სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "აუცილებელია კანონი მომხმარებლების, კონკრეტულად კი ბავშვების, დასაცავად"
    ნათია ლომიძე
    08.12.2017

     საქართველოში სათამაშოების ბაზარი ისევ უკონტროლოა. როგორც ბაზრობაზე, ასევე ძვირიან მაღაზიებში მომხმარებლები პროდუქციის ხარისხის პრობლემას უჩივიან. მავნე პროდუქციისგან თავის დასაცავად ქვეყანაში კანონი არ მუშაობს. არადა, ჩინურ პროდუქციას უკვე ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც კი კრძალავენ.

    უხარისხო სათამაშოების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით თურქეთში 19 ტონა ჩინურ სათამაშოს გაანადგურებენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ლაბორატორიული შემოწმებით საბავშვო სათამაშოების შემადგენლობაში მძიმე ლითონები აღმოაჩინეს, ასევე, მათი უმეტესობა ტყავის ნაწარმის საღებავით იყო შეღებილი. ჩინეთიდან იმპორტირებულ სათამაშოებს არ ჰქონდათ ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატიც. გამოვლენილ ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და გამოძიება დაიწყო. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს თურქეთში ჩინეთიდან დაახლოებით 10 ტონა საბავშვო სათამაშოს იმპორტი განხორციელდა, რომლის საბაზრო ღირებულება 3 მილიონ ლირად იყო შეფასებული.

    საქართველოში ამ კუთხით სრული უძრაობაა. მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ სფეროში სახელმწიფოს მხრიდან რეგულირება არ ხდება. ამიტომ აუცილებელია, შემუშავდეს კანონი, რაც მომხმარებლების უფლებებს დაიცავს.

    "რამდენიმე ხნის წინ სტრატეგიული კვლევების ცენტრმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგი, რომ სათამაშოების უმეტესობა შეიძლება ბავშვის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი იყოს. ჩვენ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეს კონტროლირებადი სფერო არის (სახელმწიფოს მხრიდან ვგულისხმობ) მხოლოდ სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ. სხვა სფერო არის კონტროლის გარეშე დატოვებული.

    ისიც გვირთულებს მდგომარეობას, რომ კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ გაუქმდა 2005 წელს, თუმცა მზადაა კანონპროექტი, რომელზეც ვიმუშავეთ გარკვეულმა ჯგუფმა, სადაც მონაწილეობდა ყველა ექსპერტი, რომელსაც სამომხმარებლო სფეროსთან აქვს შეხება. მოვამზადეთ დოკემენტი, რომლის ძირითადი არსი იყო მომხმარებლის ინფორმირება. ეს კანონპროექტი დღემდე დევს პარლამენტში თაროზე და მისი მიღება რატომ ჭიანურდება, არ ვიცი.

    უნდა შეიქმნას ომბუდსმენის აპარატი, რომელიც დაეხმარება მომხმარებელს უფლებების დაცვაში. როდესაც ქვეყანაში არ შეინიშნება ამ მიმართულებით არავითარი ძვრა, მიჩნდება ეჭვი, რომ საქმე გვაქვს მიკერძოებასთან. კარგი იქნება, თუკი პარლამენტი დროულად მიიღებს კანონს, რაც აუცილებელია მომხმარებლების, კონკრეტულად კი ბავშვების, დასაცავად", - განაცხადა კოიძემ.

    სათამაშოების ბაზრის საფრთხეზე საუბრობს "რეზონანსთან" თბილისის მცხოვრები თეკლა იაკობიძე. ის ხაზს უსვამს როგორც ბაზრობაზე, ასევე ძვირიან მაღაზიებში სათამაშოების დაბალ ხარისხს. ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანაში შესაბამისი კონტროლი არ მიმდინარეობს და არავინ ზრუნავს ბაზრის კონტროლზე.

    "მაღაზიაში "ყველაფერი 1 ლარად" იყიდება ერთჯერადი, სახიფათო სათამაშოები და, ზოგადად, ყველანაირი პროდუქცია. კვლევაც არ არის საჭირო, ვიზუალურადაც ეტყობა პროდუქციას, რომ უხარისხოა. ძალიან ძნელია, ბავშვს აუხსნა მისი მავნე გავლენა და მშობელი იძულებული ხდები, შეიძინო იგი. არ ვსაუბრობ იაფფასიან სათამაშოზე, საფრთხისგან დაზღვეულნი არ ვართ მაშინაც, როდესაც ძვირს ვიხდით. ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანაში შესაბამისი კონტროლი არ მიმდინარეობს და არავინ ზრუნავს სათამაშოების ბაზრის კონტროლზე.

    ბოლო დროს მუდმივად ვამბობთ, რომ ესა თუ ის საკვები მავნებელია, ამ დროს არანაკლები ზიანი მოაქვს იმ უხარისხო სათამაშოებს, რომლებთანაც ბავშვს ყოველდღიურად აქვს შეხება", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას იაკობიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ლელა   (11.12.2017)
    სასწრაფოდ არის მისაღები ეგ კანონი,რომ იყოს დაცული ჩვენი ბავშვები.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter