სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რატომ ამოწყვტიეს ქართველებმა დედაწულიანად აზნაურ კახაბერ ყორღანაშვილის ოჯახი
    მამუკა ნაცვალაძე
    09.09.2017

     საქართველოს ისტორიაში მეთექვსმეტე საუკუნე ყველაზე რთული პერიოდია. ამ დროს საკმაოდ მძიმეა ეროვნული თვითმყოფადობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის შენარჩუნება მაჰმადიანურ გარემოცვაში და მიუხედავად ამისა, მეფეები ლუარსაბ პირველი და სიმონ პირველი თავიანთი თავდადებული ბრძოლითა და თავგანწირვით მიზანს აღწევენ.

    სწორედ ამ ორი მეფის დამსახურებაა ის, რომ ქართველური სამყარო ორ უდიდეს მაჰმადიანურ მონსტრს გადაურჩა. საცნაური კი ისაა, რომ ამ ფონზე ქართველ მამულიშვილებს არანაკლებ წინააღმდეგობას უწევენ რენეგატები. მაჰმადიანთა კარზე მოღალატეებს დიდი გასავალი აქვთ, ბევრი ვერ ერევა ცდუნებას, თანაც ისე, თანამემამულეთა ინტერესებს რომ არად დაგიდევთ და ეროვნულ ფასეულობას ფეხქვეშ რომ თელავს.

    კახაბერ ყორღანაშვილის დამსახურებაა, რომ მისი გვარის მიმართ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა ერთგვარი სტერეოტიპი და ქართველურ ენაში ყორღანაშვილობა მოღალატის სინონიმად დამკვიდრდა. ერთმა უღირსმა მთელი გვარი (სადაც უდავოდ ღირსეული ადამიანები იყვნენ) შეარცხვინა და ერთი რენეგატის რისხვა მთელ გვარს დაატეხა.

    ესეც ქართული ფეოდალური ცნობიერების საინტერესო ნიუანსია, ერთგვარი პრევენციის ფორმა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანმა გაიცნობიეროს - თავისი საქციელით პაუხისმგებელია საზოგადოების, პირველ რიგში, საკუთარი გვარის წინაშე.

    რატომ დაამძიმა ამასიის ზავმა ქართველთა ყოფა

    1555 წელს ამიერკავკასიაში ირან-ოსმალეთს შორის ხანგრძლივი საომარი დაპირისპირების შემდეგ მხარეები ერთგვარ პოლიტიკურ კომპრომისზე შეთანხმდნენ. ამასიის ზავით მაჰმადიანურმა სახელმწიფოებმა საქართველო გაინაწილეს - დასავლეთი საქართველო ოსმალეთს დარჩა, აღმოსავლეთი კი - ირანს. ბუნებრივია, ეს ქართველი მეფეების, ლუარსაბისა და სიმონის ნების გარეშე ხდება. ისინი არ ცნობენ ზავის პირობებს და საკმაოდ აქტიურად ერთვებიან წინააღმდეგობრივ მოძრაობაში.

    ირან-ოსმალეთის დაზავებამ დიდი თავსატეხი გაუჩინა ქართლს და მთლიანად საქართველოს, ამას მარტივი ახასნა აქვს - როცა ირანი და ოსმალეთი ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძვიან, საქართველოსთვის მათ არ სცალიათ. ასეთ დროს ქართველები ახერხებენ პოლიტიკურ ლავირებას და ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას. ის შინაგანი დაძაბულობა და ერთმანეთის მიმართ დაუნდობელი ფონი ორივე მაჰმადიანურ ძალას ფიტავს და ამით ბუნებრივია, ისევ ქართველი ხეირობს. სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით ძალიან დიდხანს ინარჩუნებენ ლუარსაბი და სიმონი ქვეყნის თავისუფლებას.

    სულ სხვა რეალობაა მაშინ, როცა ირანი და ოსმალეთი ომის რეჟიმიდან ზავის რეჟიმში გადადიან. სწორედ ამ დროს იქარგება ყველაზე არასასურველი ფონი ქართველთათვის. ახლა ყიზილბაშსაც და ოსმალოსაც მხოლოდ ქართველისთვის სცალია. და ამ დროს მაჰმადიანთა რისხვა და მათი ულმობელი პოლიტიკური მართვის ფორმები მთლიანად საქართველოს წინააღმდეგაა მიმართული.

    ომისა და მშვიდობის ეს მექანიზმი მოქმედებს ამასიის ზავის პირობებშიც. ამიტომაც მაჰმადიანური მშვიდობიანობა ნამეტანი ამძიმებს ქართველთა ყოფას...

    ფარცხისის ბრძოლის ეპოპეა

    მას შემდეგ, რაც შაჰ-თამაზმა აშკარად დაინახა, რომ სიმონ პირველს მისი გამაჰმადიანებული ძმა დაუდ-ხანი წინააღმდეგობას ვერ უწევდა და აშკარად აგებდა მასთან საომარი დაპირისპირებისას, გადაწყვიტა, რომ უფრო მასშტაბური შეტევა განეხორციელებინა ქართლის სამეფოზე.

    აქცენტი ჯარის სიმრავლეზე გაკეთდა და სწორედ ამიტომაც შაქისა და ყარაბაღის ხანების ლაშქარს საშამხლოს დაქირავებული ლაშქარიც მიაშველა. ეს უკვე სერიოზული ძალაა, რამდენადაც მომხდურთა რაოდენობა ათჯერ აღემატებოდა სიმონის ლაშქარს.

    ასე იწყება ფარცხისის ეპოპეა, ეს 1569 წელია, ალგეთის ხეობაში ხდება დაპირისპირება და საცნაური სწორედ ისაა, რომ ყიზილბაშთა ლაშქარს გზის მაჩვენებლად და მეგზურად აზნაური კახაბერ ყორღანაშვილი მოუძღვის.

    ამან განსაკუთრებული მოტივაცია შესძინა სიმონს. ის საკუთარ ძმასაც კი არ ინდობს როგორც მოღალატეს და მით უფრო შეუვალია ყორღანაშვილის მიმართ. სიმონის თავდადების, შეუპოვარი ხასიათისა და საბრძოლო ოსტატობის შესახებ ირანსა და ოსმალეთში ლეგენდები დადის, ამიტომაც მაჰმადიანები განსაკუთრებულად ურფრთხიან მასთან შეხვედრას და არც გაემტყუნებათ...

    იმან, რაც იხილეს ფარცხისში ყიზილბაშებმა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ხმალალესილი სიმონი ქართველთა ლაშქარს მიუძღვის. ათჯერ მეტი მტერი ვერაფერს აწყობს, სულ ბრდღვინი ადინეს ქართველებმა, მტერი თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. მათი მთავარი საფიქრალი ახლა ისაა, როგორმე სამშვიდობოს გავიდნენ და ქართველთა რისხვა აიცილონ თავიდან.

    და სწორედ აქ ხდება ის, რასაც ნაკლებად მოელის ყველა. მოგებული ბრძოლა ტრაგიკულად შემოტრიალდა, - სიმონ მეფე ტყვედ ჩავარდა...

    სიმონს ფიცხი ხასიათი აქვს, არ ინდობს გაქცეულ მტერს, მეფე უკან მისდევს მათ, იმდენად დიდია მისი სულისკვეთება, რომ ფაქტობრივად მოსწყდა საკუთარ ლაშქარს. მარტოდ მყოფი სიმონი განსაკუთრებულად სასურველი სამიზნეა ყიზილბაშთათვის. განგებამ ინება, რომ ორი ქართველი მოღალატის წინააღმდეგ აღმოჩნდა სიმონი. ყორღანაშვილმა იცნო მეფე და მეორე ქართველ მოღალატეს, რომლის სახელიც ისტორიის ანალებს არ შემოუნახავს, ანიშნა მასზე. სწორედ ამ მეორემ აძგერა შუბი სიმონს, დაჭრილი მეფე მტრის გარემოცვაში აღმოჩნდა, ცხენიდან გადმოვარდნილის შეპყრობა აღარ გასჭირვებიათ რენეგატებს.

    როგორ დაუნგრია სიმონ პირველმა ოცნების კოშკები შაჰ-თამაზს

    ფარცხისის საპატიო ნადავლი განსაკუთრებულად სასიამოვნო გახლდათ შაჰ-თამაზისთვის, ჯერ ყაზვინში ჩაიყვანეს სიმონი, შაჰი კატეგორიულად სთხოვს გამაჰმადიანებას. იცის, რა ფასი ექნება რჯულშეცვლილ სიმონს... სახელოვანი ლუარსაბის ერთმა შვილმა ხომ უარყო ქრისტიანობა, ახლა მეორეს აიძულებენ...

    ეს ის გზაა, ირანელებს უპირობო ზეობას რომ მოუტანს არა მარტო ქართლში, არამედ მთელ საქართველოში. ყველაზე საშიში ქართველთათვის იმედგაცრუებაა და ამ ფონზე ერისთვის იმაზე მწარე რა უნდა იყოს, ვიდრე ქრისტიანობისათვის თავდადებული მეფის, ლუარსაბ პირველის შთამომავალთა სულ სხვა ორიენტირი, ეროვნულ ფესვებს რომ სცილდება და თავდაყირა რომ აყენებს მთელ იმ ფასეულობებს, მანამდე წინაპართათვის საფიცარად რომ ქცეულა.

    თან მეფის საქციელს გადამდები ხასიათი აქვს და ბუნებრივია, მაჰმადიანი სიმონი უკვე იმის გარანტია, რომ ადრე თუ გვიან მის გზას ხალხიც დაადგება...

    ნამეტანი ოცნების კოშკები ააგო შაჰ-თამაზმა, მაგრამ ვერაფრით გატეხეს ყაზვინში სიმონი, ვერ ათქმევინეს უარი ქრისტიანობაზე, ეს ფაქტობრივად სასიკვდილო ვერდიქტი უნდა ყოფილიყო ქართლის მეფისთვის, თუმცა, წინდახედულია ყიზილბაში, სამომავლოდ იყურება, აქედანვე თადარიგს იჭერს და ოქროს კოზირად ინახავს ქართლის მეფეს, თუმცა მანამდე ქართლის მეფე საიმედოდ გამოკეტეს ალამუთის ციხეში, იმ ადგილას, რომელიც მსოფლიო საფორტიფიკაციო ნაგებობებს შორის ერთ-ერთ რთულად დასაძლევ სიმაგრედაა აღიარებული.

    რატომ არ დაინდეს ქართველებმა მოღალატე ყორღანაშვილის ოჯახის წევრები

    სიმონის გარეშე დარჩენილი ქართლის მეფედ ყიზილბაშებმა დაუდ-ხანი, სიმონის გამაჰმადიანებული ძმა დაამტკიცეს. თუმცა, ერთია ყიზილბაშთა ნება და მეორეა რეალობა. სრულიად გასაგებია მიზეზი, რატომაც არ მიიღო მეფედ დაუდ-ხანი ქართველობამ, ვერ ჰგუობს ღალატს ქართველი. ამიტომაც ქართლი თავისთვის ცხოვრობს, დაუდ-ხანი - თავისთვის...

    ყველაზე საცნაური ამ რეალობისას ისაა, რომ გამორჩეული პრევენციის ზომები გააჩნია ქართულ ფეოდალურ ცნობიერებას. კახაბერ ყორღანაშვილი ქართლში ყიზილბაშთა იმედადაა, თუმცა, აბა სულ კუდში ხომ არ გაჰყვებიან მაჰმადიანები მოღალატეს, ისიც მუდმივად შიშის რეჟიმში ცხოვრობს. და არცთუ უსაფუძვლოა მისი ასეთი განწყობა - იცის, ქართველი ღალატს არასდროს წაახალისებს, ყველაზე კარგი პრევენცია მომავალი ღალატის აღკვეთისა მოღალატის სამაგალითო დასჯაა.

    სწორედ ამიტომ არავის გაჰკვირვებია, როცა საჩინო ბარათაშვილმა სიმონის ერთგულმა კაცმა კოჯრის გზაზე შეიპყრო აზნაური კახაბერ ყორღანაშვილი და გელიყარას კლდიდან გადაჩეხა. ყოველთვის სიბრალულით ეკიდება ქართველი გარდაცვლილს, თუმცა არა მოღალატეს, ეს განწყობა საკმაოდ კარგად აისახა იმ სახალისო ფრაზით, ხალხმა რომ აიტაცა მაშინათვე - "ყორღანას ძე ქარაფიდან ხელი ჰკრეს და გადაფრინდა". ეს ფრაზა ვახუშტიმ შემოგვინახა.

    სახასიათო გახლდათ ხალხური თქმულებიდან ის ფრაგმენტი, რომელიც იუწყება, რომ ყორღანაშვილის უბინძურესი სული გვამსაც გადაედო და მგლებსაც კი არ დაუკარებიათ პირი... არავის მოუნდომებია ყორღანაშვილის ადამიანურად დაკრძალვა...

    ნამეტანი მკაცრი აღმოჩნდა ქართლი და სიმონის თანამედროვე საზოგადოება მოღალატისადმი. ყველაზე საცნაური კი ისაა, რომ არც ყორღანაშვილის სახლის სხვა წევრები დაინდეს, შეიპყრეს და ისინიც გელიყარის კლდიდან გადაყარეს...

    ესეც პრევენციის მიზნით ხდება, ხდება იმისათვის, რათა ყველამ დაინახოს, რა ელის ერის მოღალატეს... ქვეყნის სულიერი ერთობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის პრევენციისთვის ასეთ ულმობელ ფორმებს დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს. ხალხის რისხვა ყველაზე დიდი სასჯელია მოღალატისთვის.

    ტროგორ ისარგებლა ოსმალომ სეფიანთა კარის ინტრიგებით

    ცხრა წელს გაატარებს პატიმრობაში სიმონ პირველი, 1578 წლამდე... ორი წლით ადრე მრისხანე შაჰ-თამაზი ჩაბარდება მიქელ-გაბრელს. ეს იმის ნიშანია, რომ სეფიანთა ტახტის დასაკავებლად ულმობელი შიდა დაპირისპირება დაიწყოს. აქ გადამწყვეტ როლს მგლური კანონები ასრულებენ. შაჰის ტახტისთვის მებრძოლნი არავის და არაფერს ინდობენ - თავად განსაჯეთ - ტახტზე რომ ასულიყო, ისმაილმა, შაჰ თამაზის მესამე შვილმა, თავისი ცხრა ძმა და ბიძაშვილები გამოასალმა სიცოცხლეს. მან სულ ორიოდე წელი იმეფა, მის შემდეგ ტახტზე მისი ძმა, სიკვდილს შემთხვევით გადარჩენილი ხეიბარი ხუდაბანდა ადის.

    სეფიანთა შიდა დაპირისპირება საკმაოდ კარგი ნიშანია ოსმალოსათვის, რომ ამასიის ზავი დაარღვიოს... ქართველთათვისაც ირან-ოსმალეთის ომია ერთგვარი შვება. მღვრიე წყალში თევზს ადვილად იჭერენ და ეს რეალობა ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს.

    ოსმალოს ცნობილი სარდალი მუსტაფა ლალა ფაშა მოუძღვის, მთავარი სამიზნე ჯერ სამცხე საათაბაგოა, აქედან ქართლში აპირებს გადმოსვლას და ყიზილბაშთა განდევნას... შემდეგ შარვანში ლაშქრობა აქვს გეგმაში, სადაც ყირიმის ხანის ლაშქარი ელოდება ყაზვინზე შეტევის დასაგვირგვინებლად...

    და ამ ფონზე კარგად ხედავს ყიზილბაში, რომ ვერაფერს გააწყობს ოსმალთა უძლიერეს ლაშქართან, ხედავს იმასაც, რომ მისი პოზიციები კავკასიაში ფაქტობრივად განწირულია.

    რატომ გამოუშვეს სიმონ პირველი ალამუთის ციხიდან

    შინა ომიანობით დასუსტებული სეფიანები აგონიაში არიან და აქ ისევ ქართული ჭკუა არის გადამწყვეტი. ხუდაბანდას დედის, ცნობილი მესხი ფეოდალის, ოთარ შალიკაშვილის ქალიშვილის რჩევით სიმონს ათავისუფლებენ ალამუთის ციხიდან და ქართლში უშვებენ, რათა ოსმალეთის წინააღმდეგ ქართველთა ბრძოლას ჩაუდგეს სათავეში...

    ეს ის კოზირია, თავის დროზე შაჰ-თამაზი რომ ინახავდა საგულდაგულოდ... ამის შესახებ ბუნებრივია, იცის მისმა ქართველმა თანამეცხედრემ...

    დიდი აღტკინებითა და სიხარულით ხვდება ქართლი სახელოვან მეფეს... და იწყება კიდეც კიდევ ერთი სახელოვანი ფურცელი ქართული საბრძოლო ეპოპეისა, ამჯერად მსოფლიო ბატონობას შეჭიდებულ ოსმალეთთან, რომელსაც სულ მალე სიმონ პირველი დიდ თავსატეხად ექცა...

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ირაკლი   (13.09.2017)
    ეს ხომ ჩემი საყვარელი მეფეა, ძალიან ბევრი კარგი გააკეთა საქართველოსთვის და ძალიან არ გაუმართლა უგუნური დასავლეთ საქართველოს მეფეების წყალობით. კაცი აერთიანებდა საქართველოს და ომით გაუმკლავდნენ სადაც სიმონმა ხმალი ვერ აღმართა ქართველ ხალხზე, ძალიან ტრაგიკულია მისი სიკვდილი, ღმერთმა გაანათლოს მისი სული და ვისურვებ რომ საქართველოში სიმონის ნაირი ხალხი არ გა,ოლიოს მერთმა, აი მაგეთ ხალხზე იდგა საქართველო მუდამ და მაგიტომაც გვაქცს ამხელა ისტორია. გმერთმა გაანათლოს


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter