სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    19.04.2017

     22 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში საფუძველი ჩაეყარა ბაქო-სუფსის ტერმინალისა და ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობას. ამ ისტორიული ფაქტის შესახებ ბევრი დაწერილა და ამიტომ მის მნიშვნელობაზე ბევრს არ ვისაუბრებთ, თუმცა რამდენიმე საინტერესო ეპიზოდს გავიხსენებთ დღევანდელ სტატიაში.

    1999 წლის 17 აპრილს ბაქო-სუფსის ტერმინალის გახსნის ცერემონიალზე საქართველოს ბევრი უცხოელი სტუმარი ეწვია: აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი; უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა; აშშ-ის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის სპეციალური მრჩევლები; საგანგებო დელეგაცია ევროგაერთიანებიდან, თითქმის ყველა უდიდესი ნავთობკომპანიის წარმომადგენლები. იმ დღეს სუფსაში პირველი ტანკერი შეივსო კასპიის ზღვის აზერბაიჯანული ნავთობით და კურსი ევროპისაკენ აიღო.

    იმ დღეს თეთრი სახლიდან აშშ-ის პრეზიდენტ ბილ კლინტონის მოლოცვაც მოვიდა: "ჩვენ ვერ მივაღწევდით დღევანდელ ისტორიულ მიჯნას, რომ არა პრეზიდენტ ედურად შევარდნაძისა და პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის ხელმძღვანელობა, საქართველოსა და აზერბაიჯანის ხალხებისა და მათი მთავრობების მოთმინება და ძალისხმევა". ბაქო-სუფსის ტერმინალის გახსნა საქართველოს მიულოცეს თურქეთის პრეზიდენტმა სულეიმან დემირელმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა, ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა, უზბეკეთის პრეზიდენტმა ისლამ კარიმოვმა. ასევე ბულგარეთის, საბერძნეთის, რუმინეთის, მოლდოვის პრეზიდენტებმა. ტერმინალის გახსნის ცერემონიალზე საქართველოს პრეზიდენტმა ედურად შევარდნაძემ განაცხდა - "დღეს აღვნიშნავთ მოვლენას, რომელიც, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ჩემი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ახალი ეპოქის დაწყების მაუწყებელი გახდება".

    როგორ იხსენებენ მე-20 საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს საქართველოში განხორციელებული "საუკუნის პროექტების" ისტორიას:

    "1996 წლის მარტში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ბაქო-სუფსის ნავთობსადენის აშენების შესახებ. ხელშეკრლების მომზადებაში მონაწილე ყველა მხარე კერძო საუბრებში ამბობდა, რომ თავიდან არ სჯეროდათ, რომ იმჟამინდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ასეთი პროექტის განხორციელება შესაძლებელი იყო და რომ ხელმოწერა შესაძლებელი გახდა შევარდნაძის შორსმჭვრეტელობის, დიპლომატიისა და თავგანწირული მოქმედების წყალობით" - განაცხადა სახელმწიფო აპარატის ყოფილმა უფროსმა პეტრე მამრაძემ.

    მისი თქმით, ბაქო-სუფსის ნავთობსადენზე ხელშეკრულების გაფორმება ნამდვილი პოლიტიკური გარღვევა იყო. "შევარდნაძემ შეუძლებელი შეძლო - საქართველოს ტერიტორიის მიმართ რეალური ეკონომიკური ინტერესი გაუჩნდათ მსოფლიოს წამყვან ნავთობკომპანიებს. ამან შეიძლება უფრო დიდი წვლილი შეიტანოს თქვენი სახელმწიფოს სუვერენობის დაცვაში, ვიდრე მეგობარ ქვეყნებთან მოწერილმა ხელშეკრულებებმა"- გვეუბნებოდნენ ამერიკელი მეგობრები. სწორედ ბაქო-სუფსის პროექტმა გაუხსნა გზა გრანდიოზულ პროექტს, საქართველოზე გამავალ ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენს, რომლის განხორციელება 1999 წლის ნოემბერში სტამბოლში დადებული სამთავრობოთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერით დაიწყო, ბოლოს 2002 წელს კი ხელი მოეწერა შეთანხმებას ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის მშენებლობას.

    პეტრე მამრაძე: სახელმწიფო მეთაურის აპარატის უფროსად 1995 წლის იანვრის დასაწყისში დავინიშნე და ედურად შევარდნაძემ მაშინათვე ჩამრთო ნავთობსადენებთან დაკავშირებულ საქმეებში, მთხოვა, რომ დავსწრებოდი ყველა შეხვედრას. თავიდან თითქმის არავის სჯეროდა, რომ საბოლოოდ ნავთოსადენები გაივლიდა საქართველოზე. ამერიკელებმაც და ევროპელებმაც იცოდნენ რუსეთის მთავრობის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება. კარგად მახსოვს პირველი შეხვედრა, ჩამოსული იყვნენ იმ კომპანიის წარმომადგენლები, რომლებსაც უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება ნავთობსადენის დაფინანსებაზე და იმაზე, თუ რა გზით უნდა გაეყვანათ ეს ნავთობსადენი.

    ნავთობსადენთან დაკავშირებული მთავარი პრობლემა იყო ის, რომ რუსეთის ხელისუფლება ვერ ეგუებოდა სსრკ-ის დაშლას, ყოფილი რესპუბლიკების დაკარგვას და ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ კონტროლი აღედგინა. 1995 წლის შემოდგომაზე ჩამოსული იყო რუსეთის პრემიერი ჩერნომირდინი. პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს - რა აზრის იქნება რუსეთის მთავრობა საქართველოზე ნავთობსადენის გატარებასთან დაკავშირებით, რაზეც ჩერნომირდინმა თქვა, რომ უპირატესობა უნდა მისცემოდა ნავთობის ადგილზე ძიებასა და მოპოვებას - ამით უკვე ჩანდა დამოკიდებულება ნავთობსადენის მიმართ. მახსოვს, შევარდნაძემ იმ პრესკონფერენციაზე იხუმრა - მრავალი წელია, ყველგან ვთხრით, მაგრამ ნავთობი ჯერჯერობით არ ჩანსო. ბაქოში გამართულ ერთ-ერთ კონფერენციაზე კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩერნიშოვმა თქვა: "თუ ბაქო დაიწყებს მოპოვებას, კასპიის ზღვაში რუსეთი ისეთ ტალღებს ააგორებს, რომ ეს ტალღები იმ ნავთობსადენის პლატფორმებს წალეკავს".

    ნავთობსადენთან დაკავშირებულ პირველ შეხვედრას სხვა შეხვედრებიც მოჰყვა. შევარდნაძე დაუღალავად მუშაობდა, ინტენსიურად აწარმოებდა მოლაპარაკებებს აშშ-ის ადმინისტრაციასთან, თურქთის ხელმძღვანელობასთან, ინვესტორებთან და არწმუნებდა ყველას, რომ რუსეთი ამ გეგმებს ხელს რეალურად ვერ შეუშლიდა. 1996 წლის მარტში ხელი მოეწერა ბაქო-სუფსის პროექტს, დაიწყო ინტენსიური მშენებლობა, რომელიც 1998 წელს დასრულდა. 1997 წლის აპრილში ნავთობსადენის ინაუგურაცია შედგა. საქართველოზე გამავალ ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის ისტორიულ შეთანხმებას კი ხელი 1999 წლის ნოემბერში სტამბოლში ეუთო-ს სამიტის დროს მოეწერა (ბაქო-ჯეიჰანის პროექტზე შევარდნაძემ ინტენსიურად მუშაობა ჯერ კიდევ 1996 წლიდან დაიწყო).

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა, თურქეთის პრეზიდენტმა დემირელმა და აშშ-ის პრეზიდენტმა კლინტონმა ხაზგასმით აღნიშნეს შევარდნაძის დიდი წვლილი, თუმცა საჯაროდ არავის უთქვამს და ვერც იტყოდნენ, რადგან არ იცოდნენ, რომ შევარდნაძე საკუთარი სიცოცხლის უდიდესი რისკის ფასად აღწევდა ყველაფერ ამას. ისიც არავინ იცოდა, რომ სტამბოლში ხელმოწერამდე რამდენიმე კვირით ადრე, შევარდნაძემ ელცინისაგან გრიფით საიდუმლო წერილი მიიღო.

    წერილი მე შევუტანე დალუქულ კონვერტში, მისი დავალებით იქვე გავხსენი და წერილი მივაწოდე, წაიკითხა და იქვე მაგიდაზე დადო. "წაიკითხე, ნახე რას მწერს". წერილში ეწერა: ბაქო-ჯეიჰანის პროექტი პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსეთის ძირითად სახელმწიფო ინტერესებს და თუ "ედურად ამბროსოვიჩისათვის" ძვირფასი იყო რუსეთ-საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობა, თავი შეეკავებინა ამ ხელშეკრულების ხელმოწერისგან. შევარდნაძემ, როგორც ყოველთვის, მშვიდად, უემოციოდ მითხრა - "ახლა, როცა ყველაფერი მზადაა, პარაფირებულია და მომზადებულია ხელმოსაწერად, როცა კლინტონი და ალიევი ჩადიან სტამბოლში დემირელთან, როცა ჩემი ჩასვლა კარგა ხანია გამოცხადებულია, ახლა მიგზავნის ასეთ წერილს? გესმის, რა ხდება?..

    აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკელები სთავაზობდნენ რუსეთს, მონაწილეობა მიეღო ბაქო-ჯეიჰანის პროექტში და მაქსიმალური წილი აეღო აქციების სახით. პირადად მე ამერიკის ცნობილი სენატორი სემ ბრაუნბეკი მეუბნებოდა, რომ სამწუხაროდ რუსეთის მთავრობის ქცევა არის არა რაციონალური და პრაგმატული, არამედ უფრო ნაწყენი და გაბუტული ადამიანების ქცევას წააგავსო".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter