სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "მთელ ამიერკავკასიაში თავისთავადი, ყველაფრის შემცველი ნავთობიანი ტერიტორია არასად იყო, გურიის გარდა, რაც დიდ უპირატესობას აძლევდა მას"
    ია აბულაშვილი
    20.04.2017

     22 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში საფუძველი ჩაეყარა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობას. ამ ისტორიული ფაქტის მნიშვნელობაზე დღევანდელ სტატიაში არ ვისაუბრებთ, თუმცა მკითხველს შევახსენებთ, რომ ბაქოდან საქართველოში, კერძოდ ბათუმში ნავთობის გატარების პირველი მარშრუტის იდეა თავის ძმებს ლუდვიგ ნობელმა მიაწოდა და ურჩია: "ბაქოდან ნავთობის ტრანსპორტირების ყველაზე შესაძლო მარშრუტს შორის, რეკომენდაციას გაძლევთ, აირჩიოთ მარშრუტი, რომელიც საქართველოზე გადის. ყველა დანარჩენი მარშრუტი უფრო დიდ რისკთან არის დაკავშირებული. არასად არ არის ისეთი ხელსაყრელი პირობები, როგორიც ბაქოსა და თბილისში. ამიტომ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ სწორედ ეს მარშრუტი უნდა ავირჩიოთ".

    როგორც ისტორკოსი გიორგი სეითიძე ამბობს, გარდა ხელსაყრელი სატრანზიტო პირობებისა, ბაქოდან საქართველოზე და შემდეგ ევროპაში ნავთობის გატარების თვალსაზრისით, საქართველოს სხვა სიმდიდრეც ჰქონდა და ეს იყო თავად ამ ტერიტორიაზე ნავთობის საბადოების არსებობა, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ განვითარდა.

    ცნობისათვის, პირველი ცნობები საქართველოში ნავთობის მოპოვების თაობაზე გვხვდება ჯერ კიდევ ბერძნულ მითოლოგიაში. შუა საუკუნეებში კი იტალიელი მოგზაური მარკო პოლო თავის ჩანაწერებში ასევე მიუთითებდა, რომ საქართველოში მოიპოვება ზეთოვანი სითხე, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა იყენებს საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის (საწვავი, საპოხი, განათების საშუალება).

    მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში კი ნავთობის სამრეწველო მოპოვება მცირე სიღრმეზე გაბურღული ჭაბურღილების მეშვეობით დაიწყო კახეთში, კერძოდ მირზანში, შირაქსა და ელდარში, მაგრამ მოპოვების მეტი ზრდა შეუძლებელი იყო, ვინაიდან სამუშაოები პრიმიტიული ხერხებით ხორციელდებოდა და არც იმის საშუალება იყო, რომ მომხდარიყო ნავთობიანი ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლა.

    მე-20 საუკუნის 30-იან წლებში კი დაიწყო ნავთობის მოპოვება მცირე ზომის საბადოებზე მირზაანსა და შირაქში, მათ დაემატა სუფსა.

    გიორგი სეითიძის თქმით, გურიაში ნავთობის არსებობაზე უფრო ადრე იცოდნენ. ამაზე მიუთითებს 1913 წელს თბილისში გამომავალ გაზეთ "ზაკავკაზიეში" დაბეჭდილი ერთი წერილი სათაურით "საქართველოში ნავთობიანობის საკითხის შესახებ".

    წერილის ავტორი ყოფილა ვინმე პარამონოვი. წერილი საკმაოდ ვრცელი იყო და იგი გაზეთის ორ ნომერში დაბეჭდილა. პარამონოვის წერილის მიხედვით ირკვევა, რომ ნავთობსაძიებო სამუშაოები გურიაში 1870 წელს დაუწყიათ. მომდევნო წელს პირველი ჭაბურღილიც დაუდგამთ.

    ამ დღიდან მოყოლებული 1913 წლამდე გურიას არაერთი უცხოური კომპანიის წარმომადგენელი სწვევია. ყველა მათგანი იწყებდა საძიებო სამუშაოებს, დგამდა ჭაბურღილებს, ემზადებოდა სარეწის გასამართავად, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ თავს ანებებდა...

    ამონარიდი პარამონოვის წერილიდან

    1884 წელი ბაქოს ნავთობის მრეწველობის გაფურჩქვნის პერიოდია. სწორედ ამ პერიოდში კიდევ ერთხელ მოაწყდა ნავობმაძიებელთა ახალი ტალღა შავი ზღვის გურიის სანაპიროს. ერთ-ერთი პირველი ყოფილა პოლკოვნიკი დავიდოვი, რომელიც ხელისუფლების ნებართვით ჭაბურღილის დადგმას იწყებს გურიაში. თუმცა მიაღწევს რა გარკვეულ სიღრმეს, მიემგზავრება ბაქოში და უკან დაბრუნებული კეტავს ჭაბურღილს.

    ცოტა მოგვიანებით გურიაში ამერიკელი ბიზნესმენი მაკარტი ჩამოდის. ისიც შეუდგება ნავთობის სარეწის მოწყობას, თითქოს 40 საჟენის სიღრმემდე აქვს გაბურღილი, ისიც მიემგზავრება ბაქოში, ხოლო უკან დაბრუნებული იმავეს იმეორებს, რასაც პოლკოვნიკი დავიდოვი.

    1897 წელს გურიის "ნიადაგის ზონდირებას" ახდენენ ბელგიიდან ჩამოსული ნავთობკომპანიის წარმომადგენლები. მათ სადგურ სუფსიდან რამდენიმე ვერსის დაშორებით დაუდგამთ ჭაბურღილი. 100 საჟენ სიღრმემდე ყოფილან ჩასული, შემდეგ გამგზავრებულან ბაქოში, სუფსაში დარჩენილ ბურღის ოსტატს კი ჭაბურღილი ჩაუკეტია და სუფსის სარეწის ლიკვიდაცია მოუხდენია.

    საუკუნის დამდეგს გურიის მხარეში რუსეთში ნავთობის საქმის დიდი სპეციალისტი ათანასე კოშინი ჩამოდის, მასაც მოუხდენია გურიის ნიადაგების ნავთობშემცველი ფენების შესწავლა, შეუგროვებია ნიუმშები და გამგზავრების წინ უთქვამს: "მთელი კავკასია მოცულია ნავთობით, მაგრამ საქართველო ამ კუთხით განსაკუთრებულად კარგ პირობებშია".

    1912 წლის ნოემბერში გურიაში ინგლისური კომპანიის ერთ-ერთ ფირმას დაუწყია მუშაობა. პირველი ბურღი იმავე წლის ნოემბერში დაუდგამთ გურიაში, ხოლო მეორე - 1913 წლის იანვარში. პირველი ბურღის დადგმიდან დაახლოებით 6 თვის გასვლის შემდეგ მხოლოდ 30 საჟენამდე ჰქონიათ გაბურღული. ასე იყო თეორიაში, მაგრამ მის პრაქტიკაში ხორცშესხმას საშველი მაინც არ ადგება", - წერს პარომონოვი.

    გურიის ტერიტორიაზე ნავთობის არსებობის დასადასტურებლად პარამონოვს თავის წერილში არაერთი უცხოელი მეცნიერის, კერძოდ სამთო ინჟინრების ბერმანის, ბარბოტ დე მარნის, ფილიპ ვიურცბერგერის, დე-მინესისა და სხვათა ნაშრომები მოჰყავს.

    სამთო ინჟინრის ბერმანის ნაშრომში "საქართველოში ნავთობის წარმოშობის გეოლოგიური კვლევის შესახებ" დასაბუთებული ყოფილა, რომ გურიის ნიადაგში დიდი ნავთობშემცველობაა, ხოლო გამოკვლევისათვის თანდართულ რუკაზე მითითებული ყოფილა კონკრეტული პუნქტები ნავთობის საბადოებისა.

    ასევე გამოჩენილი მეცნიერების - ენგლერის, ლანგის, ანდრუსოვისა და სხვათა ნაშრომები, სადაც მეცნიერები მიუთითებენ, რომ კასპიისა და შავი ზღვები განხილული უნდა ყოფილიყო, როგორც პუნქტები, სადაც დაწყებული იყო დიდი ნავთობის წარმოშობის პროცესი.

    პარომონვი წერილის ბოლოს დასკვნის სახით წერს: "თუ შავი ზღვის გურიის სანაპიროზე ნავთობის საბადოების განვთიარების საქმე ფერხდებოდა და ჩანასახშივე იხშობოდა, უეჭველი იყო ბაქოელ მრეწველთა ხელი და მათი საკუთარი ინიციატივა, ვინაიდან მთელ ამიერკავკასიაში თავისთავადი, ყველაფრის შემცველი ნავთობიანი ტერიტორია არასად იყო, გურიის გარდა, რაც დიდ უპირატესობას აძლევდა მას".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter