სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    19.05.2017

     საქართველოს საელჩომ საბერძნეთში არალეგალურად მყოფი მოქალაქეებისთვის ლეგალურად ცხოვრების უფლების მინიჭების საკითხზე მუშაობა დაიწყო და როგორც საბერძნეთში საქართველოს ელჩი იოსებ ნანობაშვილი აცხადებს, ეს თემა პირველად გაჩნდა საქართველო-საბერძნეთის ურთიერთობაში.

    თუმცა ამ განცხადების არ სჯერა საბერძნეთის ეკომისტთა კავშირის წევრ ელგუჯა მინაძეს, რომელიც "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ელჩის განცხადება დემაგოგიაა და თავის გამოჩენის მიზანს ემსახურება.

    მისივე თქმით, საბერძნეთი ასეთ მნიშვნელოვან თემებზე საუბარს კი არა, ელემენტარულ საკითხებსაც კი ვერ წყვეტს თავად.

    როგორც საბერძნეთში საქართველოს ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ამ პროცესის ფარგლებში საელჩო საბერძნეთში ლიცენზირებულ ქართველ იურისტებთანაც თანამშრომლობს.

    მისივე თქმით, ქართველ იურისტებთან პირველი შეხვედრა ორი დღის წინ შედგა. ამასთან, საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის სამინისტრომ გამოყო პასუხისმგებელი პირი, რომელიც საელჩოსთან ამ საკითხზე მუშაობს.

    "ეს მგრძნობიარე საკითხი ოფიციალურ დონეზე ბერძნულ მხარესთან პირველად იხილება. საქართველოსა და საბერძნეთს შორის ამ ეტაპზე შეიქმნა ისეთი ინტენსიური, თბილი და კონსტრუქციული ურთიერთობა, რომ უკვე ჩვენ ამ საკითხსაც შევეხეთ.

    "ორივე მხრიდან არის სურვილი, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ხელი შეეწყოს ჩვენი მოქალაქეების საბერძნეთში ყოფნის ლეგალიზაციის პროცესს.

    "ბუნებრივია, მოკლე ვადაში და ერთბაშად ის მოქალაქეები, ვინც ამჟამად უკანონოდ იმყოფებიან საბერძნეთის ტერიტორიაზე, კანონიერ უფლებას ვერ მიიღებენ, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, გაფართოვდეს ის კატეგორიები, ვისთვისაც შეიძლება ლეგალიზაციის პროცესი გამარტივდეს და ახალი ინიციატივებით ხელი შეეწყოს ამ პროცესს.

    "პირველად ვსაუბრობთ ამაზე ბერძნებთან, ორივე მხრიდან არის მზადყოფნა. კომუნიკაციის ეს არხი ინსტიტუციონალიზებულია, იმიტომ, რომ საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის სამინისტრომ გამოყო პასუხისმგებელი პირი, რომელიც საელჩოსთან ამ საკითხზე მუშაობს", - განაცხადა ელჩმა.

    მისივე თქმით, ამ პროცესში განსაკუთრებული როლი აკისრიათ საბერძნეთში მომუშავე ლიცენზირებულ ქართველ იურისტებს. ელჩის ინფორმაციით, ორი დღის წინ საელჩოში პირველი შეხვედრა შედგა, სადაც შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც შეხვედრები გაგრძელდება.

    "პირველად გვაქვს გეგმური, გააზრებული მიდგომა ამ საკითხის მიმართ. რატომ ხდება ეს ახლა და არა ადრე - აქ ორი ფაქტორი იყო, ერთი - ჩვენ ვაგვარებდით მიმდინარე საკითხებს, რომელიც ჩვენი ემიგრანტების ყოფას უკავშირდებოდა, მეორე - უნდა შექმნილიყო განსაკუთრებულად თბილი ფონი ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში, რომ ამ მგრძნობიარე საკითხსაც შევხებოდით.

    "მე არ მიმაჩნია, რომ ამ საკითხის მიმართ დიდი აჟიოტაჟია საჭირო. ამას უნდა ჩუმი, მეთოდური მუშაობა. ორივე მხარე არის განწყობილი, რომ პროგრესი იქნეს მიღწეული და მე დარწმუნებული ვარ, გარკვეული პროგრესი იქნება.

    "განსაკუთრებული როლი მიენიჭება მასმედიას, იმიტომ, რომ არ გაჩნდეს ყალბი მოლოდინი ვადასთან და მასშტაბებთან დაკავშირებით", - აღნიშნა საბერძნეთში საქართველოს ელჩმა.

    აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით "რეზონანსი" საბერძნეთის ეკომისტთა კავშირის წევრ ელგუჯა მინაძეს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ საბერძნეთი დამოუკიდებლად ელემენტარულ გადაწყვეტილებასაც ვერ იღებს. შესაბამისად, არც საბერძნეთში საქართველოს ელჩის განცხადებისა სჯერა.

    "დემაგოგიაა და თავის გამოჩენის მიზნითაა... საბერძნეთი ასეთ მნიშვნელოვან თემას კი არა, ელემანტარულ საკითხსაც კი ვერ წყვეტს თვითონ.

    "საბერძნეთი ყველა საკითხს გემანიასთან ათანხმებს და გერმანიის ხელქვეითია. ასე რომ, ყველა საკითხზე გერმანიას ესაუბრეთ, საბერძნეთის ხელისუფლება არაფერ შუაშია.

    "არც ერთი ხელისუფლება არ ფიქრობს და არ მოქმედებს სიღრმისეულად. უბრალოდ, ზედაპირულად მოქმედებენ, გაუთვითცნობიერებელი ხალხისთვის. იმიტომ, რომ ისინიც იმართებოდნენ და იმართებიან", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას საბერძნეთის ეკომისტთა კავშირის წევრი ელგუჯა მინაძე.

    ცნობისთვის, გასულ თვეში საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ლეგალიზაციის ხელშეწყობის საკითხის განსახილველად საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში იოსებ ნანობაშვილი საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის მინისტრ იოანის მუზალასს შეხვდა.

    შედგა შეთანხმება, რომ ბერძნული მხარე შესაბამის ტექნიკურ დახმარებას გაგვიწევს მიგრაციის შესახებ საბერძნეთის 2014 წლის კანონისა და მასში შესული შესაბამისი შესწორებების ინტერპრეტაციის, ასევე, მათი პრაქტიკული რეალიზაციის საკითხში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter