სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მამუკა ნაცვალაძე
    09.10.2017

     1437 წელს ფერარაში დაწყებული საეკლესიო კრება ტკივილად შემორჩა ქრისტიანთა მეხსიერებას. იტალიის ულამაზეს ქალაქში სრულიად საქრისტიანო უნდა შეიკრიბოს. რომის პაპის სამწყემსო მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს უნდა შეხვდეს და კათოლიკური და მართლმადიდებელი ეკლესიების გაერთიანების საკითხი უნდა გადაწყვიტოს. ეს რომის პაპის ინიციატივაა, კონსტანტინოპოლის პატრიარქიც ყაბულს გახლავთ...

    ბიზანტიის იმპერიის ბასტიონის დაცემას თექვსმეტი წელი აშორებს. თექვსმეტი წელიც და თავდაყირა დადგება მსოფლიო ისტორია, თუმცა, მანამდე ევროპას ჯერ კიდევ არ აქვს გაცნობიერებული, რა ტკივილიანი იქნება კონსტანტინოპოლის დაცემა...

    როგორ ცდილობდა რომი კონსტანტინოპოლთან დაახლოებას

    1054 წელი ერთგვარი წყალგამყოფია მსოფლიო ეკლესიის ისტორიისა, ამ დროს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესია საბოლოოდ დაშორდა ერთმანეთს. ეს არ არის უმტკივნეულო პროცესი, რომელიც მხოლოდ საეკლესიო ჩარჩოშია მოქცეული. უკიდურესი კონფრონტაციის ფორმებსა და მეთოდებს მომდევნო პერიოდში მრავლად ვხვდებით.

    უკიდურესად გართულდა სიტუაცია მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობისას, როცა ევროპელი ჯვაროსნები გენუელი ვაჭრების დაკვეთას ასრულებენ და ქრისტეს საფლავის დახსნის ნაცვლად იერუსალიმში კი არ ლაშქრობენ, კონსტანტინოპოლს იპყრობენ.

    მატიანეები მრავლად მოგვითხრობენ იმ უსასტიკესი სისხლიანი ცოდვის კალოს შესახებ, ევროპელმა ჯვაროსნებმა რომ მოაწყეს კონსტანტინოპოლში. 1204 წელი ის თარიღია, რომელიც არასდროს წაიშლება მართლმადიდებელთა ხსოვნიდან. სწორედ ამ სისასტიკის გამოძახილი გახლდათ კონსტანტინოპოლის ბოლო დღეებისას 1453 წლის მაისის მიწურულს ლუკას ნოტარის გოდება: მირჩევნია მეჰმედ მეორემ დაიკავოს კონსტანტინოპოლი, ვიდრე ურჯულო კათოლიკებმაო.

    საგულისხმოა, რომ კონსტანტინოპოლის სისხლიანი ტრაგედიის შემდეგ ორი ეკლესიის დაახლოება პირველად სცადა ლიონის საეკლესიო კრებამ 1274 წელს. გაფორმდა კიდეც პირველი უნია, თუმცა უმოკლეს დროში უარყვეს ბიზანტიაში.

    რა მიზანს ისახავდა მანუელ პალეოლოგის მოგზაურობა ევროპაში

    საცნაურია, რომ ლენგ თემურის შემოსევებმა ფერარა-ფლორენციის უნიამდე სამი ათეული წლით ადრე იხსნა კონსტანტინოპოლი დაცემისგან, მაშინ თურქმანები იმ დროს საკმაოდ მოძლიერებულ ოსმალებს დაუპირისპირდნენ და სასტიკად დაამარცხეს. ტყვედ ჩაგდებული ბაიაზიდ მეორის შემყურე დამარცხებულ ოსმალებს კონსტანტინოპოლისთვის აღარ სცხელათ, არადა, მათ სულ მცირე ნაბიჯი რჩებოდათ აღმოსავლეთის საქრისტიანოს მთავარი ქალაქის დაპყრობამდე.

    საცნაურია ისიც, რომ ამ დროს კონსტანტინოპოლის იმპერია შაგრენის ტყავივით დაპატარავებულა და ერთი ქალაქის ფარგლებში მოქცეულა...

    თემურ ლენგის სიკვდილის შემდეგ ამოისუნთქა ოსმალეთმა, ეს ბიზანტიამაც იგრძნო და მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილებაზეც დაიწყო ფიქრი.

    XIV საუკუნის ათიანი წლებიდან ბიზანტია აქტიურად ცდილობს, ევროპაში იპოვოს სამხედრო მოკავშირეები. მას არა მარტო ოსმალეთი ემუქრება, სერბეთიც უქმნის მნიშვნელოვან პრობლემებს.

    რატომ დაეთანხმა იოანე პალეოლოგი პაპის ულტიმატუმს

    იმპერატორი მანუელ მეორე პალეოლოგი საგანგებოდ მოგზაურობს ინგლისში, იტალიასა და საფრანგეთში, ხვდება ევროპელ მონარქებსა და რომის პაპს. მიზანი ბიზანტიის იმპერიის გადარჩენაა. რომის პაპი თანახმაა, ოღონდ ერთი პირობით - სამხედრო დახმარების საფასურად ის მართლმადიდებლური სამყაროსაგან უნიაზე ხელისმოწერას ითხოვს, რომლის მიხედვითაც მართლმადიდებლობა დასავლეთის კათოლიკურ ეკლესიას უნდა დაემორჩილოს.

    ბუნებრივია, ეს მიუღებელი წინადადებაა კონსტანტინოპოლისთვის, მაგრამ მეთხუთმეტე საუკუნის 30-ანი წლების ბოლოს სიტუაცია ისე მძიმდება, რომ ბიზანტიის იმპერატორი იოანე მერვე პალეოლოგი მზადაა, რომის პაპის ულტიმატუმი მიიღოს.

    ახლა გადარჩენისთვის ყველაფერს აკეთებს კონსტანტინოპოლი, საქრისტიანო ერთობაც ამიტომ გაახსენდა, თუმცა, რომის პაპს თავისი გათვლები აქვს - მას სულ არ ადარდებს, დაეცემა თუ არა რომეების იმპერია, პაპს საკუთარი ძალაუფლების გავრცელება სურს, პოლიტიკური საზღვრების გაფართოებისათვის კი უძლური და უნიათო კონსტანტინოპოლი საუკეთესო სამიზნეა.

    ამბავი რომის პაპის თაღლითური სქემისა

    მაგრამ საგულისხმოა ისიც, რომ თავად დასავლეთი ევროპა, რომის პაპ ევგენი მეოთხის სულიერი სამწყმსო არაა ერთიანი, თანაც შიდა არეულობით დაკავებულ სახელმწიფოებს რეალურად არ შეუძლიათ ქმედითი დახმარების აღმოჩენა რომეებისთვის.

    მარტო იტალიაა ამის მაგალითი. უამრავ დაპირისპირებულ ქალაქად დაქუცმაცებულ აპენინის ნახევარკუნძულიც კი ვერ მოახერხებს ერთი იდეის გარშემო კონსოლიდაციას. ეს კიდევ ერთი ნიმუშია, რომ რომის პაპი ფერარა-ფლორენციის კრების მეშვეობით საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებზე ფიქრობს და სხვა არაფერზე. თანაც შარზეა.

    პაპის ამბიციების დაკმაყოფილებას ოფიციალური დასტური უნდა, მათ შორის - ქართული დელეგაციიდან, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ფერარა-ფლორენციაში.

    ზეობა ქართველთა ალექსანდრე დიდისა

    საქართველოსთვის ფერარა-ფლორენციის კრებას უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრებოდა. ეს სწორედ ის დროა, ქვეყანამ თავის თავში რომ იპოვა ძალა, ლენგ თემურის შემოსევების შემდგომ აღორძინების გზაზე დამდგარიყო.

    რთულ დროს მოუწია მეფობა ალექსანდრე დიდს. საქართველოს თემურ-ლენგის რვაგზის შემოსევისგან ჯერ კიდევ მოუშუშებელი აქვს იარები, იავარქმნილია ქვეყანა, სახიჩარმა დაანგრია ყველაფერი, რისი დანგრევაც შეიძლებოდა...

    ასეთ დროს ურთულესია, იფიქრო ქვეყნის აღორძინებაზე. არადა, ალექსანდრეს ამას სამეფო გვირგვინი ავალდებულებს. ისიც ღირსეულად იღვწის მუხლჩაუხრელად. მანამდე სამიოდ წელი ჯერ კიდევ უხდება საქართველოს თურქმანთა შემოსევების მოგერიება... მხოლოდ 1415 წელს დგება ჟამი მშვიდობისა...

    მეფის ნება ერთია და შესაძლებლობა - მეორე - ხაზინა ცარიელია, არადა, შენებას ფინანსური სახსარი უნდა, ამიტომაც გამოსავალი უნდა მოიძებნოს - დროებითი საკომლო გადასახადი აღმოჩნდა ქვეყნისთვის შვება. ხალხი გაგებით ეკიდება მეფის ვერდიქტს. სწორედ ამ გადასახადით მოხერხდა სვეტიცხოვლის მონასტრის, რუისის ტაძარისა და სხვა არაერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლის აღდგენა, აღადგინეს საფორტიფიკაციო ნაგებობები, რომელნიც საქართველოს მშვიდობიანობას უზრუნველყოფდნენ.

    ამბავი ერთიანი საქართველოს ბოლო გაელვებისა

    ალექანდრეს ქვეყნის მოძლიერება იმისთვისაც სჭირდება, საქართველო ძველ საზღვრებში დააბრუნოს. ამ მიზანს ემსახურება სამხრეთის მიმართულებით ლაშქრობა, რომლის შედეგად იერთებს ციხე-ქალაქ ლორეს, ასევე წარმატებულია სივნიეთის მიმართულებით ლაშქრობა. ახლანდელი ყარაბაღი და მისი მეზობელი თემები სწორედ ამ სამხედრო კამპანიის შედეგად დაიბრუნა საქართველომ.

    მთავარი შედეგი კი ისაა, რომ უკიდურესად შემცირებული მოსახლეობა მნიშვნელოვნად იზრდება, ქვეყანა სულ სხვა მასშტაბებზე ფიქრობს, ამიტომაც დღის წესრიგში დგება სომეხ ლტოლვილთა ჩამოსახლება და მათი მეშვეობით სავაჭრო ურთიერთობების გაცხოველება, რაც სულ სხვა სარგებელს მოუტანს ქვეყანას.

    გამორჩეული ძალა იგრძნო ალექსანდრე დიდის ზეობისას ქართულმა ეკლესიამ, განსაკუთრებული ფასი შესძინა ალექსანდრეს ღვაწლს უცხოეთის ქართული მონასტრების განახლებამ.

    ეს საქართველოს სამეფოს გამარჯვება გახლდათ, სახიჩარი თემური ხომ იმისთვის იღვწოდა, პირისაგან მიწისა აელაგმა ქრისტიანობა და ქვეყნის სულიერი საყრდენი შეებილწა.

    ლენგ თემურმა საფლავში წაიღო თავისი ოცნება, ვერ აღმოჩნდა ჟამთა სვლა მისი მოკავშირე, ქართველთა თავდადებამ თავისი გაიტანა - გაჭირვებამ უფრო განამტკიცა რწმენა, და რაც მთავარია, კვლავ გადავრჩით და ამის მიზეზი ის გეოგრაფიული ფაქტორი - მთისა და ბარის ერთობა იყო, რაც ყველა დროის საქართველოს გადარჩენის მთავარი წინაპირობა გახლდათ.

    ფერარა-ფლორენციის კრების უცნაურობანი

    1437 წელს ფერარაში სრულიად ევროპის საქრისტიანო უნდა შეკრებილიყო, თუმცა მძიმე პოლიტიკური სიტუაციის გამო რომის პაპმა ვერ უზრუნველყო კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელთა სრულად დასწრება, რის გამოც აშკარა გახლდათ, რომ კრება მართლმადიდებელთათვის აზრს კარგავდა.

    საგულისხმოა, რომ ამ კრებას კიდევ რამდენიმე უცნაურობა ახლავს. პირველი ის იყო, რომ ის სამ წელს გაგრძელდა. 1437 წელს დაიწყო და 1439 წელს დასრულდა. თავად ეს ფაქტიც მიანიშნებს, რაოდენ მძიმე გახლდათ იქ არსებული პოლიტიკური ფონი. ურთიერთობის სხვადასხვა ფორმა. დაყვავება, თხოვნა-მუდარა, დამუნათება, მათ შორის ძალადობრივი მექანიზმები მაქსიმალურად იყო გამოყენებული სათანადო მიზნის მისაღწევად. სწორედ ამან გაჭიმა დრო. ტაქტიკური ფორმების ცვლამ ბუნებრივია, საკმაო ხანი მოითხოვა.

    მეორე უცნაურობა გახლდათ ის, რომ კრება ფერარაში დაიწყო და ფლორენციაში გაგრძელდა. ამასაც თავისი ყოფითი მიზეზი გააჩნდა - სამღვდელოება ფერარაში გავრცელებულ შავ ჭირს განერიდა და თავი ფლორენციას შეაფარა.

    ამბავი ქართველთა დელეგაციის დიდი ქუდებისა და განსწავლულობისა

    საგულისხმო ფაქტია - საქართველოს მეფე ალექსანდრე დიდმა საეკლესიო კრებაზე გასამგზავრებლად 20 ათასი ოქრო გაუგზავნა ბიზანტიის იმპერატორს იმისათვის, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ან თავად წასულიყო, ანდა წარმომადგენლები გაეგზავნა ფერარა-ფლორენციაში. ისიც საცნაურია, რომ ქართულ დელეგაციას ჰქონდა სერბეთის ეკლესიის მანდატი.

    ფერარა-ფლორენციის კრებაზე ქართული დელეგაცია წარსდგა ორი წარმომადგენლით. იქ იყვნენ მიტროპოლიტები გრიგორი და იოანე. ნიშანდობლივია ისიც, რომ ქართულ დელეგაციას თავიდანვე მიუქცევია ყურადღება მდიდრული ჩაცმულობითა და დიდი ქუდებით, თუმცა სულ მალე იქ შეკრებილნი ჩვენებურების განათლების დონესაც მოუხიბლავს.

    სწორედ ქართველი მღვდელთმსახურები ყოფილან რომის პაპის მთავარი ოპონენტები. ფერარა-ფლორენციის კრების მემატიანე საგანგებოდ მიანიშნებს, რომ რომის პაპს ვერ წარმოუდგენია ვერანაირი არგუმენტი ქართველ მღვდელთმსახურებთან პოლემიკაში და გაჩუმებულა.

    კიდევ ერთი სახასიათო დეტალი - ქრისტიანულ სამყაროში არსებობდა ერთგვარი რანგთა ტაბელი, რომელიც ქვეყნის მდგომარეობასა და პრესტიჟულობას განსაზღვრავდა. საეკლესიო კრების მსვლელობისას დელეგაციათა განთავსებაც შესაბამისად ხდებოდა. სწორედ აღნიშნული ფაქტი მოწმობს, რომ ამ დროს საქართველოს რანგით მეხუთე პოზიცია უკავია.

    რატომ შერაცხა გმირად მართლმადიდებლურმა სამყარომ ქართველი მიტროპოლიტი გრიგორი

    რომის პაპმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მართლმადიდებლებს ხელი მოეწერათ უნიაზე. ეკლესიათა გაერთიანების წინააღმდეგი წავიდა მხოლოდ ოთხი მიტროპოლიტი, მათ შორის - ქართველი გრიგორი.

    ეს იყო უდიდესი გამარჯვება და ავტორიტეტის მომტანი ქართული ეკლესიისათვის, რასაც საგანგებოდ აღნინავენ ყველა დროისა და ქვეყნის მემატიანეები, რომელნიც ამ კრების ისტორიას ეხებიან.

    1439 წლის ივლისში რომის პაპმა ყველაფერი დაასრულა... თუმცა, გავა სულ რაღაც 14 წელი და ფერარა-ფლორენციის უნიას მწარე ცოდვად გაიხსენებენ მართლმადიდებელნი...

    კონსტანტინოპოლის დაცემა 1453 წელს სწორედაც რომ ამ ცოდვას მიეწერება... ეს მაშინ სამყაროს დასასრულის ტოლფას მოვლენად აღიქვეს და ამ ტრაგედიისთვის მთელი პასუხისმგებლობა იმ ხალხს დააკისრეს, ვინც მართლმადიდებლობას უღალატა.

    ეს იმდროინდელი პროვიდენციალური აზროვნების ლოგიკაა...

    საცნაური კი სწორედ ისაა, რომ ამ ტრაგიკულ ფონზე ქართველი მიტროპოლიტის გმირობის ამბავი მთელ საქრისტიანოში არაკად ვრცელდება, მათ შორის - რუსეთში... რუსული ეკლესია, იმ დროს რომ ავტოკეფალიას ნატრობს, სწორედ ქართველ მიტროპოლიტ გრიგორის უსახავს სამაგალითოდ საკუთარ მრევლს და საქვეყნოდ შეაჩვენებს საკუთარ მიტროპოლიტ ისიდორეს, უნიაზე რომ მოაწერა ხელი...

    გავა შვიდიოდე წელი და 1461 წელს წინა აზიაში უკანასკნელი ქრისტიანული ბასტიონი ტრაპიზონის იმპერიაც დაეცემა...

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ვასიკო   (10.10.2017)
    😂😂😂


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter