სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    10.08.2017

     "კითხულობ ნიკო კეცხოველის წიგნებს და ხედავ, როგორ დადის იგი საქართველოს მიწა - წყალზე მინდიასავით, როგორ გაურეკია წინ ჩვენი ბალღები და როგორ ასწავლის ეს ოქროპირი მიწის, ცისა და სამშობლოს სიყვარულს, როგორ აჩვევს მომავალ თაობას იმ აზრს, რომ ეს ბუნება ნატვრისთვალია, ოღონდ მოეფერე, შეინახე, მოუარე, უპატრონე, მერე კი ინატრე, რაც გინდა და ყოველ ნატვრას აგისრულებს დალოცვილი" - ასე იხსენებდა ნოდარ დუმბაძე ნიკო კეცხოველს, კაცს, რომელმაც საქართველოს ბუნების გასაცნობად ზურგზე ჩანთამოკიდებულმა მთელი საქართველო ფეხით შემოიარა. მხრებზე გადაკიდებული საჰერბარიუმო ბადეებით, რომელიც თითო 8-10 კილოგრამს იწონიდა, სადაც დაუღამდებოდა იქ იძინებდა, ხის ძირში, თივის ზვინში. ამიტომაც შეარქვეს "ჩვენი ბუნების მინდია".

    ნიკო კეცხოველის, როგორც მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის, ღვაწლს ერთ სტატიაში ნამდვილად ვერ ჩავტევთ, მხოლოდ რამდენიმე მოგონებას შევთავაზებთ მკითხველს დღევანდელ სტატიაში.

    ერთხელ ნოდარ დუმბაძისთვის ნიკო კეცხოველის წიგნზე რეცენზიის დაწერა უთხოვიათ. "ნიკო კეცხოველის წიგნებს რეცენზია არ სჭირდება. მამულზე შეყვარებული, ბუნებაზე შეყვარებული, გონიერი, გათვითცნობიერებული და მაღალი ზნეობის რამდენი ბავშვიც გაიზრდება საქართველოში, მისი წიგნების დადებით რეცენზიად უნდა ჩავთვალოთ ყველა" - უთქვამს ნოდარ დუმბაძეს.

    მარლაც, ვინ ჩამოთვლის, რამდენი თაობა აღიზარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლეგენდარული რექტორის - ნიკო კეცხოველის ხელში, არა მხოლოდ მისი რექტორობის დროს დაარსებული ახალგაზრდა მწერალთა წრის წევრები - რეზო ინანიშვილი, არჩილ სულაკაური, ნოდარ დუმბაძე, რეზო ჯაფარიძე, თამაზ ჭილაძე, ანა კალანდაძე, მუხრან მაჭავარიანი, ოთარ ჭილაძე, მორის ფოცხიშვილი, შოთა ნიშნიანიძე, სარგის ცაიშვილი, ალექსი ჭინჭარაული და სხვები.

    ცოდნის ამ ტაძარში მთელი რვა წლის განმავლობაში მისი ყოველი სამუშაო დღე დილის 8 საათზე იწყებოდა და გვიან ღამით მთავრდებოდა. ჯერ უნივერსიტეტის ბაღს დაათვალიერებდა, მებაღეს გაესაუბრებოდა, მითითებებს მისცემდა, ყოველ ხესა თუ ბუჩქს დაათვალიერებდა, ყვავილებს მოეფერებოდა. მხოლოდ ამის შემდეგ შედიოდა უნივერსიტეტის შენობაში, ყველა დერეფანს, აუდიტორიას შემოივლიდა და მერე შედიოდა თავის კაბინეტში. 8 წლის განმავლობაში არ დაუსვენია, შვებულებაში არ წასულა, უნივერსიტეტს არ მოსცილებიაო, ამბობენ ძველი უნივერსიტეტელები. მისი რექტორობის წლებში დაარსდა მრავალი ახალი კათედრა, შეიქმნა ახალი ფაკულტეტები. დამთავრდა უნივერსიტეტის მეორე კორპუსის მშენებლობა. ნიჭიერი სტუდენტების დახმარება და მათთვის გზის გაკვლევა ხომ ნიკო კეცხოველის ყველაზე დიდი საზრუნავი იყო. ისე უხდიდა თურმე ერთი წლის განმავლობაში თავისი ხელფასიდან ოთხ ასპირანტს სტიპენდიას, რომ ახალგაზრდებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. როდესაც სტუდენტები ილიას სახლ- მუზეუმის დასათვალიერებლად საგურამოში მიჰყავდა, წიწამურთან შეჩერდებოდა და სტუდენტებს ეუბნებოდა, "ეს ის ადგილია, სადაც... ვერ მოკლეს ილია!"

    ძალიან მკაცრი და შეუპოვარიც ყოფილა. გასული საუკუნის 50-იან წლებში საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ეროვნული ისტორიის კათედრების გაუქმება მოუნდომებიათ კომუნისტებს, მოსკოვში ბრძანებაც უკვე დაუწერიათ. როცა ნიკო კეცხოველმა გაიგო, ჩავიდა საბჭოთა კავშირის განათლების მინისტრთან მოსკოვში და იმდენი იბრძოლა, სანამ ბრძანება რა გააუქმებინა.

    მისი ფიცხი ხასიათის ამბავი კი საყოველთაოდ იყო ცნობილი. ერთხელ ნიკო კეცხოველმა შალვა ნუცუბიძეს რაღაცაზე უსაყვედურა თურმე. ეს ხდება რექტორის კაბინეტში. საუბარი კამათში გადაიზარდა, ბოლოს ნიკო კეცხოველის ხმა მთელ შენობაში ისმოდა. ამ ამბავში არიან, რომ უცებ შალვა ნუცუბიძემ მეგობარს ზურგი შეაქცია და ფანჯრიდან უნივერსიტეტის ბაღში დაიწყო ყურება, იქით, სადაც ივანე ჯავახიშვილისა და სხვა დიდი ქართველი მეცნიერების საფლავებია. ამაზე ნიკო კეცხოველი უფრო გაბრაზებულა

    - რაო, რას გეუბნებიანო - უკითხავს ნიკო კეცხოველს შალვა ნუცუბიძისთვის.

    - ეჰ, მაგასთან ცოცხლთან ყოფნას ისევ ჩვენთან - მკვდრებთან ყოფნა გერჩიოსო - უპასუხა შალვა ნუცუბიძემ. ორივეს თურმე სიცილი წასკდა.

    ჯუმბერ პატიაშვილი: "ჩვენ მეზობლები ვიყავით, ნიკო კეცხოველი მცხეთის ქუჩაზე ცხოვრობდა, ჩვენ - ბარნოვზე, ჩვენს მეზობლობას ერთი პატარა ხის ღობე ჰყოფდა. მახსოვს როდესაც ბატონმა ნიკომ "პირველი სხივი" გამოსცა უნივერსიტეტში, მამას წარწერით აჩუქა და მამაჩემმაც პირველი ნომერი განძივით მოიტანა სახლში. მერე, როცა წლები გავიდა და პარტიული ფუნქციონერი გავხდი, ჩვენ ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს ცენტრალურ კომიტეტში, მაგრამ ბოლო დღემდე შეგვრჩა ის ურთიერთობა, როცა მე ყოველთვის ბიჭი ვიყავი, ის კი - დიდი მეცნიერი.

    ბატონი ნიკო საკმაოდ კატეგორიული და მკაცრი იყო, მაგრამ სამართლიანობის განცდას არასდროს კარგავდა. ალბათ არავინ იმდენ შენიშვნას არ აძლევდა გარშემო მყოფს, რამდენსაც ნიკო კეცხოველი, მაგრამ ძნელად თუ მოძებნით ადამიანს, რომელსაც მის გულწრფელობასა და ობიექტურობაში ეჭვი ეპარებოდა. ბატონ ნიკოს არა მხოლოდ კრიტიკა, იუმორიც სხარტი ჰქონდა, ენამოსწრებული და სატირული; ერთხელ კაბინეტში მესტუმრა. ხის ჯოხით შემოვიდა, ჩვეულებრივი ხის ჯოხი იყო, ისეთი, გლეხები რომ იყენებენ სოფლად. დიდი მეცნიერის ამ ამპლუაში ცენტრალურ კომიტეტში სტუმრობამ ღიმილი მომგვარა.

    - ერთი წუთით დამელოდეთ მეთქი,- ვუთხარი და მეორე ოთახში გავედი. იქიდან კი მოვერცხლილ-მოჩუქურთმებული ხელჯოხით გამოვედი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაღესტნელმა მეგობრებმა მაჩუქეს. ის მოვერცხლილი ხელჯოხი მართლაც ისეთი იყო, წუნს ვერ დასდებდა კაცი. ნიკო კეცხოველმა ჩვეული პედანტობით დაათვალიერა, აშკარა იყო, მოეწონა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა და მითხრა:

    - შენ რა გინდა, თქვან, რომ ცეკაში ერთი ჯოხით მოვედი და შენი კაბინეტიდან ორი ჯოხით გასვლა დამჭირდა?!

    ერთხელ შეკრებილები ვართ რუსთაველის თეატრში, სადაც მეტყევის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო ტარდებოდა. ღონისძიების დაწყება დაგვიანდა და ნიკო კეცხოველი ეკითხება სატყეო მეურნეობის მინისტრ შოთა ჭალაგანიძეს:

    - შოთა, რაშია საქმე, რატომ არ იწყებთ?

    - იოსებ ნონეშვილს ველოდებით, ბატონო ნიკო,- უპასუხა მინისტრმა.

    - რა შუაშია მეტყევეობასთან იოსებ ნონეშვილი? პოეტი კაცია, ღონისძიების დასასრულს მოვა და ლექსს წაიკითხავს - არ ეშვება კეცხოველი.

    - უხერხულია, ბატონო ნიკო, დაველოდოთ - გადავუჩურჩულე მოკრძალებით.

    - ჯუმბერ, იცი, რას გეტყვი მე შენ? - მთელი ხმით დასჭექა კეცხოველმა, - მე ვიცი, რასაც ვამბობ და მაცადე, თორემ ახლა იმას მოვყვები, ბავშვობაში ჩემს ეზოში კაკლებს როგორ იპარავდი" - იხსენებს ჯუმბერ პატიაშვილი.

    "როცა წითელი არმია საქართველოში შემოვიდა, მამა უნივერსიტეტთან მივიდა და ახალგაზრდებს მოუწოდა, კადეტებთან ერთად დაეცვათ ქვეყნის საზღვარი. მერე, იცით, რაც მოხდა. კადეტების პატივსაცემად მამას ყოველი წლის თებერვალში თაიგული აჰქონდა კოჯორში. სიცოცხლის ბოლომდე ასე იყო. 1982 წლის 22 ნოემბერს აიტანა თაიგული - თითქოს გრძნობდა, რომ თებერვლამდე ვერ მიაღწევდა" - იხსენებს ნიკო კეცხოველის ქალიშვილი მზია კეცხოველი. ნიკო კეცხოველი 1921 წლის თებერვალში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის ოფიცერი იყო, აქტიურად მონაწილეობდა კოჯორ-ტაბახმელის ფრონტზე ბოლშევიკური რუსეთის მე-11 წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში და მძიმედაც დაიჭრა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter