სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "თბილისი ურბანულად ხომ გახდა თავკომბალა და ეკონომიკური კუთხითაც ზუსტად ასეა"
    თამუნა მუკბანიანი
    08.08.2017

     ქართული სოფლები წლიდან წლამდე იცლება. მიზეზი სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირე და უპერსპექტივობაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მთის კანონი ამოქმედდა, სოფლის განვითარების პროგრამაც შემუშავდა და სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც მთავრობა სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს, ბოლო 1 წელიწადში სოფლის მოსახლეობა მაინც 3 ათასი ადამიანით შემცირდა.

    საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, დასტურდება, რომ შიდა მიგრაცია ისევ მზარდია. 2016 წლის პირველი იანვრისთვის სოფლის მოსახლეობის რიცხვი 1.592 მლნ-ს შეადგენდა, 2017 წლის პირველი იანვრისთვის კი - 1.589 მლნ-ია. ეს იმ ფონზე, როცა სახელმწიფო სოფლად მოსახლეობის დამაგრების პროგრამებში დიდ საბიუჯეტო რესურსს ხარჯავს. კანონი მაღალმთიანი რეგიონების შესახებ და სოფლის განვითარების პროგრამა ინტენსიურ ფაზაშია, თუმცა, როგორც ჩანს, მოსახლეობის მიგრაციის შესაჩერებლად ეს საკმარისი არ არის.

    სპეციალისტები ქალაქებისაკენ მიგრაციის ძირითად მიზეზად რეგიონებში ეკონომიურ სიდუხჭირეს, წარმოების განუვითარებლობას და რიგ შემთხვევებში არასათანადო და მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას ასახელებენ. ამ ფაქტორების გამო ადამიანებს უჭირთ მშობლიურ რაიონებში ცხოვრების გაგრძელება და ცდილობენ, ეკონომიკურად შედარებით აქტიურ ქალაქებში გადასახლდნენ.

    3000 ადამიანით შემცირებული მოსახლეობა განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როცა ეს მხოლოდ ოფიციალური სტატისტიკაა და დედაქალაქში და სხვა დიდ ქალაქებში მცხოვრებთა ნაწილი რეგიონშია რეგისტრირებული.

    აკადემიკოსი ავთო სილაგაძე სოლიდან მიგრაციის შეჩერების გზას ხელისუფლების მხრიდან სწორად გადანაწილებულ ფინანსურ და სხვა სახის რესურსში ხედავს, რათა ერთნაირად განვითარდეს ცენტრი და პერიფერიები.

    "წლების განმავლობაში ასე გრძელდება და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის რიცხვი სულ უფრო იკლებს. ამას ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს, მაგრამ გარდა ამისა, თბილისში სინამდვილეში ბევრად მეტი ადამიანია ჩამოსახლებული, ვიდრე ეს ოფიციალურ მონაცემში ჩანს.

    მიგრაციის მიზეზი ძნელი გამოსაცნობი არ არის. ადამიანები, სადაც ოდნავ მაინც შეუძლიათ, შეიქმნან უკეთესი პირობები, საცხოვრებლად იქ გადადიან. როდესაც სოფლის მეურნეობაში არ იქმნება დოვლათი, რომელიც დააკმაყოფილებს ადამიანების მოთხოვნილებას, თავისთავად ცხადია, ისინი ქალაქში გადაინაცვლებენ. ამას ემატება უცხოეთში ემიგრაციის სავალალო მაჩვენებელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

    მთლიანობაში, თუკი ჩვენ დავაკვირდებით წარმოების მასშტაბებს, რაც ქვეყანაშია, აღმოვაჩენთ, რომ ძირითადად თბილისში იწარმოება და იქმნება პროდუქცია. ეს ნიშნავს, რომ სამუშაო ძალის დიდი ნაწილი დედაქალაქშია თავმოყრილი.

     ხელისუფლებამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მაქსიმალურად უნდა გაანაწილოს რესურსები ცენტრსა და რეგიონებს შორის. მე მხედველობაში მაქვს ინვესტიციები, გრანტები და საბიუჯეტო სახსრები, რომლებიც არა სოციალური ტიპის პროექტებში, არამედ რეალური სექტორის გასაძლიერებლად უნდა იხარჯებოდეს. გარდა იმისა, რომ თბილისი ურბანულად გახდა თავკომბალა, ეკონომიკური კუთხითაც ზუსტად ასეა", - განუცხადა ავთო სილაგაძემ "ბიზნეს-რეზონანსს".

    პროფესორი, ეკონომიკის სფეროს სპეციალისტი პაატა აროშიძე მიიჩნევს, რომ არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ მენტალური პრობლემაცაა ქალაქებისაკენ მუდმივი მიზიდულობა. ხშირ შემთხვევაში ქალაქში ბევრად უარესი საცხოვრებელი და საარსებო გარემოა, მაგრამ ადამიანები მაინც იქითკენ მიილტვიან.

    "პირველ რიგში, მიგრაციას განაპირობებს ის სოციალური გარემო, რომელიც სოფელშია შექმნილი. ყველაზე დიდი წილი მოდის ახალგაზრდებზე, რომლებიც მომავალი განვითარების ვერავითარ გზას ვერ ხედავენ სოფელში და ურჩევნიათ, წავიდნენ ქალაქში, ხშირ შემთხვევაში დაბალანაზღაურებად სამუშაოზე. შეიძლება სულაც უმუშევრად დარჩნენ, მაგრამ იმ განწყობით, რომ ისინი ქალაქის მკვიდრნი არიან და სოფელს არიან მოშორებული, მაინც ასე ცხოვრებას ამჯობინებენ. რა თქმა უნდა, ეს არასწორი მსჯელობაა.

    90-იანი წლებიდან დაწყებული, ეს პრობლემა დგას საქართველოს წინაშე. მიუხედავად სხვადასხვა პროგრამისა და ხელისუფლების მცდელობისა, ძნელი იქნება მიგრაციის ასეთ ტალღასთან გამკლავება, რომელიც, ეკონომიკურთან ერთად, დიდწილად მენტალურიცაა. ადამიანი უნდა მივიდეს იმ შეგნებამდე, რომ სოფელში ცხოვრება და, მინიმუმ, იქ საკუთარი ხელით მოპოვებული საკვები, უფრო მნიშვნელოვანი და სასურველია, ვიდრე ქალაქში ნაქირავებ ოთახში გამოკეტვა", - აცხადებს აროშიძე.

    მისი თქმით, ოფიციალური სტატისტიკა არ ასახავს სრულად რეალობას და სინამდვილეში რეგიონებში ბევრად ცოტა ადამიანი ცხოვრობს.

    "3-ათასიანი შემცირება ნამდვილად არ არის რეალური ციფრი. ეს მხოლოდ ოფიციალური სტატისტიკაა. ფაქტი ისაა, რომ მოსახლეობის თითქმის 70% ან უცხოეთშია არალეგალად ან თბილისში თუ სხვა დიდ ქალაქებშია გახიზნული.

    საბოლოო ჯამში, ეს იწვევს ისეთ პრობლემას, როგორიცაა სოფლის მეურნეობის კუთხით წარმოების ჩამორჩენა. ოფიციალური სტატისტიკით, სოფლად მოსახლეობის 51% ცხოვრობს და ამ დროს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე მთლიანი შიგა პროდუქტის ნახევარიც კი არ მოდის. ეს კატასტროფული შედეგია.

    მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს ჩარევა და პროგრამები ვერაფერს იზამს. სოციოლოგებიდან დაწყებული, დაწყებითი კლასების მასწავლებლებით დამთავრებული, ყველა ამ პრობლემის გადაჭრაზე უნდა ზრუნავდეს. სახელმწიფოც უნდა ეცადოს, ისე გადაანაწილოს რესურსები, რომ სოფლად ცხოვრება მიმზიდველი გახდეს ყველასათვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" პაატა აროშიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
    ჩაწერა სახელი
    თამაზ ბაქრაძე   (10.08.2017)
    სოფლის სკოლებში აუცილებლად უნდა შემოვიღოთ აგრონომიული დისციპლინების სწავლება, მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ განსაზღვრონ, თუ რა მოცულობის პროდუქციის, მათ შორის თანხაში, მიღებას შეძლებენ ყოველ ჰექტარზე. ეს ხელს შეუწყობდა ახალგაზრდების დარჩენას სოფელში და მათ დასაქმებას სასოფლო–სამეურნეო საქმიანობაში. რა თქმა უნდა, საჭიროა სასოფლო ინფრასტრუქტურის სასწრაფო განვითარება! აბა ჯეჯელავა, დავითაშვილო და ალავიძე ჯერი თქვენზეა!

    12   (09.08.2017)
    არიქა "სოფლები იცლებაო" ასეთი აზრი აფერხებს ქვეყნის განვითარებას.

    12   (09.08.2017)
    ძალიანაც კარგი, რაც უნფრო განვითარდება რეგიონებში პატარა ქალაქები მით მოგბეული დავრჩებით. სისულელეა რამდენიმე ათეულკომლიანი სოფლების არსებობა. დასახლებულ პუნქტში 1000 ოჯახზე ნაკლები არ უნდა იყოს. ეკონომიკური თვალსაზრისით ბევრად ეფექტური იქნება მათი არსებობა.

    12   (09.08.2017)
    ძალიანაც კარგი, რაც უნფრო განვითარდება რეგიონებში პატარა ქალაქები მით მოგბეული დავრჩებით. სისულელეა რამდენიმე ათეულკომლიანი სოფლების არსებობა. დასახლებულ პუნქტში 1000 ოჯახზე ნაკლები არ უნდა იყოს. ეკონომიკური თვალსაზრისით ბევრად ეფექტური იქნება მათი არსებობა.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter