სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    (18.03.2017)

     "ხშირად მეკითხებიან, თუ რა იქნებოდა ნიაზი დღევანდელი თბილისისათვის. ჩემი აზრით, არ შეიძლება ადამიანის საკუთარი დროიდან მოწყვეტა და მისი დღევანდელობის ფონზე აღქმა. ის თავისუფალი კაცი იყო, რომელიც მაშინდელ ცხოვრებას ამშვენებდა და ალამაზებდა", - ასე იხსენებდა გიგა ლორთქიფანიძე თავის სიყრმის მეგობარ ნიაზ დასამიძეს.

    იგი იუმორის უბადლო ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი იყო, რომლის ენამოსწრებულ ხუმრობებზე დღესაც დიდი ხალისით ჰყვებიან ძირძველი თბილისელები. დღევანდელ სტატიაში ჩვენც გვინდა გავიხსენოთ რამდენიმე სახალისო ისტორია, რომლის მთავარი გმირები არიან თბილისის კოლორიტი ნიაზ დიასამიძე და მისი მეგობრები.

    "იმ წლებში თბილისში ცოტანი მღეროდნენ. ჩვენ - ნოდარ ნაკაშიძე, თემურ ნაცვლიშვილი და მე, ასე თუ ისე, ვავსებდით ამ ნაკლს. ნიაზს მოსწონდა ჩვენი სიმღერები და ხუმრობით "ძმები იშხნელები" შეგვარქვა.

    "იგი შესანიშნავად უკრავდა, თავისებური ორიგინალური მანერა გააჩნდა. იმ ხანებში თბილისის კინოთეატრების ეკრანებზე ამერიკული ფილმი "მზიური ველის სერენადა" გადიოდა. აღფრთოვანებულები ვიყავით. მახსოვს, კინოფილმის ნახვის მეორე თუ მესამე დღეს ნიაზს ვესტუმრეთ და გავოცდით, ახლა უკვე მან და მისმა მეგობარმა ალეკო გიორგაძემ ამ ფილმიდან თითქმის ყველა მელოდია რომ მოგვასმენინეს.

    "ძალიან ბევრს აჩუქა ღიმილი და სიხარული. ჩვენი თაობისთვის ნიაზ დიასამიძე დიდი პიროვნება იყო, ჩვენ ყველამ მისი "უნივერსიტეტი" გავიარეთ", - ასე იხსენებდა წლების შემდეგ თემურ ჩირგაძე.

    "ნიაზი შევიდოდა თავის პატარა ოთახში და წერდა სიმღერებს, ლექსებს. ნიაზის დაწერილია სიმღერა "ცოდვა თუ მაქვს ჩადენილი რამე", "ფიროსმანი", "თეთრი ვარდები" კი თავისივე დაწერილ ტექსტზე შექმნა. ამ სიმღერას მედეა ძიძიგური ასრულებდა. ნიაზი სახლში რატომღაც მხოლოდ ერთ სიმღერას - "მოლიპულ გზაზე" მღეროდა, ძალიან დაბალ ხმაზე", - იხსენებდა ნიაზის და.

    გიგა ლორთქიფანიძის მოგონებები ნიაზ დიასამიძეზე

    "ნიჭიერი პიროვნება იყო. თავის თავში ჩაკეტილი, უცნაურად მოკრძალებული. იგი თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა, ისე, როგორც ეცხოვრებოდა. მახსოვს, ერთხელ ცერად უჯდა როიალს. ფეხი ფეხზე გადაედო. სიგარეტი პირის ცალ კუთხეში მოექცია და ისე უკრავდა. ხუთი წლის შემდეგ ერთი ამერიკული ფილმი ვნახე - "ჯარისკაცის ბედი ამერიკაში". გავოცდი: იქ ერთ კადრში ჯარისკაცი სწორედ ისე მისჯდომოდა და უკრავდა ფორტეპიანოს, როგორც ნიაზი 5 წლით ადრე.

    "ჰქონდა საოცარი შინაგანი გემოვნება. თვითონ ქმნიდა

    ტანსაცმლის ახალ-ახალ მოდელებს. ჩვენ ჩაფართხუნებულები რომ დავდიოდით, ნიაზმა დაიწყო ვიწრო შარვლების - "ბუტილკების" ჩაცმა. ეს ჯერ მოდაში არ იყო შემოსული და არც ერთმა მკერავმა მისი შეკერვა არ იცოდა, ამიტომ ნიაზი თვითონ იკერავდა შარვლებს.

    "უსაყელო პერანგი თბილისში მან ჩაიცვა პირველად. ერთი კია, თავის მიერ ერთი ხელით გაკეთებულს მეორე ხელით ანადგურებდა.

    "ერთხელ თაბაშირი მოიტანა და მშვენიერი ფიგურები გამოძერწა. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, იმდენად ლამაზი ფიგურები შექმნა. მეორე დღესვე თვითონ დაამსხვრია.

    * * *

    "ერთხელ ნიაზთან ვსვამდით. თითო ბოთლი ღვინო რომ დავლიეთ, ნიაზმა აიტეხა - ჟუჟუნასთან წავიდეთ და იქ გავაგრძელოთო. თავისი გაიტანა, წავედით. კარებზე ზარი დარეკა, სტუმრობის საბაბად კი მასპინძელთან ჯარში წასვლა მოიმიზეზა - გამოსამშვიდობებლად მოვედი, ჯარში მივდივარო.

    "შეწუხდნენ მასპინძლები, გაშალეს სუფრა და დილამდე ვიქეიფეთ. გზაში ვუსაყვედურე - ამ ხალხს თვალებში როგორ შევხედო-მეთქი?! დამამშვიდა, მალე ნახავო.

    "მეორე დღეს მეუბნება - ისევ ჟუჟუნასთან წავიდეთ, ნაბახუსევზე გამოვიდეთო. ძალით წამიყვანა. ისევ კარები იღება და ამჯერად ნიაზი ეუბნება მასპინძელს - ბიჭებმა ირბინეს და გამათავისუფლესო. ისევ გაიშალა პურმარილი.

    * * *

    "ნიაზს უზარმაზარი შავი დოგი დაჰყავდა ხოლმე. უბატონოდ ხმას ვერ გასცემდი, რადგან დოგი ნიაზის უერთგულესი იყო. ერთხელ ვერის აღმართიდან ამოვდივარ და ნიაზი ცნობილი ექიმ-გინეკოლოგის, ქირურგ ეგნატე ფიფიას სახლთან იჯდა. ეს დოგიც გვერდზე ჰყავდა.

    - ნიაზ, რა გინდა აქ მეთქი?

    - ფიფიასთან მოვიყვანე ჩემი ძაღლიო, - მითხრა.

    * * *

    "მახსოვს, გამოცდებს ვაბარებ თეატრალურ ინსტიტუტში. ნიაზი დავინახე, მომიახლოვდა.

    - აქ რას აკეთებო? - მკითხა.

    - გამოცდებს ვაბარებ და მეშინია, არ ჩამჭრან, სულ ოთხი ადგილია-მეთქი.

    - ოთხი რა, "ლოდკაა"? - გამიღიმა და გამცილდა.

    * * *

    ქართლოს კასრაძის მოგონებები

    "ნიაზი ავად გახდა და საავადმყოფოში მივედით სანახავად. შეღამებული იყო და ნახვის საათებიც დასრულებული. დარაჯი არ გვიშვებს. ამ დროს ფანჯრიდან გამოიხედმა ნიაზმა და გვეკითხება:

    - რა ხდება მანდო?

    ვუპასუხე: დარაჯი არ გვიშვებს-მეთქი.

    - მერე ღვინის ბოთლი ჩასცხეთ თავშიო.

    - სად გვაქვს ღვინის ბოთლი? - გაკვირვებულებმა ვკითხეთ.

    - აბა, ღვინის ბოთლი თუ არ გაქვთ, ჩემ სანახავად რაღას მოდიოდითო? - ხელი ჩაიქნია და პალატაში შებრუნდა.

    "ერთხელ ნიაზი სიცილით მეუბნება:

    "- ხომ იცი, რომ "ზაპოი" მაქვს. შინ რომ მივალ, დედაჩემი უკვე კარის იქიდან გრძნობს ღვინის სუნს და სახლში არ მიშვებს ხოლმე. ჰოდა, გუშინ მაგრად მოვატყუე, ვარდის ლიქიორით დავთვერი და რომ მივედი, გახარებულმა გამიღო კარი, ეგონა, ყვავილები მივუტანე.

    * * *

    "რაღაცნაირი ხუმრობა იცოდა - სხარტი, გონიერი, თანაც უცებ მოიფიქრებდა ხოლმე. ერთხელ ბელინსკის ქუჩაზე ჩავდივართ, ზამთარია, მოყინულია ქუჩა. დამიცურდა ფეხი და ჯერ კიდევ ჰაერში ვიყავი, სანამ დავეცემოდი, ნიაზმა მომასწრო, ჩაიკუზა და ამომძახა - "დავჯდეთ, ვილაპარაკოთო!".

    * * *

    ქართლოს კასრაძეს ნიაზმა დილის 5 საათზე დაუკაკუნა. კარი ქართლოსის დედამ გაუღო:

    - რა გინდა, ბიჭო, ამ დილაუთენია რომ აბრახუნებო?

    - მინდოდა მეკითხა, საშლელი ხომ არ გაქვთო? - უთქვამს ნიაზს.

    - არა, ნიაზ, საშლელი არ გვაქვს, - ძლივს მოიშორა აბეზარი სტუმარი.

    რამდენიმე საათში ისევ ჩამოიღო კარი ბრახუნით. ისევ ადგა საწყალი ქალი, გააღო კარი და ხედავს ოფლში გაწუწულ ნიაზს საშლელით ხელში:

    - დეიდა თამარ, საშლელი მოგიტანეთ, წეღან რომ მითხარით, არა მაქვსო, - უთქვამს ყურებამდე გაღიმებულ ნიაზს.

    * * *

    სულიკო ჟღენტი: "ერთხელ ნიაზი ბათუმში შემხვდა სასტუმრო "ინტურისტის" ბულვარში. "წმინდად დაჭრილი" აჭარული თუთუნი შემომთავაზა - მოდი, მოვწიოთ, ჰუსეინ ბიძიამ მომცაო.

    "მითხრა, აჭარაში მინდა, სამსახური დავიწყოო. თან ამხანაგი მახლდა - ჯემალ ჭუმბურიძე, რომელმაც ჰკითხა ნიაზს:

    - რომელ ქვეყნებში ხარ ნამყოფიო.

    - არც ერთში, არ მიშვებენ საზღვარგარეთ. ეშინიათ, დარჩებაო. შტერები არიან, სად უნდა დავრჩე. განა სხვა ბათუმი ან თბილისი არის კიდევ სადმეო?

    * * *

    "ნიაზს ქუჩაში ძაღლმა უკბინა ფეხზე. შემოეხვივნენ მეგობრები, ზოგი რას ურჩევს, ზოგი რას...

    - აუცილებლად უნდა წახვიდე, შრატი გაიკეთე, ცოფი არ აიკიდოო,-ურჩიეს მეგობრებმა.

    - მე არაფერი მიჭირს, შრატი ძაღლს გაუკეთეთ, სმა არ დაიწყოსო, - უთქვამს ნიაზს.

    * * *

    "დილის 6 საათი სრულდება. ნიაზი მაგარ "პახმელიაზეა". ლერმონტოვის ქუჩაზე შალიკო ჭითავას სახაშეში მიიჩქარის. გზად მაშინდელ ცეკას მაღალჩინოსან ქალბატონს, ვიკა სირაძეს შეუმჩნევია და მძღოლისთვის უთქვამს, მანქანა გააჩერეო.

    - საით მიიჩქარით, ყმაწვილო, ამ დილაადრიან? - უკითხავს ვიკა სირაძეს.

    - რადიო გამიფუჭდა და მეგობართან მივდივარ ჰიმნის მოსასმენად, - უპასუხა ნიაზმა (საბჭოთა პერიოდში რადიოს გადაცემები დილის 6 საათზე საბჭოთა კავშირის ჰიმნით იწყებოდა), მერე საათს დახედა, მოუბოდიშა - უკაცრავად, მეჩქარებაო და ნაბიჯს აუჩქარა.

    * * *

    "ნიაზი მოსკოვში ჩავიდა. კურსკის ვაგზალში ხმამაღლა დაუწყია ყვირილი - "ვსე ნასელშიკი სუდა". აბა, მოაწყდა ყველა - არიქა, ბევრი ტვირთი აქვს წასაღებიო. კარგა ბლომად რომ მოქუჩდნენ, ნიაზმა იყვირა: "პრივეტ ატ გრუზინსკიხ ნასელშიკოვ!".

    * * *

    "ნიაზი ტრამვაიში ავიდა. კონდუქტორი არ ასვენებს-"გაიარეთ წინ!" ცოტა ხნის შემდეგ ისევ "გაიარეთ წინ"! ისევ გაიარეთ"!

    - კაცო, ამდენი სიარული რომ მდომებოდა, აქ კი არ ამოვიდოდიო, - გაბრაზებულა ნიაზი.

    7 7 7

    "ნიაზმა შუაღამით ძმაკაცთან შეიარა და ქუჩიდან შესძახა. ხმაურზე მეგობრის მამამ გამოიხედა ფანჯრიდან.

    - ნიაზ, რომელი საათია, ამ შუაღამისას რას ყვირი, შენს მეგობარს დიდი ხანია სძინავს, დილას გამოიარეო.

    - ბოდიში, ბიძია, მე ძმაკაცობა "კრუგლოსუტოჩნი" მეგონაო, - უპასუხია ნიაზს.

    * * *

    "ერთი ავი მეზობელი ჰყავდა ნიაზს, ქვევით ცხოვრობდა. გვიან რომ ბრუნდებოდა სახლში, ნიაზი დაწოლის წინ ფეხსაცმელს ძლიერად დაახეთქებდა იატაკს, ქვევით რომ ხმა ჩასულიყო. გავიდოდა ნახევარი საათი და მეორე ფეხსაცმელს მიაყოლებდა. მხოლოდ ამის შემდეგ იძინებდა გამწარებული მეზობელი.

    "ერთხელაც ნიაზი შინ გვიან დაბრუნდა. ფეხსაცმელი იატაკზე დაახეთქა და მალევე ჩაეძინა. გამთენიისას მეზობლის განწირული ხმა გაიგონა ქვემოდან:

    - ნიაზ, მეორე ფეხსაცმელიც დაარტყი, მალე, ბიჭო! მოვკვდი კაცი ლოდინითო.

    * * *

    "ნიაზს ერთი გოგო მოსწონდა, მაგრამ ეს გოგო სხვას გაჰყვა ცოლად. ქორწილია, ოჯახში საცაა სტუმრებიც მოვლენ. ირეკება ზარი, ოთახში ნიაზი შემოდის დიდი თაიგულით. უახლოვდება ნეფე-პატარძალს, დაღონებული, აცრემლებული:

    - ეჰ, აღარ ღირს ჩემი სიცოცხლეო! - უთქვამს და სწრაფი ნაბიჯებით აივანზე გადის.

    "მოაჯირს გადავიდა და გაუჩინარდა. პატარძალს გული წაუვიდა, სტუმრები შეშფოთდნენ და მისცვივიდნენ აივანს. გადაიხედეს და რას ხედავენ - ნიაზი ლამპიონების მომსახურე ავტომანქანის "ამწეზე" დგას, ზევით იყურება და ღიმილით უქნევს ხელს გაგიჟებულ მექორწილეებს. "ამწე" კი ნარნარით მიწისკენ ეშვება.

    * * *

    "ერთხელ ზომაზე მეტი დაულევია ნიაზს, დედამისი აღვიძებს, უნდა, რომ გონში ჩააგდოს.

    - ნიაზ, დედა ვარ, დედა, ვეღარ მცნობ?

    - დედა ხარ, თორემ შენც რუსთაველის დედა არ იყოო, - ამოულუღლუღებია ნიაზს".

    * * *

    "ნიაზის დედამ სადღაც გაიგო, რომ სოკო ჩაყრილი არაყი მსმელს არაყს აზიზღებსო. მოუმზადებია ნაყენი და ღამით მძინარე ნიაზის თავთან დაუდგამს. როგორც ჩანს, ნიაზი მიუხვდა ოინს, სოკოიანი არაყი კი დაულევია, მაგრამ ოთახთან დადარაჯებული დედისთვის მიუძახებია:

    - სოკო შემზიზღდა, დედა, სოკო შემზიზღდა, არაყი კი, პირიქით, შემიყვარდაო".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter