სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რომაული იმპერიული სტრატეგიის "გათიშე და იბატონე" ყიზილბაშური ვარიაციები
    მამუკა ნაცვალაძე
    11.09.2017

     ღალატი განსაკუთრებული თემაა საქართველოს ისტორიაში. ერთ მუშტად შეკრული ქართველთა სამეფო, მით უფრო, თუკი ეს ერთიანობა გეოგრაფიულად კავკასიურ ჩარჩოში მოიაზრება, როგორც წესი, დიდ პრობლემებს უქმნის მსოფლიო იმპერიებს, ამიტომაც მსოფლიო ბატონობის მოსურვე მონსტრები ცდილობენ იმ ნაცადი ხერხის დანერგვას, ჯერ კიდევ რომაელებმა რომ გამოიყენეს უზარმაზარი ტერიტორიების კონტროლისათვის.

    "გათიშე და იბატონე" ყველა დროის იმპერიისათვის მართვის კლასიკური სტრატეგიაა. ეს ხერხი საქართველოს წინააღმდეგ წარმატებით გამოიყენება როგორც ქრისტიანული, ასევე მაჰმადიანური იმპერიების მიერ.

    რატომ იყო ქართველთა სამეფო ოჯახი განსაკუთრებული სამიზნე უცხო იმპერიებისათვის

    ფეოდალურ საქართველოში ტრადიციულად მეფე ქვეყნის ერთიანობის გარანტია, სწორედ ამიტომაც გახლავთ ის, როგორც უზენაესი მმართველი, განსაკუთრებული სამიზნე ქვეყნის დასუსტების მსურველთათვის.

    არ არის გასაკვირი, რომ სწორედ მეფესა და სამეფო ოჯახზე მიდის ფსიქოლოგიური შეტევა, შეტევა, რომელიც მიზნად ისახავს იმ ტრადიციული ფასეულობების უარყოფას, ქვეყნის სულ სხვა ეთნოკულტურულ რელსებზე გადასვლას რომ უშლის ხელს.

    ფეოდალური საქართველოს ისტორიაში მეფეს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ის ერის წინამძღოლია, ერის ბედზე დამაშვრალი, მისი ჭირისა და სიხარულის გამზიარებელი. ის მაგალითია დანარჩენი სამეფოს მოსახლეობისათვის.

    ევროპული ტრადიციისგან სრულიად განსხვავებულია ქართველი მეფე - ის შეუპოვრად იბრძვის წინა ხაზზე და საკუთარი მაგალითით უღვივებს მოლაშქრეებს მოტივაციას. აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე საფრთზეა ჩასაფრებული, ქართველი მეფე შეგნებულად გადის ბეწვის ხიდზე, რომელიც სხვა არა არის რა, თუ არა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარი.

    ამიტომაცაა, უმეტეს შემთხვევაში ერთ მუშტად შეკრული ქართული ლაშქარი საგარეო მტერს რომ უპირისპირდება თავდადებით. სხვა მოლაშქრე საკუთარ თავს ვერ ჰკადრებს, ბოლომდე არ დაიხარჯოს ბრძოლაში და მეფეს ჩამორჩეს. მეფე მოლაშქრისთვის იბრძვის, მოლაშქრე - მეფისთვის. ეს ერთიანობა კვებავს საქართველოში ფეოდალურ საზოგადოებას.

    რით განსხვავდება ქართველი მეფე ევროპელი მონარქისაგან

    ეს სულ სხვა მოდელია, თავისი არქიტექტონიკით განსხვავებული ევროპული მოდელისაგან, სადაც უპირველესად მეფის, როგორც მთავარსარდლის უსაფრთხოებაზეა მთელი აქცენტი აღებული, ამიტომაც ქართველი მეფისგან განსხვავებით, ევროპელი მონარქი, თუკი ის ომში მონაწილეობს, ზურგში, უსაფრთხო ადგილასაა გამაგრებული და იქიდან ადევნებს თვალყურს საბრძოლო პერიპეტიებს. მას არ ანაღვლებს, ვინ მოკვდება და ვინ გადარჩება - იქ მეფე სრულიად ემიჯნება თავის ლაშქარს როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად.

    ეს განსხვავებული დამოკიდებულებები ბუნებრივია, საზოგადოებრივი ცხოვრების ანარეკლია - თუკი ევროპელი მონარქისათვის უცხოა დაბალი ფენების პრობლემები, რაც სოციალური დაპირისპირების უმთავრესი წინაპირობაა, ქართველი მეფე სწორედაც რომ თანაზიარია თავისი მოლაშქრის ყოფა-ცხოვრების, იცის, რით და როგორ საზრდოობენ მისი სამეფოს მცხოვრებნი, მისთვის დაბალ სოციალურ ფენებზე ზრუნვა ქვეყნის კეთილდღეობის მთავარი გარანტია.

    ბუნებრივია, გამონაკლისები არის საქართველოს ისტორიაში, თუმცა, სახასიათო რეალობაა ის, რომ მეფის მიერ სოციალური ჩაგვრის წახალისება არასდროს ითვლებოდა კარგ ტონად ქართულ ცნობიერებაში, სწორედ ამიტომაც შემორჩენ მსოფლიო ისტორიას ბაგრატიონები განსაკუთრებულად - ეს არის ერთადერთი დინასტია მსოფლიში, საკუთარი ერი რომ არ აჯანყებია.

    როგორ ცდილობდნენ სეფიანები, სიმონისათვის დაეპირისპირებინათ საკუთარი ძმა

    ეს ის დეტალებია, რომლებიც ფეოდალური საქართველოს ისტორიას საუკუნეების განმავლობაში კვებავს. ბუნებრივია, საქართველოში გაბატონების მოსურნე ძალა აშკარა საბრძოლო დაპირისპირების პარალელურად სწორედ ამ დეტალებს სწავლობს და არცაა გასაკვირი, რომ აქცენტს იმაზე აკეთებს, სამეფო ოჯახში შეიტანოს დისონანსი და ურთიერთობა დაამყაროს ქართველთა სამეფო ოჯახის იმ წევრთან, რომელიც მზადაა, უღალატოს საკუთარ ოჯახს, სამეფოს.

    ამ მხრივ სახასიათოა მეთექვსმეტე საუკუნე, როცა ორ მაჰმადიანურ მონსტრს - ირანსა და ოსმალეთს დიდი პრობლემები შეუქმნეს თავდადებულმა ქართველმა მეფეებმა ლუარსაბ პირველმა და სიმონ პირველმა. სწორედ მათი ხმლის ქნევის შედეგად გადარჩა საქართველო, მათი გარჯით შეინარჩუნა თვითმყოფადობა და კულტურული ფესვები ერმა.

    აშკარაა მაჰმადიანთათვის, რომ მარტო ხმლის ქნევით ვერ მოერევიან ქართველობას, ამიტომაც სხვა სტრატეგიებს უნდა მიმართონ. მთავარი სამიზნე სწორედ სამეფო ოჯახია, სწორედ სამეფო ოჯახის ერთიანობა უნდა დაირღვეს.

    ძნელია იმის თქმა, როგორ და რა გზებით მოახერხა შაჰ-თამაზმა მეფე ლუარსაბის შვილ დავითის გადაბირება, შესაძლოა, ამის მიზეზი ბატონიშვილის მიერ ის პოლიტიკური ანალიზი გახდა, ერთი მხრივ, კახეთის მშვიდობიან პოლიტიკასა და ქართლის მუდმივ ომიანობას რომ მოჰყვა. რთულია მუდმივად ომის რეჟიმში ცხოვრება, ფსიქოლოგიურად დამთრგუნველია და შესაძლოა, ამ მხრივ მართლაც ყოფილიყო მნიშვნელოვანი მოტივაცია დავითისათვის სეფიანებთან კავშირი, თუმცა, მისი შემდგომი საქმიანობა აშკარად წარმოაჩენს იმას, რომ მას მეფობა სწყურია, ისიც კარგად იცის, რომ სიმონს ვერ დაუპირისპირდება, ვერაფერს მოუხერხებს, რამდენადაც საკმაოდ გაბედული და ფიცხია ლუარსაბის სახელოვანი ძე, ამიტომაც დავითი საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად მხოლოდ ერთადერთ გზას ხედავს - ეს ყაზვინის გზაა, იმდროინდელი სეფიანების სატახტო ქალაქის გზა. აქ შაჰ-თამაზი ზის, ჰოდა, ლუარსაბის უღირსი შვილი იმჟამინდელი ქართლის სატახტო ქალაქიდან, გორიდან ჩუმად იპარება და ჩადის ყიზილბაშებთან.

     დაუდ ხანი - სეფიანთა ქართული პოლიტიკის კოზირი

    ვახუშტი ბატონიშვილი ასე გადმოგვცემს ამ ამბავს: "წარვიდა სპარსეთად, რამეთუ კაცი ხორცთ-მოყვარე, მეძავ-განცხრომელ, და იქმნა გამცემელ ქვეყნისა". დავითი მარტო არაა, რენეგატი თავადების ნაწილი ახლავს თან... შაჰ-თამაზს დიდი მეჯლისი გაუმართავს ქართველი ბატონიშვილის პატივსაცემად. როგორც ფარსადან გორგიჯანიძე გვამცნობს, "ვითარც ხელმწიფეს, ქვეშ მოუფინეს და სასთუმალი დაუდვეს და მისნი თავადნი მეჯლისშიგ მსხდომთ ალაგ-ალაგ შუა და შუა ჩაუსხეს."

    იოლია დავითის დაყოლიება, მაჰმადიანობას იღებს და წყალობად თამაზიც უფრო "კეთილშობილ" სახელ დაუდ ხანს არქმევს. ნდობის ნიშნად საკუთარ ხმალს უბოძებს და სარტყელსაც თავად შემოარტყამს. ფულიც არ დაუნანია თამაზს. როგორც ვახუშტი გვამცნობს, 9 ათას თუმნად გაყიდა დიდი ლუარსაბის შვილმა საკუთარი სამშობლო.

    დაბოლოს, მეჯლისი მთავრდება იმით, რისთვისაც დაუდ ხანი ყაზვინს სეფიანებს ეახლა - ის თბილისის მმართველად დანიშნეს, მეფობა უბოძეს. ის მეფობა, რომელსაც არასდროს აღიარებს ქართველობა და რაც თბილისს იქით, ფაქტობრივად, არც გავრცელებულა.

    ეს ნაკლებად ადარდებს მრისხანე თამაზს, რამდენადაც მან მიიღო ის, რასაც ესწრაფოდა - დაუდ ხანი მის ხელში დიდი კოზირია ქართველობის წინააღმდეგ, ფაქტია, რომ მეთექვსმეტე საუკუნის მეორე ნახევრის განმავლობაში სწორედ დაუდ ხანი აღმოჩნდა ყიზილბაშური პოლიტიკის მთავარი დასაყრდენი, სწორედ მის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია აღასრულა ფარცხისის ბრძოლისას კახაბერ ყორღანაშვილმა, რაც მას და მის სახლეულობას სიკვდილის ფასად დაუჯდათ.

    რატომ გადაიტანა დაუდ ხანმა რეზიდენცია თბილისიდან ლორეში

    ფარცხისის შემდეგ, სადაც ყიზილბაშებმა ტყვედ ჩაიგდეს სიმონი, თითქოს უნდა ამოისუნთქოს დაუდ ხანმა, მაგრამ არავინ აძლევს მოსვენებას, განსაკუთრებით საჩინო ბარათაშვილი აქტიურობს, ამას ოსმალთა გააქტიურებაც ერთვის თან. ერთადერთ გამოსავალს პოულობს დაუდ ხანი - მისი ბრძანებით თბილისი გადაწვეს და სამეფო რეზიდენცია ლორეში გადაიტანეს.

    სიმონ მეფის გათავისუფლების შემდეგ კი სრულ აგონიაშია - მის გამგებლობაში მყოფი ყველა ციხე-ქალაქს ოსმალეთს უტოვებს და თავად სტამბულში გარბის ხონთქართან.

    კიდევ ერთხელ დასტურდება - მოღალატისთვის ერთგულების განცდა უცხოა, რა თქმა უნდა, იციან სტამბულში ამის შესახებ და მიუხედავად იმისა, რომ სიხარულით ხვდებიან, აშკარაა, ის ახლა საქართველოსა და ყიზილბაშებისათვის სჭირდებათ მარიონეტად... ვეღარ შეძლო მნიშვნელოვანი საქმის აღსრულება დაუდ ხანმა - სულ მალე იქვე სტამბულში გარდაიცვალა.

    ამბავი კიდევ ერთი დაუდ ხანისა

    მკითხველი რომ არ დავაბნიოთ, კიდევ ერთი სახასიათო დეტალს შევეხებით - საქართველოს ისტორიას ორი დაუდ ხანი შემორჩა - ერთი უნდილაძე, სახელოვანი ალავერდი ხანის ძე, მეორე - ასევე სახელოვანი ლუარსაბ პირველის შვილი.

    ფართო მასებისთვის ეს უკანასკნელი შედარებით უცნობი ფიგურაა, იმდენად დიდია მეფე ლუარსაბისა და მისი საქმის ღირსეულ გამგრძელებელ სიმონ პირველის დამსახურება საქართველოს ისტორიის წინაშე, რომ იმ უკეთურებას, რაც ამ ოჯახს არგუნა განგებამ რენეგატი დაუდ ხანის სახით, ხშირად ხსენების ღირსადაც არ თვლიან.

    ორ დაუდ ხანს ერთმანეთთან დაახლოებით სამიოდე ათეული წელი აშორებს - უფრო ცნობილ დაუდ ხანს, ალავერდი ხანის ძეს, განჯა-ყარაბაღის ბეგლარბეგს მჭიდრო კავშირი აქვს ქართლის სამეფო კართან, ცდილობს, დააბალანსოს შაჰ-აბასის პოლიტიკა საქართველოს მიმართ და ამ მიზნით აქტიურადაა ჩართული თბილისის მახლობლად თეიმურაზ |-თან გამართულ მოლაპარაკებაში.

    საცნაური კი სწორედ ისაა, რომ დაუდ ხანი ალავერდის ძე თავისი სეხნიის რენეგატი დაუდ ხანის შვილის ხოსრო მირზას ინტრიგებს ეწირება - შაჰ-აბასის სიკვდილის შემდეგ სწორედ ხოსრო-მირზამ - შემდგომში როსტომ-ხანმა შეძლო, ჯერ დაუდ ხან უნდილაძის დაქვეითება, შემდეგ კი მისი მეჯლისიდან გაძევება.

    ის, რაც ვერ მოახერხა დაუდ ხანმა, სიმონ მეფის ძმამ და სახელოვანი ლუარსაბ პირველის რენეგატმა შვილმა, ახლა მისმა ძემ ხოსრო-მირზამ უნდა გააკეთოს. იმ ხოსრო მირზამ, დაუდ ხან უნდილაძე რომ ჩამოიცილა გზიდან და სეფი მირზასგან სრული კარტ-ბლანში რომ მიიღო.

    ღალატის ანატომიის ულმობელი ფორმულა

    ასეთია სეფიანთა პოლიტიკური დაკვეთა. ხმლის ქნევას მშვიდობიანობა უნდა შეენაცვლოს და სწორედ ამ მშვიდობიანობისას უნდა აღსრულდეს ის, რაც მაჰმადიანებს ოცნებად ქცევიათ... ქრისტიანული კულტურული სივრცე მაქსიმალურად უნდა შევიწროვდეს და მისი ადგილი მაჰმადიანურმა ეთნოკულტურამ უნდა ჩაანაცვლოს...

    როსტომ ხანის ტახტზე ასვლით, 1632 წელს მზადდება კიდევ ერთი დიდი შეტევა ქართულ ეროვნულ ფასეულობებზე... ხანგრძლივ ომიანობას წერტილი დაესვა და მშვიდობიანობა დამკვიდრდა... არადა, ამ მშვიდობიანობით სეფიანთა უკიდურესად მზაკვრული იდეოლოგიური პოლიტიკაა შეფუთული. "არა არს დაფარული, რაიც არა გაცხადდეს" და ქართველობა ამ მზაკვრობას ბახტრიონის აჯანყებით პასუხობს...

    კიდევ ერთხელ წარმოჩნიდა - ქართველთა ღალატის ანატომიის ულმობელი ფორმულა, რომელიც სრულად აშიშვლებს იმ შედეგებს, რაც ამ პოლიტიკურ იწილო-ბიწილოს მოსდევს შედეგად - საცნაური კი ისაა, რომ ამ ღალატისას, როგორც წესი, ქართველთაგან მოგებული არავინ რჩება...

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter