სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    12.08.2017

     "ძნელი სათქმელია, რა უფრო უყვარს მას - მუსიკა თუ თეატრი, ორივე ეს ხელოვნება ორგანულადაა მასში შერწყმული. მე მეჩვენება, რომ რამაზი სახეს კი ვერ "ხედავს", არამედ ყოველთვის "ისმენს" მას. იგი სახისთვის პოულობს მელოდია-კამერტონს და მას უმორჩილებს თავის სულსა და სხეულს. ასე იყო "ესპანელ მღვდელში" ლეონარდოს როლზე მუშაობისას, ასე იყო "ჭინჭრაქაშიც" და ყველა სხვა როლში", - იტყვის წლების შემდეგ მიხეილ თუმანიშვილი რამაზ ჩხიკვაძეზე.

    "ჭინჭრაქაში" რამაზ ჩხიკვაძე კარლო საკანდელიძის შემცვლელი იყო - ჭინჭრაქას როლზე, მაგრამ გულზე დიდად არ ეხატებოდა ეს როლი, უფრო ქოსას როლი მოსწონდა, მაგრამ ამ როლზე გივი ჭიჭინაძე და ბორის წიფურია იყვნენ დანიშნული. რეპეტიციებსაც თითქმის სულ კარლო საკანდელიძე გადიოდა, რამაზი კი დარბაზიდან ადევნებდა თვალს.

    ერთ დღესაც მიშა თუმანიშვილმა სცენაზე იხმო.

    "დილას წელკავი დამეტაკა და წელში ვერ ვიმართებოდი, ძლივს ავდექი და ვთხოვე, მოდი, ქოსიკოს როლს მოვსინჯავ-მეთქი. არაფერი უთქვამს, მე წელში ოთხად მოხრილი და ათჯერ მოკაკული, კვნესით, ტკივილისაგან უნებლიე წამოყვირებით, რის ვაივაგლახით ავედი სცენაზე და იატაკზე დავჯექი.

    "ქოსიკოს პირველი სიტყვები ასე დამჯდარმა წამოვიკნავლე. მიშა წამოხტა, სახე გაუბრწყინდა და იყვირა - "განაგრძე რეპეტიცია, იჯექი მანდ, დაიწყე... კარგია ეს რადიკულიტიც". მე მგონი, მიშამ იფიქრა, ეს ყველაფერი ამ როლისთვის საგანგებოდ მოვიტანე და აღფრთოვანდა. აი, მაშინ გადაწყდა ჩემი ამ როლზე დანიშვნა. ასე დავტოვეთ სპექტაკლშიც ჩემი წელკავიც, მიმკვდარი ხმით ლაპარაკიც და ასე დაიბადა ქოსიკოს ნიღაბი", - ასე იხსენებდა რამაზ ჩხიკვაძე ქოსიკოს როლის დაბადებას "ჭინჭრაქაში".

    რამაზ ჩხიკვაძისა და რობერტ სტურუას პირველი შეხვედრა ჟაკ რობერის "შეხვედრაში" შედგა. შემდეგ იყო "მზიანი ღამე", "ხანუმა" და "ყვარყვარე", რომელსაც მაშინდელმა პარტიულმა ელიტამ ჯოჯოხეთის გზა გამოატარა. 11-ჯერ მოაწყვეს დახურული ჩვენება, 11-ჯერ ითამაშეს მსახიობებმა სპექტაკლი უმაყურებლოდ, რამდენიმე პარტიული ფუნქციონერის თანდასწრებით. ქალაქში კი ხმა გავრცელდა - სტურუას და ჩხიკვაძის გენიალურ ნამუშევარს კრძალავენო. თბილისელები როგორც გაიგებდნენ, რომ ასეთი დახურული ჩვენება იმართებოდა, თეატრის წინ თავს იყრიდნენ, იყო აჟიოტაჟი და ცხარე კამათი.

    "ატმოსფერო ისეთი გავარვარებული იყო, რომ ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო აფეთქება. საბოლოოდ მაინც საღმა აზრმა გაიმარჯვა და სპექტაკლის პრემიერა ტრიუმფად იქცა", - იხსენებდა ნოდარ გურაბანიძე რუსთაველის თეატრის სცენაზე "ყვარყვარეს" დადგმას.

    მერე იყო სტურუას დაუვიწყარი "კავკასიური ცარცის წრე", რომელიც მეოცე საუკუნის მსოფლიოს საუკეთესო სპექტაკლებში შევიდა. სწორედ ამ სპექტაკლმა გაარღვია პირველად საბჭოთა კავშირის საზღვრები და პირველად გავიდა საგასტროლოდ საზღვარგარეთ, ჯერ გერმანიაში - ზაარბრიუკენსა და დიუსელდორფში.

    გერმანიას მოჰყვა მექსიკა, სადაც პირველად უწოდეს რამაზ ჩხიკვაძეს "მსოფლიო მნიშვნელობის თეატრალური ვარსკვლავი". რამაზ ჩხიკვაძის "რიჩარდ მესამე" კი ყველა დროის "რიჩარდ მესამის" ათეულში შევიდა.

    სპექტაკლმა დაიპყრო ედინბურგის და ლონდონის "რაუნდ ჰაუზი". ედინბურგში გამოსვლის შემდეგ წამყვანმა გაზეთმა - "ობსერვერი" გამოაქვეყნა სტატია სათაურით: "რამაზი - კავკასიის მეფე". ინგლისელმა თეატრალმა მაიკ კოვენმა კი თავის სტატიაში, რომელიც "ტაიმსში" გამოაქვეყნა, რამაზ ჩხიკვაძეს "კავკასიელი ლოურენს ოლივიე" უწოდა. ლონდონში გამართულ მსოფლიო ვარსკვლავთა გალაკონცერტზე, სადაც რამაზ ჩზიკვაძემ "მეფე ლირი" ითამაშა, მას პარტნიორობას ვანესა რედგრეივი უწევდა, რომელმაც რამაზის საპატივცემლოდ ქართულად შეასრულა კორნელიას როლი.

    იტალიური გამოცემა "კორიერა დე ლა სერა" რამაზ ჩხიკვაძის "მეფე ლირზე" წერდა: "აი, საქართველოს ლირი, ტირანი ქარიშხალში".

    თავის განვლილ გზას და მის საყვარელ თბილისს ეს ბუმბერაზი მსახიობი ასე იხსენებდა: "პირველ კლასში ვიყავი, მოზარდ მაყურებელთა თეატრში რომ წამიყვანეს. მაშინ უკვე ვსწავლობდი კონსერვატორიის ნიჭიერთა ათწლედში. მშობლები მუსიკოსები იყვნენ და იმედი ჰქონდათ, მოცარტივით საოცრება გავიზრდებოდი. თეატრი რომ ვნახე, არაფერი აღარ მინდოდა, დაკვრასაც თავი მივანებე, მინდოდა, არტისტი გავმხდარიყავი.

    "უსაყვარლესი ქალაქი იყო თბილისი - ლამაზი, სუფთა, პატარა. ჩემი სახლის გვერდით იყო სკოლა, იქ დავდიოდი. ჩვენს უბანში ძველი ბიჭები ცხოვრობდნენ, ძალიან კარგი ბიჭები იყვნენ. ზარს რომ თამაშობდნენ, ჩვენ გვიშვებდნენ მაღაზიაში.

    "ერთ დღესაც მილიცია დაესხათ თავს. დავინახე, ფულს როგორ მოხვიეს ხელი და წყალსადენის მილში როგორ შეტენეს. მერე გაიქცნენ. მე მივედი, ავიღე ფული, მაისურში ჩავიყარე, იმდენი იყო, მუცელი გამებერა, წავიღე სახლში და ტახტის ქვეშ დავმალე. სამი დღის მერე გამოჩნდნენ. დავუძახე. "რა გინდაო" - მკვახედ მითხრეს. ვუთხარი: "თქვენი ფული მე მაქვს და მინდა, დაგიბრუნოთ-მეთქი". თვალები გაუფართოვდათ, ფული რომ ჩავუყარე. ასე გავხდი მაგათი საყვარელი რამაზა.

    "ერთხელ ჩვენც, ბავშვებმაც, მოვინდომეთ ზარის თამაში. ფულზე არ ვთამაშობდით, მაგრამ გულზე ხელებს დიდი ბიჭებივით ვირტყამდით, დაგვინახეს და გვკითხეს, რას შვრებითო. ამაყად ვუთხარით - ზარს ვთამაშობთო. იმდენი გვირტყეს, დღესაც მახსოვს, სულ თვალწინ მიტრიალეს კამათლები, ცხვირ-პირი დამისისხლიანეს. იცოდნენ, თვითონ რომ ცუდ საქმეს აკეთებდნენ, ჩვენ კი ცუდისთვის არ გაგვიმეტეს.

    "ყველას თავისი ღირსება ჰქონდა. ადრე ქურდი რომ იყო ვინმე, თავის უბანში არაფერს მოიპარავდა. თავისი მუსიკა ჰქონდა ჩვენს ქალაქს, თავისი მომღერლები, თბილისელი თუ წყნეთელი მოვაჭრეები მუსიკალურად გაიძახოდნენ - "ხართუთააა"! "აკოშკის შუშები"! "სამოვარნი პიესოკ"! სულ სხვა ტონალობაში იძახდნენ, ყველაფერი ნატურალური იყო.

    "თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე, საოცრად კარგი პედაგოგები დამხვდნენ - დოდო ალექსიძე, მალიკო მრევლიშვილი და სხვები. მე, გოგი გეგეჭკორი, ბადრი კობახიძე, ეროსი მანჯგალაძე, გურამ საღარაძე, კოტე მახარაძე თან ვშრომობდით, თან ვქეიფობდით, მაგრამ არ არსებობდა, რომ სპექტაკლის წინ გვექეიფა და ვინმე სცენაზე მთვრალი გამოსულიყო. დილით რეპეტიციები გვქონდა, მერე კინოსტუდიაში გადაღებაზე გავრბოდით. ახლა რომ ვფიქრობ, რა ენერგია გვქონდა, აირწინაღითაც მაქვს დალეული ღვინო.

    "გასტროლებიც ხშირად გვქონდა, ხან მოსკოვში თვეში ორჯერ გვიშვებდნენ. 1947 წელია. მე და ვალიკო კვაჭაძე წითელ მოედანზე ლენინის მავზოლეუმის წინ ვდგევართ. ყვავების დიდმა გუნდმა მიიქცია ჩვენი ყურადღება. ეს ყვავები კრემლის გალავნის შიგნით დაუბრკოლებლად შეფრინდებიან და მერე უკან ერთად ბრუნდებიან.

    ვალიკო მეუბნება:

    - რა არის, ბიჭო, რამდენი ყვავი ყოფილა ამ მოსკოვში, კრემლში როგორ თავისუფლად შეფრინდებიან.

    - ყვავები თუ შეფრინდებიან, თორემ ბულბულებს იქ რა უნდათ-მეთქი, - ეს ვთქვი და გამახსენდა, სად ვიდექით, რა დრო იყო. "პოლიტიკურ დიალოგზე" კი არა, კაცისთვის როგორ ხარო რომ გეკითხა, გაგაციმბირებდნენ. ფერდაკარგულებმა ისე დავტოვეთ წითელი მოედანი, უკან აღარ მოგვიხედავს.

    მერე ჩემი რეჟისორი იყვნენ მიშა თუმანიშვილი, დოდო ალექსიძე, არჩილ ჩხარტიშვილი, თემურ ჩხეიძე, მერე რობიკოს სპექტაკლები, მსოფლიო შემოვიარე. ამდენი გასტროლი, ამდენი წარმატება, როგორ შემიძლია, ცხოვრებაზე ნაწყენი ვიყო, ყოველთვის მადლობას ვუხდი ღმერთს ამისთვის. მამა ღმერთს მადლობას ვეუბნები, ასეთ ხალხს რომ შემახვედრა", - ასე იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში რამაზ ჩხიკვაძე თავის უსაყვარლეს თბილისს, ბავშვობას და სამსახიობო კარიერას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter