სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    როგორ ერგო რუსეთს მარიონეტის როლი ვატიკანის პოლიტიკური დოქტრინით
    მამუკა ნაცვალაძე
    13.11.2017

     მოსკოვი-მესამე რომის თეორია დღემდე რჩება რუსული იმპერიული მისწრაფების მთავარ საყრდენად. ერთიანი ქრისტიანული, რელიგიური არეალის ერთ პოლიტიკურ სივრცეში მოქცევა განმათავისუფლებლისა და მართლმადიდებლობის დაცვის ნიღბით, დიდი ხანია, ჩვენი ჩრდილიელი მეზობლის სავიზიტო ბარათია.

    თუ რა სარგებელი ნახა ამ ერთმორწმუნეობით საქართველომ მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული, ნათლად ატყვია ჩვენი ქვეყნის წარსულსა და დღევანდელობას. წაშლილი უნიკალური ფრესკები, რუსულ სტილში გადაკეთებული ქართული მონასტრები, მიტაცებული აფხაზეთი და სამაჩაბლო... რუსთა მიერ აკრძალული ქართული ენა განსაკუთრებული თემაა - მსოფლიო ისტორიამ არ იცის სხვა შემთხვევა ერთმორწმუნე სახელმწიფოს მიერ მშობლიურ ენაზე ლოცვის უფლების წართმევისა.

    როგორ ცდილობდა ვატიკანი, ევროპისათვის აერიდებინა ოსმალური აგრესია

    სწორედ ამ ფონზეა საინტერესო ის პერიპეტიები, სადაც რუსული იმპერიული განწყობა ყალიბდებოდა. საცნაური კი სწორედ ისაა, რომ ყველაფერი რომანოვების აღსაყდრებიდან, მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისიდან, იწყება, როცა რუსეთმა სძლია წინამორბედი სამეფო დინასტიის - რიურიკების მისწრაფებებს და ქრისტიანული ქვეყნების მიმართ საკუთარი პოლიტიკური დამოკიდებულების მთავარ ფორმად იმპერიული ინტრიგები აირჩია.

    მოსკოვი-მესამე რომის თეორია ვატიკანის პროექტია. მას შემდეგ, რაც ბიზანტიის იმპერია დაეცა, აშკარა გახდა, რომ ოსმალურ აგრესიას ვერც დასავლეთი ევროპა გადაურჩებოდა, ამიტომაც საჭირო იყო პოლიტიკური პროცესების ისე წარმართვა, რომ ეს საფრთხე თავიდან აეცილებინა.

    სწორედ ამიტომაც სჭირდება ევროპას მოშორებით მდებარე სახელმწიფო მარიონეტის როლის შესასრულებლად, რომელიც თავის თავზე აიღებს ანტიოსმალური პოლიტიკის მებაირახტრის როლს, თავად ეომება მსოფლიო ბატონობაზე პრეტენზიის მქონე ოსმალეთის იმპერიას და ასე დახარჯავს ოტომანთა აგრესიულ განწყობას.

    რატომ იყო რუსეთი ბიზანტიის იმპერიის მემკვიდრის რანგში ვატიკანის სასურველი ვარიანტი

    ამაზე განსაკუთრებულად ზრუნავს ვატიკანი. მეთხუთმეტე საუკუნიდან აშკარა გახდა, რომ ყველაზე საუკეთესოდ ამ როლს რუსეთი მოირგებდა. ასე რომის პაპი ფიქრობს, თუმცა არ არის იოლი რუსეთის გაბრიყვება. ეს კარგად გამოჩნდა მოსკოვის მთავარ ივანე მესამესთან ურთიერთობის დროსაც, სოფია პალეოლოგთან რუსი მთავრის ქორწინების იდეას დიდი აღფროვანებით არ შეხვედრია მოსკოვის მთავარი.

    ეს ქორწინება ვატიკანის ინიციატივაა, მას ეს დინასტიური კავშირი სწორედ იმისათვის სჭირდება, რომ მოსკოვს პოლიტიკური ამბიცია ჩაუნერგოს და ამით ოსმალეთის იმპერიასთან დაპირისპირებაზე დაიყოლიოს.

    ეს მეთხუთმეტე საუკუნის 80-იან წლებში ხდება. მაშინ მოკოვის მთავარი ივანე მესამე ვერ გააბრიყვეს და, ფაქტობრივად, ვატიკანის გეგმა ჩაიშალა, თუმცა დროებით. პალეოლოგებისა და რიურიკების დინასტიურ კავშირს შემდგომში მართლაც მოჰყვება ის პროცესები, რომელიც სწორედაც რომ ვატიკანს აძლევს ხელს. სწორედ ეს ქორწინება გახდება მომავალში რუსეთის მეფეთა განსაკუთრებული ამბიციის საფუძველი, თუმცა ეს მხოლოდ შემდგომ, რიურიკთა დინასტიის დასრულებისას, რომანოვების ზეობისას იქნება.

    რა კავშირი აქვს ბერ ფილოფეის რომთან

    მანამდე კი ივანე მესამის შვილი ვასილი მესამე ადის ტახტზე, რაც ახალი შანსია ვატიკანისთვის. რომი ისევ ცდილობს, ჩაითრიოს რუსეთი ამჯერად უკვე გაერთიანებული სახელმწიფოს - ოსმალეთის იმპერიის წინაღმდეგ ომი. ბუნებრივია, პირდაპირი მითითება და რჩევა არაფრის მომტანი იქნება, ამიტომაც სულ სხვა მიმართულებიდან ცდილობს ვატიკანი ამ იდეის ხორცშესხმას.

    ამ დროს ჩნდება ფსკოვის ელიაზარის მონასტრის ბერი ფილოფეი, არაფრით გამორჩეული არც მანამდე და არც მის შემდეგ, რომელსაც ვატიკანის იდეა უკვე სულ სხვა დონეზე აჰყავს. ვასილი მესამისადმი მიძღვნაში ის წერს: "ისმინე მართლმორწმუნე მეფეო - ორი რომი დაეცა, მესამე რომი - მოსკოვი დგას, მეოთხე აღარ იარსებებს..."

    როგორ აიტაცა მოსკოვი-მესამე რომის იდეა მეხუთე კოლონამ

    ამ დროს საკმაოდ არიან უცხოელები მოსკოვში, სოფია პალეოლოგის დედოფლობამ მრავლად გაუხსნა გზა ევროპელებს რუსეთში. ბიზანტიელი დედოფალი მათთვის ერთგვარი გარანტი იყო იმისა, რომ გარკვეული ასპარეზის საშუალება ექნებოდათ. მათი განწყობა გამართლდა. სწორედ ამ დროს იწყება მოსკოვის კრემლის მშენებლობა, სხვა უმნიშვნელოვანესი პროექტები, რაც მოსკოვის სამთავროს სულ სხვა რანგის სახელმწიფოდ გარდასახვას უწყობს ხელს.

    რუსეთში მოღვაწე უცხოელები ვატიკანისთვის განსაკუთრებული იარაღია, ისინი ქმნიან აქ მეხუთე კოლონას, რაც პირდაპირი საშუალებაა იმისთვის, რომ რომმა სასურველ პოლიტიკურ განზომილებაში გადაიყვანოს რუსეთი.

    სწორედ მეხუთე კოლონა აღმოჩნდა ის ძალა, რომელიც შეეცადა, ფილოფეის მიერ წამოყენებული მოსკოვი-მესამე რომის თეორიისათვის განსაკუთრებული პოპულარობა უზრუნველეყო. ეს პირველი, აუცილებელი საფეხური იყო ვატიკანის სასურველი სცენარისათვის. გათვლა საკმაოდ პრაგმატული იყო - თუკი ვასილი მესამე აღიარებდა მოსკოვი-მესამე რომის თეორიას, ეს იმას ნიშნავდა, რომ მას უნდა დაეწყო ბრძოლა ბიზანტიური მემკვიდრეობის დასაბრუნებლად ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ.

    ვასილი მესამეც, მამამისის მსგავსად, საკმაოდ კარგად ხვდება, რას ნიშნავს ვატიკანის მცდელობა. ბუნებრივია, ეს ის დროა, როცა სულ სხვა რეალობის წინაშე დგას რუსეთის სამეფო და ამ ეტაპზე ოსმალეთის იმპერიასთან შეიარაღებული კონფლიქტი მისთვის დამღუპველია.

    მოწამლეს თუ არა ვასილი მესამე და მარია ტვერელი ვატიკანის დაკვეთით

    ვატიკანის მეორე მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა. ვასილი მესამე მოულოდნელად გარდაიცვალა. ბუნებრივია, ჩნდება გარკვეული ეჭვი - ხომ არ მოიცილა ვატიკანმა მისთვის არასასურველი პერსონა თავიდან მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ რუსეთის ხელმწიფე მამამისივით შეუვალი იყო და ვატიკანის მარიონეტის როლს არასდროს მოირგებდა.

    ძნელია, რაიმე გადაჭრით თქვა, მაგრამ ამ ვარაუდს აქვს არსებობის უფლება, რამდენადაც ვასილი მესამის მოულოდნელი აღსასრულით ყველაზე მეტად სწორედ ვატიკანი იყო დაინტერესებული და ყველაზე მეტად მან იხეირა.

    რომის მსტოვრებმა ახლო კონტაქტი დაამყარეს კრემლთან და, ბუნებრივია, მეფის მოწამვლის შესაძლებლობა რეალურად ჰქონდათ. თუმცა ეს ყველაფერი ისე ხდება, რომ დამნაშავე კვალს არ ტოვებს, ისევე როგორც კვალი არ დარჩა ვასილი მესამის მამა ივანე მესამის პირველი ცოლის - მარია ტვერელის მოწამვლისას, რამაც ვატიკანს გზა გაუხსნა, სოფია პალეოლოგთან, ბიზანტიის იმპერატორის მემკვიდრესთან ქორწინება შეეთავაზებინა ქვრივად დარჩენილი ივანე მესამისთვის. ამ შემთხვევაშიც ყველაზე მეტად სწორედ ვატიკანი დარჩა მოგებული.

    მართალია, მარია ტვერელის მოწამვლას უკავშირებენ ფეოდალურ დაპირისპირებას, რომლის მიზანი იყო გაენეიტრალებინა ის გამორჩეული პრივილეგიები, რაც მარიას მშობლიურ ტვერს ჰქონდა, თუმცა ფაქტია, რომ ეს ის სცენარი აღმოჩნდა, რაც ყველაზე მეტად სწორედ ვატიკანისთვის იყო მისაღები.

    რატომ უყურებდა იმედით ვატიკანი თაღლით მიხეილ გლინსკის

    ამჯერად ვატიკანს საკუთარი განზრახვის აღსრულებისთვის თითქოს უფრო ხელსაყრელი პოზიცია აქვს - ივანე მეოთხე, შემდგომში მრისხანის თიკუნს რომ მიაწებებს ჟამთასვლა, ჯერ მხოლოდ რვა წლისაა. ხელმწიფის მცირეწლოვნება განსაკუთრებული იმედია ყოველთვის, მცირეწლოვანის და მისი რეგენტის მარიონეტად ქცევა უფრო ადვილია, თუმცა მხოლოდ ამაზე არ არის ვატიკანის გათვლა - მცირეწლოვანი ივანეს რეგენტი გახლავთ დედამისი ელენა გლინსკაია, ვის ბიძას - მამის ძმა მიხაილ გლინსკის ცნობილი ავანტიურისტისა და თაღლითის რეპუტაცია აქვს. ბუნებრივია, ვატიკანი გეგმავს, ამ ხაზითაც მოსინჯოს გზა მოვლენათა სასურველი განვითარებისაკენ.

    აყველაფერი ვატიკანის სცენარით მიდის, მიხეილ გლინსკი კარგი შუამავალია ვატიკანსა და საკუთარ ძმისშვილს შორის. ჰოდა, რუსეთში მესამე რომის თეორიის აღიარებასა და, შესაბამისად, ოსმალეთთან ომში ჩათრევას თითქოს წინ აღარაფერი უდგას, მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დადგა ივანე მეოთხის სრულწლოვნების შემდეგ.

    როგორ ცდილობდა ვატიკანი ივანე მეოთხის მეშვეობით გეოპოლიტიკური რეალობის შეცვლას

    ივანე მეოთხე ვატიკანის გადაწყვეტილების წინააღმდეგობამდე ერთბაშად არ მისულა. ამ დროს იცვლება რუსეთის საგარეო პოლიტიკური ვექტორი. თუკი ივანე მესამისა და ვასილი მესამის ზეობისას პრიორიტეტული იყო ჩრდილო-დასავლეთის მიმართულება და ბალტიის ზღვაზე გასასვლელის მოპოვება, ამჯერად ვატიკანის მეხუთე კოლონის ჩარევითა და მცდელობით ივანე მეოთხე აქცენტს აღმოსავლეთის ათვისებაზე იღებს. აღმოსავლეთით კი ყაზანი და ასტრახანია, რომლებიც გარდა იმისა, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტებია, ბუნებრივი წიაღისეულის სიმდიდრითაც ხასიათდება.

    ივანე მეოთხე წარმატებით ასრულებს ყაზანისა და ასტრახანის სახანოებზე ლაშქრობას და ამ ნაყოფიერ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებს რუსეთს უერთებს. ეს ერთგვარი შუალედური, გარდამავალი ეტაპია იმ გეგმისა, რასაც ვატიკანი უმიზნებს.

    სწორედ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მომდევნო, გადამწყვეტი, რომისათვის ყველაზე სასურველი ეტაპი, იმ სცენარის განხორციელება, რომლითაც რუსეთის საგარეო ვექტორი ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ უნდა მოიმართოს. სწორედ რუსეთ-ოსმალეთის დაპირისპირებაა მოსკოვი-მესამე რომის თეორიის ყველაზე სასურველი შედეგი. მოსკოვი-მესამე რომის აღიარების შემდეგ უნდა დაუპირისპირდეს რუსეთი იმ ძალას, რომელმაც უკანონოდ ჩაიგდო ხელში ბიზანტიის იმპერიის მემკვიდრეობა. ვატიკანს საკუთარი თავი ადარდებს და, ბუნებრივია, ამ გზით ის აცილებს დასავლეთ ევროპას ოსმალურ აგრესიას.

    ამბავი ივანე მრისხანის ფერისცვალებისა

    საცნაურია, რომ ჯერ კიდევ არავინ ფიქრობს, რომ ივანე მეოთხე ამ სცენარის წინააღმდეგ წავა, ჯერ კიდევ სჯერა ყველას, რომ მიხეილ გლინსკი ყველაფერს მოაკვარახჭინებს ვატიკანის სასარგებლოდ, რაც საბოლოოდ დაუსვამს წერტილს დასავლეთის მცდელობას, საკუთარ მარიონეტად აქციოს რუსეთი და მსოფლიოშო ახალი გეოპოლიტიკური რეალობა დაამკვიდროს.

    მაგრამ ვატიკანისთვის კერკეტი კაკალი აღმოჩნდა ივანე მეოთხეც, ვერც მას მოერია, ვერ მოახვია თავს სასურველი გეგმები. ივანე მეოთხე აღმოსავლეთის საკითხის მოგვარების შემდეგ პოლიტიკურ ვექტორს ცვლის და ჩრდილო-დასავლეთით ბალტიის ზღვაზე გასასვლელისთვის იწყებს ლივონიის ომს.

    როგორ იწყებოდა რუსული ოპრიჩნინა

    პოლონურ-ლიტვური კლანი, მეხუთე კოლონა, უძლურია, რაიმე იღონოს, მხოლოდ იმას ახერხებს, რომ ლივონიის ომის მიმართ უარყოფითად განაწყობს საზოგადოებას. ეს ომი საკმაოდ არაპოპულარული იყო იმ პერიოდის რუსეთში სწორედ ვატიკანის მეხუთე კოლონის პროპაგანდის შედეგად.

    ანტირუსული აგიტაციაა იმის მიზეზი, რომ ივანე მრისხანე აშკარად დაუპირისპირდა იმ კლანს, ადრე მასზე რომ დებდნენ ფსონს.

    ასე იწყება რუსეთის ისტორიაში ერთ-ერთი შემზარავი ეტაპი, ოპრიჩნინის სახელით რომ შემოინახა ჟამთასვლამ. ივანე მეოთხე ფსიქოლოგიურად ვერ გაუძლებს პოლონურ-ლიტვური კლანის ინტრიგებს და ერთიანად ამოწყვეტს საკუთარ შთამომავლობას. ყველაფერი იმით დასრულდება, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ცოცხლად დარჩენილ ერთ რიურიკსაც კი ვერ მოიძიებს ვერავინ. სწორედ ამიტომაც დინასტიური ცვლილების აუცილებლობა დგება დღის წერიგში.

    მაგრამ მანამდე საკმაოდ საინტერესო ეპიზოდებია მრავლად, რუსეთის ისტორიამ თვითმარქვია მეფეების ზეობის სახელით რომ შემოინახა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter