სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    11.01.2018

     "რატომ არ ვიცნობ ამ კაცს, ეს რა გენიოსი გყოლიათ", - უთქვამს რეზო ჩხეიძისთვის კანის ფესტივალზე ჟან გაბენს, რომელსაც ფილმ "ბურთი და მოედანში" იპოლიტეს "კუჭკუჭი" უნახავს. მართლაც, მას ყველა უბადლო კომიკოსს უწოდებდა, თავად კი ტრაგიკულ როლებზე ოცნებობდა. ცამეტი ციფრი კარგად ჰქონდა დაცდილი, ცამეტი "იპოლიტე" შეასრულა კინოში. უყვარდა ქეიფი, ფეხბურთი და ნარდის თამაში. დღევანდელ სტატიაში ჩვენც გავიხსენებთ რამდენიმე საინტერესო ეპიზოდს ლეგენდარული მსახიობის კადრსმიღმა ცხოვრებიდან.

    60-იან წლებში რუსთაველის თეატრში დაიდგა ლევან სანიკიძის კომედია "ქუთათურები". სპექტაკლში იყო ათწუთიანი ეპიზოდი, როცა მაგიდას იპოლიტე ხვიჩია, ემანუელ აფხაიძე, კარლო საკანდელიძე, ჯემალ ღაღანიძე და ხუთი მომღერალი უსხედან. მსახიობს, რომელიც ოფიციანტის როლს თამაშობდა, კახეთიდან ღვინო ჩამოუტანია, უფიქრია, ამათზე უკეთეს ხალხს ვის დავალევინებო და სპექტაკლისთვის განკუთვნილ ბოთლებში ნამდვილი ღვინო ჩაუსხამს.

    მოკლედ, ეს ეპიზოდი სცენაზე ათი წუთის ნაცვლად ერთი საათი გაგარძელდა ცეკვა-თამაშით. ბოლოს ჯემალ ღაღანიძემ იპოლიტეს ჩუმად გადაულაპარაკა - "გვეყო, დავასრულოთ". - შენ ხომ არ გაგიჟდი, ახლა ვიწყებ ქეიფსო - უთქვამს იპოლიტეს და თამარ მეფიდან მოყოლებული ყველა დიდი მამულიშვილის სადღეგრძელო შეუსვამს. არც მაყურებელი დავიწყნია: "თქვენ მობრძანებას და ჩვენ დახვედრას გაუმარჯოსო. მერე მაგიდიდან წამოდგა, დანა აიღო, ჩაიდო პირში და ცეკვა დაიწყო.

    ჯემალ ღაღანიძე კარლო საკანდელიძეს ეხვეწება - ჩაარტყი, კარლო, ბოთლი თავში ძიძავას და შუქსაც ჩააქრობენო. სცენარის მიხედვით, სინათლეს მანამდე არ ჩააქრობდნენ, სანამ საკანდელიძე ძიძავას მუყაოს ბოთლს არ ჩაარტყამდა. - რა ჩავარტყა? ბუტაფორიული ბოთლი ოფიციანტმა წაიღო, ნაღდს ხომ არ ჩავარტყამო - უთქვამს შეწუხებულ საკანძელიძეს. ჩაარტყი! - არ იშლის ღაღანიძე. - კი ბატონო, ჩავარტყამ - წამოავლო ბოთლს ხელი კარლომ და გაეკიდა იპოლიტეს. იპოლიტე შეშინებული სცენაზე დარბის და ყვირის - მომკლავს ხალხო, მოკლავსო. გამნათებელმა როგორც იქნა, ჩააქრო სინათლე. სიცილით დაოსებული მაყურებელი იატაკზე ხოხავდა. ამბობენ, რომ ეს იყო რუსთაველის თეატრის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა მსახიობებმა სცენაზე ქეიფი ნამდვილი ღვინით გამართეს.

    მეგობრებთან ქეიფი და დროსტარება დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. განუყრელი მეგობერები იყვნენ იპოლიტე, რეზო ლაღიძე და დავით გამრეკელი. როდესაც ერთად იკრიბებოდნენ, აუცილებლად სუფრა იშლებოდა, სიმღერითა და იპოლიტეს ხუმრობებით სავსე. ერთხელაც, როცა დასრულდა ფილმის "არ დაიდარდო" გადაღება, იპოლიტემ ოჯახში მთელი გადამღები ჯგუფი დაპატიჟა. მართალია, ეროსი მანჯგალაძე ამ ფილმში არ თამაშობდა, მაგრამ იპოლიტეს ისე უყვარდა ეროსი, რომ მის გარეშე სუფრას არ შლიდა. დაიწყო ლხინი, სუფრას ჩიტის რძე არ აკლია, ეროსიმ თურმე ირონიულად გადახედა სუფრას და იპოლიტეს უთხრა - "რა არის, იპოლიტე, ამისთვის დამპატიჟე". გაგიჟდა მასპინძელი, შესძახა მეუღლეს "ხაჭაპუროვნა", ასე ეძახდა სიყვარულით - "დაამატე ახალი კერძები, არ შევრცხვეთ სტუმრებთან". მეუღლესაც მოაქვს ნაირ-ნაირები, მაგრამ ეროსი არ ისვენებს და ისევ იმეორებს - "სულ ესაა, ამაზე დამპატიჟე". ვეღარ მოითმინა იპოლიტემ და განწირული ხმით გასძახა ცოლს: "ლუბა, დაკალი ვერიჩკა და შეწვი", ვერიჩკა იპოლიტეს სიდედრი იყო.

     იპოლიტე აივანზე ზის, ხელში შალითაში გახვეულ ჩვილს არწევს და უმღერის. უცებ თითქოს რაღაცამ უკბინა, ეზოში მომუშავე მუშებს დაჰკივლა - მოდით, მიშველეთ, ხალხი არა ხართ, აღარ შემიძლია ამის ამდენი ფერება და აწი თქვენ დაიჭირეთო. ეს თქვა და შალითაში გახვეული ჩვილი მეოთხე სართულიდან გადააგდო. მუშები თავპირისმტვრევით გამოცვივდნენ ბავშვის გადასარჩენად. ბავშვი შალითიდან ამოხტა და იქვე დაიწყო ხტუნვა. იპოლიტეს თურმე ხუთლიტრიანი ღვინით სავსე ტიკი გადაუგდია მუშებისთვის. მუშები ჯერ სიმწრის ოფლს იწმენდნენ, შემდეგ სიცილ-ხარხარი ატეხეს.

    ფეხბურთი და ნარდის თამაში ცალკე თემა იყო იპოლიტეს ცხოვრებაშიო, ამბობდნენ მისი მეგობრები. ფეხბურთი ისე უყვარდა, რომ თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელ გავრილ კაჩალოვს სთხოვა გუნდში მიეღო და განცხადებაც აახლა.

    "მე, იპოლიტე ხვიჩია, მშობლების ხელმოკლეობის გამო დავიბადე ქალაქ ხონში. დედაჩემმა აკვნიდანვე შემაყვარა ფეხბურთი. ახლაც სიამოვნებით ვიგონებ იმ წუთებს, როდესაც აკვანში ვტიროდი და მამაჩემი დედაჩემს გასძახებდა - ჩაჩარი, ქალო, მაგ დალეულს ბურთი პირში, თორემ გადავაგდებ ფანჯრიდანო. ეს საკმარისი აღმოჩნდა, გავმხდარიყავი ფეხბურთელი. ახლა გთხოვთ, მიმიღოთ თბილისის "დინამოში" და საჯაროდ ვდებ პირობას: 1. არასდროს დავლევ გაკეთებულ ღვინოს. 2. არასდროს ავიცილებ და არ ავაცილებ სანაძლეოებს. 3. გუნდში მივატოვებ არტისტობას და გავხდები სერიოზული კაცი. 4. თამაშის მსვლელობის დროს მსაჯს მხოლოდ მშობლიურ ენაზე შევაგინებ. ხოლო თქვენ, ბატონო გავრილ, პირადად გჩუქნით მოკლემეტრაჟიან ფილმ "ბურთი და მოედანს"; თქვენი თვალით ნახეთ და დარწმუდით, როგორი მონაცემები მაქვს. ოქროს მედალს ახლავე თუ გადმომცემთ, ნამეტანი მადლობელი დაგრჩებით".

    ნარდის თამაშში კი დიდი "შარიანი" ყოფილა, ვაი მისი ცოდვა, ვინც ხელში ჩაუვარდებოდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა, შინაური იყო თუ გარეული, კივილამდე მიჰყავდა. მუდმივი პარტნიორებიც ჰყავდა, რომლებთანაც სულ ჩხუბობდა. ერთ-ერთი შეხლა-შემოხლის შემდეგ ყველა რომ შემოეცალა, ხელწერილი დაუწერია.

    "მე, იპოლიტე ხვიჩია, რესპუბლიკის სახალხო არტისტი და სახელგანთქმული კომიკოსი, ვალდებული ვარ, ძვირფასი პარტნიორების წინაშე დავიცვა (ნარდში) ხელშეუხებლობის პირობები. ანგარიში გავუწიო პარტნიორის მოგებას და არ მივითვისო იგი. 1. ერთის ნაცვლად არ გამოვიყენო სამი ქვა. 2. წამდაუწუმ არ ვუწოდო ჩემს ძვირფას და ნიჭიერ პარტნიორებს შემდეგი სიტყვები - უპატრონო, კრეტინო, დეგენერატო, კიკა და ა.შ. 3. გავუფრთხილდე სხვის წნევას და შარი არ მოვდო ჩემ სასარგებლოდ. არ ვიტრაბახო სხვასთან ძლივს მოგებული პარტიით. ახლა ოღონდ შემირიგდნენ და პირობას ვდებ, ყველა მუხლს დავიცავ, რაზედაც ხელს ვაწერ. იპ. ხვიჩია. 19.11. 78 წელი.

    პ.ს. ახლა ვარ თანახმა, მაგრამ თუ დავდექი ფეხზე, მოგიკითხავთ კარგებს! თქვენი იპო".

    იპოლიტე ხვიჩია ხშირად წუხდა იმის გამო, რომ პანაშვიდებზე ვერ მიდიოდა. ამბობდა: "ეს რა დღეში ჩავვარდი, პანაშვიდებზე ვეღარ მივსულვარ, რომ დამინახავენ, ჭირისუფალიც კი სიცილით იგუდება, ამიტომ თავს ვარიდებ პანაშვიდზე მისვლას, რომ პროცესი არ ჩავშალო". სიკვდილის წინ კი სიცილის მეფეს უთქვამს, წინ სურათს ნუ გაიტანთ, ამ ერთხელ მაინც გამაცილეთ ცრემლითო...

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter