სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    2 კვირის შუალედში ერთი და იმავე სადღესასწაულო ხარჯის გაწევა სულ უფრო მეტ ოჯახს უჭირს
    თამუნა მუკბანიანი
    12.01.2018

     საქართველო იმ იშვიათ ქვეყნებს შორისაა, სადაც ახალი წლის დადგომა ორჯერ - 1-ელ და 14 იანვარს აღნიშნება. ამის მიზეზი საუკუნის წინანდელი კალენდრის რეფორმაა. თითქმის მივიწყებული ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია, რომელიც ბოლო წლებამდე მხოლოდ რეგიონებში ნარჩუნდებოდა, ხელახლა დაბრუნდა თითქმის ყველა ოჯახში. ამის მიზეზი მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ მარხვის შენახვა გახდა. თუკი ოჯახს აქვს საშუალება, რომ სადღესასწაულო ხარჯი ორჯერ გასწიოს, მაშინ ორივე ახალ წელს ერთნაირად ზეიმობს.

    საქართველოში, ისევე როგორც ზოგიერთ მართლმადიდებელ ქვეყანაში, ახალი წლის დადგომას ორჯერ - 1-ელ და 14 იანვარს ზეიმობენ. ქართველებისთვის უჩვეულო სულაც არ არის, რომ წლის ყველაზე მხიარული დღესასწაული ორი კვირის შემდეგ ისევ დგება. ბავშვებიც თოვლის ბაბუას წელიწადში ერთხელ კი არა, ორჯერ ელოდებიან. "მეორე დღესასწაულს" თავისებური სახელწოდებაც გამოარჩევს - ძველით ახალი წელი.

    მისი აღნიშვნის ტრადიცია ორი კალენდარული სისტემის არსებობამ გამოიწვია. დღესდღეობით მთელი მსოფლიო ოფიციალურად გრიგორიანულ კალენდარს ეყრდნობა, რომელიც 1582 წელს პაპ გრიგოლ ||-ის მიერ გატარებული კალენდარული რეფორმის შემდეგ დამკვიდრდა ევროპაში. საქართველოში გრიგორიანული კალენდარი გასაბჭოების შემდეგ შემოიღეს. ასე მივიღეთ ორი დღესასწაული და ორჯერ ახალი წლის აღნიშვნა.

    მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში საახალწლო ციებ-ცხელება უკვე ჩამცხრალია, რამდენიმე ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოში ისევ სადღესასწაულო სამზადისია. მიუხედავად იმისა, რომ ძველით ახალი წელი უფრო საოჯახო დღესასწაულია და ნაკლები პომპეზურობით აღინიშნება, 13 იანვრის ღამეს ისევ იშლება სადღესასწაულო სუფრა, ზუსტად 12 საათზე თბილისის ეზოებსა და აივნებზე ისევ ისვრიან მაშხალებს. შედარებით მივიწყებული ტრადიცია, რომელიც ბოლო დრომდე მხოლოდ რეგიონებში იყო შემორჩენილი, ისევ გაცოცხლდა და ბოლო წლებში ოჯახების უმეტესობა, რომლებსაც ფინანსური შესაძლებლობა აქვთ, ისევე ემზადება 14 იანვრისათვის, როგორც 1-ლი იანვრისთვის.

    ლელა ვაშაკიძე ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ისევე ელოდება ძველით ახალ წელს, როგორც პირველ იანვარს. ტრადიცია, რომელიც მის ბავშვობაში მივიწყებული იყო, მისთვის გაუგებარი მიზეზით ისევ აღდგა.

    "ზუსტად არ ვიცი და, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, რამ განაპირობა, ძველით ახალი წლის აღნიშვნა რომ ისევ მოდური და ტენდენციური გახდა. 15-20 წლის წინ ბავშვები "სოფლის ახალ წლად" მოვიხსენიებდით ამ დღეს და ვიცოდით, რომ მხოლოდ რეგიონებში აღინიშნებოდა. დღეს კი მეც და მოსახლეობის უმეტესობაც ორ ახალ წელს თანაბრად ზეიმობს და იანვრის პირველ ნახევარს სიმთვრალეში ატარებს დაუსრულებელი დღესასწაულების გამო. ეს მომენტი რომ არ იყოს და აღნიშვნის ზომა-წონა ვიცოდეთ, მივესალმები კიდეც 2 ახალ წელს, მით უფრო 14 იანვარი რაღაცნაირად ოჯახური დღესასწაულია.

    თუ პირველ იანვარს ჩემი შვილები და ალბათ სხვა ახალგაზრდებიც მეგობრებთან ერთად შეხვედრას ამჯობინებენ, ეს სურვილი 14-ში არასდროს გამოუთქვამთ. კარგი იქნება, ქართული მადლიერების დღის ფუნქციას თუ შეიძენს და წმინდა საოჯახო დღესასწაულად ჩამოყალიბდება", - ამბობს "რეზონანსთან" ლელე ვაშაკიძე.

    ძველით ახალი წლის საზეიმოდ აღნიშვნას მიესალმება მერი ფანჩულიძეც, თუმცა ამბობს, რომ ფინანსურად მოსახლეობის უმეტესობისათვის შეუძლებელია, 14 და 1-ლი იანვარი ერთნაირად აღინიშნებოდეს, მიუხედავად დიდი სურვილისა.

    "ქართველებს ზომიერების დაცვა ყველაფერში გვიჭირს. სანამ ევროპაში წავიდოდი სამუშაოდ, მეგონა, რომ ყველა ერს ჰქონდა მსგავსი თვისებები, მაგრამ არა, მხოლოდ საქართველოში აღინიშნება დღესასწაულები ამხელა სუფრით. რასაც ვამზადებთ, უმეტესობა გადასაყრელი ხდება და ისეთი კერძების მომზადებაზეც კი არ ვამბობთ უარს, ზუსტად რომ ვიცით, არ შეიჭმება. მაგალითად, კომიკურადაა უკვე ქცეული საახალწლო სუფრის "ოლივიე", მაგრამ მაინც ყველა ამზადებს.

    მოსახლეობა გაღარიბებულია და ისე უჭირს, ორი კი არა, ერთი ახალი წლის აღნიშვნასაც ძლივს ახერხებს სრულფასოვნად. იშვიათად მახსენდება ოჯახები, სადაც ყველა ტრადიციული ატრიბუტია ხოლმე სუფრაზე (გოჭი, გოზინაყი, ინდაურის საცივი და ა.შ). ამ პირობებში ორი დღესასწაული ორ ხარჯს უფრო უკავშირდება, ვიდრე ორ ზეიმს. მიუხედავად ამისა, მე მაინც ტრადიციების ერთგული ვრჩები. რა თქმა უნდა, ძველით ახალ წელსაც გავშლი სუფრას, თუმცა ისეთს ვერა, როგორსაც პირველ იანვარს. მხოლოდ ბავშვების საჩუქრებს ვამზადებ იგივე ენთუზიაზმით. 2 კვირის წინ თუ სანტა კლაუსმა მოუტანა, ახლა ქართულმა თოვლის ბაბუამ უნდა იყოჩაღოს და არ უნდა შერცხვეს. სხვა ყველაფერზე ეკონომიას ვგეგმავ", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას მერი ფანჩულიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter