სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რა პრინციპით შეარჩიეს ერთიანი საქართველოს პირველ მეფედ ბაგრატ რეგვენის შვილიშვილი
    მამუკა ნაცვალაძე
    20.03.2017

     მეათე საუკუნის 80-იანი წლები გამორჩეული ხანაა საქართველოს ისტორიისა, სწორედ აქედან იწყება თვისებრივად განსხვავებული პერიოდი, როდესაც საფუძველი ეყრება ერთიან საქართველოს. იმ ერთიანობას, რომელიც შემდგომში თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში შეუქცევადი პროცესი გახდება.

    ჩვენი ქვეყნის ისტორიაში სწორედ ამ დროიდან ჩნდება პირველად ტერმინი საქართველო, რომლის არსი მანამდე გიორგი მერჩულემ განსაზღვრა თეორიულად. ეროვნულ ცნობიერებაში საქართველოდ მოიაზრება ის ტერიტორია, სადაც ქართულად საუბრობენ და ქრისტიანულად ლოცულობენ. ეს არის ის ფორმულა, რომელსაც შემდგომში კლასიკური სახით შემოინახავს ხელოვნების, ლიტერატურის თუ ისტორიოგრაფიის ბრწყინვალე ნიმუშები.

    სწორედ ამ პერიოდის პირმშოა ბაგრატ მესამე - გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე, მეფე "აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა".

    საგულისხმოა, რომ მეათე საუკუნის 70-იან წლებში საქართველოს გაერთიანება სულაც არ ყოფილა ჩვენი ქვეყნის გაერთიანების პირველი პრეცედენტი. ამ მოვლენას საკმაოდ დიდი ტრადიცია ჰქონდა როგორც პოლიტიკური, ისე მენტალური კუთხით. მეათე საუკუნის 70-80-იან წლებში დაგვირგვინდა ის საინტერესო პროცესი, რომელიც ფრაგმენტულად მანამდე ათეული საუკუნეებით ადრე შეინიშნებოდა.

    ამბავი ფარნავაზის მიერ საქართველოს გაერთიანებისა

    ჯერ კიდევ ფარნავაზის პერიოდში, ქრისტეშობამდე მეოთხე საუკუნეში გვაქვს პირველი პრეცედენტი საქართველოს ერთიანობისა, მაშინ დასავლეთ საქართველოს ერისმთავარმა ქუჯიმ ხონჩით მიართვა თავისი სამეფო ქართლის მეფე ფარნავაზს, ღირსეულ კაცს, რომელმაც მოახერხა და შექმნა უნიკალური მოდელი სახელმწიფოსი, რომელიც ერთიან ენობრივ და რელიგიურ პოსტულატებს ეფუძნებოდა.

    ეს უნიკალურობა კი იმაში გამოიხატა, რომ ფარნავაზის რელიგიური რეფორმა ერთადერთია მსოფლიო ისტორიაში, რომელსაც წინააღმდეგობა არ შეხვედრია, რომელიც მისაღები აღმოჩნდა მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის.

    მიუხედავად ასეთი მყარი პოსტულატებისა, ფარნავაზის შექმნილი ერთიანი საქართველო ვერ იქცა შეუქცევად რეალობად. იმ გეოსტრატეგიულმა უმნიშვნელოვანესმა მდებარეობამ, ჩვენს ქვეყანას რომ არგუნა განგებამ, საერთაშორისო-პოლიტიკურმა ვითარებამ თავისი ხელი დაატყო კავკასიას და მსოფლიო პოლიტიკის ორომტრიალში ჩაითრია.

    დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაპირისპირება, რასაც ათეული საუკუნის ტრადიცია აქვს, არ ხდება კავკასიის გარეშე, სწორედ ჩვენს რეგიონში ერკინებიან დიდი იმპერიები ერთმანეთს პირველობისთვის და აქვე ყალიბდება ყველა დროისა და ფორმაციის მსოფლიოს პოლიტიკური ფორმულა - კავკასიაზე კონტროლი მსოფლიო ჰეგემონიის ერთ-ერთი წინაპირობაა.

    ამბავი საქართველოს მეორე გაერთიანებისა

    მეორე პრეცედენტი საქართველოს გაერთიანებისა მეხუთე საუკუნის მეორე ნახევარში ხდება ვახტანგ გორგასლის მეფობისას. გორგასალმა შეძლო, თავისი გავლენა ქრისტიანული ეკლესიის საფუძველზე აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთ საქართველოზეც გაევრცელებინა.

    სწორედ ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება ის ფორმა, საქართველოს რიგით მესამე გაერთიანებას რომ დაედო საფუძვლად. ეს არის ხანა, როცა ჩვენმა ქვეყანამ ცალსახა პოლიტიკური არჩევანი გააკეთა დასავლეთზე, ქრისტიანობაზე.

    ირანელთა გაძლიერებამ და არაბთა შემოსევებმა, ბიზანტიის იმპერიაში დაწყებულმა პროცესებმა ხელი შეუშალა საქართველოს ერთიანობის შემდგომ რეალიზებას.

    და ჩამოყალიბდა ერთგვარი პოლიტიკური ფორმულა, რომლითაც დასავლეთისა და აღმოსავლეთის იმპერიები საქართველოს შესაბამისად ინაწილებდნენ - დასავლეთ საქართველო სხვადასხვა დროსა და პერიოდში ხდებოდა რომისა და ბიზანტიის, აღმოსავლეთ საქართველო კი-ირანის, არაბეთის, სელჩუკთა, მონღოლთა ინტერესისა და გავლენის სფეროში.

    რატომ შეჩერდა არჩევანი ბაგრატიონთა მეფობაზე

    ასეთი რეალობისას ქართულ პოლიტიკურ ელიტაში საუკუნეების განმავლობაში ყალიბდება განცდა იმისა, რომ ერთიანობა აუცილებელია, რადგანაც დანაწილებული საქართველო, სხვადასხვა პოლიტიკურ ერთეულებად დაშლილი ქვეყანა, მტერთა შემოტევებს ვერ იგერიებს. ერთიანი თავდაცვითი მექანიზმის შექმნა გარდაუვალია და ამ პროცესს ალტერნატივა არა აქვს. მხოლოდ ერთიანი საქართველოს შექმნით, სხვადასხვა სამეფო-სამთავროების ერთ პოლიტიკურ სივრცეში მოქცევით შეძლებს ამ ურთულეს გეოსტრატეგიულ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა ფიზიკური არსებობის შენარჩუნებას.

    და ამ მეტად მძიმე პოლიტიკურ ფონზე იწყება ფიქრი, ვინ შეიძლება იყოს ერთიანი საქართველოს მეფობის კანდიდატი.

    არჩევანი ბაგრატიონებზე კეთდება. ისინი ბიბლიური მეფეების - დავითისა და სოლომონის შთამომავლები არიან და "იესიან, დავითიან, სოლომონიანებად" იწოდებიან. საგვარეულო ძირი "ბაგადატა" ძველი სპარსულით "ღვთის წყალობას" ნიშნავს.

    ბაგრატიონები მეექვსე საუკუნიდან აქტიურად შემოდიან ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ისინი ქართული პროვინციიდან, სპერიდან არიან წარმომავლობით (სპერი დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ისპირია).

    ბაგრატიონთა წარმოჩინება ეფუძნებოდა ლეგენდას დავით წინასწარმეტყველთან ნათესაურ კავშირზე, მათ თავი ღვთითკურთხეულად მიაჩნიათ.

    უნდა აღინიშნოს, რომ ბაგრატიონებისადმი სწორედ ასეთი დამოკიდებულება მკვიდრდება საქართველოში. ამის დასტურია თუნდაც გიორგი მერჩულე, რომელიც "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში" აშოტ კურაპალატზე საუბრისას ხაზგასმით მიანიშნებს, რომ ის შთამომავალია დიდი დავით წინასწარმეტყველისა.

    ეს ვერსია შემდგომში რამდენჯერმე მეორდება ქართულ ისტორიულ თხზულებებში,

    განსაკუთრებული ხაზგასმა აქვს ამ დეტალს დავით აღმაშენებლის მატიანეში, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ტახტზე ასული 16 წლის დავითი გახლავთ დავით წინასწარმეტყველის სამოცდამეთვრამეტე შთამომავალი.

    საუკუნეების განმავლობაში ასე ჩამოყალიბდა ქართულ ცნობიერებაში ის განცდა, რომ ბაგრატიონთა ფუნქცია ღვთითკურთხეულია და მათ საქართველოს მეფის ტახტზე ალტერნატივა არ გააჩნიათ.

    ამბავი ბაგრატიონთა და ხოსროიანთა დინასტიური ქორწინებისა

    საგულისხმოა ისიც, რომ ბაგრატიონები ფარნავაზიანთა ნათესავები არიან - ისინი ჯერ კიდევ ფარნავაზის პერიოდიდან წინაურდებიან ქართულ პოლიტიკურ ელიტაში, რამდენადაც სწორედ ისინი მართავენ ოძრხეს საერისთავოს.

    საცნაურია ისიც, რომ ხოსროიანთა დინასტიას (რომლის პირველი წარმომადგენელი გახლდათ მირიან მეფე) და ბაგრატიონებს ერთმანეთთან ნათესაური კავშირი აქვთ.

    სწორედ ამ დიდი საგვარეულოს წარმომადგენელია ქართლის ერისმთავარი გუარამი, რომლის წინაპარიც დედის ხაზით ვახტანგ გორგასლია.

    ქ| ს-ის 20-იან წლებში მძლავრობენ სპარსელები და მონარქის ინსტიტუტს აუქმებენ, თუმცა საუკუნის ბოლოს ისინი დათმობაზე მიდიან და ხელს არ უშლიან ერისთავობის ინსტიტუტის აღდგენის პროცესს. ეს 591 წელს ხდება, ქართლის პირველი ერისმთავარი გუარამია, ვახტანგ გორგასლის შთამომავალი დედის ხაზით.

    საგულისხმოა ისიც, რომ გუარამი 588 წელს პირველი იღებს კურაპალატის წოდებას ბიზანტიის საიმპერატორო კარიდან, რაც აშკარად მიანიშნებს, რომ მას გარკვეულ ანგარიშს უწევენ იმ პერიოდის უძლიერესი სახელმწიფოები.

    ქ|| საუკუნის ბოლოს ერისმთავრობა გუარამის მემკვიდრეების, ჯავახეთ-კლარჯეთის შტოს ხელში გადის. არსებობს ასევე კახეთის შტო, სწორედ ამ შტოს ეკუთვნის არჩილი, რომელიც ქ||| საუკუნის მიწურულს სასტიკად აწამეს არაბებმა. მისი ვაჟი იოვანე ეგრისს აფარებს თავს და ამით წყვეტს არსებობას კახეთის შტო.

    შეწყდა ჯავახეთ-კლარჯეთის შტოც. მისი წარმომადგენელია ჯუანშერ ჯუანშერიანი, რომელიც კახეთში გადადის და ადარნერსე ერუშეთელ-არტაანელის ასულ ლატავრას ირთავს ცოლად.

    ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი დინასტიური ქორწინება, რამდენადაც ჯუანშერ ჯუანშერიანი გუარამ მამფალის შთამომავალი და, შესაბამისად, ბაგრატიონია, დედით კი ხოსროიანთა შთამომავალია. რაც შეეხება ლატავრას, ის მამით ბაგრატიონია. სწორედ ამ ქორწინებამ დაასრულა ხოსროიანთა დინასტიის არსებობა და სათავე დაუდო საქართველოს ისტორიაში მესამე დინასტიას - ბაგრატიონებს.

    რა სარგებელი მოუტანა ბაგრატს აფზახთა სამეფო კარზე მომხდარმა სისხლიანმა გარჩევამ

    ამრიგად, როდესაც მეათე საუკუნის 70-იან წლებში დგება საკითხი, ვინ უნდა ჩაიბაროს ერთიანი საქართველო, ბუნებრივია, ბაგრატიონებს ალტერნატივა არ გააჩნიათ. გაერთიანების პროცესი, ტრადიციულად, დიდ ბრძოლასა და დაპირისპირებასაც გულისხმობს, თუმცა საქართველო განგებამ ააცილა ამ უმძიმეს პროცესს.

    საგულისხმოა, რომ ხდება ის, რასაც მხოლოდ ღვთის საჩუქარი, წყალობა თუ შეიძლება უწოდო - ბაგრატიონთა სპარსული დეფინიციაც ხომ ღვთის წყალობაა.

    ამიერტაოს ბაგრატიონთა შთამომავალ ბაგრატ მესამეს, ბაგრატ მეორე რეგვენის შვილიშვილსა და გურგენ მეფის შვილს, ისეთი წყალობა ებოძა, იშვიათად რომ იმეტებს განგება ჩვეულებრივ მოკვდავთათვის.

    ბაგრატის დედა, გურანდუხტი, აფხაზთა მეფის-გიორგი მეორის ასული გახლდათ. მისმა ძმებმა ვერ გაიყვეს ტახტი, ერთმანეთს დაერივნენ და ყველაფერი იმით დასრულდა, რომ უსინათლო და უმემკვიდრეო თეოდოსის გარდა აღარავინ დარჩა ცოცხალი.

    ასე აღმოჩნდა თეოდოსი, ბაგრატის დედის ძმა, სანატრელ სამეფო ტახტზე უკონკურენტოდ. ბუნებრივია, მზერადახშულს უჭირდა ქვეყნის მართვა, ამიტომაც ლოგიკური იყო, რომ აფხაზთა სამეფო საგრძნობლად დასუსტდა.

    ერთადერთი მემკვიდრე, რომელსაც ლეგიტიმურად ეკუთვნოდა აფხაზთა მეფობა, თეოდოსის დისშვილი, ბაგრატი იყო.

    ამრიგად, ბაგრატი გარდა ამიერტაოსი, რომელიც მამის მხრიდან შთამომავლობით ეკუთვნოდა, აფხაზთა ტახტის ლეგიტიმურ მემკვიდრედაც მოიაზრება.

    რატომ იშვილა ბაგრატ მესამე დავით კურაპალატმა

    სწორედ ამ ფონზე გაჩნდა იდეა, რომ ბაგრატის ლეგიტიმაცია კიდევ უფრო გაეფართოვებინათ. ამ მიზნით ეწვია აფხაზეთის სამეფოს ერისთავი იოანე მარუშის ძე იმიერტაოში დავით კურაპალატს და შესთავაზა, ბაგრატი იმიერტაოს ტახტის მემკვიდრედ გამოეცხადებინა.

    იმიერტაოს მეფე დავით კურაპალატი იმდროინდელ საერთაშორისო პოლიტიკაში საკმაოდ წონადი ფიგურა გახლდათ, მას ანგარიშს უწევდნენ ბიზანტიის იმპერიაში. ბუნებრივია, მას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რას ნიშნავდა საქართველოს ერთიანობა და რა კოზირი შეეძლო ჰქონოდა ამ ერთიანობით მთელ ქართულ სამყაროს ურთულეს პოლიტიკურ ვითარებაში, ამიტომაც დათანხმდა იოანე მარუშის ძის წინადადებას, იშვილა ბაგრატი.

    ეს გადაწყვეტილება მისთვის არ ყოფილა რთულად მისაღები, რამდენადაც საკუთარი შვილი არ ჰყავდა, ბაგრატი კი მისი ბიძაშვილის, გურგენის, შვილი იყო.

    ასე აღმოჩნდა ბაგრატ მესამე სამი ტახტის მემკვიდრე.

    აშკარაა, დრო ბაგრატზე მუშაობს, ბუნებრივია, ეს მოვლენები ნიშანია იმისა, რომ გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული.

    რატომ იწყება ბაგრატის კარიერა უფლისციხიდან

    იმ დროისათვის არსებული წესის მიხედვით, აფხაზთა უფლისწული უნდა ყოფილიყო შიდა ქართლის ერისთავი. ამ წესის მთავარი ფილოსოფია მდგომარეობდა იმაში, რომ მომავალ მეფეს ესწავლა სამეფოს მართვა და გამოცდილება შეეძინა. ქართლის საერისთავო ხომ ყველაზე დიდ ტერიტორიას აერთიანებდა და შიდა ქართლს მთლიანად მოიცავდა. ქართლის ერისთავი იოანე მარუშის ძეა, რომელიც აფხაზთა სამეფო დინასტიასთან დაახლოებული პირია (შესაძლოა, ნათესავიც) და ამ თანამდებობას იკავებს იმის გამო, რომ შიდა დაპირისპირებისას მთლიანად გაწყდა სამეფო გვარი.

    და როცა გადაწყდა, რომ ბაგრატი იქნებოდა სამი ტახტის მემკვიდრე, მისი, როგორც აფხაზთა უფლისწულის, პოლიტიკური კარიერა სწორედ ქართლის ერისთავის რანგში უნდა დაწყებულიყო.

    975 წელს დავით კურაპალატმა დაიბარა საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენლები უფლისციხეში, წარუდგინა 14 წლის ბაგრატი ქართველ დიდებულებს, როგორც მომავალი მეფე და მისი მორჩილებისკენ მოუწოდა შეკრებილთ.

    ეს მოწოდება ბრძანების ტოლფასი იყო.

    დავით კურაპალატის ამ ბრძანებით იწყება დიდი აღმართი საქართველოს ისტორიისა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter