სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    11.08.2017

     როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ხუროთმოძღვრების, ოქრომჭედლობისა და ხელოვნების სხვა დარგებს შორის საპატიო ადგილი უკავია ნაქარგობას და ქართველმა ხალხმა ხელოვნების ამ დარგშიც თავის სიტყვა თქვა.

    საქართველო უძველესი დროიდან განთქმული იყო საფეიქრო წარმოებით, რასაც ადასტურებს უცხოურ მოგზაურთა წერილობითი წყაროები.

    სწორედ საფეიქრო საქმის მაღალმა დონემ განაპირობა მაღალ ხარისხოვანი შალის, აბრეშუმისა და ბამბის ქსოვილის წარმოება, რამაც ხელი შეუწყო ქართული ხელსაქმის განვითარებას და ქართველებმა საუკუნეების განმავლობაში შეიმუშავეს ხელსაქმის შესანიშნავი ტრადიციები, მასში ჩააქსოვეს თავიანთი ნიჭი, კულტურა და ფანტაზია. ასე შეიქმნა მხატვრული ნაქარგობა.

    ძველი ქართული ხელსაქმის ძირითად კერები კი იყო ეკლესია- მონასტრები. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა სვეტიცხოვლის, სამთავროს, დავითგარეჯის, ალავერდის წმინდა გიორგის ეკლესია, კაცხის მონასტერი, თბილისის სიონი.

    წმინდა მამები ქარგვას წმინდა საქმედ მიიჩნევდნენ. მონასტრებში მქარგველები სამუშაოს შესასრულებლად ისევე ემზადებოდნენ, როგორც მღვდლები ლიტურგიის აღსავლენად. მქარგველები სამუშაოს იწყებდნენ მხოლოდ დილის საათებში, საზრდელის მიღებამდე. სამუშაოს დაწყების წინ აღევლინებოდა ლოცვა იმ წმინდანის მიმართ, რომელიც უნდა მოექარგათ. ქარგვისას კითხულობდნენ ფსალმუნებს.

    საეკლესიო ნაქარგობას მიეკუთვნებოდა ღვთიმსახურების სამოსი, ამოფორი, საკოსი, ოლარი, საბუხრეები, ენქერი, სარტყელი, მიტრა, სტიქარი, ფილონი და ღვთისმსახურებისთვის საჭირო ნივთები - "დაფარნები", "გარდამოხსნები", "კრეტასბმულები", ტრაპეზის გადასაფარებლები.

    დიდი სიყვარულითა და მონდომებით ხელსაქმობდნენ სამეფო ოჯახის წევრები და დიდგვაროვნები, რომლებიც თავიანთ ნახელავს ეკლესია-მონასტრებს სწირავდნენ.

    თამარ მეფის ისტორიკოსის ცნობით, თამარი მოწყალებას მხოლოდ საკუთარი ხელით ნაქსოვ-ნაქარგიდან გასცემდა. "ხელით საქმარი მისი განყიდის და ეგოდენ ფასი გლახაკთა ხელსაქმარის და მისცეს არა სამეფოდ შემოსავალთაგან".

    მომქარგველებიდან ასევე ცნობილი იყვნენ დედოფალი მარიამი, როსტომ მეფის მეუღლე; დედოფალი ანა, თეიმურაზ მეფის მეუღლე. ბატონიშვილი თუთა, ვახტანგ პირველის დედა; ბატონიშვილი გულქანი, ოტია დადიანის მეუღლე.

    საეკლესიო დანიშნულების ამ ნივთებს - დაფარნებს, გარდამოხსნებს, კრეტსაბმულებს, სასულიერო პირთა შესამოსელს ქართველი მეფეები და დედოფლები, დიგვაროვანნი "თავისი სულის საოხრად" ან "ორსავე ცხოვრების წარმართვისათვის" ან "ძეთა და ასულთა აღსაზრდელად" სწირავდნენ. ქართველ მეფეებს უცხო ქვეყნების ქართულ მონასტრებშიც მიჰქონდათ საეკლესიო ნივთები შესაწირად - იერუსალიმში, სინას მთაზე.

    ქართული ნაქარგობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, დღეს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ქსოვილებისა და ნაქარგების ფონდშია დაცული.

    ამ უძველესი ნიმუშების შეგროვება კი მე- 19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და, ასევე, საქართველოს საისტორიო- საეთნოგრაფო საზოგადოებას, კერძოდ ექვთიმე თაყაიშვილს, რომელმაც თავის საექსპედიცო ჯგუფან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოიპოვა ნაქარგობის შესანიშნავი ნიმუშები.

    ხელოვნების მუზეუმში დღეს ეს კოლექცია ორ ჯგუფად არის გაყოფილი - საეკლესიო ღვთისმსახურებისა და სასულიერო პირებისთვის განკუთვნილი ნივთები და საერო დანიშნულების ნივთები.

    საეკლესიო დანიშნულების ნივთები

    შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ნაქარგებისა და ქსოვილების განყოფილებაში დაცულ საეკლესიო დანიშნულების ქარგვის ნიმუშებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დაფარნათა მდიდარ კოლექციას.

    დაფარნა იხმარება ბარძიმისა და ფეხშუმის საფარებლად და იგი შედგება სამი ნაწილისაგან, ერთი ფეხშუმისთვის, მეორე ბარძიმისთვის, მესამე საერთო საფარებელია. პატარა დაფარნებს უნდა დაეცვათ წმინდანთა ნაწილები, მაცხოვრის სისხლი და ხორცი მწერებისა და მტვრისაგან.

    დაფარნა მე-5 საუკუნიდან შემოვიდა ხმარებაში და მისი შემოტანა წმინდა საბა განმწმენდელის სახელს უკავშირდება. სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში კი დაფარნა განმარტებულია, როგორც "სიწმინდის საფარებელი".

    პირველად დაფარნა მოხსენიებული აქვს წმინდა იოანე მმარხველს მე-6 საუკუნეში, რომელსაც "სასაფლაოს საბეჭდს" უწოდებს. დაფარნა ნახსენებია კონსტანტინეპოლის წმინდა მოციქულთა ტაძრის აქტებშიც. შედარებით დაწვრილებით ცნობებს ამ ნივთის შესახებ გვაწვდის მე-8 საუკუნეში წმინდა გერმანე კონსტანტინეპოლელი. სვიმონ თესოლონიკელი კი მიიჩნევდა, რომ დაფარნა იმ ლოდის სიმბოლოა, რომელიც ქრისტეს საფლავს მიაფარეს.

    დაფარნა განსაკუთრებული სიწმინდეა, იგი ხელშეუხებელია ერისკაცისთვის. ეკლესიაში პირველად რომ მოხვდება დაფარნა, სპეციალური ლოცვა იკითხება და მასზე ხელის ხლების უფლებას თავად მომქარგველი ან შემწირავიც კარგავს.

    ხელოვნების მუზემში დაცული ნაქარგობის ნიმუშებს შორის გამოირჩევა დაფარნა სვეტიცხოვლიდან, რომელიც ქართლის მეფე ვახტანგ მეხუთის ძე ლევან ბატონიშვილმა გარდაცვლილი მეუღლის - თუთა გურიელის სულის მოსახსენიებლად შესწირა სვეტიცხოველს.

    გარდამოხსნები ჯვარცმული იესო ქრისტეს სახელის სიმბოლოა და ბერძნულად ჰქვია "ეპიტოფიოს". საეკლესიო ნივთს, არდაგს, რომელსაც მართლმადიდებელ ეკლესიაში წითელ პარასკევსა და დიდ შაბათს ღვთისმსახურების დროს გამოაბრძანებენ, სამღვდელოება და მორწმუნენი როგორც იესო ქრისტეს წმინდა სხეულს დასტირიან.

    საქართველოში გარდამოხსნა თარიღდება მე-15 საუკუნით. ყველაზე ძველი ქართული გარდამოხსნა არის გიორგი მერვის გარდამოხსნა, რომელიც ქართულ გარდამოხსნათა შორის უძველესია. იგი კახეთის მეფე გიორგის შეუწირავს სავეტიცხოვლისთვის.

    როგორც ხელოვნებათმცოდნე მზია კეცხოველი ამბობს, გიორგი მერვის გარდამოხსნა 1446-1466 წლებით თარიღდება. იგი შაჰ-აბასმა სვეტიცხოვლის დარბევის შემდეგ ხელში ჩაიგდო და ცხენზე გადასაფარებლად გამოიყენა.

    პირველად სიტყვა გარდამოხსნა ჩნდება მე-16 საუკუნეში ბაგრატ მეფის გარდამოხსნაზე, რომელიც მან განაახლა და თარიღდება 1510- 1565 წლებით, - ამბობს მზია კეცხოველი ერთ-ერთ ინტერვიუში, თუმცა არის ვარაუდი, რომ ის უფრო ადრეული ნიმუშია, მე-13 საუკუნისა, რომელიც შემდეგ ბაგრატ მეფემ განაახლა.

    მასზე გამოსახულია ღვთისმშობელი, რომელიც მაცხოვრის თავთან დგას და იოანე ღვთისმეტყველი, რომელიც მაცხოვრის ფეხებთან დგას. ეს ნაქარგი ისეთი ფერადოვნებით არის შესრულებული, რომ მინანქრისგან გაკეთებულს ჰგავს.

    როგორც ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, მუზეუმში დაცულია გარდამოხსნათა მრავალფეროვანი კოლექცია, რომელიც დიდმა ქართველმა მეცნიერმა ვახტანგ ბერიძემ რამდენიმე ჯგუფად დაყო.

    ერთ-ერთ ჯგუფს მან უწოდა გიორგი მერვის გარდამოხსნა, რომელშიც შედის მარიამ დედოფლის (17 საუკუნე), თეიმურაზ მუხრანბატონის და მისი მეუღლის - ქეთევან ორბელიშვილის (მე-18 საუკუნე), ზილფიჯანის გარდამოხსნები.

    აქ ყველა გარდამოხსნაზე თავსა და ბოლოში გამოსახულია ანგელოზები, უკან - მოტირალი დედები და წმინდანები, ქვევით - ქრისტეს საფლავი, ოთხი დარაჯი, მენელსაცხებლე დედები და ანგელოზი, რომელიც საფლავის ქვაზე ზის. ზემოთ კი ქრისტეს ამაღლების სცენაა გამოსახული.

    გარდამოხსნებს მეფეები და დედოფლები თავიანთი "ცოდვილი სულის საოხრად" ან "ორსავე შიგან ცხოვრების წარმართვისათვის" ან "ძეთა და ასულთა აღსაზრდელად" სწირავდნენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter