სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    11.10.2017

     "თქვენ ამბობთ, რომ მე ძალიან დაკავებული ვიყავი ჩემი ქორწინებით, დიდსულოვნათ მაპატიეთ, მაგრამ ნინოა ჩემი ყარსიც და ახალციხეც, და მე მისი დასაკუთრება ვიჩქარე ისევე, როგორც თქვენმა ბრწყინვალებამ - ამდენი ციხესიმაგრისა", - წერდა ალექსანდრე გრიბოედოვი კავკასიაში რუსეთის ჯარების სარდალ ივანე პასკევიჩს 1828 წლის 23 აგვისტოს გაგზავნილ წერილში.

    ნინო ჭავჭავაძისა და ალექსანდრე გრიბოედოვის ლეგენდად ქცეულ სიყვარულზე ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს, მაგრამ დღევანდელ სტატიაში გვინდა შევთავაზოთ ნაკლებად ცნობილი ამბები მათი ნიშნობისა და ქორწინების შესახებ.

    ალექსანდრე გრიბოედოვი საქართველოში პირველად 1818 წლის შემოდგომაზე ჩამოვიდა, რუსული დიპლომატიური მისიის შემადგენლობაში, რომელიც სპარსეთში მიემგზავრებოდა. მისია თბილისში სამ თვეზე მეტი ხნით დაყოვნდა. გრიბოედოვი ისე მოიხიბლა თბილისით, რომ 1818 წლის იანვარში უკვე წერდა თავის მეგობრებს იაკობ ტოლსტოისა და ნიკიტა ვსევოლოჟკის: "მე აქაურობას შევეჩვიე და სიკვდილია აქედან წასვლა"; ხოლო ანდრია რიხლევსკის მისწერა: "იჩქარეთ ტფილისში, ვერ წარმოიდგენთ, ეს რა ფუფუნებაა".

    სპარსეთში სამი წლის დიპლომატიური მოღვაწეობის შემდეგ 1821 წლის ნოემბერში გრიბოედოვი თბილისში ბრუნდება, სწორედ ამ პერიოდში დაწერა მან თავისი უკვდავი ნაწარმოების "ვაი ჭკუისაგან" პირველი და მეორე აქტები, რომლის შესახებაც მოგვიანებით ბელისნკი დაწერს: "გრიბოედოვმა თავისი "ვაი ჭკუისაგან" კავკასიაში შექმნა. ამ ქვეყნის ველურმა და დიდებულმა ბუნებამ - მისი ხალხის მჩქეფარე ცხოვრებამ და გოროზმა პოეზიამ შთააგონა მის შეურაცყოფილ გრძნობებს, შეექმნა აპათიური, მდაბალი წრე ფამუსოვების, სკალოზუბების, ზაგორეცკების, ხლესტოვების, ტუგუხოვების, რეპეტილოვების, მოლჩალინების - ადამიანის ამ კარიკატურებისა...".

    თბილისში ყოფნისას გრიბოედოვი ხშირად სტუმრობდა კავკასიის არტილერიის უფროს ახვერდოვის ქვრივ პრასკოვია ახვერდოვას, რომლის სახლის ეზოში ერთი ფლიგელი ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახს ეკავა. სწორედ პრასკოვია ახვერდოვის სახლში გაიცნო გრიბოედოვმა თავისი მომავალი მეუღლე ნინო ჭავჭავაძე, რომელიც თბილისში აღიარებული იყო, როგორც უბადლო სილამაზისა და გამორჩეული მომხიბვლელობის ქალი.

    "ანგელოზის სილამაზის გამო, და ეს მეტაფორა არ არის - შეიძლებოდა მისთვის ჭეშმარიტად არამიწიერი არსება გეწოდებინა"; "ახალგაზრდა 16 წლის ნინო ჭავჭავაძე მეტად ლამაზი და საუცხოოთ განათლებულია. იგი არაჩვეულებრივად კარგია, მას შეიძლება, მზეთუნახავი უწოდო", - წერდნენ ნინო ჭავჭავაძეზე გრიბოედოვის მეგობრები ფეოდორ ტორნაუ და კარლ ადელუნგი.

    თავისი ნიშნობის ამბავი კი გრიბოედოვმა მის მეგობარს ფეოდორ ბულგარინს დაწვრილებით უამბო 1828 წლის 24 ივლისს გაგზავნილ წერილში: "ეს იყო 16-ში (ივლისს). ამ დღეს მე ჩემს ძველ ახლობელ ახვერდოვასთან ვსადილობდი, მაგიდასთან ნინო ჭავჭავაძის პირდაპირ ვიჯექი. სულ მას ვუყურებდი. დავფიქრდი, გული ამიჩქროლდა. როდესაც მაგიდას მოვშორდი, მას ხელი მოვკიდე და ვუთხარი, ჩემთან წამოდით, რაღაც უნდა გითხრათ-მეთქი. მან დამიჯერა, როგორც ყოველთვის, ალბათ იფიქრა, რომ ფორტეპიანოსთან დავსვამდი. გამოვიდა კი სხვა რამ. იქ დედამისის სახლია, იქით გავეშურეთ. ოთახში შევედით, სუნთქვა შემეკრა და არც კი მახსოვს, რას ვლუღლუღებდი. იგი ატირდა, მერე გაიცინა. მე მას ვაკოცე დედამისთან, ბებიასთან, მეორე დედა პრასკოვია ნიკოლოზის ასულ ახვედროვასთან. ჩვენ დაგვლოცეს. მამამისთან ერევანში კურიერი გავაგზავნე წერილით, ჩვენ ორთავესგან და ახლობელი ადამიანებისაგან".

    საპასუხო წერილში თავადმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ ქალიშვილ ნინოს და გრიბოედოვის კავშირი დალოცა. მალე სიონის ტაძარში 33 წლის ალექსანდრე გრიბოედოვისა და 16 წლის ნინო ჭავჭავაძის ჯვრისწერა გაიმართა.

    აი, რას წერდა ნინო ჭავჭავაძისა და ალექსანდრე გრიბოედოვის საქორწინო ზეიმის შესახებ გაზეთი "ტფილისსკი ვედომოსტი" 1828 წლის ერთ-ერთ ნომერში.

    "პირველი მეჯლისი, ანუ უკეთესად თუ ვიტყვით, სადილი ცეკვებით. სპარსეთში ჩვენი სრულუფლებიანი მინისტრისა ა.ს. გრიბოედოვის თავადის ასულ ნ.ა. ჭავჭავაძეზე დაქორწინებასთან დაკავშირებით 24 აგვისტოს გაიმართა. მეორე დიდებული მეჯლისი ტფილისის სამხედრო გუბერნატორთან, გენერალ-ადიუტანტ ნ.მ. სიპიაგინთან 26 აგვისტოს მოეწყო. საუცხოოდ განათებული და ბრწყინვალედ მორთული ოთახები, რომლებიც მის ბრწყინვალებას ეკავა, მორთული იყო ყვავილებით. საყვირების ხმა იუწყებოდა სტუმრების მოსვლას, რომელთაც ამისთვის სპეციალურად დანიშნული ჩინოვნიკები ეგებებოდნენ, ხოლო ქალბატონებს თავად მასპინძელი ხვდებოდა.

    აყველა სტუმრის შეკრების შემდეგ მეჯლისი საუცხოო ფეიერვერკით დაიწყო და მისი ბრწყინვალების სახლის წინ, ალექსანდრეს შესანიშნავ მოედანზე აინთო, რომელიც მისი ბრწყინვალება სიპიაგინის მიერ ამ მხარის მმართველობის დროს გაშენდა. ფეიერვერკის შემდეგ ცეკვა დაიწყო. ერთმანეთს ცვლიდა პოლონური ეკოსეზები, ვალსები, კადრილები. ბოლოს ყველა მიყუჩდა და დამსწრეთა ყურადღება მიიპყო კვარტეტმა, რომელიც თბილისელმა ვირტუოზებმა დიდი ხელოვნებით შეასრულეს და რომელმაც მუსიკის ყველაზე მკაცრი შემფასებლებიც კი დიდად კმაყოფილი დატოვა.

    კვარტეტის დასრულების შემდეგ კვლავ ცეკვა გაჩაღდა. ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი ქართველი ქალები მგზნებარე მელოდიების თანხლებით ქართულ ცეკვას - ლეკურს ცეკვავდნენ. შესანიშნავმა მოძრაობებმა, სიმკვირცხლემ, რასაც აღმოსავლეთის ლამაზმანები ამ ცეკვაში ავლენდნენ, თითოეულ მაყურებელს ჩვენი მგზნებარე კოტილიონი და მაზურკა დაავიწყა. საუცხოო ვახშამი სამ საათზე დამთავრდა, თუმცა ამით სტუმართა მხიარულება არ განელებულა - ცისკრის მზე უკვე ამობრწყინებულიყო კავკასიის მწვერვალზე, როდესაც პოპური და, მასთან ერთად მეჯლისიც დასრულდა" - იუწყებოდა გაზეთი "ტფილისსკი ვედომოსტი".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter