სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გულზე თეთრი ბაფთები და რკინის საარჩევნო ყუთები
    ია აბულაშვილი
    21.04.2017

     თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ 6 თვე დარჩა და ძირითადი პოლიტიკური ძალები უკვე ემზადებიან ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვანი არჩევნებისთვის. მანამდე კი ჩვენს მკითხველს გვინდა შევთავაზოთ რამდენიმე საინტერსო მასალა თბილისის თვითმმართველობის ისტორიიდან.

    თბილისის საქალაქო მმართველობა ჯერ კიდევ მე-13 საუკუნის დასაწყისში თბილისის "ქალაქ კომუნად" ჩამოყალიბდა. ქალაქის გამგებლობა 12 კაცისგან შედგებოდა, რომლებიც "ქალაქის ბერებად" არიან მოხსენიებული ძველ ისტორიულ წყაროებში.

    ისინი რიგ-რიგობით, თითო - თვე, როგორც ქალაქის მთავარი, მართავდნენ ქალაქს და სრულიად დამოუკიდებლები იყვნენ. მათ ებარათ "ქალაქის კლიტენი" და აწესრიგებდნენ ქალაქის საგადასახადო სისტემას.

    თვითმმართველობის სისტემა შემდგომ წლებში სხვადასხვა მიზეზის გამო დავიწყებას მიეცა. მხოლოდ მე-19 საუკუნის 40-იანი წლებიდან იღებს სათავეს თბილისის თვითმმართველობის ისტორია.

    არჩევნებში მხოლოდ მოსახლეობის ეკონომიკურად შეძლებელი ფენა მონაწილეობდა

    პირველი სათათბირო ქალაქის თავისა და 6 ხმოსნისგან შედგებოდა. არჩევნებში მხოლოდ მოსახლეობის ეკონომიკურად შეძლებელი ფენა მონაწილეობდა. ანუ, როცა 1866 წელს შემუშავდა თბილისის საზოგადოებრივი მმართველობის დებულება, მის თანახმად არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა ქონებრივი ცენზის მქონე და ქალაქის სასარგებლოდ გადასახადის გადამხდელ მოქალაქეებს.

    ისინი ირჩევდნენ 100 კაცისაგან შემდგარ საქალაქო საკრებულოს, საიდანც ირჩეოდა 8-კაციანი საქალაქო განმკარგულებელი ორგანო და ქალაქის თავი. ამას ემატებოდა მეთვალყურის რწმუნებით აღჭურვილი ხელისუფლების მიერ დანიშნული პირი.

    1870 წელს ხელი მოეწერა ახალ "საქალაქო დებულებას", რომელიც თბილისში თვითმმართველობას აწესებდა. დებულების თანახმად ამომრჩევლები ირჩევდნენ საკანონმდებლო ფუნქციით აღჭურვილ 72 კაციან საქალაქო სათათბიროს, რომელიც შემდეგ ირჩევდა 3-კაციან აღმასრულებელ ორგანოს - გამგეობას, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქალაქის თავი, ანუ "ქალაქის მოთავე".

    ქალაქის თავი ირჩეოდა 4 წლის ვადით. არჩევნები სამ სხვადასხვა დღეს და სამ სხვადასხვა ადგილას ტარდებოდა.

    მოგვიანებით უკვე გამოჩნდა საარჩევნო უბნები, არჩევნები იმართებოდა ფარულად ე.წ. "საარჩევნო კენჭების" მიხედვით. ამომრჩევლებს კი "მეკენჭეები" ერქვათ. მოგვიანებით კი უკვე შემოღებული იქნა ბარათები. ახლადარჩეული სათათბიროს წევრები იღებდნენ ფიცს.

    1875 წლიდან თბილისის ქალაქის თავად აირჩიეს ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ყიფიანი. მაშინ გაზეთი "დროება" წერდა: "ბედნიერი აზრი მოსვლია, ვინც ეს კანდიდატი დაასახელა. დიმიტრი ყიფიანს აქვს ყველა თვისება, რაც ამ საპატიო და მძიმე თანამდებობისთვის საჭიროა".

    ამ პერიოდის საკრებულოს წევრები კი იყვნენ გამოჩენილი ადამიანები: მრეწველი ნიკოლოზ ზუბალაშვილი; გენერალი და საზოგადო მოღვაწე კონსტანტინე მამაცაშვილი; გენერალი და მსხვილი მემამულე ივანე ბაგრატიონ- მუხრანსკი; პუბლიცისტი ნიკო ნიკოლაძე. გაზეთ "დროების" რედაქტორი სერგი მესხი.

    თბილისის ნოტარიუსები ილია წინამძღვრიშვილი და ივანე პოლტარაცკი. დიდი მეცენატი გიორგი ქართველიშვილი, რომელმაც დააფინანსა "ვეფხისტყაოსნის" ცნობილი გამოცემა მიხეილ ზიჩის იუსტრაციებით.

    მწერალი და საზოგადო მოღვაწე ივანე მაჩაბელი. ქართული კონიაკის ფუძემდებელი დავით სარაჯიშვილი. მწერალი და გამომცემელი ანტონ ფურცელაძე, სამღდელოებიდან კალისტრატე ცინცაძე.

    თბილისის თვითმმართველობის მთავარი ფუნქცია იყო ქალაქის კომუნალურ მეურნეობაზე ზრუნვა, წყალმომარაგება, ქუჩებისა და მოედნების მოპირკეთება და განათება, ტრანსპორტით უზრუნველყოფა, ქალაქის დასუფთავება, ასევე ჯანმრთელობის დაცვა, განათლებისა და კულტურის სფეროში არსებული პრობლემების მოგვარება.

    მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც იმ პერიოდის თბილისში განხორციელდა

    1883 წელს მარტში გაიხსნა ცხენის რკინიგზა - "კონკა". 1884 წელს რეკონსტრუქციის შემდეგ ქალაქს გადაეცა ვორონცოვის ხიდი. 1885 წელს თებერვალში გაიხსნა ვერის ხიდი. 1887 წლის სექტემბერში დასრულდა ავჭალის წყალსადენის მშენებლობა. პირველი ლომბარდი თბილისში გაიხსნა 1887 წელს.

    1895 წელს შედგა თბილისის კანალიზაციის პროექტი, რომელიც იყო კანალიზაციის პირველი პროექტი საქართველოში. მოპირკეთდა თბილისის ქუჩები და მოედნები. 1902 წელს იანვარში პირველად იქნა შემოღებული "თბილისის მეეზოვეთა ინსტიტუტი". გაიხსნა "სამისამართო ბიურო" და "შრომის ბირჟა".

    1904 წელს ნოემბერში თბილისში პირველად გამოჩნდა ტრამვაი. 1905 წელს მარტში გაიხსნა ფუნიკულიორი. 1911 წელს ასევე გაიხსნა მუხრანის ხიდი. 1913 წელს მაისში მწყობრში ჩადგა საქალაქო თბოელექტროსადგური. 1916 წელს ქალაქს გადაეცა "ცეცხლის მქრობელთა რაზმი". 1916 წელს გაიხსნა სოლოლაკის გვირაბი.

    რაც შეეხება ჯანდაცვის სფეროს. 1885 წელს ქალაქის თვითმმართველობაში გადავიდა ალექსანდრეს სახელობის ცენტრალური საქალაქო სამკურნალო. 1889 წელს დაწესდა ქალაქის სანიტარული ექიმის თანამდებობა. 1891 წელს გაიხსნა ქიმიური ლაბორატორია, კვების პროდუქტებისა და სასმელი წყლის გამოსაკვლევად.

    1897 წელს გაიხსნა ღამის საქალაქო და სულით დაავადებულთა თავშესაფრები. ასევე პირველი ინფექციური საავამყოფო. 1906 წელს პირველი საქალაქო სამშობიარო. 1907 წელს გაიხსნა ზუბალაშვილების სახელობის "უპოვართა სახლი".

    1911 წელს ქალაქმა გოლოვინის პროსპექტზე გახსნა საქალაქო აფთიაქი. ქალაქის მართველობაში კი 1916 წელს გადავიდა სასწრაფო სამსახურის დახმარების ცენტრი. განათლების სფეროში კი ასეთი მიღწევები იყო. 1881-1917 წლამდე ქალაქში ფუნქციონირებდა 25 დაწყებითი სკოლა, ქალაქის ღარიბი მოსახლეობისთვის. 1914 წელს საფუძველი ჩაეყარა პოლიტიექნიკური ინსტიტუტის გახსნას.

    თეთრი ბაფთებით ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნები თბილისში

    1917 წლის თებერვლის რევოლუციას ქალაქის თავი ალექსანდრე ხატისოვი ამ სიტყვებით მიესალმა - "დაე ყველა განიმსჭვალოს ღრმა რწმენით, რომ თბილისში ერევნის მოედანზე მდებარე ქალაქის სახლი არის თავისუფლების ციტადელი კავკასიაში".

    როგორც ისტორიკოსები ამბობენ 1917-1921 წლებში თვითმმართველობის ნამდვილი დემოკრატიზაცია დაიწყო. 1917 წლის 30 ივლისის არჩევნები ახალი წესების მიხედვით ჩატარდა. ხმის მიცემის უფლება ჰქონდა ყველა მოქალაქეს, განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა და სარწმუნოების, რომლებსაც შეუსრულდებოდათ 20 წელი, ცხოვრობდა და საქმიანობდა თბილისში.

    1917 წლის მაისში გაზეთი "საქართველო" წერდა: "უწინ ქართველობა ყოველთვის მარცხდებოდა არჩევნებში, რადგან დიდ ქონებასთან დაკავშირებული საარჩევნო კანონი გასაქანს არ აძლევდა ნაკლებად შეძლებულ მოქალაქეებს, წვრილ მესაკუთრეებს.

    ახალი კანონით, ქალაქის თვითმმართველობის ბედი ხალხის, დემოკრატიის ხელში გადადის. ეს პირველი მაგალითია თბილისის ისტორიაში, რომ ხალხს ჩაბარდეს ქალაქის მეურნეობისა და განათლების საქმე".

    გაზეთი "ერთობა" კი წერდა იგივე 1917 წლის მაისში, რომ "ამიერიდან ნახევარმილიონიანი ქალაქის ბედ-იღბალი დემოკრატიის ხელში გადადის. დემოკრატია უნდა გაუძღვეს ქალაქის საქმეებსო".

    როგორც თბილისის ცენტრალური არქივის დირექტორი მაკა კვარაცხელია თავის წიგნში აღნიშნავს, ეროვნულ არქივში უამრავი მდიდარი მასალა ინახება იმ პერიოდის, როდესაც საქართველო იწყებდა თავისი სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებას.

    ასევე უამრავი ფოტო-მასალაა დაცული, თუ როგორ ტარდებოდა იმ დროს არჩევნები თბილისში. მისი თქმით, საარჩევნო უბნები, რკინის კასრს უფრო წააგავდა, ვიდრე საარჩევნო ყუთს.

    საარჩევნო კომისიის წერებს კი გულზე დაბნეული ჰქონდათ თეთრი ბაფთები და ამით გამოირჩეოდნენ ისინი ჩვეულებრივი მოქალაქეებისაგან.

    თვითმმართველობის პირველი დემოკრატიული არჩევნების შემდეგ საგრძნობლად გაფართოვდა თბილისის მუნიციპალიტეტის უფლებები. მის დაქვემდებარებაში გადავიდა ადგილობრივი ადმინისტრაცია, მილიცია და ყველა ადგილობრივი მასშტაბის სამეურნეო საქმე, მათ შორის სასურსათოც.

    თვითმმართველობის არჩევნები დამოუკიდებლობის წლებში

    თვითმმართველობის ხარისხი კიდევ უფრო გაიზარდა საქართველოს პირველი რესპულიკის გამოცხადების შემდეგ. 1919 წლის თებერვალში გამართულ თბილისის საბჭოს არჩევნებზე თავმჯდომარედ არჩეული იქნა ალექსანდრე ლომთათიძე. ქალაქის მოურავად ბენიამინ ჩხიკვიშვილი. საბჭოს სხდომები კი პირველად გაიმართა ქართულ ენაზე.

    1921 წლის 11 თებერვალს გაიმართა 1919 წელს არჩეული სათათბიროს უკანასკნელი სხდომა, რომელზედაც დაზუსტდა ახალი არჩევნების თარიღი - 1921 წლის 27 თებერვალი.

    საბჭომ დაამტკიცა არჩევნების ხარჯთაღრიცხვა; თბილისი დაიყო 52 საარჩევნო უბნად, დაზუსტდა სია, რომელიც 70 ათასი ამომრჩევლისაგან შედგებოდა.

    1921 წლის 25 თებერვალს მე-11 წითელმა არმიამ თბილისი აიღო. თვითმმართველობამ არსებობა შეწყვიტა და მისი ადგილი თბილისის რევოლუციურმა კომიტეტმა, რევკომმა დაიკავა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter