სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ფრინველების ფესტივალი წელს 24 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე გაიმართება
    თამუნა მუკბანიანი
    12.09.2017

     უცხოელმა მეცნიერებმა აჭარა, როგორც მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთი უდიდესი დერეფანი, 10 წლის წინ აღმოაჩინეს. მას შემდეგ ორინტოლოგები და მოყვარული ტურისტები მთელი მსოფლიოდან გადამფრენ ფრინველებს სოფელ სახალვაშოსა და შუამთის პლატფორმებიდან აკვირდებიან. უკვე ტრადიციადქცეული გადამფრენი ფრინველების ფესტივალი წელს 24 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე გაიმართება.

    გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება მთელ მსოფლიოში ტურიზმის ერთ-ერთი პოპულარული სახეობაა. ამ მხრივ დიდი პოტენციალი აქვს აჭარის რეგიონს. შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი "აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის" სახელითაა ცნობილი, სადაც ყოველწლიურად 1 000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. 15 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე 30 სახეობის 1 მილიონამდე მტაცებელი ფრინველი გადაიფრენს აჭარის გავლით აფრიკისკენ.

    ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფლები სახალვაშო და ჩაისუბანი საუკეთესო ადგილია მათთვის, ვინც ერთმანეთს ინფორმაციას უზიარებს მტაცებელი ფრინველების ეკოლოგიისა და მიგრაციის შესახებ. აქ ფრინველებზე დაკვირვებისათვის პლატფორმებია მოწყობილი და მათთან მისასვლელი ბილიკებიც მარკირებულია. გარდა ამ სოფლებისა, რეგიონში ფრინველებზე დაკვირვება ასევე შესაძლებელია მტირალას ეროვნულ პარკში, ისპანის ჭაობსა და ჭოროხის დელტაზე.

    სწორედ სახალვაშოსა და შუამთის პლატფორმებიდან ახორციელებენ დაკვირვებას საერთაშორისო ორგანიზაცია "ბიარსის" წევრები. ორინტოლოგები და მოყვარულები ორი თვის განმავლობაში ყოველდღე, 11 საათის განმავლობაში აკვირდებიან და აღრიცხავენ მტაცებელი ფრინველების მიგრაციას.

    აკი ფინელი ორინტოლოგია. ამბობს, რომ აჭარის რეგიონი გადამფრენი ფრინველების მიგრირების დაკვირვებისათვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია მსოფლიოში. ორგანიზაცია "ბიარსი" კი, რომლის წევრიც თავადაცაა, ამ პროცესს უკვე წლებია, 2 თვის განმავლობაში აჭარიდან აკვირდება.

    "ორგანიზაცია "ბიარსი", რომლის წევრიც თავადაც ვარ, საერთაშორისოა და იქ გაერთიანებული არიან ევროპის თითქმის ყველა ქვეყნიდან ორინტოლოგები. საქართველო და კერძოდ კი აჭარა ამ მხრივ ნამდვილად გამორჩეულია და სწორედ აქ არის "აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფანი", სადაც 30 სახეობის 1 მილიონამდე მტაცებელ ფრინველზე დაკვირვებაა შესაძლებელი ორი თვის განმავლობაში. ამ პლატფორმებიდან შესაძლებელია უიშვიათესი სახეობების დაკვირვება. სწორედ ამიტომ ვსტუმრობთ ყოველ წელს თქვენს ქვეყანას", - აცხადებს აკი.

    ზღვისპირა ტურიზმის გარდა, დღეს აჭარაში სამთო, კერძოდ კი "ბირდ ვოჩინგის" სახეობის ტურიზმი ვითარდება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი აცხადებს, რომ აჭარას ამ კუთხითაც უდიდესი პოტენციალი გააჩნია და ისინი ყველაფერს აკეთებენ, ამ პოტენციალის შესახებ მეტ მეცნიერსა და მოყვარულს მიაწოდონ ინფორმაცია.

    "ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწოდოთ ინფორმაცია, როგორც მეცნიერებს, ასევე ტურისტებს, რომლებიც "ბირდ ვოჩინგის" მოყვარულებს შორის არიან. ეს არის ტურიზმის სახეობა, რომელიც მთელ მსოფლიოში პოპულარულია და ამ მხრივ აჭარის პოტენციალი გამორჩეულია. ეს სახეობა ძალიან ახლოს არის ეკოტურიზმსა და სოფლის ტურიზმთან", - აცხადებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი.

    აჭარაში 2012 წლიდან უკვე ტრადიციად იქცა ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი. ყველაზე მეტი უცხოელი და ქართველი "ბირდ ვოჩერი" აჭარას სწორედ ამ დროს სტუმრობს. ფესტივალი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, ტურისტული პროდუქტების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება. აჭარა აღნიშნულ ფესტივალს 24-30 სექტემბერს უმასპინძლებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter