სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "მოსახლეობა ის მეწველი ძროხა ჰგონიათ, რითიც ბიუჯეტი უნდა შეავსონ"
    თამუნა მუკბანიანი
    09.01.2018

     ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში მცხოვრები საშუალო ოჯახის ყოველთვიური ხარჯი მინიმუმ 40-50 ლარით, ხოლო წელიწადში 500 ლარით არის გაზრდილი. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ამ მხრივ გაცილებით მძიმე წელი გველოდება. კომუნალური გადასახადების სიმძიმე, რაც მოსახლეობისათვის განსაკუთრებით მძიმე ტვირთია, წლის დასაწყისიდანვე აისახება ოჯახის ბიუჯეტზე. ჯერჯერობით შეუძლებელია პროგნოზირება, როგორი იქნება ეროვნული ვალუტის კურსი და შესაბამისად, სამომხმარებლო პროდუქტების ღირებულება. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ოჯახის ყოველთვიური ხარჯი სულ მალე კიდევ 20-22 ლარით მოიმატებს.

    2018 წლის დაგეგმილ ინფლაციის მაჩვენებელში (რომელიც 3%-ით განისაზღვრა) ვერ მოვხდა კომუნალური გადასახადების ზრდა, რაც წლის ბოლოს სემეკ-ის გადაწყვეტილებით ძალაში შევიდა. მისი მიხედვით, გამრიცხველიანებული აბონტებისთვის 1 კბ/მ წყალი დაახლოებით 6 თეთრით, ხოლო გაუმრიცხველიანებლისთვის 1 სულზე დაახლოებით 75 თეთრით იზრდება. 1,5 თეთრით გაძვირდა ელექტროენერგია, ხოლო ბუნებრივი აირის ფასი რეგიონებში ყველგან 55 თეთრს აჭარბებს.

    2017 წელს მიზნობრივ მაჩვენებელს მკვეთრად გადააჭარბა ინფლაციის ოფიციალურმა ნიშნულმა. ეროვნული ბანკი მთელი წელი ამტკიცებდა, რომ ეს აქციზის ერთჯერადმა მატებამ განმოიწვია და 2018-დან ყველაფერი ნორმის ფარგლებში ჩადგებოდა. ასეთი დაპირების არ სჯერათ ეკონომისტებს, რომელთა აზრითაც, წელსაც ინფლაცია მიზნობრივს გადააჭარბებს, ანუ 3%-ზე მეტი იქნება. პარალელურად შეუძლებელია პროგნოზირება, თუ როგორი იქნება ეროვუნილი ვალუტის კურსი და შესაბამისად, სამომხმარებლო პროდუქციის თვითღირებულება.

    სპეციალისტებს გაზრდილ ხარჯთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მოსაზრება აქვთ. ნაწილი ფიქრობს, რომ ოჯახებს მომავალი წლიდან მეტი თანხის ხარჯვა მოუწევთ, თუმცა ეს არ იქნება მძიმე ტვირთი, რამდენადაც ქვეყანაში შემოსავლების ზრდაც მიმდინარეობს. სოციოლოგების ნაწილი კი ფიქრობს, რომ რა დოზითაც უნდა მოხდეს ზრდა, მცირეშემოსავლიან ოჯახებს მაინც მძიმე ტვირთად დააწვება. საბოლოო ჯამში, ყველა თანხმდება, რომ ცხოვრება გაძვირდება და ეს გარდაუვალი რეალობაა.

    ექსპერტი ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში პაატა აროშიძე ვარაუდობს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ოჯახის ყოველთვიური ხარჯი, საშუალოდ, 40-50 ლარით არის გაზრდილი. ხალხი ვერ ინახავს ფულს და მთელ თანხას, რაც გააჩნია, პირველადი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ხარჯავს. მომავალში კიდევ მოსალოდნელია 22 ლარით მატება.

    "მოსახლეობის უმეტესობა პირველადი მოხმარების პროდუქციის შეძენაზეა ორიენტირებული. უმეტეს შემთხვევაში, ხანგრძლივი მოხმარების პროდუქციის ყიდვა ხალხს გადავადებული აქვს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაძვირდა კვების პროდუქტი, საწვავი, წამლები, ტანსაცმელი და სხვა, ძირითადად, იმპორტული პროდუქცია. შესაბამისად, გაიზარდა ხარჯიც. ოჯახის ბიუჯეტზე გაძვირებული კომუნალური მომსახურება ჯერჯერობით არ ასახულა. ამიტომ გაძვირება უფრო მეტად მომდინარეობს ლარის დევალვაციიდან და პროდუქტების გაძვირებიდან. ყოველთვე 40-50 ლარით მეტის გაღება უხდება საშუალო ოჯახს მხოლოდ ამის გამო.

    გაზრდილ ხარჯში ძირითადი ადგილი უჭირავს პირველადი მოხმარების პროდუქტსა და კომუნალურ გადასახდებს (ეს უკანასკნელიც უკვე გაიზარდა). გარდა ამისა, სამომხმარებლო კალათა ითვალისწინებს მეორეულ ხარჯსაც, მაგრამ მოსახლეობის უმეტესობა ცდილობს, ამას თავი აარიდოს.

    სამომავლოდ ხარჯი კიდევ მოიმატებს და ეს არის რეალობა. მინიმუმ 20-22 ლარით გაიზრდება ოჯახის ყოველთვიური დანახარჯი. თუ ამას მივუმატებთ უკვე გაძვირებულ ყოფას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ უკეთესად იგრძნოს თავი. ის, თუ რამდენი ლარით გაძვირდება ცხოვრება საშუალოშემოსავლიანი ოჯახისთვის, ძნელად სათქმელია", - აცხადებს აროშიძე და დასძენს, რომ მოსახლეობის უმეტესობას არ უწევს მეორეული ხარჯის გაწევა, რაც შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ყველაფერს ზღუდავს.

    აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ შარშან მოსახელობისთვის ცხოვრება ძალიან გაძვირდა და ეს ტენდენცია 2018 წელსაც შენარჩუნდება. საყოფაცხოვრებო პროდუქციის მნიშვნელოვნად გაძვირების პარალელურად, კომუნალური გადასახადების ზრდა მძიმე ტვირთად დააწვება ისედაც გაღარიბებულ მოსახლეობას.

    "მატულობს ყველაფრის ფასი, მათ შორის - კომუნალური გადასახადისაც. 30%-იანი ზრდა შეინიშნებოდა სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე და ინფლაციამ 7 პროცენტს მიაღწია. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს უმთავრესად მოსახლეობის ქვედა ფენა გრძნობს.

    ხელისუფლების პროპაგანდა, რომ წელს მდგომარეობა გამოსწორდება და ყველაფერი უკეთესად იქნება, სასაცილოც კია. ხალხი ასეთი მოწოდებებით ოჯახებს ვერ გამოკვებავს.

    ხელისუფლება ამბობს, რომ მაკროეკონომიკური ზრდის პარამატრები გაუმჯობესებულია და ამ მხრივ პრობლემა არ არის. ამ დროს ქვეყნის განვითარების მთავარი ქვაკუთხედი მიკროეკონომიკაა, ანუ - მცირე და საშუალო ბიზნესი, ამ კომპონენტში კი დიდი ჩავარდნა გვაქვს.

    კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამომხმარებლო კალათის დათვლის სისტემა გადასახედია, მისი როგორც სასურსათო, ასევე არასასურსათო ნაწილიც. გაცილებით მეტია "კალათის" მოცულობა, ვიდრე "საქსტატის" მიერ ამჟამად არის დადგენილი.

    ვერსად ვხედავ, რომ წარმოება იხსნება ან მოსახლეობის მცირე ნაწილი მაინც საქმდება. არ კეთდება არაფერი, რათა მოსახლეობას მატერიალური კეთილდღეობა გაუუმჯობესდეს ან რაც კეთდება, ძალიან ცუდად და არასწორად.

    სულ უფრო მეტად იზრდება ნავთობპროდუქტების ფასი საქართველოში, რის ანალიზსაც არავინ აკეთებს. მოსახლეობა მეწველი ძროხა ჰგონიათ, რითიც ბიუჯეტი უნდა შეავსონ. ასევე კატასტროფულად ძვირდება ჯანდაცვა. არ მოვერიდები პირადი მაგალითის მოყვანას, წამალი, რომელშიც გასულ თვეში 70 ლარს ვიხდიდი, წინა დღეებში 112 ლარად შევიძინე. ეს გადაუდებელი და აუცილებელი ხარჯია, რის დაფარვასაც მოსახლეობის დიდი ნაწილის შემოსავალი არ ჰყოფნის და სავარაუდოა, რომ ნასესხები ფულით ცხოვრება კვლავ გაგრძელდება საქართველოში", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" პაატა კოღუაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter