სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "სულ უფრო მეტი ადამიანი იწამლება არა საკვებით, არამედ ჭურჭლითა და სამზარეულო ნივთებით"
    მარი ჩიტაია
    18.04.2017

     საქართველოში შემოტანილი სამზარეულოს ნივთები, განსაკუთრებით კი ჭურჭლეული, ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. არაერთი საერთაშორისო კვლევით დასტურდება ის მავნე ზეგავლენა, რასაც ჭურჭლისა და საკვების შესანახად განკუთვნილი კონტეინერების გამოყენება იწვევს. მათ შორისაა პლასტმასისგან, ალუმინისგან, ტეფლონისა და თუჯისგან დამზადებული ნაკეთობები.

    სამზარეულოს ჭურჭელი საქართველოში, ძირითადად, თურქეთიდან და ჩინეთიდან შემოდის და მოჰყვება ეტიკეტები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ისეთ ენაზეა შედგენილი, რომ მომხმარებელი ვერ იღებს ელემენტარულ ინფორმაციას პროდუქციის თაობაზე.

    როგორც საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი რამაზ გახოკიძე განმარტავს, ბოლო დროს სულ უფრო მეტი ადამიანი იწამლება არა საკვებით, არამედ ჭურჭლითა და სამზარეულო ნივთებით, რომელთა უმრავლესობა ჯანმრთელობისთვის საშიშია.

    ერთ-ერთი პირველი, რაზეც აკადემიკოსი ყურადღებას ამახვილებს, ტეფლონია (ფტოროპლასტი), რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ელექტროსაიზოლაციო მასალაა და ფართოდ გამოიყენება ელექტრომრეწველობაში სადენებისა და კაბელების იზოლაციისთვის. ტეფლონი ქიმიურ მრეწველობაში გამოიყენება ისეთი დანადგარებისა და აპარატურის დასამზადებლად, რომლებიც გამიზნულია ღია გარემოში სამუშაოდ (შლანგები, მილსადენები, რეზერვუარები და ა.შ.).

    "ტეფლონი არ იკარებს წყალსა და ცხიმს, არ იწვავს საკვებს, რის გამოც შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში როგორც ყველაზე სრიალა ნივთიერება. ასეთი უნიკალური თვისების გამო, მისგან დამზადებულმა ჭურჭელმა დიდი ადგილი დაიკავა კვების ობიექტებსა თუ საოჯახო სამზარეულოში.

    ამ დროს ტეფლონი მაღალ ტემპერატურაზე გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს, მაგალითად, პერფტოროქტანმჟავას, რომელიც იწვევს სასუნთქი და რეპროდუქციული სისტემების დაზიანებას, დიაბეტს, თანდაყოლილ სიმახინჯეებს, კიბოს, უშვილობას, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს, სისხლში ზრდის ქოლესტერინის საერთო დონეს, იწვევს გასუქებას, არღვევს იმუნიტეტს. იგი შედის ადამიანისათვის ყველაზე საშიშ 28 ქიმიურ ნივთიერებათა სიაში", - აცხადებს გახოკიძე.

    როგორ უნდა დავიცვათ თავი ტეფლონის ტაფებისგან? გახოკიძის თქმით, ამ მხრივ მნიშვნელოვანია ხის კოვზის ხმარება და არავითარ შემთხვევაში - ჩანგლის ან დანის, რომელსაც შეუძლია ტეფლონის ზედაპირის დაზიანება.

    "არ უნდა შევიძინოთ სწრაფი მოხმარების საკვები, რომელიც შეფუთულია ტეფლონიან ქაღალდში ან ჭურჭელში (რომელიც განკუთვნილია პიცისთვის, პოპკორნისთვის და ა.შ.). არ გამოიყენოთ კოსმეტიკური საშუალებები (სახისა და სხეულის ლოსიონები, პუდრი, ფრჩხილების ლაქი, საპარსი კრემი), რომელთა შედგენილობაში შედის ნივთიერება სახელწოდებით "ფლუორი", "პერფლუორი" ან "ზეაუ".

    ტეფლონის გარდა, ასევე საფრთხის შემცველია ალუმინის ჭურჭელი. ფოლადის ტაფაც საშიშია ფსკერზე შავი ნამწვის წარმოქმნის გამო, რომელიც, შესაძლოა, კანცეროგენი აღმოჩნდეს. ზოგი უბრუნდება უჟანგავი ფოლადის, თუჯის ჭურჭლის გამოყენებას, მაგრამ ასეთი ჭურჭელი ვერ დაიკვეხნის საკვების ზედაპირზე მიწვის საწინააღმდეგო თვისებებით.

    აყველას სჯობს კერამიკულ ჭურჭელზე გადასვლა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთაა და შედგება თიხისგან, სილისა და ქვისგან. ეს ნივთიერებები აბსოლუტურად უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის და გარემოზე უარყოფითად არ მოქმედებს", - აღნიშნა "ბიზნესრეზონანსთან" საუბისას რამაზ გახოკიძემ.

    მისი ინფორმაციით, საფრთხეს შეიცავს ასევე მიკროტალღური ღუმელი: "მიკროტალღები სინათლის სიჩქარით მოძრავი ძალიან მოკლე ელექტრომაგნიტური ტალღებია. თანამედროვე ტექნიკაში მას იყენებენ სატელეფონო კავშირებში, სატელევიზიო პროგრამების გადაცემაში, ინტერნეტის მუშაობაში. სხვათა შორის, მობილური ტელეფონი იმავე სიხშირეზე მუშაობს, როგორზეც მიკროტალღური ღუმელი. საბჭოთა კავშირში მიკროტალღური ღუმლები აკრძალეს 1976 წელს ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების გამო. აკრძალვა მოიხსნა 90-იანი წლების დასაწყისში.

    ასეთ ღუმელში გაცხელებულ რძეში, ხორცსა და მარცვლოვან კულტურებში წარმოიქმნება კანცეროგენური ნივთიერებები, რომლებიც იწვევს კუჭ-ნაწლავის ავთვისებიან სიმსივნეს. ღუმლის ახლოს არსებული მიკროტალღური ველი ასევე საზიანოა ჯანმრთელობისთვის. მიკროტალღებით გაცხელება 97 პროცენტით აფუჭებს საკვების ხარისხს (იშლება ვიტამინები და ის საკვები ნივთიერებები, რომლებიც აფერხებს დაავადებებს, ზრდის იმუნიტეტს).

    მიკროტალღური ღუმელი ძალიან საშიშია ბავშვებისთვის. ზოგიერთი ამინმჟავა, მაგალითად, "დ-პროლინი", რომელიც შედის დედის რძესა და ბავშვთა სხვა საკვებში, გარდაიქმნება "ვ-იზომერად", რომელიც ნეიროტოქსიკურია (იწვევს ნერვული სისტემის დეფორმაციას) და თირკმლებისთვის წარმოადგენს შხამს", - განმარტავს რამაზ გახოკიძე.

    რაც შეეხება ალუმინის ჭურჭელს, აკადემიკოსის შეფასებით, ის არის ერთჯერადი მოხმარების და მასში საკვების გაჩერება არ შეიძლება.

    "ალუმინი, ხანგრძლივი მოქმედების შემდეგ, ყველა მჟავასთან შეიძლება შევიდეს რეაქციაში. თუკი ქართული სამზარეულოს სპეციფიკას გავითვალისწინებთ, მაშინ ალუმინი ინგრედიენტების უმეტესობასთან რეაქციაში შევა. ქართული სამზარეულო მჟავეებისა და ტუტეების გარეშე არ არსებობს, წიწაკა იქნება ეს თუ ძმარი. მარილებთანაც შედის რეაქციაში, ოღონდ ხსნად მარილთან", - დასძენს გახოკიძე.

    სავაჭრო ცენტრებსა და ბაზრობაზე ალუმინისგან დამზადებულ ჭურჭელს იშვიათად შეხვდებით, თუჯისგან, ტეფალისა და კერამიკისგან განსხვავებით. გამყიდველები აცხადებენ, რომ ნებისმიერი ჭურჭელი, რომელიც გასაყიდად შემოაქვთ, ალუმინს შეიცავს და შემდეგ, სხვადასხვა ნივთიერებითაა დაფარული.

    მომხმარებელთა უფლებების დამცველთა ინფორმაციით, შემოტანილი ნივთების შემადგენლობა საბაჟოზე არ მოწმდება და არც ის კანონი მუშაობს, რომელსაც, როგორც წესი, პროდუქციის შემადგენლობის შესწავლა და რეგულაციების გატარების პასუხისმგებლობა ეკისრება.

    მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი მადონა კოიძე ამბობს, რომ კონტროლი დღეს მხოლოდ სურსათის უვნებლობის მიმართულებით მიმდინარეობს, დანარჩენი სფერო კი აბსოლუტურად მიტოვებულია.

    "თუკი არსებობს გამაფრთხილებელი წარწერა და ბიზნესოპერატორს მომხმარებელი შეცდომაში არ შეჰყავს, ამ შემთხვევაში მომხმარებელმა თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი. სავალდებულოა, რომ ეს წარწერა მომხმარებლისთვის მარტივად აღსაქმელი იყოს და აუცილებლად ქართულ ენაზე დატანილი, ვინაიდან არავინაა ვალდებული, იცოდეს რომელიმე უცხო ენა. ჩვენთან კონსტიტუციური ენა არის ქართული და უფლება მაქვს, ინფორმაცია მივიღო მშობლიურ ენაზე. თუკი ინგლისურად არის ეტიკეტი, ეს მომხმარებლისთვის არანაირი შეღავათი არ არის და ჩვეულებრივი კანონდარღვევაა", - აცხადებს მადონა კოიძე.

    მისივე ინფორმაციით, ბაზარზე მაკონტროლებელი არ არსებობს, აქედან გამომდინარე, ბიზნესმენის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, გააკეთებს თუ არა მსგავს წარწერას.

    "მომხმარებლის უფლებების შესახებ ახალ კანონში ჩადებულია, რომ ნებისმიერ პროდუქტზე უნდა იყოს ქართული ეტიკეტი. გარდა ამისა, უნდა არსებობდეს მომხმარებელთა ომბუდსმენი, რომელიც დაიცავს მომხმარებელთა უფლებებს. როგორც ვხედავთ, ორივე მიმართულებით, ჯერჯერობით, სრული უწესრიგობაა", - აცხადებს მადონა კოიძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (9)
    ჩაწერა სახელი
    nene   (26.04.2017)
    დაილოცოს ძველი რუსული საოჯახო ჭურჭელი. განსაკუთრებით ემალი.

    მადონა   (26.04.2017)
    რა გვეშველება,მოკლედ ქათველი ერი ნელა-ნელა ნადგურდება

    ლია   (22.04.2017)
    გრანიტის ქვაბები შევიძინე,ჯერ არც კი მიხმარია, ნუთუ ესეც საშიშია ჯანმრთელობისთვის?

    ლია   (22.04.2017)
    გრანიტის ქვაბები შევიძინე,ჯერ არც კი მიხმარია, ნუთუ ესეც საშიშია ჯანმრთელობისთვის?

    ხათუნა   (21.04.2017)
    თუჯი რომ წერია რა გაქვთ მხედვეობაში? თუჯის ქვაბებში ვაკეთებდით ყოველთვის ღომს . ასეთ ქვაბებს გულისხმობთ?

    Nino   (21.04.2017)
    Imitom shevidzine emalis qvabebi, chemis azrit ekologiurad suftaa, meshinia im shavi granitis qvabebis.

    tamila   (21.04.2017)
    yvelgan da yvelafershi sruli ganukitxaobaa...gmerto, rodemdis????!

    Lali   (20.04.2017)
    Getanxmebit mavnebelia mashin ra unda movixmarot

    მარი   (20.04.2017)
    ერთხელ რომ დაჯარიმდებიან,წარწერას მაშინვე გაუკეთებენ ქართულად


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter