სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარიამ ელიაშვილი
    20.03.2017

     1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია საქართველოს კონსტიტუციონალიზმის თავფურცელია და მანამდე ჩვენს ქვეყანას კონსტიტუცია, როგორც ერთიანი საკანონმდებლო აქტი, არ ჰქონია. ისტორიკოსთა შეფასებით, ეს კონსტიტუცია იმ დროისათვის განვითარებული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული დოკუმენტი იყო, რომელსაც, სამწუხაროდ, დიდი ხანი არ უმოქმედია და საბჭოთა პერიოდში ტაბუ იყო დადებული მის შესწავლასა და კვლევაზე.

    დღევანდელ სტატიაში მკითხველს, გვინდა, გავაცნოთ რამდენიმე საინტერესო მასალა, თუ როგორ შეიქმნა საქართველოს პირველი კონსტიტუცია და სად დაიბეჭდა იგი პირველად.

    1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომლითაც საქართველო გახდა სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო. საქართველოს პოლიტიკურ ფორმად განისაზღვრა დემოკრატიული რესპუბლიკა.

    საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის შემუშავება კი დაიწყო საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიამ. 1918 წლის 6 ივნისს ეროვნულმა საბჭომ სხდომაზე დაამტკიცა "საქართველოს დემოკრატიული რესპულიკის საკონსტიტუციო საფუძვლების შემდგენელი კომისია". 7 ივნისს შედგა საკონსტიტუციო კომისიის წევრთა პირველი კრება, რომელსაც ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია, სერგო ჯაფარიძე, რაჟდენ არსენიძე, პავლე საყვარელიძე, ივანე ჩერქეზიშვილი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე, კონსტანტინე მაყაშვილი, სამსონ დადიანი. სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია.

    1918 წლის 7 ივლისს საკონსტიტუციო კომისიის მეშვიდე სხდომაზე საჭიროდ ჩათვალეს კომისიის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა. 1919 წლის თებერვლის ბოლოს საკონსტიტუციო კომისიის შეკრება ვერ მოხერხდა. 1919 წლის 8 მარტს არსებული შემადგენლობით შეკრებილმა კომისიამ დაადგინა, რომ მუშაობა შეეწყვიტა და რაც ნაშრომები ჰქონდათ, გადაეცათ დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიისთვის.

    1919 წლის 18 მარტს დამფუძნებელმა კრებამ აირჩია საკონსტიტუციო კომისია 15 კაცის შემადგენლობით. მასში შედიოდნენ დამფუძნებელ კრებაში არსებული პარტიული ფრაქციების წარმომადგენლები. მიუხედავად იმისა, რომ კომისიის თავმჯდომარე რაჟდენ არსენიძემ აღუთქვა დამფუძნებელ კრებას, რომ კონსტიტუციის პროექტზე მუშაობა დასასრულს უახლოვდებოდა, მთავარი ნაწილი მზად იყო და 1920 წლის იანვარში კონსტიტუციის პროექტს განსახილველად წარმოადგენდა, კონსტიტუციაზე მუშაობა ჭიანურდებოდა.

    1920 წლის 8 ივლისს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელსაც ნოე ჟორდანია თავმჯდომარეობდა, დაადგინეს, რომ დამფუძნებელი კრება უნდა შესდგომოდა კონსტიტუციის განხილვას.

    განხილვის დროს გაიმართა დისკუსია. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ნოე ჟორდანია, რომელმაც ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო მოწყობის ძირითად საკითხებზე და აღნიშნა, რომ მას შეუძლებლად მიაჩნდა დემოკრატიული ინსტიტუტების - რეფერენდუმისა და საკანონმდებლო ინიციატივების შეთავსება პარლამენტარიზმთან.

    მეორე წინააღმდეგობა, ნოე ჟორდანიას აზრით, პრეზიდენტის ფუნქციების უარყოფა იყო. კერძოდ, მთავრობის კრიზისის დროს პრეზიდენტი აგრძელებდა საქმიანობას და საჭირო გადაწყვეტილებებს იღებდა. მას საჭიროდ მიაჩნდა მთავრობის თავმჯდომარის გარკვეული ვადით არჩევა, რომელსაც პრეზიდენტის ფუნქცია და სახელმწიფოს წარმომადგენლობა დაეკისრებოდა.

    პროექტის განხილვის დროს ასევე ცხარე კამათი გამოიწვია საკითხმა, თუ ვინ უნდა მიიღოს კონსტიტუცია. იყო ორი მოსაზრება. პირველი - კონსტიტუცია უნდა მიეღო დამფუძნებელ კრებას, ხოლო მეორე - ხალხს (რეფერენდუმზე).

    1921 წლის 19-20 იანვარს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონფერენციამ საჭიროდ მიიჩნია კონსტიტუციის მიღების დაჩქარება და ამით საბოლოოდ უარყოფილი იქნა რეფერენდუმის ჩატარების იდეა.

    1921 წლის 15 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიის ნაწილები საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა. 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ ერთხმად მიიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, რითაც შეასრულა თავის ძირითადი ამოცანა.

    1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში შემოვიდა. ამით დასრულდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის მოქმედება; მან მხოლოდ ოთხი დღე იმოქმედა.

    როგორც ისტორიკოსები ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია, ფაქტობრივად, ძალაში არ შესულა, იგი სახელმწიფოს ძირითადი კანონის კლასიკური მაგალითი იყო. ეს იყო საქართველოს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ეროვნული, სახელმწიფოებრივი და ისტორიული ფაქტი, რომელიც მეტად ტრაგიკული მოვლენების ფონზე განხორციელდა.

    "1918 წლის 11 ივლისს შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, საყვარელიძის თავმჯდომარეობით. მოგვიანებით, 1918 წლის 12 მარტს, არჩეულ იქნა დამფუძნებელი კრება, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, გაზრდილიყო კომისიის შემადგენლობა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ, საყვარელიძე, გვაზავა, კიკნაძე, გომართელი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე კარიჭაშვილი და სხვები.

    "საკონსტიტუციო კომისიამ მოკლე დროში საკმაოდ მოცულობითი სამუშაო ჩაატარა, თითქმის წლისთავზე კონსტიტუციის პროექტი მზად იყო.

    "1921 წლის 21 იანვარს დამფუძნებელი კრება შეუდგა კონსტიტუციის პროექტის განხილვას. დამფუძნებელმა კრებამ ვერ მოასწრო კონსტიტუციის სრული და საფუძვლიანი განხილვა და იძულებული გახდა, 1921 წლის 21 თებერვალს ნაჩქარევად დაემტკიცებინა წარმოდგენილი პროექტი. 1921 წლის 17 მარტს დამფუძნებელმა კრებამ ბოლო სხდომაზე, ბათუმიდან გასვლის წინ რამდენიმე საათითი ადრე, მიიღო დადგენილება 1921 წლის კონსტიტუციის მოქმედების დროებით შეჩერების შესახებ.

    "1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია შედგება 149 მუხლისა და 17 თავისაგან. კონსტიტუციამ საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმად აღიარა დემოკრატიული რესპუბლიკა და იგი მუდმივ, აუცილებელ ფორმად გამოაცხადა. საქართველო გამოცხადდა თავისუფალ, დემოკრატიულ და განუყოფელ სახელმწიფოდ. ურთულესი საშინაო და საგარეო მდგომარეობის მიუხედავად, კონსტიტუციამ გააუქმა სიკვდილით დასჯა და აღიარა პიროვნების ხელშეუხებლობა. ამ კონსტიტუციით, ქალებს ხმის უფლება მიენიჭათ.

    "ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოდ აღიარებული იყო პარლამენტი, რომელიც აირჩეოდა პროპორციული საარჩევნო სისტემით საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სამი წლის ვადით. აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო იყო მთავრობა, მთავრობის თავმჯდომარეს ირჩევდა პარლამენტი.

    "მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა ერთი წლით. ერთი და იმავე პირის არჩევა მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე შესაძლებელი იყო მხოლოდ ორჯერ. სასამართლო ხელისუფლების ორგანო იყო სენატი, რომელსაც ირჩევდა პარლამენტი. კონსტიტუცია ადგენდა მართლმსაჯულების განხორციელების დემოკრატიულ პრინციპებს და ა.შ.

    "1921 წლის დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუცია არის მნიშვნელოვანი, როგორც სამართლებრივი ისტორიული დოკუმენტი და ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და პროგრესული კონსტიტუცია იმ პერიოდისათვის", - აცხადებს "მთელ კვირასთან" ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი იგორ კვესელავა.

    კონსტიტუციის გამოქვეყნება

    1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების მიერ დამტკიცებული კონსტიტუციის სტამბურად გამოქვეყნება თბილისში ვეღარ მოესწრო. საქართველოს მთავრობამ და დამფუძნებელმა კრებამ 24 თებერვალს ღამე დედაქალაქი დატოვეს. ისინი ჯერ ქუთაისში გადავიდნენ, ხოლო 10 მარტს-ბათუმში, სადაც 17 მარტამდე დარჩნენ, შემდეგ კი ემიგრაციაში წავიდნენ.

    სწორედ ამ პერიოდში ბათუმში უნდა გამოექვეყნებინათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია. ამისთვის შეარჩიეს ცნობილი ბათუმელი პოლიგრაფისტის, ნესტორ ხვინგიას სტამბა.

    კონსტიტუცია დაიბეჭდა ცალკე წიგნად, სათაურით "საქართველოს კონსტიტუცია, მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს". მისი ზომა იყო 19ყ13 სმ, მოცულობა - 40 გვერდი (ტირაჟი უცნობია). ეს გამოცემა დღეს უკვე არის ბიბლიოგრაფიული იშვიათობა, რომლის ერთ-ერთი ჩვენამდე მოღწეული ეგზემპლარი დაცულია თბილისში.

    კომუნისტების დროს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია აღარ გამოცემულა. მეორედ იგი გამოიცა საზღვარგარეთ, ემიგრაციაში, 1981 წელს, კონსტიტუციის მიღების 60 წლისთავის აღსანიშნავად. ეს იყო ორენოვანი (ქართულ- ფრანგული) საიუბილეო გამოცემა და 1921 წელს ბათუმში დაბეჭდილი კონსტიტუციის ასლი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter