სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    04.12.2017

     "თბილისი, "კირპიჩნის პერეულოკი", სამსართულიანი, წითელი აგურით ნაგები სახლი, ადრე ამ კედელზე მემორიალური დაფა ეკიდა, რომ ამ სახლში ძმები ზდანევიჩები ცხოვრობდნენ. ამ სახლს ტფილის ქალაქელები ხშირად სტუმრობდნენ, რათა უცნობი ფიროსმანის ნახატები ენახათ, თუმცა ამ სადარბაზოს ზდანევიჩების არაერთი მოსკოველი თუ პეტერბურგელი მეგობრებიც ახსოვს, ლილია ბრიკი, კონსტანტინე პაუსტოვსკი, რომელიც მესამე სართულზე ასვლამდე გამბედაობას მოიკრეფდა და მასპინძელს ასე წარუდგებოდა - "მე თქვენი მეგობრის, ვლადიმერ მაიკოვსკის მეგობარი ვარ. მითხრა, რომ შემიძლია, დროებით გავჩერდე თქვენთან", - წერს თავის მოგონებებში მწერალი და პუბლიცისტი იგორ ობოლენსკი.

    დღევანდელ სტატიაში, ჩვენც გვინდა, რამდენიმე მოგონება შევთავაზოთ მკითხველს, თუ როგორ შეხვდა იგორ ობოლენსკი კირილ ზდანევიჩის ქალიშვილ მირელ ზდანევიჩს თბილისში და როგორ მოუყვა საინტერესო ამბები მშობლებზე, პაუსტოვსკიზე, ფიროსმანსა და "კირპიჩნი პერეულოკის" სახლზე.

    "საერთო ენის გამონახვა ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ მაინც შევძელით. ყოველ მისვლაზე მასპინძელი სამზარეულოში გადიოდა და უკან ყავით, ჩაით და ათასგვარი ტკბილეულით დახუნძლული ლანგრით ბრუნდებოდა. მერე საყვარელ დაწნულ სავარძელში ჯდებოდა და თხრობას იწყებდა.

    "ჩემ წინ მოვლენების უშუალო მოწმე იჯდა, რომელთა თაობაზეც ჟურნალისტებსა თუ ისტორიკოსებს მხოლოდ სმენიათ. ისეთ საინტერესო ამბებს მიყვებოდა, რომ შინისაკენ მიმავალი ვფიქრობდი, უძვირფასესი ისტორიები გზად არ გამებნია.

    "გაცნობის პირველსავე დღეს ქალბატონმა მირელმა მკაცრად გამაფრთხილა: "არაფერი მკითხოთ ფიროსმანზე - ამაზე, სჯობს, წიგნები წაიკითხოთ და არც ილია ზდანევიჩზე - იმაზე ყველაფერი უკვე დაწერილია". თუმცა საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ყველაფერზე ვისაუბრეთ, გვერდი არც ღვიძლი ბიძის ცხოვრებისთვის აგვივლია და არც ფიროსმანთან დაკავშირებული ისტორიებისთვის.

    "ეს გასაოცარი ოჯახი ყოფილა, რომლის პოლონელი წინაპარიც კავკასიაში გადმოესახლებინათ რუსეთისაგან დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილ ამბოხში მონაწილეობის გამო. კირილი და ილია ზდანევიჩების მამა ტფილისში დასახლებულა და გიმნაზიაში ფრანგულ ენას ასწავლიდა. აქვე შეურთავს ცოლი, ვალენტინა - მდიდარი პოლონელის, დუჟანსკის, ქალიშვილი, რომელსაც მხოლოდ 40 წლისას გაურკვევია, რომ სინამდვილეში ქართველი ყოფილა, გვარად გამყრელიძე და მის მშობლებს ჩვილობისას გაუშვილებიათ.

    "პირველი ვაჟიც მალე შეეძინათ და კირილი დაარქვეს. ორი წლის შემდეგ წყვილი კვლავ ელოდა ახალი წევრის შემატებას და ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ გოგონა დაიბადებოდა, მაგრამ ქვეყანას მოევლინა ბიჭი, რომელსაც ილია დაარქვეს, თუმცა დედა ვერ ეგუებოდა, რომ საოცნებო ქალიშვილი არ გაუჩნდა და ილიას გოგოსავით ზრდიდა.

    "ამიტომ მხრებამდე კულულებს მატარებინებდა, ჩემი ძიძა ზინა ყოველ საღამოს "პაპილოტკების" დიდ გროვას აკეთებდა, რისთვისაც ბაბუაჩემის ბიბლიოთეკის თაროებიდან ერთმანეთის მიყოლებით იღებდა წიგნებს, მე კი ღამეს რამდენიმე ფუტი ქაღალდით თავდახუნძლული ვატარებდი. ასე გაქრა თაროებიდან პუშკინი, გრიბოედოვი, დერჟავინი, გოგოლი, ხოლო ამ ფურცლებზე დაწერილი ამბები თავში შემდიოდა და მეც ნელ-ნელა ვხდებოდი პოეტი", - წერდა თურმე მოგვიანებით ილია ზდანევიჩი თავის მოგონებებში.

    წლების შემდეგ ილიაც და მისი ძმა კირილიც ახლად ფეხშემოდგმული მე-20 საუკუნის ასწლეულის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე მხატვრებად იქცნენ. თბილისის პირველი გიმნაზიის დასრულების შემდეგ ძმები ზდანევიჩები პეტერბურგში გაემგზავრნენ. კირილი სამხატვრო აკადემიაში შევიდა, ილია კი - უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

    კირილი შემდეგ პარიზში გაემგზავრა. აბა, სხვაგან სად უნდა წასულიყო კაცი, რომელსაც მხატვრობა ჰქონდა გადაწყვეტილი. მის ერთ-ერთ გამოფენას პიკასოც ეწვია - შეხედა კირილის ნახატს და პირდაპირ ტილოს მიაწერა "5 პლუსით".

    "მოგვიანებით მირელს უკითხავს მამისთვის, სად წავიდა პიკასოს ნიშნიანი ნახატიო, რაზეც კირილ ზდანევიჩს უთქვამს - ყველაფერი პარიზში დარჩაო, თუმცა საბეჭდ მანქანაზე "აკრეფილ" კირილის ჩანაწერებს, რომლებიც დღემდე არ გამოცემულა წიგნად, ამ მოვლენის შესახებ მოგონება შემოუნახავს" - წერს იგორ ობოლენსკი.

    მშვიდ ცხოვრებას 1914 წელს მოეღო ბოლო. დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, კირილი რუსეთის ელჩმა გამოიძახა და უთხრა, სამშობლოში უნდა წახვიდეო. ისიც სიამოვნებით დაბრუნდა უკან. შინ მშობლები ელოდნენ და კიდევ ფიროსმანის კოლექცია, იმ ფიროსმანის კოლექცია, რომელმაც კინაღამ პაუსტოვსკის სიცოცხლე შეიწირა. ეს ამბავი კი ასე ყოფილა.

    პაუსტოვსკი ზდანევიჩებთან გაჩერებულა, ორიოდე დღის მერე კი კიბეებზე კისრისტეხით ჩამორბოდა კირილ ზდანევიჩი, პაუსტოვსკის მალარიის შეტევა დაწყებოდა და აფთიაქისკენ გარბოდა. მომავალ პოეტს სენი ბათუმში შეყროდა. ტფილისში რომ ჩამოსულა, საქმე თითქოს უკეთესობისკენ წასულა, მაგრამ უცებ მისკენ თავდავიწყებით მქროლი ჟირაფი დაუნახავს, შეშინებულს დაუყვირია და გათიშულა კიდეც. მერე კი გაირკვა, რომ ახალგაზრდა კორესპონდენტს და დამწყებ მწერალს არანაირი მალარიის შეტევა არ მოსვლია, არამედ ზდანევიჩების სახლის კედელზე გამოფენილი ფიროსმანის დახატული ჟირაფი დაუნახავს და... როცა პაუსტოვსკი გონს მოსულა, კირილ ზდანევიჩისთვის ყველაფერი გამოუკითხავს ამ ყველასგან განსხვავებული მხატვრის შესახებ, რომლის გვარიც - ფიროსმანი ასე წააგავდა იტალიურს.

    პაუსტოვსკიმ ამის შემდეგ თბილისში კიდევ ორი წელი იცხოვრა. საქართველოს უძღვნა 23 ნაწარმოები, მათ შორის მოთხრობები და ნარკვევები "წერილები ბათუმიდან", "ზამთარი ბათუმში", "ქართველი მხატვარი", "სად იპოვეს ოქროს საწმისი" და სხვა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter