სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    09.10.2017

     1918 წლის 26 მაისს, ნაშუადღევს, 5 საათსა და 10 წუთზე თბილისში, გოლიცინის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში ხელი მოეწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს, რომლითაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობის აქტს მამაკაც დეპუტატებთან ერთად ხელი მოაწერეს დეპუტატმა ქალებმაც", - იუწყებოდა მაშინდელი ქართული პრესა.

    ვინ იყვნენ პირველი პარლამენტარი ქალები და რა როლი მიუძღვით მათ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში - ამის შესახებ გვინდა რამდენიმე საინტერესო მასალა შევთავაზოთ ჩვენს მკითხველს დღევანდელ სტატიაში.

    როგორც ისტორიკოსები ამბობენ, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ევროპის ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოში ქალთა წარმომადგენლობა იშვიათი მოვლენა იყო, ქართველმა ქალებმა მოახერხეს და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, არჩევნების პირველსავე ეტაპზე დეპუტატები გახდნენ. მათ დიდი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მუშაობის გამოცდილება ჰქონდათ, უმრავლესობა 1905 წლის რევოლუციის მონაწილე და ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი ორგანიზაციების აქტიური ლიდერი იყო.

    1918 წლის არჩევნებისთვის სხვადასხვა პარტიის საარჩევნო სიებში კანდიდატებად სულ ოცამდე ქალი დარეგისტრირდა. დამფუძნებელი კრების წევრის სტატუსი 130-მა დეპუტატმა მოიპოვა, მათ შორის იყო 5 ქალი: ელისაბედ ბოლქვაძე, მინადორა ტოროშელიძე, ქრისტინე შარაშიძე, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე და ანა სოლოღაშვილი.

    აქედან სამი - ელისაბედ ბოლქვაძე, ანა სოლოღაშვილი და ელეონორა მახვილაძე - ხელს აწერს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს.

    როგორც ისტორიული მასალებიდან ირკვევა, თითიოეულ მათგანს ძალიან საინტერესო ბიოგრაფია აქვს. მინადორა ტოროშელიძემ დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზია. 1901 წელს სასწავლებლად გაემგზავრა საზღვარგარეთ, წარმატებით ჩააბარა ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე და მაშინვე ჩაება მარქსისტულ წრეებში. იყო "ისკრის" დამხმარე ჯგუფის წევრი.

    1905 წელს მეუღლესთან ერთად ბრუნდება საქართველოში, მუშაობას იწყებს "წითელი ჯვრისა" და ამერიკის დახმარების ადმინისტრაციაში. პარალელურად ხელმძღვანელობს ქალთა არალეგალურ ორგანიზაციას, რომელიც პოლიტპატიმართა ოჯახებს ეხმარებოდა.

    საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მინადორა ტოროშელიძე ბოლშევიკების რეპრესიების მსხვერპლი გახდა. იგი 1924 წელს დააპატიმრეს და 5 წლით ყაზახეთში გადაასახლეს, შემდეგ კი 1937 წელს 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

    ელეონორა ტერ-ფარსაგოვა-მახვილაძე 1902 წლიდან იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, 1905 წლის 17 ოქტომბრის მანიფესტის შემდეგ - სოციალ-დემოკრატების ბათუმის კომიტეტის სოხუმის ჯგუფის წევრი და ხელმძღვანელი. სწორედ ამ ორგანიზაციამ აიღო ხელში სოხუმის მმართველობა და მეფის ხელისუფლების თითქმის ყველა სტრუქტურა ჩაანაცვლა. რა თქმა უნდა, მაშინდელმა რეჟიმმა ეს არ აპატია და 1908 წელს იგი დააპატიმრეს.

    საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ელეონორა მახვილაძე დამფუძნებელი კრების წევრი იყო. 1921 წლიდან ჩაერთო ანტისაბჭოთა არალეგალურ მოძრაობაში. 1926 წელს საგანგებო კომისიამ ელეონორა მახვილაძე დააპატიმრა და გადაასახლა.

    ქრისტინე შარაშიძე პოლიტიკურ ასპარეზზე 1904 წელს გამოჩნდა. 15 წლის გოგონა უკვე არალეგალური ორგანიზაციის წევრი იყო. მისი ინიციატივით რამდენჯერმე მოეწყო ქუთაისელ მოსწავლეთა ფართომასშტაბიანი დემონატრაცია, რომელიც მეფის აბსოლუტური ძალაუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული.

    აქტიურად მონაწილეობდა აკრძალული ლიტერატურისა და პროკლამაციების გავრცელებაში, რის გამოც სკოლიდან გარიცხეს. დამოუკიდებელი საქართველოს დროს ქრისტინე შარაშიძე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იყო უნივერსიტეტის დამფუძნებელი კომიტეტის წევრი. 1917-21 წლებში მუშაობდა ჟურნალ "ჯეჯილის" რედაქციაში. 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელ კრებაში დეპუტატად, იყო დამფუძენელი კრების პრეზიდიუმის წევრი და მდივანი. საქართველოს რესპულიკის პირველ პარლამენტში კურირებდა ჯანდაცვისა და განათლების საკითხებს.

    საქართველოს გასაბჭოების შემდეგ აქტიურად ჩაება ანტისაბჭოთა მოძრაობაში. 1922 წლის 25 თებერვალს, საქართველოს გასაბჭოების წლისთავზე გამართული საყოველთაო ზეიმის დროს, მისი თაოსნობით პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ თბილისის პედაგოგიური ტექნიკუმის მოსწავლეები.

    ქრისტინე შარაშიძე თითქმის მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე საბჭოთა მილიციის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იყო, თუმცა უშიშრად ეწეოდა ანტისაბჭოთა საქმიანობას. 1953 წლის 21 თებერვალს, აკაკი შანიძესთან, კონსტანტინე გამსახურდიასა და სხვებთან ერთად, მიუხედავად დიდი საფრთხისა, ექვთიმე თაყაიშვილის დაკრძალვის დღეს სიტყვით გამოვიდა.

    1940 წლიდან ივანე ჯავახიშვილისა და სიმონ ჯანაშიას მიწვევით მუშაობა დაიწყო ხელნაწერთა ინსტიტუტში, შემდგომ უკვე - სახელმწიფო მუზეუმში. მის კალამს ეკუთვნის ნაშრომი "პირველი სტამბა საქართველოში (1709-1722) ქართული ბეჭდვითი სიტყვის ისტორია".

    ანა სოლოღაშვილი - 1918 წელს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპულიკის პარლამენტის წევრი. 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩაერთო ანტისაბჭოთა მოძრაობაში. იგი 1937 წელს დააპატიმრეს. ე.წ. ტროიკამ ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის დახვრეტა მიუსაჯა.

    ელისაბედ ნაკაშიძე 1918 წლიდან იყო გურიის ქალთა საზოგადოების თავმჯდომარე. 1921 წლიდან ჩაება ანტისაბჭოთა მოძრაობაში. 1923 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1937 წელს კვლავ დააპატიმრეს და კონტრევოლუციური ორგანიზაციის ხელმძღვანელობის ბრალდებით კრასნოიარსკში დახვრიტეს.

    პირველი დეპუტატი ქალი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა, იყო აზერბაიჯანელი ფარი ხანუმ სოფიევა.

    "აღსანიშნავია ერთი მოვლენა - ხმოსანთა რიცხვში შედის ყარაიაზის ოლქიდან წამოყენებული მუსლიმანი ქალი პარი ხანუმ საფიევა", - წერდა 1918 წლის შემოდგომაზე ქართული პრესა.

    იმასაც წერდა, რომ ეს ქალბატონი, რომელიც ჩიბუხს ეწევა, დიდი ავტორიტეტით სარგებლობს თავის მშობლიურ სოფელ ყარაჯალაში, ჩი-ფარი (კაცი-ფარი) - ასე ეძახიან თანასოფლელები. მისი სიტყვა გადამწყვეტია და მას უხუცესებიც კი ემორჩილებიან.

    ფარი ხანუმის სახელს უკავშირდება ყარაჯალაში რკინიგზის სადგურის აშენება. 1921 წელს ბოლშევიკებმა სამაზრო თვითმმართველობა გააუქმეს. კოლექტივიზაციის დროს საფიევების ოჯახი გააკულაკეს და ქონება ჩამოართვეს. მასობრივი რეპრესიების დროს 3 ძმა დაუხვრიტეს. მოგვიანებით თავადაც დააპატიმრეს.

    ფარი ხანუმი ორთაჭალის ციხეში გულის შეტევით გარდაიცვალა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter