სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რატომ აღმოჩნდა პოლიტიკური აფიორა ტიგრან მეორის მეფედკურთხევის საფუძველი
    მამუკა ნაცვალაძე
    13.01.2018

     დიდი სომხეთის იდეა დღემდე რჩება იმპერიული იდეოლოგიის მანიპულირების მთავარ იარაღად, რომელიც კავკასიის წინააღმდეგაა მიმართული. ერთიანი კავკასია ყველა დროის მსოფლიო იმპერიისთვის საშიში მოვლენაა. ეს ის ფენომენია, რომლის წინააღმდეგაც უძლური აღმოჩნდა ნებისმიერი დროისა და ფორმაციის მსოფლიო მასშტაბის მქონე სახელმწიფო.

    სწორედ ამ ფონზე არ კარგავს აქტუალობას დიდი სომხეთის იდეა, როგორც კავკასიური ერთიანობის მარადიული საფრთხობელა. ის პოლიტიკური წიაღსვლები, რაც კავკასიას მართულ პოლიტიკურ სეგმენტად გარდასახავს, იმპერიული კონცეპტის სომხური კოზირის გამოყენებით აღესრულება.

    როგორ მოიპოვა ტიგრან მეორემ სომხეთის მეფობის უფლება კომპრომისით

    ყველაფერი კი ბანალური ტყუილით იწყება - ტიგრანი, სომხეთის მეფისწული, რომელიც პართიის სამეფო ქალაქებში, ექტაბანასა და ქტეზიფონში, ათი წლის განმავლობაში მძევლად ჰყავს აყვანილი მითრიდატე მეორე პართიელს, ტახტზე ასვლის სანაცვლოდ უთმობს პართიის მეფეს 70 ნაყოფიერ ველს, ანუ უთმობს იმ ტერიტორიას, რომელზეც თავად მძევლის რანგში ვერანაირად ვერ ექნებოდა წვდომა. უთმობს იმ მიწებს, რომელსაც ისედაც ფლობს პართიის მეფე.

    ეს ქრისტეშობამდე პირველი საუკუნის დასაწყისია - 95 წელი, ის დრო, როცა არც ადამიანის უფლებებია საყოველთაოდ აღიარებული პოსტულატი და არც მემკვიდრეობის კანონია უზენაესი იმდროინდელი პოლიტიკური ცნობიერებისათვის. ყველაფერს ძალა წყვეტს და სწორედ ამ ფონზეა საეჭვო ის კომპრომისი, რომლითაც ტიგრან მეორის მეფობა იწყება.

    საინტერესოა, რატომ გადაწყვიტეს პართიელებმა, მძევლად მყოფი ტიგრანისათვის ჩაებარებინათ სომხეთის ტახტი? წყაროებში ერთი ვერსიაა გამოთქმული ორი სხვადასხვა ვარიაციით - ერთი დაკავშირებულია მისი ბიძის - ათავაზ პირველის, მეორე კი მამამისის - სომხეთის მეფე ტიგრან პირველის გარდაცვალებასთან.

    საქმის რეალობიდან გამომდინარე, ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტს, თუ ვინ იყო ამ დროს სომხეთის მეფე, ფაქტია, რომ პართიელების გავლენის სფეროში არსებული სომხეთი მეფის გარეშე დარჩა.

    რატომ იწვევს ეჭვს მძევლად მყოფი ტიგრანის გულუხვობის ფაქტი

    სომხეთის მეფეს პართიელთა პრიზმიდან აშკარად ნომინალური დატვირთვა აქვს - პართიელებისთვის ის არის პერსონა, რომელმაც მათი გავლენა უნდა უზრუნველყოს და საიმედო ბუფერი შექმნას რომის იმპერიასთან დაპირისპირების თვალსაზრისით, ამდენად, პართიას მორჩილი სომეხი ხელისუფალი სჭირდება. სწორედ ასეთ რანგში მოიაზრებენ პართიელები ათი წლის განმავლობაში მათ ტყვეობაში მყოფ ტიგრანს.

    ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ ცნობის გასააზრებლად, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა ტიგრანს ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე 70 ნაყოფიერი ველი დაუთმია პართიელების სასარგებლოდ, რის შემდეგაც ის მეფედ უკურთხებიათ.

    აქ კიდევ ერთ დეტალს უნდა მივაქციოთ ყურადღება - პართიელების ტყვეობაში მყოფ ტიგრანს ვერანაირად ვერ ექნება სომხეთის სამეფოს ვერც ერთ ნაწილზე გავლენა. მეფის გარეშე დარჩენილი სომხეთის სამეფო, პართიელებს შეუძლიათ, საერთოდ გააუქმონ და პირდაპირ შეუერთონ საკუთარ სამეფოს ეს ტერიტორიები, თუმცა მითრიდატე პართიელი ამას არ აკეთებს იმ მარტივი მიზეზით, რომ მას არ ხელს არ აძლევს არეულობა და მეზობლად მის მიმართ რადიკალურად დაპირისპირებული მოსახლეობა.

    ამდენად, ამ პოლიტიკური პრიზმიდან ცხადია, რომ მძევლის რანგით სამეფო კარზე მყოფი ტიგრანის მხრიდან რაიმე კომპრომისის შეთავაზებას იმ ხელისუფლისთვის, რომელიც განაგებს მთელ აღმოსავლეთს, ირონიული ელფერი აქვს, რამდენადაც პართიელებს არ სჭირდებათ არანაირი გარიგება, ისინი ისედაც ფლობენ ამ 70 ნაყოფიერ ველს.

    რატომ იყო პართიისთვის ხელსაყრელი ტიგრანის აღსაყდრება სომხეთის სამეფო ტახტზე

    ერთადერთი პირობა, რასაც ტიგრანს უყენებენ პართიელები, მორჩილება და მათი ნების აღსრულებაა. ბუნებრივია, თანხმობის შემდეგ პართიელების უშუალო ჩარევით ხდება ტიგრანი მეფე, რომელსაც უმარტივესი ფუნქცია აკისრია - იყოს მათი გავლენის ქვეშ მოქცეული ტერიტორიის ადმინისტრაციული მმართველი.

    სწორედ ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ის ცნობა, თითქოს პართიელებს ტიგრანმა 70 ნაყოფიერი ველი დაუთმო, შემდგომი პერიოდის ჩანართია, რომელიც პონტოს მეფე მითრიდატე მეექვსე ევპატორთან ჩასიძებულ სომხეთის მეფეს ლეგიტიმურ უფლებას აძლევს, დაიკავოს ვითომდა ადრე მის განმგებლობაში არსებული მნიშვნელოვანი ტერიტორიები.

    ამბავი მითრიდატე მეორე პართიელის უმძიმესი მემკვიდრეობისა

    ამ მოვლენებს მანამდე საკმაოდ საინტერესო მსოფლიო პოლიტიკური წიაღსვლები უდევს საფუძვლად - ქრისტეშობამდე მეორე საუკუნის 20-იანი წლებიდან განსაკუთრებულად ძლიერდება პართიის სამეფო. პართიას ამ დროს მითრიდატე დიდი მართავს, რიგით მეორე, არშაკიდების დინასტიიდან. მას ჯერ კიდევ სიცოცხლეში უწოდეს დიდი.

    საგანგებოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ სახელი მითრიდატე, ისევე როგორც კლეოპატრა, პოპულარულია ელინისტურ სამყაროში. კულტურათა დიალოგმა, რომელმაც საყოველთაო მასშტაბებს მიაღწია ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ, ცხოვრების ყველა სფეროში შეაღწია.

    როგორც რომაელი ისტორიკოსი იუსტინი გვამცნობს, პართიის მეფე მითრიდატე მეორე არტაბან მეორის შვილია, ის 37 წლის განმავლობაში - ქრისტეშობამდე 124 წლიდან 87 წლამდე განაგებს ქვეყანას, რაც იმ პერიოდის შფოთიანი და აგრესიული პოლიტიკის ფონზე საკმაოდ დიდი დროა.

    მითრიდატემ განსაკუთრებული ნიჭი გამოიჩინა. მას უმძიმესი მემკვიდრეობა ერგო - სამეფო საკმაოდ მძიმე ვითარებაში ჩაიბარა, პართიაში სრული ანარქია სუფევდა. აღმოსავლეთში ამ დროს მძვინვარებენ საკები, რომლებიც ირანულ ოლქებს იკავებენ, არც დასავლეთითაა საქმე საუკეთესოდ. აქაც დათმო პოზიციები პართიამ, რის შემდეგაც მას ჩამოსცილდა ირანის მნიშვნელოვანი ნაწილი - ელიმაიდა (თანამედროვე ხუზესტანი) და ფარსი. სამხრეთით შეიქმნა ხარაკენის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც იმ დონეზე გაძლიერდა, რომ მესოპოტამიის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ქალაქი ბაბილონიც კი დაიკავა.

    საცნაურია ისიც, რომ ამ პერიოდში პართიელი არშაკიდების ერთ-ერთი მოხელე გიმერი, რომელიც მესოპოტამიას მართავს, მეფედ იწოდება, რაც მიანიშნებს ცენტრალური ხელისუფლების აშკარა დასუსტებას. ამით სარგებლობენ სომხებიც - ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან ართავაზ პირველი უტევს პართიას.

    რატომ უწოდეს მითრიდატე მეორე პართიელს დიდი

    სწორედ ამ მძიმე სიტუაციაში ადის პართიის ტახტზე მითრიდატე დიდი. პირველი ნაბიჯი საკებთან ურთიერთობის მოგვარებაა - იმისათვის, რომ მშვიდობა შეინარჩუნოს, ხარკის გადახდასაც არ ერიდება. მშვიდობა საჭიროა იმისთვის, რომ მოახერხოს სამხედრო ძალის ახლებურად ორგანიზება, საჭიროა ცხენოსანთა გვარდიის შექმნა. მანამდე პართიელთა მთავარი სამხედო ძალა იყო მძიმედ შეიარაღებული ქვეითი ჯარი, რაც, ფაქტობრივად, აღარ იყო ეფექტური. ამის მაგივრად აქცენტი გადატანილ იქნა მძიმედ შეიარაღებულ ცხენოსანთა მხედრობაზე.

    სამხედრო რეფორმის დასრულებისთანავე მითრიდატე არღვევს საკებთან დადებულ სამშვიდობო ხელშეკრულებას და შეტევაზე გადადის. დიდი ძალისხმევა დასჭირდა საკების ექსპანსიის შეჩერებას სამხრეთის მიმართულებით. ამის შემდეგ ხდება საკების განსახლება თანამედროვე ავღანეთის ტერიტორიაზე, ხამუნის ტბის მიდამოებში, სწორედ ამის შემდეგ ეწოდა ამ ტერიტორიას საქასტანი. მალე აქ საკები ქმნიან დამოუკიდებელ სახელმწიფოს.

    საგულისხმოა, რომ პართიელებმა ასე მოახერხეს აღმოსავლეთ საზღვრების დაცვა. მითრიდატე მეორის გონივრული პოლიტიკის შედეგად საკებსა და პართელებს შორის ჩამოყალიბდა საკმაოდ საინტერესო ურთიერთობა - ხელდასხმული ორმხრივად სასარგებლო კომპრომისით, რაც საშუალებას აძლევდა პართიას, საკები თავისი გავლენის ქვეშ მოექცია, თავად საკებს კი ჰქონდათ იმის შანსი, რომ ინტეგრირებულიყვნენ პართიელებთან კულტურულ გარემოში. სწორედ ამის შემდეგ ჩნდებიან საკები პართიის სამეფო კარზე საკმაოდ მნიშვნელოვან სამოხელეო თანამდებობებზე.

    ეს დამოკიდებულება ორიგინალურად აისახა პართიის მეფედ კურთხევის ცერემონიალისას - საცნაურია, რომ მხოლოდ საკებს შეეძლოთ, სამეფო გვირგვინი დაედგათ პართიის ახლად კურთხეული მეფისათვის.

    როგორ აღმოჩნდა მითრიდატე პართიელის მთავარი სამიზნე ბაბილონი

    ბუნებრივია, მითრიდატეს მთავარი სამიზნე მესოპოტამია და იმდროინდელი მსოფლიო მნიშვნელობის ქალაქი ბაბილონი რჩება, სწორედ მისი დაკავებაა პართიის მეფის გეგმებში. ბაბილონს ამ დროს ხარაკენის სამეფო ფლობს. დადასტურებით შეიძლება ითქვას, რომ მითრიდატემ ეს შეძლო საკმაოდ მალე. ქრისტეშობამდე 121-120 წლებში ხარაკენის მეფე ჰისპაოსინის მოჭრილი ბრინჯაოს მონეტები მითრიდატეს პორტრეტითა და ტიტულატურით დასტურია იმისა, რომ ხარაკენის მეფეებმა პართიის ვასალიტეტი აღიარეს.

    საგულისხმოა, რომ სწორედ ამ დროიდან აღარ ჩანს წყაროებში პართიელთა მოხელე ქალაქების - ბაბილონისა და სელევკის ტირანი ჰიმერი. სავარაუდოდ, ის ხარაკენის მეფე ჰისპაოსინთან ბრძოლისას დაიღუპა, ანდა თავად მითრიდატე მეორემ გადააყენა.

    როგორ გადაიკვეთა პართიისა და სომხეთის ინტერესები

    შემდგომი ნაბიჯი წინა აზიაში სტრატეგიული პოზიციის დაკავება იყო. ამ მხრივ გამოირჩეოდა სომეხთა სამეფო, სწორედ ამიტომაც მითრიდატე მეორე სომეხთა მეფე ართავაზ პირველს უპირისპირდება, რაც ქრისტეშობამდე 105 წელს ხდება. რამდენიმე დაპირისპირება სომეხთა მწარე დამარცხებით მთავრდება. ამ ყველაფრის შედეგი იყო ის, რომ მითრიდატეს მძევლად მოჰყავს სომეხთა მეფის შვილი ტიგრანი, რომელიც ათი წლის განმავლობაში არის პართიელთა მძევალი.

    ამ ბრძოლიდან ათი წლის შემდეგ სწორედ ეს ტიგრანი სჭირდება მითრიდატეს ქრისტეშობამდე 95 წელს სომეხთა სამეფო ტახტზე ვასალის რანგში იმისათვის, რომ საკუთარი გავლენის სფერო გააფართოოს. რაც შეეხება იმ 70 ნაყოფიერ ველს, რაც თითქოს ტიგრანს უჩუქებია პართიელებისთვის თავისი თავისუფლების სანაცვლოდ, სწორედ ის მიწა უნდა იყოს, რომლის გარეშე სომხეთს დაკარგული აქვს სტრატეგიული ფუნქცია.

    როგორც ჩანს, მითრიდატე თავიდანვე ზრუნავს იმისთვის, რომ ტიგრანი მისი მარიონეტი იყოს. ბუნებრივია, მითრიდატე პართიელის გათვლა ზუსტი აღმოჩნდებოდა, სხვა მითრიდატე, მითრიდატე მეექვსე პონტოელი, რომ არ გამოჩენილიყო პოლიტიკურ ასპარეზზე.

    როგორ აქცია ილუზიად მითრიდატე მეორე პართიელის გეგმები მითრიდატე პონტოელის გამოჩენამ

    მსოფლიო პოლიტიკურმა პროცესებმა და პონტოს მეფესთან, მითრიდატე მეექვსე ევპატორთან, ტიგრანის დანათესავებამ პართიელთა ეს გეგმა ილუზიად აქცია.

    პონტოს, რომელიც დასავლეთის უზენაესობაზე აცხადებს პრეტენზიას და რომს საკმაოდ წარმატებით ებრძვის, კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ მსოფლიო ისტორიის მარადიულ დაპირისპირებას, რომელიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის მეტოქეობითაა ცნობილი, მომავალში ვერც ის აუქცევს გვერდს. ამიტომაც ცდილობს, გასაღები მოარგოს პართიის სამეფოს და მისთვის სასურველი სცენარი გაათამაშოს.

    სწორედ ამისთვის სჭირდება მითრიდატე მეექვსე ევპატორს სომხეთის მეფე ტიგრანი. მითრიდატე პონტოელის გეგმით, ტიგრანის სომხეთმა სტრატეგიულად მისი სახელმწიფოს ბუფერის მოვალეობა უნდა იკისროს, რათა ჯერ შეაჩეროს პართიელთა დასავლეთის მიმართულებით მოსალოდნელი აგრესია, შემდეგ კი მართული გახადოს იქ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

    შეშფოთებულია რომიც - მესოპოტამიაზე პართიელთა გავლენა მსოფლიო პოლიტიკისათვის უტყუარი ნიშანია იმისა, რომ ამის შემდეგ ექსპანსია გაგრძელდება დასავლეთით, სადაც, ტრადიციულად, მარადიულ ქალაქს სტრატეგიული ინტერესები აქვს.

    სულ მალე სწორედ ამ ფონზე მოიქარგება დიდი სომხეთის იდეა, იმპერიული მსოფლიო პოლიტიკური ჭადრაკის დაფაზე ერთ უბრალო, ლაზიერობაზე მეოცნებე პაიკად რომ რჩება დღემდე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ვანო   (14.01.2018)
    დაანებეთ თავი სომხებს თქვე გიჟ ვრაცუებო და საკუთარ ტანს მოუარეთ.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved