სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    19.05.2017

     საქართველოს დაკარგული სახელმწიფოებრიობის აღდგენის პროცესი ერთბაშად რომ არ დაწყებულა და მას წინ უსწრებდა ქართველთა თავდადებული ბრძოლა, რომელმაც ბოლომდე მიიყვანა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, ამის შეხსენება ჩვენს მკითხველს არ სჭირდება, მაგრამ დღევანდელ სტატიაში რამდენიმე საინტერესო ისტორიულ ფაქტს მაინც გავიხსენებთ, რომლებიც წინ უსწრებდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას.

    1916 წლის 26-29 ივლისს "ერთა კავშირის" მესამე კონგრესზე, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გაიმართა, ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე მიხეილ წერეთელი საქართველოს საკითხზე მოხსენებით გამოვიდა.

    როგორც უცხოური პრესა წერდა, "მიხეილ წერეთლის გამოსვლა იმდენად დასაბუთებული იყო ძლიერად და თვით რუსული წყაროების მიხედვით, რომ მან არამცთუ კონგრესზე დასტოვა უდიდესი შთაბეჭდილება, არამედ თვით რუს დამსწრეთ ენა ჩაუგდო".

    "ქრისტიან და მუსლიმან ქართველთა სახელით მაქვს პატივი, ვილაპარაკო ამ პატივცემული კრების წინაშე - იმ ერის სახელით, რომელსაც არ ჰქონია ხოლმე შემთხვევა, ხშირად ელაპარაკა ევროპის წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მას მეტი მიზეზი და უფლებაც ჰქონდეს განათლებული კაცობრიობის წინაშე ჩივილისა, ვიდრე ბევრ სხვა ჩაგრულ ერს.

    "ერთ საუკუნეზე მეტია, რაც საქართველო მსხვერპლია უსამართლობისა. ჩვენ ძლიერ ბევრი ტანჯვა გამოვიარეთ. ახლა, როდესაც ჩვენ თვალწინ ხდება მთელს ქვეყანაში დიდი პოლიტიკური ცვლილება, გვინდა, ვამცნოთ მთელს კაცობრიობას ვერაგობა და ღალატი, რომლითაც რუსეთის მთავრობამ ქართველი ერი მონობის უღელში შეაბა. ჩვენ არასა ვთხოვთ განათლებულ კაცობრიობას გარდა იმისა, რომ დაგვიბრუნდეს ჩვენი კანონიერი უფლებანი", - ამ სიტყვებით მიმართა მიხაკო წერეთელმა ევროპას 1916 წელს.

    მოვლენები, რომლებიც წინ უსწრებდა დამოუკიდებლობის გამოცხადებას

    როგორც ისტორიკოსები ამბობენ, 1917 წელს რუსეთში თებერვლის რევოლუციამ ბიძგი მისცა საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლას, ტახტიდან ჩამოაგდეს რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი ნიკოლოზ მეორე.

    მონარქიის დამხობის შემდეგ მეფისნაცვალმა თავისთან მიიწვია თბილისის ქალაქის თავი ალექსანდრე ხატისოვი, ასევე პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენლები და განუცხადა, რომ იგი ტოვებდა თბილისს და ამიერიდან მათ უნდა ეზრუნათ დედაქალაქში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე, ასევე ქვეყნის უსაფრთხოებაზე.

    როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილებამ დააბნია ქართული პოლიტიკური ელიტა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის დროებითმა მთავრობამ კავკასიაში დანიშნა ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომისარიატი, რეალურად ქვეყანაში ორხელისუფლებიანობა დამყარდა.

    კომისარიატის პარალელურად შეიქმნა მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატთა საბჭოები, რომლის თავმჯდომარე გახდა ნოე ჟორდანია, რომელიც იმ დროს რეალურ ხელისუფლებას წარმოადგენდა.

    1917 წლის აპრილში ჩატარდა პირველი და მეორე ინტერნაციონალური კრებები, რომელშიც მონაწილეობდნენ ქვეყნის პოლიტიკური ძალები, სოციალ-დემოკრატები, ეროვნულ- დემოკრატიული პარტია, სოციალ-ფედერალისტები და სხვა. მათ მიერ შეიქმნა სამოქმედო გეგმა.

    ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, 1917 წლის ნოემბერში შედგა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა, რომელმაც აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო, რომლის თავმჯდომარე გახდა ნოე ჟორდანია.

    ამ დღეების ქრონიკებიდან ყველა დეტალის გახსენებით მკითხველს თავს არ შევაწყენთ, მხოლოდ რამდენიმე ამბავს გავიხსენებთ.

    რა ხდებოდა თბილისში 1918 წლის 26 მაისს

    1918 წლის 26 მაისს თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში გაიმართა ამიერკავკასიის სეიმის ბოლო სხდომა.

    დღის სამ საათზე ამიერკავკასიის დამოუკიდებელი ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოცხადდა. იმავე დღეს იმავე დარბაზში 4 საათსა და 50 წუთზე საბჭოს სხდომა გახსნა, მას 42 წევრი და 36 კანდიდატი ესწრებოდა.

    "დღეს თქვენ აქ მოწმე ხართ ერთი ისტორიული აქტისა, ამ დარბაზში მოკვდა ერთი სახელმწიფო და, აი, ახლა ამავე დარბაზში ეყრება საფუძველი მეორე სახელმწიფოს" - ამ სიტყვებით გახსნა სხდომა ნოე ჟორდანიამ. სიტყვის დასრულების შემდეგ კი წაიკითხა "საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი", რომელიც ეროვნული საბჭოს წევრებმა ერთხმად მიიღეს.

    "დამოუკიდებლობის აქტში" ეწერა: "ამიერიდან ქართველი ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა".

    საქართველოს პოლიტიკური ფორმა იყო დემოკრატიული რესპუბლიკა. საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივად იქნებოდა ნეიტრალური სახელმწიფო და კეთილმეზობლური ურთიერთობა ექნებოდა საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან, განსაკუთრებით მოსაზღვრე სახელმწიფოებთან.

    საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფდა ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, განურჩევლად ეროვნების, სარწმუნოების, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.

    საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანო იყო პარლამენტი (დამფუძნებელი კრება), ხოლო აღმასრულებელი ორგანო - მინისტრთა საბჭო (მთავრობა), რომელიც ანგარიშვალდებული იყო პარლამენტის წინაშე.

    საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ირაკლი წერეთელმა სასახლის წინ მოზეიმე ხალხს ამ სიტყვებით მიმართა:

    "დღეს ისტორიული დღეა, დღეს იშვა ახალი სახელმწიფო. დამოუკიდებლობის გამოცხადება ძნელი არ იყო, ძნელია მისი დაცვა. აქეთკენ უნდა იყოს ყველა ქართველის გულისყური მიქცეული. ეს არის დროშა, რომლის ქვეშ ჩვენ ვიბრძოლებთ!"

    ეს არის ოფიციალური ცნობები, თუმცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის გამოცხადება ჯერ კიდევ 1917 წლის თებერვალში დავით ვაჩნაძის სახლში საიდუმლო შეკრებაზე გადაწყვეტილა, რომელსაც ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია, ევგენი გეგეჭკორი, მიხაკო წერეთელი, დავით ვაჩნაძე, იოსებ ელიგულაშვილი და სხვები.

    სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, როგორც კი ამის შესაფერისი დრო დადგებოდა.

    დამოუკიდებლობის წლები

    დამოუკიდებლობის ხანმოკლეობის მიუხედავად, საქართველომ მრავალ წარმატებას მიაღწია პოლიტიკურ, სამხედრო, სამართლებრივ და საგარეო საკითხებში.

    დამოუკიდებლობის ერთი წლის თავზე საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამადასტურებელი ყველა ატრიბუტი ჰქონდა: სახელმწიფო დროშა, ღერბი და ჰიმნი. ჰყავდა შეიარაღებული ძალები.

    მისი დამოუკიდებლობა არა მარტო "დე ფაქტოდ", არამედ "დე იურედაც" იქნა აღიარებული მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს მიერ. ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც საქართველო აღიარა, იყო თურქეთი, 1918 წელს. შემდეგ - გერმანიამ, ავსტრიამ. 1919 წელს - არგენტინამ, 1920 წელს - იტალიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ, რუსეთმა და სხვებმა.

    როგორც ქართული დიპლომატიის მკვლევარი სიმონ კილაძე აცხადებს, არგენტინის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის არგენტინის მაშინდელ პრეზიდენტ იპოლიტო ირიგოენს.

    "იპოლიტო ირიგოენმა გამოსცა სპეციალური დეკრეტი, რომელიც ორი პარაგრაფისგან შედგებოდა - პირველ პარაგრაფში ეწერა: "აღიარებულ იქნეს საქართველოს დამოუკიდებლობა და ამის პუბლიკაცია მოხდეს სპეციალურ ბიულეტენში". დეკრეტს ხელს აწერდნენ თავად პრეზიდენტი ირიგოენი და საგარეო საქმეთა მინისტრი ონორი პუერიდინი.

    არგენტინის მიერ საქართველოს აღიარების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ბუენოს-აირესის გაზეთებში "ლა რესპულიკა" და "ლა ეპოქა." ამ ცნობამ თბილისში 2 თვის შემდეგ ჩამოაღწია. 1919 წლის 29 იანვარს ნოე ჟორდანიამ პირადად მისწერა არგენტინის პრეზიდენტს მადლობის წერილი, სადაც იმედს გამოთქვამდა, რომ ორ ქვეყანას შორის კავშირი გაღრმავდებოდა.

    არგენტინის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ ცნობა გამოქვეყნდა 1919 წლის ნოემბერში იტალიურ გაზეთ "მესაჯეროში".

    ფოტო: "დამოუკიდებლობის გამოცხადება ძნელი არ იყო, ძნელია მისი დაცვა."

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter