სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რატომ დასცინოდა როსტომ რაჭის ერისთავი სოლომონ პირველს
    მამუკა ნაცვალაძე
    18.03.2017

     1757 წელს ხრესილის ბრძოლაში გამარჯვება ახალ ორიენტირებს სახავდა იმერეთის სამეფოსათვის. მეთვრამეტე საუკუნის 50-იანი წლები ხომ მსოფლიო პოლიტიკაში ოსმალეთის იმპერიის ზეობით აღინიშნება და სწორედ ოსმალეთის იმპერიის მარცხი ხრესილში გახდა მნიშვნელოვანი სიგნალი ოტომანთა კარზე. აშკარა იყო, ოსმალებს უფრო ეფექტური იერიში უნდა მიეტანათ სოლომონ პირველზე, ისიც ცხადი გახლდათ, სანამ სოლომონი იქნებოდა მეფე, დასავლეთ საქართველოში ოსმალები თავიანთი კარნახით პოლიტიკურ პროცესებს ვერ წარმართავდნენ.

    ქართველთათვის ეს იყო შანსი იმისა, რომ სოციალურ ურთიერთობაში დამკვიდრებული მავნე გადმონაშთი - ტყვეთა სყიდვა ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრილიყო. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაფრთხილება იყო ოსმალეთისთვის, რომელიც კარგავდა გავლენას დასავლეთ საქართველოზე.

    როგორ აღადგინეს ქუთათელის საეკლესიო კათედრა

    ხრესილის ომის შემდეგ არ ცხრება ოსმალეთი, სოლომონს უმოკლეს პერიოდში კიდევ ორჯერ უხდება მათთან შეტაკება - პირველ ჯერზე მარცხდება იმის გამო რომ ჯარი ვერ შეკრიბა, მეორედ კი ტრიუმფალურად იმარჯვებს.

    სანამ ოსმალეთი გონს მოვა და კარგად გააცნობიერებს მომხდარს, სოლომონმა ეს გამარჯვება თავის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს, მეფემ ქვეყნისთვის საჭირო რეფორმებისთვისაც უნდა მოიცალოს.

    ამ მიზნით სოლომონი იწვევს დასავლეთ საქართველოს საეკლესიო და საერო ფეოდალების კრებას, რომელიც უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდება საქართველოს ისტორიაში.

    კრება ქუთათელის საეკლესიო კათედრას აღადაგენს, მიტროპოლიტად კი მაქსიმე აბაშიძეს ამტკიცებს. ეს 1759 წლის დეკემბერში ხდება. იმერული თავყრილობა კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას იღებს - კრძალავს ტყვეთა სყიდვას და ამ საქმის მიმდევართ საქვეყნოდ შეაჩვენებს.

    როგორ გააღიზიანა ოსმალეთი ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოს სამოკავშირეო ხელშეკრულებამ

    ქვეყნისთვის სასიკეთო პროცესები რომ შეუქცევადი ხასიათის უნდა გახდეს, ეს მარტო დასავლეთ საქართველოში არა აქვთ გაცნობიერებული. ამის დასტურია ის, რომ ხრესილის ტრიუმფიდან მეორე წელს, იმერეთისა და ქართლ-კახეთის მეფეები დებენ სამოკავშირეო ხელშეკრულებას. ფაქტია, მეფეებს გაცნობიერებული აქვთ, რომ საერთო მტერი ჰყავს იმერეთსაც და ქართლ-კახეთსაც. ამიტომაც ეხმარება სოლომონი ერეკლეს რამდენიმე ბრძოლაში, მათ შორის განჯის აღებისას.

    ასეთი ერთობა კიდევ ერთი ნიშანი იყო ოსმალთათვის, რომ აქტიურ ქმედებაზე გადასულიყო. და დაიწყო ინტრიგების ხლართვა, რაც ტრადიციულად ოსმალთა საიმპერატორო კარზე ხელოვნების დონებდე იყო ასული.

    როგორ დაუპირისპირა ოსმალეთმა სოლომონს საკუთარი ძმა და ბიძაშვილი

    1765 წელს სოლომონს ბიძაშვილი, თეიმურაზ მამუკას ძე დაუპირისპირეს სწორედ მისი მეთაურობით მოდის დასავლეთ საქართველოსკენ ოსმალთა ჯარი. თეიმურაზი მეფობის სანაცვლოდ "ტყვეთა სყიდვის" აღდგენის პირობას იძლევა. ეს უკეთურება ზნეობასა და საქართველოს სიყვარულზე მწყრალად მყოფ ფეოდალებს აწყობთ. იმ დროისათვის ისეთი ჩაკეტილი სივრცისთვის, როგორიც დასავლეთ საქართველოა, შემოსავლის ალტერნატიული გზები ფაქტობრივად დახშობილია. სწორედ ამიტომაც აღმოჩნდა ოსმალების მხარეს ყველა მსხვილი ფეოდალი - როსტომ ერისთავი, დადიანი, გურიელი, და თავად სოლომონის ძმა გიორგი. აშკარაა სამეფო კარზე ისევ დიდი ინტრიგები იხლართება.

    უმძიმეს მდგომარეობაშია სოლომონი, თავის გადარჩენის ერთადერთი გზა არსებობს და მეფეც "მოდი ნახეს" ციხეში იკეტება, მას სულ ოთხი კაცი ჰყავს გვერდით. ბედნიერი თეიმურაზი კი სამეფო ტახტზე ადის.

    ამბავი ოსმალთა მიერ გამეფებული მეხდაცემული თეიმურაზისა

    სამეფო გვირგვინის თავზე დადგმა ჯერ კიდევ არ ნიშნავს მეფობას, საქართველოში მეფე სხვა ფენომენია, ქართული ცნობიერებაში ის სრულიადაც არაა უზურპატორი, მჩაგვრელი, ის გლეხთა შემწე და მათი ინტერესების დამცველია. მოსახლეობა კარგად ხედავს, რომ თეიმურაზის სახება ამოვარდნილია ამ კონტექსტიდან, ამიტომაც არ აღიარებს მეფედ. თეიმურაზე ლაღად თავს მხოლოდ ქუთაისის ციხეში გრძნობს, ისიც იმიტომ რომ ამ საფორტიფიკაციო ნაგებობას ოსმალები იცავენ და იქ ქართველს არ აჭაჭანებენ.

    აშკარაა, სოლომონს შეუძლია მეფობის დაბრუნება, ხალხი მას უჭერს მხარს, თუმცა, ერთი გზა რჩება ამისთვის - ეს განწყობები ძალას უნდა დაუპირისპირდეს, არადა, ძალა აღმართს რომ ხნავს, ამასაც კარგად აცნობიერებენ.

    გადამწყვეტი ბრძოლა სოფელ ცხრაწყაროსთან, 1768 წელს ხდება. სოლომონის მომხრეთა მოტივაცია განუზომელია, აქ ფაქტობრივად წყდება საქართველოს ბედი, ამ შემართებამ მებრძოლთ შეუძლებელი შეაძლებინა - სოლომონ პირველი კიდევ ერთხელ ამარცხებს ოტომანთა იმპერიას ბრძოლის ველზე.

    ტრიუმფალურ გამარჯვებას ტახტიდან ჩამოგდებული თეიმურაზისა და საკუთარი ძმის გიორგის დაპატიმრება მოსდევს შედეგად, მუხურის ციხეში გამოკეტილ თეიმურაზს ცოდვამ უწია - მეხი დასცემია და იქვე მომკვდარა.

    ამ ბატალიებისას ყველაზე მნიშვნელოვანი კი სწორედ ის გახლდათ, რომ ტყვეთა სყიდვა ისევ კანონგარეშედ გამოცხადდა და აიკრძალა.

    როგორ აღიარა ოსმალეთის იმპერიამ სოლომონ პირველთან მარცხი "წყალობის სიგელით"

    მუსტაფა მესამე, ოსმალეთის სულთანი საგონებელშია, იმისათვის რომ სამომავლოდ შეინარჩუნოს იმერეთი და თავისი პროტექტორატი აშკარად და საქვეყნოდ დააფიქსიროს, გამოსცემს საგანგებო წყალობის სიგელს, რომლის მიხედვითაც სოლომონ პირველს იმერეთის მეფედ აღადგენს.

    ამ სიგელის გაცნობისას ისეთი განცდა გრჩება, თითქოს ინტრიგებს ოსმალთა საიმპერატორო კარი არ აწყობდა და ვიღაც გადამთიელის ხელი ერია სოლომონის წინააღმდეგ მიმართულ აქციაში, არადა, ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა და იმასაც ხვდებოდა, რომ ამ წყალობის სიგელით ოსმალეთი ფაქტობრივად აღიარებდა თავის მარცხს.

    ამ დროს კი ბუნებრივია იბადება კითხვა - რაში სჭირდება ოტომანთა იმპერიას საკუთარი უძლურების ოფიციალური დადასტურება? ეს კითხვა აქტუალური ხდება კიდევ ერთი რეალობის გათვალისწინებით - საცნაური გახლავთ, რომ სოლომონს სრულიადაც არა აქვს თურქეთის მხრიდან საწყალობლად საქმე, ის უკვე ფლობს სიტუაციას იმერეთის სამეფოში და რეალურად განაგებს სამეფოს.

    მაშ როგორ უნდა ავხსნათ ეს შეუსაბამობა? საქმე ისაა, რომ ოტომანები ახლა სრულიადაც არ ფიქრობენ ქვეტექსტებსა და შელახულ თავმოყვარეობაზე, მათი მიზანია საერთაშორისო არენაზე მკაფიოდ დააფიქსირონ დასავლეთ საქართველოსადმი ინტერესი და მასზე თავიანთი გავლენა.

    ეს მნიშვნელოვანი სიგნალია უპირველესად რუსეთისათვის, რომელსაც ქართლ-კახეთზე დაუდგამს თვალი და არც დასავლეთ საქართველოს დაპყრობაზე ამბობს უარს.

    რატომ დადო თურქეთის იმპერიამ ფსონი როსტომ რაჭის ერისთავზე

    სანამ რუსეთ-თურქეთის მასშტაბური დაპირისპირება დაიწყება, ოსმალეთი ისევ ინტრიგებს ხლართავს, ამჯერად ის ფსონს რაჭის ერისთავ როსტომზე დებს, რომელიც სოლომონის მთავარი მოწინააღმდეგეა დასავლეთ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.

    სოლომონ პირველისთვის რაჭის ერისთავი როსტომი ყმა და ჩვეულებრივი მოხელეა, ასეთი დამოკიდებულება ბუნებრივია აღიზიანებს ეკონომიკურად და პოლიტიკურად მოძლიერებულ როსტომს, მას თავი მეფის სწორად მოაქვს და საკუთარ საერისთაოს იმერეთის სამეფოს თანასწორ პოლიტიკურ ერთეულად მოიაზრებს.

    ეს ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ამიტომაც სოლომონ პირველის მეფობა ტრაგიკულად გადაეჯაჭვა როსტომ ერისთავის ბედს. როსტომის ფეოდალური ინტერესები ვერ დადგა ეროვნულ ინტერესებზე მაღლა, თუმცა, ფრაგმენტულად როსტომ ერისთავშიც მძლავრობს ქართველი სული, რომელიც ფეოდალურ არტახებს ვერ იცილებს თავიდან. ეს კი იმის ნიშანია, რომ როსტომი სასურველი პარტნიორია როგორც რუსეთის, ისე ოსმალეთის საიმპერატორო კარისთვის.

    როგორ გახდა როსტომი რაჭის ერთადერთი გავლენიანი ფეოდალი

    1752 წელს, მაშინ როცა იმერეთში სოლომონ პირველი გამეფდა, რაჭის ერისთავი როსტომი ჩხეტიძეთა შტოს წარმომადგენლი, უკვე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა იყო. შიდააშლილობისას მან კარგად გამოიყენა ინტრიგათა ქსელი, რომლის მეშვეობითაც ის ფაქტობრივად რაჭის საერისთაოს ერთადერთი სრულუფლებიანი მმართველი გახდა.

    როსტომის ინტრიგებს შეეწირნენ რაჭის თავადები აგიაშვილები, ჯაფარიძეები, წულუკიძეები - ერისთავმა ისინი რაჭიდან გამოაძევა და მათ მამულებს დაეპატრონა. ანალოგიური ბედი ეწია რაჭის დიდ აზნაურთა მამულებასაც, როსტომი არც მეფეს შეეპუა და მისი მამულებიც მიითვალა.

    ასე აღმოჩნდა ფაქტობრივად მთელი რაჭა როსტომის განმგებლობაში. მანვე იზრუნა აქ არსებულ საფორტიფიკაციო ნაგებობების გამაგრებაზე, სადაც 500-მდე შეიარაღებული მეომარი იდგა, ისიც საგულისხმოა, რომ თოფის წამლის საშოვრად რაჭიდან შორს წასვლა არ იყო საჭირო, ის იქვე როსტომ ერისთავის სასახლეში მზადდებოდა.

    მიუხედავად იმისა, რომ რაჭას არ გააჩნდა განსაკუთრებული სტრატეგიული უპირატესობა და ფაქტობრივად ჩაკეტილი სივრცე გახლდათ, როსტომი განსაკუთრებულად ზრუნავდა სამხედრო უსაფრთხოებაზე, ამიტომაც ჰყავდა თავისი ლაშქარი, რომელსაც შეეძლო ციხეთა გამაგრება. საფორტიფიკაციო ნაგებობეს შორის მთავარი ციხე იყო ხიდიკარი, რომელიც მყარად კეტავდა ერისთავის სასახლისკენ მიმავალ გზებს. აქ ნებისნიერი მომხდური უძლური იყო.

    როგორ აღმოჩნდა როსტომ ერისთავი მეფეზე შეძლებული ფეოდალი

    როსტომი საეკლესიო მშენებლობასაც ეწევა. 1753 წელს მისი აშენებულია ბარაკონი, რომელსაც საერისთაოს კარის ფუნქცია დაეკისრა. ამას 1754 წელს ველტყევის ეკლესიის ააგება მოჰყვა. როსტომი შემდეგ წელსაც აგრძელებს სააღმშენებლო საქმიანობას და იერუსალიმში დედათა მონასტერს აგებს.

    სამ წელში სამი ეკლესიის მშენებლობა დასტურია როსტომ ერისთავის დიდი ეკონომიკური შესაძლებლობებისა. ისიც საგულისხმოა, რომ კაპიტანი იაზიკოვი, რომელიც რუსეთის საიმპერატორო კარისთვის 1770 წლეს საქართველოში არსებული სიტუაციის ანალიზსა და ჩანაწერებს აკეთებს, ცალსახად მიანიშნებს, რომ როსტომ რაჭის ერისთავი მეფე სოლომონ პირველს სიმდიდრით საგრძნობლად აღემატება.

    როსტომი ცდილობს რაჭის საერისთაო კულტურის კერად აქციოს, მის განსწავლულობაზე მეტყველებს ის მდიდარი წიგნსაცავი, რომლის არსებობასაც წყაროები მიანიშნებენ. საგულისხმოა ისიც, რომ თავად როსტომს ზეპირად სცოდნია "სახარება" და "ვეფხისტყაოსანი".

    რატომ მიიღო როსტომ ერისთავმა კათოლიკობა

    რუსეთის საიმპერატორო კარისთვის მართლაც რომ მისწრება გახლდათ ასეთი მოძლიერებული ფეოდალი, "გათიშე და იბატონეს" მოდელი ხომ სწორედ ასეთი რეალობის შედეგად მუშაობდა განსაკუთრებულად ეფექტურად, ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ეკატერინე მეორე როსტომ ერისთავს ოდიშისა და გურიის მთავრების თანასწორად მოიაზრებს და მიმართავს როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულის მმართველს.

    მასთან კონტაქტს ესწრაფვის ოსმალთა იმპერიაც, რომელსაც სასურველი შედეგისთვის მიუღწევია. როგორც მიხეილ თამარაშვილი მიანიშნებს, როსტომს კათოლიკობა მიუღია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ როსტომი უკვე ოსმალთა თამაშს თამაშობს.

    აქ საკმაოდ საინტერესო ინტრიგა იხლართება - როსტომი და სოლომონი სარწმუნოებრივადაც უპირისპირდებიან ერთმანეთს. და ყველაზე საცნაური და საგულისხმო ის გახლავთ, რომ ეს დაპირისპირება კატეგორიულად ემიჯნება ღირსებას. როსტომი სახალხოდ დასცინის და აბუჩად იგდებს სოლომონს, მიზეზი კი ისაა, რომ სოლომონ პირველის მეორე მეუღლე გულქან წულუკიძე თავად მიქელაძის აზნაურის, ქაჯაიას ნაცოლარია.

    და ამ ფონზე მზადდება საპასუხო ინტრიგა, უსასტიკესი ეპიზოდი საქართველოს ისტორიისა, რომლის გამოც სოლომონ პირველს კათალიკოსი განუდგა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter