლობაზე. ამის შესახებ ინფორმაცია ყოფილა კათოლიკოს ანტონ მეორის კუთვნილ წიგნში "მატიანე შემეცნებათა", რომელიც ამოუწერია თეიმურაზ ბაგრატიონს: "არა უწიგნონი იყვნენ ქართველნი უწინარესთა ჟამთაცა შინა, ვიდრე ფარნავაზამდე სწერდნენ იგინი უხუცესთა წერილითა, ქურუმთა... მაგრამ წერილნი ხუცესნი პირველსა ჟამსა ქმნილ არს წერილისაგან ებრაელისა და ქალდევურისა და მსგავსცა არიან ასოთა ჩვენნი ხუცურნი."

    ქალდეველებს ბაბილონის საკრალურ ქურუმებს ეძახდნენ, მათ შექმნეს მოძღვრება რიცხვთა და ანბანის ასოთა საიდუმლო კავშირების შესახებ, რომელსაც ეწოდება ჰემატრია. ქალდეველები და ებრაელები თავიანთი ასტროლოგიური და რელიგიური ტექსტების ანალიზის დროს ფართოდ მიმართავდნენ რიცხვთა მისტიკას.

    ქართულ ანბანშიც მეტონის ციკლზე აგებული ქრონოლოგიური სისტემა "არ"-ით დაბოლოებულ შვიდი ასო სახელ-სათვალავით არის განხორციელებელი.

    რაც შეეხება იმას, თუ რით გამოირჩევა ასომთავრული მრგვლოვანი ანბანი სხვა ანბანებისაგან. მრგვლოვანი ასომთავრული ანბანური სისტემა არის ანტიკური ეპოქის ქართული ცივილიზაციის მნიშვნელოვანი ძეგლი, რომელშიც ასახულია ენციკლოპედიური ხასიათის ცნობები მათემატიკის, ასტრონომიის, ქრონოლოგიის და ისტორიის შესახებ. არც ერთ ანბანში, გარდა ძველქართულისა, არ არის ასახული ბაბილონური ასტრონომიული კალენდარული ციკლები.

    ცნობილი ქართველი მკვლევარი პატარიძე თვლიდა, რომ ქართული ასომთავრული ანბანი კავშირშია ასტროლოგიურ-კალენდარულ საწყისებთან. ასომთავრული დამწერლობის პირველი ასო "ა"- მთვარის სისტემას უკავშირდება და მოხაზულობით მთვარეს ჰგავს.

    ასო "დ"- მზის სისტემას, თავისი სიმრგვალით მზის მსგავსია. ასო "თ"- სინათლის ღვთაების გამომხატველია, რომელიც თავისი მოხაზულობით თვალის გამოსახულების მსგავსია.

    რაც შეეხება ასო "ჯ"-ს, რომლის ანალოგიური გამოსახულება ნაპოვნია შუმერულ თიხაზე და დათარიღებულია 5 000 წლით, შუმერულში მიჩნეულია დედამიწის სიმბოლოდ. ქართულში კი ასო "ჯ" ბორჯღალოს სახით არის შემორჩენილი.

    სწორედ ამ დაკვირვებებიდან გამომდინარე ირკვევა, რომ ადამიანმა შექმნა წელიწადის დროის განმსაზღვრელი "კალენდარი" და მასზე დაფუძნებული წერის ანბანური სისტემა.

    როგორც მეცნიერები ამბობენ, მრგვლოვანი ასომთავრული სისტემის ანბანური დამწერლობა განვითარების უმაღლესი საფეხურია და მას ბადალი არ მოეპოვება.

    არქეოლოგიურ ძეგლებთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა უნდა დასახელდეს ე.წ. დავითის სტელა, რომელიც არის ადრექრისტიანული ეპოქის ბრწყინვალე ძეგლი და რომელზეც ასახულია ეროვნული წელთაღრიცხვის ათვლის სამივე ამოსავალი თარიღი.

    გარდა ამისა, ასახულია საქართველოს გაქრისტიანების თარიღი, რომლის ათვლის წერტილად აღებულია ძვ.წ. 284 წელი.

    ამჟამად თავის აღარებას ელოდება ანტიკური ეპოქის ქართული ცივილიზაციის საკაცობრიო მნიშვნელობის შედევრი, ქართული ასომთავრული ანბანი, რომელშიც ასახულია ენციკლოპედიური ხასიათის ინფორმაცია, ასტრონომიის, მათემატიკის, ქრონოლოგიისა და ისტორიის დარგებში.

    ანბანური დამწერლობის განვითარების უმაღლესი საფეხური მიღწეულია ქართულ ანბანურ-კალენდარულ სისტემაში. იმედია, იუნესკო აღიარებს მას როგორც მსოფლიო მნიშვნელობის არამატერიალური კულტურის ფენომენალურ ძეგლს, რომელსაც 2017 წელს უსრულდება 2 300 წელი.

    მანამდე კი ვფიქრობ, ამ მოსაზრებების შემდეგ, უნდა შეჩერდეს ქართული ანბანის "სამი ცოცხალი კულტურის" არამატერიალურ ძეგლად წარდგენის პროცესი იუნესკოში, სანამ მასში არ იქნება შეტანილი საჭირო კორექტივები, რადგან არსებული სახით წარმოდგენილი სანომინაციო დოკუმენტი ტენდენციურია, თითქოს ასომთავრული ანბანი მეხუთე საუკუნეშია შედგენილი, რაც სინამდვილეს არ შეეფერება" - განაცხადა "რეზონანსთან" რაულ გვეტაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter