სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    როგორ იქცა xx საუკუნის დასაწყისის თბილისი ფუტურიზმის მთავარ კერად რუსეთის იმპერიაში
    ია აბულაშვილი
    13.11.2017

     "ჩვენ გვინდა, დავაქციოთ მუზეუმები, ბიბლიოთეკები. ვიბრძოლოთ მორალის, ფეტიშის და ყოველგვარი ოპორტუნისტული და უტილიტარული სისაძაგლის წინააღმდეგ. ჩვენ გვინდა, ვადიდოთ აგრესიული მოძრაობა, ჩქარი სიარული, საშიში ნახტომი, სილა და მუშტი" - იტალიელი ფილიპო მარინეტის ამ ფუტურისტულ ქუხილს თბილისში გვიანი ექო ჰქონდა. პარიზულ ჟურნალ "ფიგაროს" ფურცლებზე 1909 წლის 20 თებერვალს გამოქვეყნებულ "სასიკვდილო ნახტომს" ქართველები 1922 წლის 25 აპრილს გამოეხმაურნენ და კონსერვატორიის შენობაში პირველი ფუტურისტული საღამოც გაიმართა, გამოსცეს მანიფესტი "საქართველო - ფენიქსი".

    აყველაფერი კი ასე დაიწყო: მარინეტის მანიფესტი მაშინვე აიტაცეს შორს იტალიის საზღვრებიდან და მისი მიმდევრები გამოჩნდნენ ესპანეთში, საფრანგეთში, პორტუგალიაში, აშშ-ში, იაპონიაში, რუსეთში.

    1909 წლის მარტში რუსულ გაზეთ "ვეჩეში" დაბეჭდილი ფუტურიზმის მანიფესტი მალევე მოხვდა ტფილისში ვაჟთა პირველი გიმნაზიის ხატვის მასწავლებელ ლაპოტინსკის დამსახურებით. ერთ-ერთი პირველები, ვინც საქართველოში ფუტურისტულმა იდეებმა გაიტაცა, ლაპოტინსკის მოსწავლეები, ძმები - პოეტი ილია და მხატვარი კირილ ზდანევიჩები იყვნენ. 1911 წელს ძმები სასწავლებლად რუსეთში გაემგზავრნენ და იქ განაგრძეს ლიტერატურასა და ხელოვნებაში ახალი ფორმების ძიება რუს ავანგარდისტ ლიდერებთან - ლენტაუსთან, ლარიონოვთან, გონჩაროვთან, ძმებ ბურლიაკოვებთან, მაიაკოვსკისთან და სხვებთან ერთად, რომლებმაც 1912 წელს გამოსცეს მანიფესტი "სილა საზოგადოებრივ გემოვნებას".

    ძმები ზდანევიჩები აქტიურად მონაწილეობდნენ რუსი ფუტურისტების ყველა აქციაში, გამოფენებში, დებატებში, პოეზიის საღამოებში. ილია ზდანევიჩის მოხსენებას "ამერიკული ჩექმა მილოსელ ვენერაზე ლამაზია" წარმატება მოჰყვა, ხოლო კირილ ზდანევიჩმა ხელი მოაწერა მანიფესტს "სხივოსნებო და მომავლისტებო - მომავალი ჩვენზეა".

    პეტერბურგში დაიდგა ოპერა "მზის დამარცხება", სადაც სინთეზურად წარმოდგენილი იყო მატუშინის მუსიკა, ალექსი კრუჩიხინის ტექსტი, კაზიმირ მალევიჩის დეკორაციები და ილუსტრაციები, ვერა ერმოლოვას თეატრალური ესკიზები და ელ პირიცკის ელექტრომექანიკური ინსტალაციები. პირიცკის ჩანაფიქრით, მსახიობებს მარიონეტები ცვლიდნენ.

    ცნობისთვის, "მზის დამარცხება" დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპაში. ახალი ვარიაციებით ოპერა დაიდგა 1993 წელს ვენაში, ხოლო 1999 წელს - ლონდონში.

     XX საუკუნის 10-იანი წლებიდან უკვე თბილისი გახდა ავანგარდული მოძრაობის ცენტრი. სწორედ აქ ნახეს თავშესაფარი რუსეთის პოლიტიკურ რეპრესიებს გამოქცეულმა მსახიობებმა, მხატვრებმა, პოეტებმა გოროდიცკიმ, დეგინმა, კრუჩიხინმა, ტერენტიევმა, სუდეიკინმა და სხვებმა. რუსეთიდან წამოსული შემოქმედებითი ინტელიგენცია გულთბილად მიიღეს ქართველმა პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდებმა - ცისფერყანწელებმა ტიციან ტაბიძემ, პაოლო იაშვილმა, ვალერიან გაფრინდაშვილმა, ბაჟბეუკ-მელიქოვმა, მხატვარმა ლადო გუდიაშვილმა და სამშობლოში დაბრუნებულმა ილია და კირილ ზდანევიჩებმა.

    სწორედ ამ პერიოდში გაიხსნა თბილისში ახალი თეატრები და სტუდიები, თეატრალური კაფეები, გაჩნდა ლიტერატურული სალონები, სამხატვრო გაერთიანებები. 1916 წლის შემოდგომაზე ილია და კირილ ზდანევიჩების ინიციატივით შეიქმნა გაერთიანება "ფუტურისტების სინდიკატი", ხოლო 1918 წლის დასაწყისში - ჯგუფი "41 გრადუსი". მისი დამფუძნებლები ამ სახელწოდებას იმით ხსნიდნენ, რომ ისევე როგორც ახალი მსოფლიო კულტურის სხვა ცენტრები - ნიუ-იორკი, ტოკიო და მილანი - ტფილისიც ამ გეოგრაფიულ განედზე მდებარეობს, რაც მაშინდელმა სახელოვნებო წრეებმა სიმბოლურად მიიჩნიეს, რადგან ფუტურისტები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ციფრებს, ფორმულებს. მათი ყველა მანიფესტი 11 პუნქტისგან შედგებოდა და ხელმოწერილი იყო 11 სიტყვით.

    ილია ზდანევიჩი წერდა: "ახლახან დაარსებული ორგანიზაცია - "41" დუღს. დაარსდა წიგნების გამომცემლობები, თეატრები, უნივერსიტეტები და სამაგალითო ფერმა..."

    გაერთიანებას არ ჰქონდა თავისი სტამბა და წიგნები იბეჭდებოდა სხვადასხვა გამომცემლობაში. 1917-1919 წლებში გამოიცა 40-ზე მეტი წიგნი, ყველა მცირე ტირაჟით, დაბეჭდილი შესაფუთ ქაღალდზე, უსწორმასწორო ასოებით, ნაკლებად გასაგები ტექსტით, ცალკეულ გვერდებზე იყო ილია ზდანევიჩის ნახატები. შეიკრა ხელით.

    1919 წელს ძმები ზდანევიჩები საფრანგეთში გაემგზავრნენ და ორგანიზაცია "41"-მა არსებობა შეწყვიტა, თუმცა ახალგაზრდა ქართველმა ფუტურისტებმა მოღვაწეობა გააგრძელეს.

    სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდნენ თბილისის ქუჩებში უცნაურად ჩაცმული ადამიანები, კუბოკრული ტანსაცმლით და გულზე დაბნეული წითელი ბოლოკით. ქცევაც უცნაური და ახირებული ჰქონდათ, კითხულობდნენ უცნაურ ლექსებს და ხალხის ყურადღებას იქცევდნენ - ისინი ფუტურისტები იყვნენ. ქართული პერფორმანსის პიონერი ნიკოლოზ ჩაჩავა ელექტრონის ბოძებზე ადიოდა და იქიდან კითხულობდა ლექსების; ჰალსტუხის ნაცვლად ბოლოკი ეკიდა კისერზე და პაოლო იაშვილს ერთხელ მოულოდნელად ლაყე კვერცხები დაუშინა.

    თბილისში კარგახანს ხალისობდნენ იმაზეც, თუ როგორ მოსტაცა თავიდან ერთ-ერთმა ფუტურისტმა რუსთაველის თეატრში, შუა სპექტაკლის დროს, გრიგოლ რობაქიძეს პარიკი.

    1922 წლის აპრილში კონსერვატორიის დარბაზში პირველი საღამოც გამართეს, მაისში კი მანიფესტი გამოაქვეყნეს:

    "ვაცხადებთ ყველასთვის

    "უარვყოფთ წარსულს, რადგან იგი არის სამლოცველო ბებრების და მომაკვდავების. საუკუნეებით იცქირებოდნენ უკან და საუკუნობითვე დარჩა საქართველო მომავლის გარეშე.

    "ქართული პოეზიის დამახასიათებელი თვისება იქნება სითამამე და ამბოხება.

    "ქართული სული არასოდეს არ იყო დატვირთული ცრემლებით.

    "საქართველო ფენიქსი", ქართველ ფუტურისტთა მანიფესტი".

    1924 წელს გამოიცა ქართველი ფუტურისტების ბეჭდვითი ორგანო, ჟურნალი, რომელსაც სახელად გოგირდმჟავას ფორმულა ერქვა - "რ2თწ4", სადაც იბეჭდებოდა ლექსები, სტატიები და დეკლარაციები დიდი შრიფტით, გამოყოფილი ციფრებით და ფორმულებით, ლოზუნგი - "დავარტყათ თავში ლირიკას ჩექმა და დავადინოთ ცისფერი სისხლი".

    გოგირდმჟავას ხსნარით, ანუ ფუტურისტული ხელოვნებით უნდა გაწმენდილიყო ქართული პოეზია. მაგრამ დადგა დრო, როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ ყოველგვარი შემოქმედებითი ორგანიზაციის დამოუკიდებლად არსებობა აკრძალა, ზოგს - მწერალთა კავშირში, ზოგს კი ციმბირის მატარებელში უკრა თავი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter