სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნიკოლა მაკიაველის თეორიის აქემენიდური ვარიაციები
    მამუკა ნაცვალაძე
    04.12.2017

     დარიოს მესამე, აქემენიდთა უკანასკნელი მეფე, ჟამთასვლას ალექსანდრე მაკედონელის წყალობით შემორჩა. ეს ის დროა, როცა ისტორიამ ახალი ეპოპეა უნდა შემოგვთავაზოს, ქრისტეშობამდე მეოთხე საუკუნის 30-იანი წლები თავდაყირა დააყენებს მანამდე არსებულ მსოფლიო წესრიგსა და პოლიტიკურ რუკას.

    ალექსანდრე მაკედონელის 13-წლიანი მმართველობა უპრეცედენტო ფურორს ახდენს, დასავლეთისა და აღმოსავლეთის მარადიული დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის. აშკარაა მაკედონელთა უპირატესობა არა მარტო სამხედრო ძალის, არამედ სულიერი განწყობისა და დამოკიდებულებების მხრივაც.

    ეს მსოფლიო გლობალიზაციის პირველი პრეცედენტია, მაკედონელის გონივრული პოლიტიკა რომ იყენებს მსოფლიო ბატონობის უზრუნველყოფის მიზნით. და ამ ფონზე საკმაოდ მკრთალად ჩანს ერთ დროს უძლეველი აქემენიდური ირანი, ის აღრაა არც კიროს დიდისა და არც დარიოს პირველის სახელმწიფო, იმჟამინდელი მსოფლიო რომ შეაზანზარა.

    აქემენიდების მმართველობის ფორმებმა და მეთოდებმა სამიოდ საუკუნე გაძლეს, შიდა აშლილობებმა და მუდმივმა ინტრიგებმა შინაგანად გამოხრა ის მექანიზმი, სახელმწიფო რომ ეფუძნებოდა.

    სიმბოლურია ისიც, რომ აქემენიდთა 14 მეფიდან მხოლოდ 7 აღესრულა საკუთარი სიკვდილით, ამდენივე კი შეთქმულების მსხვერპლად იქცა. აქემენიდების ბოლო მეფე დარიოს მესამეც შეთქმულებით მოდის სახელმწიფოს სათავეში.

    სად გაუჩინარდა აქემენიდთა განძი

    საცნაურია, რომ დარიოსის სიკვდილისთანავე გაუჩინარდა ის ოქრო, რითაც აქემენიდები იწონებდნენ თავს. საკუთარი ცოლ-შვილის დასახსნელად დარიოს მესამე ალექსანდრე მაკედონელს 270 ათას ტონა ოქროსა და ვერცხლს სთავაზობდა. ეს იყო სახელმწიფო რელიკვია, სად წაიღეს, ვინ გაიტაცა, ვერავინ ვერაფერი გაიგო. არადა, დღემდე შემორჩა ამ საგანძურის მიმართ უდიდესი ინტერესი.

    1973 წელს ირანის უკანასკნელი შაჰის - მუჰამედ რეზა ფეჰლევის ინიციატივით, სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელსაც ამ ოქროსთვის უნდა მიეკვლია. საქმეში ჩართეს იმჟამინდელი უახლოესი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი ამერიკელი მეცნიერები, თუმცა განძის კვალს მაინც ვერ მიაგნეს.

    რატომ აღმოჩნდა დარიოს მესამე ბერძნული წყაროებისთვის უმნიშვნელო პერსონა

    აქემენიდების იმპერიას კიროს მეორე ქმნის, 250 წლის მერე დარიოს მესამეა ამ უძლეველი იმპერიის ბოლო აკორდი. აქემენიდებს თავის დროზე არ უზრუნიათ, შეექმნათ საკუთარი ისტორიოგრაფია, ამიტომაც დარიოს მესამეზე ცნობები ძირითადად ანტიკური ხანის ისტორიოგრაფიამ შემოგვინახა.

    ეს ის ხანაა, რომელიც საკმაოდ დაშორებულია ქრონოლოგიურად ქრისტეშობამდე მეოთხე საუკუნეს, აქცენტი ალექსანდრე მაკედონელზეა გადატანილი, ისტორიოგრაფიას უმთავრესად მსოფლიო რანგის პერსონა აინტერესებს, დარიოს მესამე კი ამ ამბების აღწერისას მხოლოდ მეორეხარისხოვანი დეტალია. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ისტორიას გამარჯვებულები წერენ.

    როგორ გახდა დარიოს მესამე უძლურებისა და უუნარობის სიმბოლო

    დარიოს მესამე ერთგვარი ნიშანია, სიმბოლოა მსოფლიო რანგის აქემენიდების იმპერიის დასასრულისა, ნიშანი უძლურებისა, რაც საკმაოდ იოლად დასანახია ახალგაზრდა ევროპული ცივილიზაციისა და ძირძველი აღმოსავლური ცივილიზაციის დაპირისპირებისას.

    აქ აშკარა უპირატესობა მაკედონურ სამყაროს აქვს, რომელმაც უკვე მოახერხა ელინური ცივილიზაციის შთანთქმა და ამ რეალობისას საკმაოდ კონტრასტულია, ერთი მხრივ, უძლეველი ალექსანდრე მაკედონელი და, მეორე მხრივ, ძალაგამოცლილი დარიოს მესამე.

    დარიოს მესამე ქრისტეშობამდე 336 წელს გამეფდა 45 წლის ასაკში, იმეფა ექვსიოდე წელი და აღესრულა აქემენიდების იმპერიასთან ერთად ქრისტეშობამდე 330 წელს. ის აქემენიდების გვერდითი შტოს წარმომადგენელია, იმ აქემენიდებისა, რომელსაც, როგორც სამეფო დინასტიას, მწყემსების ბელადმა აქემენმა დაუდო სათავე ქრისტეშობამდე მეექვსე საუკუნის შუახანებისას.

    ამ იმპერიამ იმ დროისათვის უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია, მდინარე ინდიდან დასავლეთით ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებამდე იყო გადაჭიმული. მის შემადგენლობაში შედიოდნენ ეგვიპტე, ლიბიის ნაწილი, ბალკანეთის ნახევარკუნძულის ნაწილი, სკვითების ტერიტორიის ნაწილი, არაბეთი, კავკასია...

    სწორედ ამ უდიდეს იმპერიას უნდა დაუპირისპირდეს მაკედონიის იმპერია, ეს მეორე მასშტაბური შეხვედრაა დასავლეთისა და აღმოსავლეთისა. პირველი შეხვედრა, ბერძნულ-სპარსული ომების პერიოდი, დასავლეთის გამარჯვებით დასრულდა. ძ

    ახლა კვლავ უნდა შეხვდეს ეს ორი უდიდესი ცივილიზაცია - ისევ კონფლიქტის ფორმატში. სწორედ ამ შეხვედრებზეა დამოკიდებული მსოფლიო პოლიტიკური პროცესების მაჯისცემა, ასეთი კონტაქტისას მუდმივად ხდება ურთიერთგავლენა, შერკინება, რასაც დროებითი ტაიმ-აუტი მოსდევს. მხოლოდ დროებითი, რამდენადაც ორი გამორჩეული ცივილიზაცია უერთმანეთოდ ვერ ძლებს და ასე გრძელდება საუკუნეების განმავლობაში.

    საცნაურია ისიც, რომ ძველეგვიპტური ცივილიზაცია სწორედ თანამედროვე ევროპელთა წინაპარმა ზღვის ხალხებმა დაამხეს. სწორედ ამ ფონზეა საინტერესო, რომ აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაპირისპირება უმთავრესად დასავლეთის გამარჯვებით მთავრდება.

    სად იმალება დარიოსის შესახებ კონტრასტული ცნობების საიდუმლო

    ამგვარ პრიზმაში იკვეთება დარიოს მესამის სახება. საკმაოდ კონტრასტული სურათი გვაქვს - ერთი მხრივ, დარიოსი, აქემენიდების გვერდითი შტოს წარმომადგენელი, არის ადამიანი, რომელმაც თავი გამოიჩინა გოლიათთან დაპირისპირებისას, მეორე მხრივ კი, საინტერესოა ევროპელი ავტორების ცნობები, სადაც დარიოს მესამე უნიათო და უუნარო მებრძოლის სახით არის დახასიათებული. ამ კონტრასტის ახსნა მარტივია - ტახტზე აღზევებული მონარქის დაკვეთით იქმნება მისი უძლეველობის ლეგენდა, რომელიც შემდგომში მარტივად გააცამტვერეს ბერძენ-რომაელმა ისტორიკოსებმა.

    კიდევ ერთი სახასიათო დეტალი - აქემენიდების ძალაუფლების ხელში აღებამდე დარიოს მესამე სომხეთის სატრაპი იყო. სატრაპი განსაკუთრებული ფიგურაა აქემენიდების მმართველობისას. ადმინისტრაციული ტერიტორიული დაყოფისას სწორედ მათ უნარიანობასა და მარიფათზეა დამოკიდებული უზარმაზარი იმპერიის გამართულად ფუნქციონირება.

    ამიტომაც სატრაპს პირდაპირი კავშირი აქვს მეფესთან, არტაქსერქსე მეოთხესთან. საცნაურია ისიც, რომ სომხეთის სატრაპიას საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა აქვს, რამდენადაც ის ტერიტორიულად ესაზღვრება სკვითებს. სწორედ სკვითებთან დაპირისპირების შედეგადაა შესაძლებელი ევროპისაკენ გაჭრა. ეს არის ერთგვარი პლაცდარმი, რომლის გარეშეც სხვა კულტურულ სამყაროსთან, დასავლურ ცივილიზაციასთან ურთიერთობა, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

    რატომ გახდა არმენიის სატრაპი არტაშეტი ევნუხ ბაგოის რჩეული

    არმენიის სატრაპის რანგი აქემენიდებში საკმაოდ ცნობილია დარიოსი. ის ევნუხ ბაგოის ფავორიტი ხდება, მოვლენები ძველი მსოფლიოს ისტორიისათვის საკმაოდ ბანალურად ვითარდება. ეგვიპტური წარმომავლობის ევნუხი ბაგოი ახერხებს სამეფო ექიმის საშუალებით არსესის მოწამვლას, რომელმაც სულ ორიოდე წელი იმეფა.

    საცნაურია, რომ აქემენიდების სამეფო კარზე განსაკუთრებული პატივით სარგებლობენ ევნუხები. ევნუხების ფუნქცია-მოვალეობები აქ განსხვავებულადაა წარმოჩენილი. მათ, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, არ ეკისრებათ სამეფო ჰარამხანის მოვლა-თვალყურის დევნება. ევნუხობა იყო ერთ-ერთი გზა სამეფო სასახლესთან და მეფესთან დაახლოებისა. როგორც ჩანს, პოლიტიკურ ავანტიურაში ევნუხთა განსაკუთრებული სიმარჯვე და გაწვრთნილობა იყო ის ფაქტორი, რაც ხიბლავდა აქემენიდთა მეფეებს, მათ ხომ საკმაოდ ბევრი მტერი ჰყავდათ და ამიტომაც ცდილობდნენ, საკუთარი კოზირი ჰქონოდათ არასასურველ პოლიტიკურ პირთა ჩამოსაცილებლად. ბუნებრივია, ჰარამხანა მხოლოდ ერთგვარი საშუალება იყო მეფესთან კონტაქტზე გასვლისა, პირადი კონტაქტები შემდგომში, ტრადიციულად, პოლიტიკურ კონტაქტებად გარდაისახებოდა.

    ისიც აღსანიშნავია, რომ ევნუხი ბაგოი წარმოშობით ეგვიპტელია, რაც ნიშნავს, რომ მას სპარსულ სამყაროსთან ნაკლები კონტაქტი აქვს. ეს ერთგვარი პრივილეგიაა, რამდენადაც მასზე გავლენის მოსაპოვებლად ადგილობრივ წარჩინებულებს, ფაქტობრივად, არანაირი მექანიზმი არ გააჩნიათ.

    საკმაოდ მარტივი გათვლა აქვს ევნუხსაც - მას დარიოსის აღსაყდრება საკუთარი გავლენის გაძლიერებისთვის სჭირდება. დარიოსი მეფობის ხელში ჩაგდებით აღარ იქნება მხოლოდ კოდომენოსი, ის მეფის, მთავარსარდლის რანგში აღზევდება. რატომღაც ბაგოი მიიჩნევს, რომ ეს არის დარიოსის ამბიციის ზღვარი და მეტზე პრეტენზია არ ექნება, ამგვარი პოლიტიკური ბალანსის შექმნით კი რეალურად თავად ბაგოი გახდება აქემენიდების იმპერიის რეალური მმართველი - რუხი კარდინალი.

    ამბავი ევნუხი ბაგოის რუხი კარდინალობისა

    ერთი სიტყვით, დარიოსის აღსაყდრებისას ევნუხი ბაგოი აქემენიდების სამეფო კარზე უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. მისი, როგორც ვეზირის, პოლიტიკური გავლენა განსაკუთრებულად კარგად გამოიკვეთა ქრისტეშობამდე 338 წელს. ამ დროს სწორედ ევნუხის ხელშეწყობით ტახტზე ადის არტაქსერქსე მეოთხე, არსესი.

    ეს აქემენიდურ სამყაროში გადატრიალების ტოლფასი იყო, რამდენადაც არსესი არტაქსერქსე მესამისა და ატოსას უმცროსი ვაჟია და კანონიერად ტახტი არ ეკუთვნოდა. მაგრამ კანონი ერთია და ძალა მეორე. ლეგიტიმაციის ფაქტორი უძლური აღმოჩნდა გადატრიალების წინაშე. ევნუხი ბაგოის ძალისხმევით, რომელსაც ვეზირის თანამდებობა ჰქონდა, გახდა ეს შესალებელი. მიზნისკენ მიმავალი ყველა გზა გამართლებულიაო - მაკიაველამდე სწორედ ბაგოი ფიქრობდა ასე, ამიტომაც ერთიანად ამოწყვიტა არტაქსერქსე მესამე და მისი ოჯახის წევრები, გარდა არსესისა.

    ამბავი უპრეცედენტო შეთქმულებისა

    ორი წლის განმავლობაში არსესი ზეობს, თუმცა მხოლოდ პირობითად, ის ბაგოის მარიონეტია, აქემენიდებს ევნუხი მართავს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ის, რასაც არტაქსერქსე შეეგუება. ძალთა ამგვარი გადანაწილება არ მოსწონთ არტაქსერქსესთან დაახლოებულ დიდებულებსაც, ამიტომაც მზადდება შეთქმულება, რომლის მიზანიცაა რუხი კარდინალის ჩამოცილება. კიდევ ერთი საკმაოდ უჩვეულო სახასიათო დეტალი იკვეთება - მეფე უმზადებს ვაზირს შეთქმულებას.

    მართვის საკმაოდ დიდი საცეცები აქვს ბაგოის, ამიტომაც იგებს მეფის განზრახვას და თავად ახერხებს იოლად მის მოწამვლას. ბაგოი არ არის აქემენიდი, ბუნებრივია, საკუთარი წარმომავლობა ხელს უშლის, ცხადად გაამჟღავნოს სამეფოს მართვის საკუთარი ამბიციები, მას ისევ მარიონეტი სჭირდება, ისევ შირმა და არჩევანი სწორედ არტაქსერქსე მეოთხის ბიძაშვილზე, დარიოს მესამეზე ჩერდება.

    რატომღაც ევნუხი ბაგოი მიიჩნევს, რომ სომხეთის სატრაპი არტაშატა, ბერძენთათვის კოდომანოსი, მართული იქნება. ბუნებრივია, არ უნდა იყოს ევნუხის არჩევანი შემთხვევითი, მას წინასწარ უნდა ჰქონოდა არგუმენტები, თუ რატომ აკეთებდა აქცენტს არტაშატას გამეფებაზე. არტაშატას უნიათობა და უუნარობა უნდა იყოს ამის მიზეზი, ანუ ის ფაქტორები, რასაც მომდევნო ხანის ბერძენ-რომაელი ავტორები უთითებენ.

    როგორ იზრუნა ევნუხმა ბაგოიმ სისხლიანი კვალის წასაშლელად

    საცნაური კი ის არის, რომ თავად ბაგოის უზრუნია სისხლიანი შეთქმულების კვალის წასაშლელად. ბრიტანეთის მუზეუმში დაცულია ლურსმული ტაბლეტები, სადაც არტაქსერქსე მესამის გარდაცვალების მიზეზად სახელდება ბუნებრივი სიკვდილი.

    არ გამოდგა დარიოს მესამედ ხმობილი არტაშატი "ბულკივით" მეფე, დარიოსი ხვდება, რომ ადრე თუ გვიან ევნუხის საცეცები მასაც მისწვდება საზიანოდ და იღებს გადაწყვეტილებას, ევნუხი ბაგოი მკვლელად გამოაცხადოს. მკვლელი კი სიკვდილით უნდა დაისაჯოს.

    ეს ის პერიოდია, აქემენიდებს დღე დღეზე რომ მოადგება მაკედონელის 30-ათასიანი არმია. სამეფო კარის კულუარები, ევნუხთა რეალური ზეობა აქემენიდების კარზე განსაკუთრებული ნიშანია იმისა, რომ სპარსეთს მაკედონელებთან შერკინებისას არანაირი შანსი არ გააჩნია, რომ აქემენიდები დამარცხებისთვის არიან განწირულნი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter