სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    09.08.2017

     "დაიბადა გორში, სტალინის სახლ-მუზეუმიდან ორი ფეხის ნაბიჯზე. გაიზარდა ვერაზე, სწავლობდა ვერის ყველაზე ცნობილ მე-18 სკოლაში. დაამთავარა ორი უმაღლესი - "გეპეი" და უნივერსიტეტი. კარიერა დაიწყო გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტში", სადაც სტრიქონში მანეთს უხდიდნენ. ფილარმონიაში გამოსვლა არ უყვარდა, "ცოტას იხდიანო". "კომუნისტური პარტია" 8 დღეში დაშალა. თავის ამბებს იუმორით ყველაზე უკეთ თვითონ ყვებოდა" - ასე იხსენებენ ძველი ვერელები ლეგენდარულ კონფერანსიეს, პაროდისტს, მწერალსა და ესტრადის მსახიობ ქართლოს კასრაძეს, რომლის გამოსვლას სცენაზე დიდი სიხარულით ელოდა სამოციანი წლების თბილისელი მაყურებელი.

    მეცხრე კლასში იყო, როდესაც პირველად აღმოაჩინა, რეჟისორული ნიჭი რომ ჰქონდა. პირველი სპექტაკლიც ვერაზე დადგა. ეს ამბავი კი ასე ყოფილა: "ერთი გოგო შემიყვარდა, ჩემი სკოლელი იყო. გავიქეცი "კრივანოსასთან", ჩემი ძმაკაცი იყო, მთელი უბნის პირველი ყოჩი. ვუთხარი, გოგოს თავი უნდა მოვაწონო მეთქი. სცენარით, როცა ამ გოგოსთან ერთად ბელინსკის ქუჩას ამოვუყვებოდი, "კრივანოსა" ზემოდან უნდა წამოსულიყო. ჩავლისას ჩემთვის მხარი უნდა გაეკრა, მერე მე ცემით უნდა გამეხეთქა. დადგა ნანატრი დღე, მოვდივარ ჩემს სატრფოსთან ერთად ბელინსკის ქუჩის ქვემოდან, ზემოდან მოდის "კრივანოსა", მაგრა გამიხარდა. მოვემზადე და სპექტაკლიც დაიწყო. თვალი რომ გავახილე, მე და "კრივანოსას" როლები გაცვლილი გვქონდა. ის გოგო "კრივანოსას" ბიძაშვილი აღმოჩნდა" - ასე იხსენებდა ქართლოს კასრაძე თავის დებიუტს ვერის უბნის სცენაზე.

    მსგავსი ამბავი შეემთხვა უნივერსიტეტში სწავლის დროს, როცა რექტორი ნიკო კეცხოველი იყო. მაშინაც თავისი კურსელი გოგონა მოსწონდა. უნივერსიტეტის ეზოში მოწყობილი იყო კრივის რინგი, რომელზეც ქართლოს კასრაძე უნდა ეჩხუბოს უნივერსიტეტის ჩემპიონს, ამას ყველაფერს კი ფანჯრიდან დაინახავდა ქართლოსის შეყვარებული. მოკლედ, ყველაფერი მზად არის, მოწინააღმდეგემ თავი უნდა გაალახინოს ქართლოსს, რომელსაც ერთი თვის სტიპენდია წინასწარ გადაუხადა. ამ დროს გამოჩნდა ნიკო კეცხოველი თავისი ფოტოაპარატით და მოკრივე შეცვალა, რომელიც კრივში საკავშირო პირველობის პრიზიორი იყო. დაიწყო ორთაბრძოლა და ქართლოსმა თვალი რომ გაახილა, მხოლოდ ის დაინახა, რომ თავპირი გასისხლიანებული ჰქონდა, ნიკო კეცხოველი კი ფოტოაპარატით სურათებს უღებდა. ეტყობა, შემდეგ შეეცოდა, ასეთ მდგომარეობაში რომ ნახა და უთქვამს - ობიექტივზე ხუფის მოხდა დამვიწყებია და ვერც ერთი სურათი ვერ გადავიღეო.

    "ნიკო კეცხოველს რატომღაც თვალში არ მოვდიოდი. მეხუთე კურსზე გადასასვლელი გამოცდა ვერ ჩავაბარე. მამაჩემი წავიყვანე, ვიფიქრე, მწერალი კაცია, პატივს სცემენ მეთქი. კეცხოველის მისაღებში ვართ, უთხრეს, კასრაძე მოვიდაო.

    - შემოვიდეს - უთხრა მდივანს. ჯერ მამაჩემი შევუშვი.

    - სად ბრძანდება თქვენი ვაჟი? - იკითხა ნიკომ. მეც მაშინვე მამაჩემის გვერდით გავჩნდი.

    - ბატონო ნიკო, ოღონდ მესამე კურსზე გადაიყვანეთ და პირობას გაძლევთ, ფრიადებზე ისწავლის - ეუბნება მამაჩემი.

    - არა, ცეკადანაც რომ დამირეკონ და ამ კაცმაც რომ მთხოვოს, ხელი გაიშვირა თავთან დაკიდებული ვაჟა -ფშაველას სურათისკენ, მაგას მაინც ვერ გადავიყვან.

    ამ პაექრობაში არიან ნიკო და მამაჩემი, მამაჩემი მესამე კურსზე გადაყვანას ეხვეწება, ნიკო უარზეა, მე გაოგნებული მამაჩემს მკლავში ვწვდი და ვეუბნები, რა მესამე კურსზე, მეხუთე კურსზე მინდა გადასვლა მეთქი".

    ნიაზ დიასამიძე და ქართლოსი ლექციას ესწრებიან უნივერსიტეტში. ერთმა სტუდენტმა დააცემინა, ნიაზი გადასწვდა და მხრებზე დაარტყა ხელი - ქართლოსის უნივერსიტეტის დამთავრებამდე არაფერი გეტკინოსო" - ასე იხსენებდა ქართლოს კასრაძე უნივერსიტეტის წლებს.

    ქართლოს კასრაძე: "კომუნისტების დროს გმირთა მოედანზე თერთმეტსართულიანი სახლის მეორე სართულზე "ახალგაზრდა კომუნისტის" რედაქცია იყო. კუჭატნელის ფსევდონიმით ვწერდი, ძირითადად სპორტულ თემებზე. პანკისიდან მამხილებელი წერილი მივიღეთ, ვინმე მწყემსი არსენ ჯოჯიშვილი ქართველ და ქისტ ბავშვებს ფეხბურთის თამაშს უშლიდა და ერთხელ ხანჯლითაც გამოჰკიდებია. მე ფელეტონი დავწერე და საშინლად გავაკრიტიკე ჯოჯიშვილი. მოკლედ, ჯოჯიშვილი რედაქციაში მოვიდა, თან ხანჯალი ჰქონდა, - რომელია ქართლოს კუჭატნელი, კუჭი უნდა ამოვაცალოო. გიზო ნიშნიანიძემ გამაპარა, ფანჯრიდან გადავძვერი და თოკებით დაბლა ჩამიშვეს. ჯოჯიშვილი მთელი დღე მიცდიდა, მაგრამ რაღას დავბრუნდებოდი".

    "ნიანგის" რედაქციაში ვმუშაობ, ჩემი რუბრიკა მაქვს, რედაქტორი ნოდარ დუმბაძეა. ლექსი მივიტანე, წაიკითხა და მითხრა, ისე მოგცემ ჰონორარს, ოღონდ აგი ლექსი არ ვარგა და ვერ დაგიბეჭდავო. არადა, ცუდი ლექსი ნამდვილად არ იყო. რომ არ მოვეშვი, ნოდარიმ მითხრა, წადი, ცნობა მომიტანე, რომ ნორმალური ხარო. წავედი ფსიქიატრიულში, ავიღე ბლანკი, შევავსე "ქართლოს დავითის ძე კასრაძე გიჟი არ არის", მერე შევედი ავლიპ ზურაბიშვილთან. - ოო... ჩანტლაძეს გაუმარჯოსო, მომესალმა, მეც არ ვიუარე.

    ხელი მოვაწერინე და გამოვიქეცი რედაქციაში. ნოდარი პარტიულ კრებას ატარებს, მაგიდაზე დავუდე ცნობა, დიდხანს უყურა, მერე ერთი კარგად გადაიხარხარა და მითხრა - წადი, ახლა ის ცნობა მომიტანე, ვინც ეს ცნობა მოგცა, ის თუ არის ნორმალურიო".

    "ორერასთან" ერთად უამრავი კონცერტი მაქვს ჩატარებული, მთელი საბჭოთა კავშირი და ევროპა მოვლილი. ფინეთში კონცერტი ფინურად მიმყავდა, დანიაში - დანიურად, საფრანგეთში - ფრანგულად, ინგლისში - ინგლისურად. დილით ტექსტს რომ მომცემდნენ, საღამოს მზად მქონდა. ერთხელ ბრატისლავაში კონცერტი მიმყავს, კონცერტის შემდეგ სცენაზე სლოვაკები ამოვიდნენ, მეხვევიან, მკოცნიან, თან მეკითხებიან, რა ენაზე ლაპარაკობდიო. თურმე შემშლია, მეორე დღეს წასაკითხი ტექსტი წამიკითხავს".

    "რუსეთში მივემგზავრებით გასტროლებზე, ახალი პასპორტი უნდა ამეღო. მივედი მილიციის განყოფილებაში, სურათი მივაწოდე, გამომიწერეს ახალი პასპორტი. ანსამბლში რომ მივიტანე, გაგიჟდნენ, ეს რა სურათია, რას გავხარო. წამოვედი, მეორე სურათი გადავიღე და პასპორტი გადავაკეთებინე, კიდევ რომ დამიწუნეს და დამცინეს, ვიფიქრე, ასე არ უნდა-მეთქი, ავდექი და ჩემი სურათის მაგივრად ლენინის სურათი ჩავაკარი.

    ჩავედით რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში. მოვეწყვეთ სასტუმროში, პასპორტები, როგორც წესი იყო, ადმინისტრატორთან დავტოვეთ. რამდენიმე ხანში ჩემს ნომერში "ფორმიანები" შემოცვივდნენ, ხელები გადამიგრიხეს და დაკითხვა დამიწყეს, თან დამემუქრნენ, ციხეში ამოგალპობთო. არადა, საღამოს კონცერტია, ყველა ბილეთი გაყიდულია. სასწრაფოდ დარეკეს თბილისში, მილიციის რაიონულ განყოფილებაში, სადაც პასპორტი იყო გაცემული. მილიციის უფროსი ძალიან კარგი კაცი იყო, მე მაგრად ვუყვარდი, გვარად მამულოვი, რომელსაც თავისი რუსი კოლეგებისთვის უთქვამს, "პოლიტიკურებთან არ ჩასვათ, გიჟია და იმათაც გააგიჟებსო", მოკლედ, გადამარჩინა".

    "ნიაზიმ მითხრა, ბიჭო, სადაც შეხვედი, ყველა ანსამბლი დაიშალა, მოდი, კომპარტიაშიც შედიო. შევედი და 8 დღეში დაიშალა, მე რომ მიმიღებდა, ის პარტია დასაშლელი იყო, აბა, რა".

    ქართლოს კასრაძის ბავშვობის მეგობარი, რომელიც შემდეგ პოლიციის მაღალჩინოსანი გამხდარა, იხსენებდა, რომ ქართლოსი არავითარ წესს არ ემორჩილებოდა, თავისი ნაცრისფერი "ვოლგით" ხშირად ტროტუარზე ავარდებოდა, "ვსტრეჩნიკების" მეშინაო.

    "შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინ სხვა სახელი ერქვა - "საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამინისტრო". დებოშიორებს და წესრიგის დამრღვევებს მილიციის თანამშრომლები აკავებდნენ. ზოგი მილიციონერი, უფროსისთვის თავი რომ მოეწონებინა, აჭარბებდა კიდეც და ოდნავ ნასვამსაც კი აკავებდა. ამ კუთხით რეკორდსმენი იყო უმცროსი სერჟანტი ვანო ზანდუკელაშვილი, რომელიც მილიციაში ჯარის შემდეგ კომკავშირული საგზურით მოვიდა. ვანო თუ მორიგე იყო, ყოველთვის რაღაც კურიოზი ხდებოდა.

    ერთხელაც სამსახურში მივედი. მორიგე ვანო ზანდუკელაშვილი იყო.

    - წუხელ წესრიგის დამრღვევი ბევრი გვყავდა? - ვეკითხები.

    - აი, უფროსო - ყველანი აქ არიან - მითხრა და მაგიდაზე თაბახის ფურცელზე დაწერილი "პროტოკოლები" დამიდო.

    ვანო გავუშვი და კითხვას შევუდექი. ორი წავიკითხე, მესამეზე გადავედი და რას ვხედავ - "პროტოკოლები" მაშინ დაკითხვის ფორმით დგებოდა, ვანოს შედგენილ "პროტოკოლში" კი ეწერა:

    "გვარი და სახელი - ვახტანგ გორგასალი.

    დაკავების ადგილი - ჭრელი აბანოს მიდამოები.

    დაკავების მიზეზი - მთვრალ მდგომარეობაში მიდიოდა ხოხბებზე სანადიროდ".

    ანუ, ვანომ ჭრელ აბანოებთან ხოხბებზე მონადირე მთვრალი ვახტანგ გორგასალი დააკავა. სასწრაფოდ ვანო კაბინეტში გამოვიძახე და ვუთხარი, ერთი ეგ გორგასალი ამომიყვანე-მეთქი. ცოტა ხანში ვანომ ახლად გამოღვიძებული "ვახტანგ გორგასალი" ამომიყვანა, რომელიც ქართლოს კასრაძე აღმოჩნდა".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter