სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მეორე მსოფლიო ომის ქართველი გმირები
    ია აბულაშვილი
    18.05.2017

     მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 72 წელი გავიდა და ამ უახლესი ისტორიის გასახსენებლად ახალს ვერაფერს შევთავაზებთ ჩვენს მკითხველს. რადგან მსოფლიო ომსა და მასში ქართველების მონაწილეობაზე მრავალი წიგნი და სტატია დაწერილა, რამდენიმე საინტერესო ამბავს მაინც გავიხსენებთ ომის ქრონიკებიდან იმ გმირებზე, რიგით ჯარისკაცებზე, რომლებმაც სამშობლოს თავი შესწირეს.

    როგორც ისტორიკოსები ამბობენ, საქართველო ერთადერთი ქვეყნაა მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ქვეყნებიდან, რომელმაც ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო. მართლაც, საქართველოში არ არსებობს ოჯახი, ვისაც მეორე მსოფლიო ომში ვინმე არ ჰყავდეს დაკარგული.

    მარტო ჩვენი ქვეყნიდან სამხედრო სამსახურში გაიწვიეს ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, მათგან 200 ათასი დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასი ათასზე მეტი ხეიბარი დაბრუნდა.

    ომის პერიოდში შეიქმნა რამდენიმე ქართული დივიზია. 224-ე ქართული დივიზია მონაწილეობდა ბრძოლებში ქერჩთან და ის მთლიანად განადგურდა. 242-ე, 392-ე და 414-ე დივიზიები კავკასიის დასაცავად იბრძოდნენ. ქართველები აქტიურად იბრძოდნენ პარტიზანულ ომებშიც.

    ქერჩის ქართული ტრაგედია

    ქერჩის ქართული ტრაგედია - ასე შეფასდა მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში ქერჩის ნახევარკუნძულზე მომხდარი ტრაგედია. როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ქერჩის ეპოპეა მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ცენტრალური თემაა და ალბათ ყველა ქართველმა უნდა იცოდეს, რადგან ამ ბრძოლაში საქართველოდან გაწვეული მებრძოლებიდან ყველაზე მეტი სწორედ ქერჩში დაიღუპა.

    ფაშისტური გერმანიის ჯარებთან ბრძოლაში წითელმა არმიამ ძირითადად ქართველებით დაკომპლექტებული დივიზიები გამოიყენა. მასშტაბური ოპერაცია ქერჩში 1942 წლის სექტემბერში დაიწყო და 1943 წლის 18 მაისს საბჭოთა ჯარების სრული განადგურებით დასრულდა.

    ქართული ფორმირებები ფედმარშალ ერიხ მანშტაინის დივიზიებმა ალყაში მძლავრი საარტილერიო და საავიაციო დარტყმების შემდეგ მოაქციეს. ქერჩის ბრძოლაში დაახლოებით 120 ათასი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

    წარმატებული ქართველი მოიერიშე

    მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ წარმატებულ მოიერიშედ 22 წლის ჩვენი თანამემამულე ზაქრო ხატალიშვილი არის აღიარებული.

    როგორც სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, ქართველმა მოიერიშემ, კაპიტანმა ხატალიშვილმა 106 საბრძოლო გაფრენისას 69 გერმანული ტანკი, 31 ჯავშანმანქანა და 29 თვითმფრინავი გაანადგურა, მათგან რამდენიმე თვითმფრინავი, მათ შორის "მესერშმიტიც" საჰაერო ბრძოლაში ჩამოაგდო, რაც საუკეთესო შედეგი იყო საბჭოთა მოიერიშე ავიაციის ისტორიაში.

    1944 წელს კაპიტან ზაქრო ხატალიშვილს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.

    ქართველი გენერალი, რომელმაც ლენინგრადის ბლოკადა გაარღვია

    რამდენიმე ცნობა ომის ქრონიკებიდან: 1941 წლის სექტემბერის ბოლოს 280-მა ფაშისტურმა თვითმფრინავმა ლენინგრადში 520 ფუგასური ბომბი ჩააგდო. ეს იყო ყველაზე მასშტაბური დაბომბვა დიდი ომის განმავლობაში. ჰიტლერი ჩქარობდა და სწრაფად უნდოდა, ლენინგრადი ზამთრამდე აეღო, შემდეგ კი - მოსკოვი, ამიტომაც უტევდნენ ლენინგრადს ყველაზე ძლიერი არმიები.

    900 დღე იბრძოლა ლენინგრადმა, მაგრამ ვერც სიცივემ და ვერც შიმშილმა ვერ გატეხა ლენიგრადელები და ქალაქის დამცველები. ლენინგრადელების სასურსათო ნორმა იმდენად მწირი იყო, რომ მუშებს დღეში 250 გრ პური ეკუთვნოდათ, დანარჩენებს - 125 გრ. ფრონტის ხაზზე ჯარისკაცებს კი - დღეში 500 გრ პური.

    1942 წლის დეკემბერში სტალინის ბრძანებით ლენინგრადის ფრონტის სარდლებს ბლოკადის გასარღვევად უნდა დაეწყოთ მზადება. 1942 წელს ქართველი გენერალ-მაიორი ვასილ მჟავანაძე 42-ე არმიის სამხედრო საბჭოს წევრად დანიშნეს, სწორედ ამ არმიამ გაარღვია პირველად ბლოკადის ნაწილი.

    მანამდე კი, ვასილ მჟავანაძის დავალებით, ლენინგრადის ერთ-ერთ ყველაზე დიდ, კიროვის ქარხანაში დაიბეჭდა მოწოდების ფურცლები, რომლებიც უნდა ჩამოეყარათ ფაშისტების პოზიციებზე.

    მართლაც, რამდენიმე ხანში გერმანულ პოზიციებზე უამრავი ნაბეჭდი ფურცელი ცვიოდა: "დაყარეთ იარაღი", "ლენინგრადი არც ერთ ფაშისტს არ შემოუშვებს ქალაქში" და სხვა. ეს იყო ფსიქოლოგიური დარტყმა მტერზე საბრძოლო შეტევამდე რამდენიმე ხნით ადრე. გერმანელები ისე გაცოფებულან, რომ ცეცხლი გაუხსნიათ პროკლამაციებისთვის.

     ლენინგრადის გენერლობა ვასილ მჟავანაძესთან ერთად კი ადგენდა გეგმას სამხედრო ნაწილების საბრძოლო მომზადებისათვის.

    დადგა 1943 წელი. 13 იანვარს საბჭოთა ავიაციამ მძლავრი დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის არტილერიასა და ჯარებს. უკვე 15 იანვარს, დილის 9 საათსა და 25 წუთზე ლენიგრადის ფრონტის საარტილერიო ნაწილებმა ძლიერი ცეცხლი გაუხსნეს მოწინააღმდეგის გამაგრებულ ნაწილებს.

    2 300 ნაღმტყორცნი და 1 000 რეაქტიული საარტილერიო იარაღი განუწყვეტლივ ესროდა მტრის 17-კილომეტრიან პოზიციას. ბრძოლა დილიდან საღამომდე მიმდინარეობდა, ცეცხლი არ წყდებოდა.

    დღის დასასრულისთვის 42-ე არმიამ, რომელსაც რუს გენერლებთან ერთად სათავეში ედგა ქართველი გენერალ-მაიორი ვასილ მჟავანაძე, მოწინააღმდეგის პოზიცია გაარღვია. ეს იყო პირველი გამარჯვება ფაშისტებზე ლენინგრადის ბლოკადის დაწყების დღიდან, მანამდე მხოლოდ თავდაცვითი ბრძოლები იყო, მეორე დღეს, 1943 წლის 16 იანვარს 42-ე არმიის ნაწილებმა მძიმე ბრძოლებით კიდევ 8 კილომეტრით წაიწიეს წინ.

    ამის შემდეგ დაიწყო საბრძოლო მოქმედებები ბლოკადის მთლიანი რკალის გასარღვევად. მტერი გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევდა.

    "გერმანელების მე-18 არმიის სარდალმა მთელი ცოცხალი ძალა გამოიყენა, რაც გააჩნდა, სამშენებლო ბატალიონების ჩათვლით, რათა მათი პოზიციები არ გაგვერღვია, მაგრამ საბჭოთა ჯარების შეჩერება ვერ შეძლო", - იხსენებდა წლების შემდეგ გენერალ-მაიორი ვასილ მჟავანაძე.

    ასე დაიწყო ლენინგრადის ბლოკადის გარღვევა. ლენინგრადის გმირობა ლეგენდად იქცა და მთლიანად შეცვალა მსოფლიო პოლიტიკის მესვეურთა დამოკიდებულება ომის მსვლელობისადმი. ამის შემდეგ დაიწყო სწორედ მოლაპარაკებები თეირანის კონფერენციაზე მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე.

    ორი ქართველი, ვინც თეირანის კონფერენციის მომზადებაში მონაწილეობდა

    თეირანის კონფერენციაში, რომელიც 1942 წლის 28 ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე მიმდინარეობდა, სამი დიდი ქვეყნის მეთაური - სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი მონაწილეობდნენ. სწორედ თეირანის კონფერენციაზე გადაწყდა საბოლოოდ მეორე მსოფლიო ომის ბედი და ხელი მოეწერა მეორე ფრონტის გახსნის დოკუმენტს.

    თეირანის კონფერენციის მომზადებაში კი დიდი წვლილი მიუძღვის 2 ქართველს. სტალინის ბრძანებით, თეირანის მაღალი დონის შეხვედრისთვის სამეურნეო საკითხების მომზადება დაევალა ალექსანდრე ეგნატაშვილს, რომელიც კრემლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

    მეორე ქართველი, რომელსაც თეირანის კონფერენციაზე სტალინის უსაფრთხო ჩაყვანა ევალებოდა, იყო გრიგოლ ქადაგიძე, პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსი. ომის პერიოდში იგი მოსკოვი-კურსკის სარკინიგზო სამმართველოს ხელმძღვანელობდა, 1943 წლიდან ომის დასრულებამდე - მოსკოვი-რიაზანის რკინიგზის მაგისტრალს, რომელიც ფრონტს ურალთან აკავშირებდა, ერთ-ერთ ყველაზე მძიმე მაგისტრალს ომის პერიოდში.

    სწორედ მან უზრუნველყო სტალინის უსაფრთხოდ მგზავრობა მატარებლით თეირანამდე, სადაც პირადად ახლდა.

    ქართველი სერჟანტი, ვინც გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე

    როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ბერლინის ბრძოლა მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელი, ყველაზე მძიმე ბრძოლა იყო, რომელიც 1945 წლის 20 იანვარს დაიწყო და იმავე წლის 2 მაისს დასრულდა. რაიხსტაგზე დროშის აღმართვის ისტორიაზე კი რამდენიმე ვერსია არსებობს.

    ერთ-ერთი ვერსიით, 1945 წლის 30 აპრილს რაიხსტაგის თავზე დროშა აღმართა 23 წლის მიხეილ მინინმა, თუმცა მეორე დღეს გერმანელებმა ეს დროშა ჩამოხსნეს.

    საბოლოო კონტროლი წითელმა არმიამ რაიხსტაგის მთელ შენობაზე 2 მაისს აიღო და დროშის ასაღმართად საგანგებოდ შეირჩა ორი საბჭოთა არმიელი - ქართველი მელიტონ ქანთარია და რუსი მიხეილ ეგოროვი, ისტორიული კადრის გადაღება კი დაევალა ფოტოგრაფ ევგენი ხალდეის.

    სხვა ვერსიით კი, 1945 წლის 23 აპრილს, როდესაც წითელი არმია ბერლინის ქუჩებში იბრძოდა, სტალინმა თავის კაბინეტში შეკრიბა პოლიტბიუროს წევრები და განუცხადა, უახლოეს დღეებში დამარცხებული გერმანიის რაიხსტაგის შენობაზე წითელი დროშა უნდა ფრიალებდესო.

    ეს საქმე ლავრენტი ბერიას დაავალა. ბერიამ კანცელარიაში დაიბარა ცნობილი კინოდოკუმენტალისტი რომენ კარმენი თავის გადამღებ ჯგუფთან ერთად და გაზეთ "პრავდის" ჟურნალისტები.

    თავად ბერია კი 26 აპრილს სპეციალური თვითმფრინავით ბერლინში გაფრინდა. მას თან ახლდა თავისი მოადგილე და მისთვის უთქვამს, რომ რაიხსტაგზე დროშა ქართველმა და რუსმა უნდა აიტანონო.

    ასე მოხვდა 1945 წლის 2 მაისს გადაღებული ცნობილი ფოტო მსოფლიოს პრესის პირველ გვერდებზე. როგორც ამბობენ, ბერია მოსკოვში რომ დაბრუნებულა, სტალინს მისთვის უჩვენებია გაზეთი "პრავდა" და უკითხავს, მედროშე ნამდვილად ქართველია თუ "პრავდელებს" შეეშალათო. მედროშე მართლაც ქართველი მელიტონ ქანთარიააო, უთქვამს ბერიას.

    მეორე დღესვე ბერლინიდან მოსკოვში ჩაიყვანეს მელიტონ ქანთარია და მიხეილ ეგოროვი. სტალინს პირადად დაუბნევია მკერდზე საბჭოთა კავშირის გმირის ვარსკვლავი ეგოროვისთვის, ბერიას კი - მელიტონ ქანთარიასთვის.

    ფრაზა: "ქართველმა მოიერიშემ, კაპიტანმა ხატალიშვილმა 106 საბრძოლო გაფრენისას 69 გერმანული ტანკი, 31 ჯავშანმანქანა და 29 თვითმფრინავი გაანადგურა"

    ფრაზა: "ქართული ფორმირებები ფედმარშალ ერიხ მანშტაინის დივიზიებმა ალყაში მძლავრი საარტილერიო და საავიაციო დარტყმების შემდეგ მოაქციეს - ქერჩის ბრძოლაში დაახლოებით 120 ათასი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა"

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    giorgi   (18.05.2017)
    qalbatono ia, tqvens statiashgi ori uxeshi meqanikuri shecdomaa da gtxovt gaascorot: 1) qerchshi mashtaburi operacia 1941 clis dekembershi daicyo da 1942 clis 16 maiss dasrulda. 2) teiranis konferencia ki 1943 clis 28 noember 1 dekembers mimdinareobda.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter