სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    11.01.2018

     ძველ თბილისში, მირზა შაფის ქუჩაზე, სასტუმროს მშენებლობას საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს. უკმაყოფილოა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილიც, ვისაც მძიმე ტექნიკამ სახლის კედლები დაუზიანა, კომპენსაცია კი, როგორც ამბობენ, არ აუღიათ. მეორე ნაწილმა კი კომპენსაცია უკვე აიღო და მარტიდან ბინებს დაცლიან.

    აღსანიშნავია, რომ სასტუმროს მშენებლობა გასული წლის სექტემბერში დაიწყო და 2 წელში დასრულდება. ამჟამად კლდის ნაწილის ჩამონგრევა და მისი გასწორება მიმდინარეობს. ისრაელის ინვესტიციით მშენებლობას დეველოპერული კომპანია ქს| ზკწოუსე ახორციელებს.

    კომპანიის თანადამფუძნებელი ია ჩანტლაძე აცხადებს, რომ სასტუმრო 2-3-სართულიან შენობებს მოიცავს და პროექტი სრულად შეესაბამება ძველი თბილისის არქიტექტურას. მისი თქმით, პროექტი 8 წლის განმავლობაში მუშავდებოდა და ყველანაირი ინსტანცია გაიარა. სასტუმროს დიზაინის ნაწილი გახდება კლდე. ფასადი კი სხვადასხვა სტილის აგურით მოპირკეთდება და სამშენებლო მასალის წყობა ქართული ხალიჩის დიზაინს შექმნის.

    "ეს მშენებლობა ნამდვილად არ მიშლის ხელს, რადგან როგორც ვიცი, სასტუმროს აშენების გარდა, მთლიანად უბნის რეაბილიტაცია იგეგმება. ტურისტებისთვის მიმზიდველი უნდა გახდეს. კომპანიას თანხა გამოყოფილი აქვს და მარტიდან ქირით გაგვიყვანენ," - გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა. ამჟამად ქირით მხოლოდ 2 ოჯახია გაყვანილი, რომელთა სახლებიც სასტუმროს გვერდით მდებარეობდა.

    მძიმე ტექნიკის მუშაობამ ოთარ მამედოვის სახლის კედლები დააზიანა, თუმცა კომპენსაციას არავინ შეჰპირებია და რას უპირებენ, ისიც არ იცის.

    "მთელი სახლი ზანზარებს, აქ ცხოვრება შეუძლებელია. საძინებლებში კედლები დაიბზარა. უფრო მძიმე ტექნიკაზე რომ გადავლენ, მერე ალბათ სახლი თავზე ჩამომენგრევა. ჩვენი პატრონი არავინაა. მპირდებიან, შევამოწმებთ სახლს და დაზიანების კატეგორიას დავადგენთო, თუმცა ჯერ არავინ მოსულა.

    "რის საფუძველზე დარიგდა კომპენსაციები, არ ვიცი. ეტყობა, ვისაც პატრონი ჰყავდა, მათ აიღეს. ჩემს ბიძაშვილსაც მისცეს ფული, გვერდით სახლში ცხოვრობს, ჩემთან კი ჯერ არავინ მოსულა. არადა, ნახეთ, კედლები რა დღეშია", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას მამედოვი.

    ძველ თბილისში სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებს თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი. მისი თქმით, თბილისის უნიკალურობა მის ლანდშაფტშია, რომელზეც არქიტექტურაა მორგებული, ახალი ტენდენციით კი, ლანდშაფტს არგებენ არქიტექტურას, რისთვისაც კლდეს ჭრიან, რაც მიუღებელია.

    "ასევე, არ ვიცით, რა პროექტი შენდება. ჩვენ ძალიან მწარე გამოცდილება გვაქვს, როცა კომპიუტერულ გრაფიკაზე ერთია გამოსახული და რომ აშენდება, აბსოლუტურად სხვას ვიღებთ. ამ აქციის შედეგი დღეს არის, რომ ვინც არიან მშენებლები (აქამდე მხოლოდ ის ვიცოდით, რომ ებრაული კომპანია იყო), გამოჩნდნენ და შევთანხმდით, რომ ზეგ შევხვდებით. ჩემი თხოვნაც იყო და მოთხოვნაც, რომ გვაჩვენონ არა რენდერები, არამედ პროექტი," - განუცხადა "ნეტგაზეთს" ელისაშვილმა.

    მისივე თქმით, როდესაც პროექტს გაეცნობიან, დაადგენენ, რა არის მისაღები და რა მიუღებელი, თუმცა, მისი აზრით, ასეთი ღირებული ადგილი თბილისში არ არსებობს, ამიტომ კლდის მოჭრა ყოვლად მიუღებელია.

    "პირველ რიგში, მინდოდა, ჩემი თვალი მენახა, რა ხდებოდა აქ, როგორ იჭრება კლდე. თბილისის ისტორიულ უბნებში ასე უხეშად ჩარევა არ შეიძლება," - განაცხადა კინომცოდნე თეო ხატიაშვილმა, რომელიც მირზა შაფის ქუჩაზე იმყოფებოდა.

    სანამ პროექტს არ ნახავენ, შეფასება უჭირთ არქიტექტორებს: მერაბ ჩხენკელსა და ლადო ვარდოსანიძეს, რომლებსაც "რეზონანსი" დაუკავშირდა.

    შეგახსენებთ, რომ სასტუმროს მშენებლობის დაწყების ცერემონიალი 18 დეკემბერს გაიმართა. მას თბილისის მერი კახი კალაძე, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელი იციკ მოშე და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩიგოვაძე დაესწრნენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter