სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    11.01.2018

     კარგარეთელის ქუჩაზე დღესაც დგას უნიკალური შენობა, რომელსაც საოცარი ისტორია აქვს. იგი 1895 წელს გერმანელი არქიტექტორის - პაულ შტერნის მიერ არის აგებული. თავდაპირველად ეს ადგილი ავსტრიის იმპერატორის ქვეშევრდომ ფრანც ტიტეს ეკუთვნოდა. ამ ქუჩაზე, რომელსაც ბაღის ქუჩა ერქვა, ფრანც ტიტეს თავისი ქალიშვილის - ემილიასთვის სასახლის აშენება სურდა, თუმცა ეს ტერიტორია შემდეგ გერმანელმა პრინცმა კონსტანტინე ოლდენბურგელმა შეიძინა და თავის ულამაზეს მეუღლე აგრაფინა ჯაფარიძეს დიდი სიყვარულის ნიშნად სასახლე აუშენა.

    სიყვარულის ისტორია კი ერთ-ერთ მდიდრულ საღამოზე დაიწყო. ბარბარე ჩოლოყაშვილი-ბარათაშვილისა, რომელიც "ვეფხისტყაოსნის" დიდი მოტრფიალე იყო, "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრირებულ, "ცოცხალი სურათების" წარმოდგენას მართავდა, რომლის ავტორიც ცნობილი უნგრელი მხატვარი მიხაი ზიჩი გახლდათ. აგრაფინა ჯაფარიძე დადგმაში ნესტან-დარეჯანს განასახიერებდა. ამ წარმოდგენას გერმანელი პრინცი კონსტანტინე ოლდენბურგელიც ესწრებოდა.

    პრინცი კონსტანტინე ოლდენბურგელი რომანოვების ახლო ნათესავი იყო. ალექსანდრე პირველის დის, დიდი თავადის - ეკატერინეს შვილიშვილი. იგი კავკასიაში ფლიგელ-ადიუტანტის ჩინით მსახურობდა. კონსტანტინე საქართველოში ძმასთან, ალექსანდრესთან, ერთად ჩამოვიდა. ძმები მოიხიბლნენ საქართველოთი. ალექსანდრეს განსაკუთრებით მოსწონებია გაგრა და მის სანაპიროზე გადაუწყვეტია კურორტის აშენება. მიზანი იყო რუსეთის იმპერიაში ყველაზე ცნობილი და მოდური კურორტის - ყირიმისთვის კონკურენციის გაწევა. მართლაც ალექსანდრემ თავი არ დაზოგა, ჩამოიყვანა არქიტექტორები, გააშენა პარკები, ხელოვნური ტბა, ააშენა ულამაზესი შენობები და 1903 წელს გაიხსნა კურორტი გაგრა, რომელმაც მართლაც გაუწია კონკურენცია ულამაზეს ყირიმს.

     კონსტანტინე ქუთაისში დასახლდა, დაიწყო ფრანგული შამპანურის წარმოება. თავისი წვლილი შეიტანა თბილისი-ფოთის რკინიგზის მშენებლობაშიც, მაგრამ მისი სახელი მაინც ამ სასახლის მშენებლობას და იმ უცნაურ სიყვარულს უკავშირდება, რომელიც მას აგრაფინა ჯაფარიძესთან აკავშირებდა. ლეგენდის თანახმად, პრინცს თავდავიწყებით შეუყვარდა აგრაფინა, რომელიც იმ დროს გათხოვილი იყო, მაგრამ პრინცი გრძნობებს ვერ მოერია და ქალს სიყვარულში გამოუტყდა. ამ სიყვარულის შესახებ მრავალი ჭორი თუ მართალი დადიოდა მე-19 საუკუნის თბილისში და მათი შეხსენებით მკითხველს თავს არ შევაწყენთ.

    სასახლე 6 თვეში აუშენებიათ. როგორც ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, პაულ შტერნის პროექტით - ნაგებობის სტილი, ერთი მხრივ, "აგურის გოთიკას" ენათესავება, ხოლო მეორე მხრივ, ისლამური არქიტექტურისთვის დამახასიათებელ დეტალებს იმეორებს. ციხე-დარბაზის ტიპის ნაგებობას ღია ტერასა აქვს, ასევე ქვის მოაჯირებიანი კიბე, შუა ბასტიონი აზიდული ციცაბო სახურავით და სამსართულიანი კოშკით. მთავარ ფასადზე თავმოყრილი შეისრული თაღები, კედელში ჩასმული ვარდულები, მოაჯირის წვრილი სვეტები. გუმბათს პრინცის საგვარეულო გერბი ამშვენებს, რომელზეც ფრთიანი ცხენია გამოსახული. იოანე ბატონიშვილის ცნობით, ფრთიანი ცხენი დავით აღმაშენებლის გერბზეც იყო დატანებული.

    ამბობენ, სასახლის პირველ სტუმრებს დარბაზში შესვლისას კაბები და შარვლები აუკეცავთ, რადგან იატაკი ბროლის იყო და დარბაზის განათება წყლის ეფექტს ქმნიდა. სასახლეში იკრიბებოდა თბილისის ნაღები საზოგადოება, ეწყობოდა მეჯლისები, მუსიკალური საღამოები. პეტერბურგში უკმაყოფილონი დარჩნენ კონსტანტინე ოლდენბურგელის არჩევანით და მას მემკვიდრეობა და ტიტულიც ჩამოართვეს, მის ხუთ შვილს კი, რომლებიც აგრაფინასთან შეეძინა, რომანოვებმა და ოლდენბურგელებმა გვარი არ მისცეს. ისინი ერთ-ერთი მამულის - ზირნეკაუს გვარს ატარებდნენ. მიუხედავად ყოველივე ამისა, ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული ცოლ-ქმარი, პრინცი კონსტანტინე ოლდენბურგელი და გლეხის ქალი აგრაფინა ჯაფარიძე, რევოლუციამდე ამ სასახლეში ბედნიერად ცხოვრობდნენ.

    ამ საოცარ ისტორიას სევდიანი დასასრული აქვს, 1906 წელს კონსტანტინე ოლდენბურგელი ნიცაში მოულოდნელად გარდაიცვალა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ სასახლში ბოლშევიკები შეცვივდნენ, ბროლის იატაკი აყარეს, მოხატული კედლები მთლიანად გადაღებეს, ჭაღები ჩამოხსნეს და უნიკალური ნივთები ეზოში გადაყარეს. იმასაც ამბობენ, რომ სასახლის ულამაზესი დიასახლისი აგრაფინა ჯაფარიძე სიყვარულის კოშკში აწამეს. იმდროინდელი თბილისის მკვიდრნი ყვებოდნენ, რომ სასახლეში ქალის აჩრდილი დადისო. შემდეგ სასახლეში ბინა დაიდო ყრუ-მუნჯთა სკოლამ. ამბობენ, რომ ლავრენტი ბერიამ, რომელსაც ყრუ-მუნჯი და ჰყავდა, სპეციალურად მისთვის სასახლეს გრძელი შენობა მიუშენა. 1927 წელს დავით არსენიშვილის თაოსნობით მუზეუმი გაიხსნა, რომელიც კავკასიაში პირველი თეატრის მუზეუმი იყო. დღეს ამ უნიკალურ სასახლეში საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter