სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "შერეკილებს" წინააღმდეგობა შეხვდა ხელისუფლების მხრიდან და სურათის საკავშირო პრემიერა დიდი ხნით შეაჩერეს"
    ია აბულაშვილი
    11.04.2018

     "შერეკილებში" მოთხრობილი ამბავი ნამდვილია-მეთქი, რომ დავიჟინო, მკითხველი მაინც არ დამიჯერებს. პირადად ჩემთვის აქ ნამდვილზე უნამდვილესი არის ეს ამბავი, რადგან ბავშვობისას მაქვს მოსმენილი ბუხრის პირას; მაშინ დავიჯერე მიზანასა და არისტოს, ერთაოზისა და მარგალიტას, ქრისტეფორესა და თამუნიას ამბავი და მერე კაცმა ვერ გადამათქმევინა. ხალხმაც ირწმუნა მისი სინამდვილე, გადაიღეს "შერეკილები". - იხსენებს რეზო გაბრიაძე.

    "კინოს ხალხმა" კი ისეთი ფილმი გადაიღო, იუმორითა და სახალისო სცენებით სავსე, რომლის ფრაზებსაც მაყურებელი დღემდე ვერ ივიწყებს. დღევანდელ სტატიაში ჩვენც გვინდა მკითხველს შევთავაზოთ რამდენიმე მოგონება, როგორ გადაიღეს ფილმი "შერეკილები".

    "გადავწყვიტე შერეკილების გადაღება, რა თქმა უნდა, გაბრიაძის სცენარით, ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი შეასრულა რეზო გაბრიაძემ, რეზოსთან მოვნახე ის ხელწერა, სადაც იუმორია, სევდიანი იუმორი.

    "მთავარი სირთულე იყო საფრენი აპარატი. მოსკოვში ვინახულე ჩემი ნაცნობი გენერალი რუდეცი და ავუხსენი, რა მინდოდა. მე და რეზო გაგვიშვა იქ, სადაც სამხედრო კონსტრუქტორები მუშაობდნენ. შენობა გარედან ჩვეულებრივი ორსართულიანი იყო, მაგრამ ლიფტით მინუს მერვე სართულზე ჩაგვიყვანეს. ჩვენი აპარატი კონსტრუქტორმა სათაროვმა დაამზადა და შემდეგ თვითმფრინავით თბილისში ჩამოიტანეს.

    "გადაღებები გვქონდა იმერეთსა და კახეთში. ის კადრები, როცა ფილმის გმირები გაფრინდებიან და ულამაზესი ხედები ჩანს ზემოდან, სულ ჩემი გადაღებულია. ფილმი შევფუთეთ ისე, თითქოს ზღაპარი გადავიღეთ, რადგან აშკარად არ იჯდა საბჭოთა სტანდარტებში.

    "ადამიანი თავისუფლებისთვის არის დაბადებული, უცნაურია, მაგრამ ამ ბანალურ ჭეშმარიტებას საბჭოთა კულტურის წარმომადგენლები თავს არიდებდნენ, თავისუფლების ეშინოდათ.

    "შეიძლება ამიტომაც შეხვდა წინააღმდეგობა "შერეკილებს" ხელისუფლების მხრიდან და სურათის საკავშირო პრემიერა დიდი ხნით შეაჩერეს", - ასე იხსენებს "შერეკილების" გადაღების ისტორიას ერთ-ერთ ინტერვიუში ფილმის რეჟისორი ელდარ შენგელაია.

    ფილმის მთავარი გმირის, ერთაოზის როლის შემსრულებელი დავით ჟღენტი კი გადაღებების პროცესს ასე იხსენებს:

    "რეზო ჩხეიძის მიერ ახლად გახსნილ კინომსახიობთა სასწავლებელში ვაბარებდი გამოცდას. ერთ-ერთი გამომცდელი იყო ელდარ შენგელაია, რომელიც ფილმ "შერეკილებისთვის" მსახიობებს არჩევდა.

    "პირველი გამოცდის შემდეგ მისი ასისტენტი მოვიდა და მითხრა, ელდარი გიბარებსო. მეორე დღეს მივედი ძველ კინოსტუდიაში, სადაც "შერკილების" სცენარის ავტორი რეზო გაბრიაძე და მხატვარი თენგიზ მირზაშვილი დამხვდნენ. ლექსი წამაკითხეს, რაღაცები გამომკითხეს. მხოლოდ ის გავიგონე, რეზო გაბრიაძემ ელდარს რომ გადაულაპარაკა - ელდარ, ეს არისო.

    "მეორე დღესაც დამიბარეს, სასინჯი გადაღება მქონდა. თურმე მარგალიტას როლზე სალომე ყანჩელი მოსინჯეს, მაგრამ მერე არიადნა შენგელაია დაამტკიცეს. სასწავლებლის შესასვლელთან ელდარ შენგელაია შემხვდა და მითხრა - დამტკიცებული ხარ როლზეო.

    "წარმოიდგინეთ, ოზურგეთიდან ჩამოსული 18 წლის ბიჭს ელდარ შენგელაია მთავარ როლში მიღებდა. გახარებული შინ ბიძაჩემთან გავიქეცი და სცენარი მივაწოდე - ნახე, მთავარ როლში მიღებენ-მეთქი. ბიძაჩემმა იფიქრა, ბავშვი გაგიჟდაო და მკითხა, ფილმს რა ჰქვიაო. - ვუთხარი, "შერკილები"-მეთქი.- აბა, ასპროცენტიანი დამტკიცებული იქნებიო.

    "გადაღებები ჭიათურაში დაიწყო. ძალიან ვნერვიულობდი, ვაითუ კარგად არ გამომივიდეს, ყველა ცნობილი მსახიობი თამაშობდა. ვასილ ჩხაიძე ქრისტეფორეს როლს ასრულებდა, არაჩვეულებრივი კაცი იყო, ისიც გურული, ოღონდ ლანჩხუთიდან.

    "ერთი შვილი ჰყავდა და ძაღლი "რექსი", რომელსაც ყოველდღე ლეონიძის ქუჩაზე ასეირნებდა. ერთაოზი და ქრისტეფორე ციხეში რომ სხედან, ეს ეპიზოდი კინოსტუდიაშია გადაღებული. ხუტას ეპიზოდი, საჩუქრებით რომ მოდის და ხან ქათამი, ხან ვაშლი რომ უცვივდება ხელიდან, ლეონიძის ქუჩაზეა გადაღებული. ყოველი კადრის გადაღებისას თითო ქათმის გაგლეჯა და შეჭმა მიწევდა.

    "პორფირეს ხატზე" დაფიცებისას ძალიან ვიძაბებოდი, რეჟისორი გვერდით გყავს, შენ კი მის მეუღლეს უნდა აკოცო. ელდარი მეუბნებოდა - აკოცე, კაცო, ნუ გერიდებაო. 3-4 დუბლის გადაღება დამჭირდა.

    "ცათამფრენით პირველი დუბლის გადაღების წინა საღამოს ვასო ჩხაიძეს ვუთხარი, მე ცათამფრენზე დამჯდომი არა ვარ, არ ვიცი, რა მეშველბა-მეთქი. რატომო, გაოცდა, რატომ და ძაფივით მართულით არის დამაგრებული, ზემოთ რომ აიწევა, ხომ შეიძლება, გაწყდეს და რამე დაგვემართოს-მეთქი.

    "მეორე დღეს მივედით გადასაღებ მოედანზე, ვასომ ხელები გაასავსავა, არა-არაო. ვერაფრით ჩასვეს ცათამფრენში. მე მშვიდად მივედი და ჩავჯექი. გაგიჟდა, აკი საშიშიაო - შენ არ ამბობდი. ელდარი მომიბრუნდა და მითხრა, შენ ხარ რომ აშინებო, - არა, ვეხუმრე-მეთქი - თავი ვიმართლე. ვასოც მიმიხვდა ხუმრობას და მერე მშვენივრად იფრინა ჩემთან ერთად". - იხსენებს დავით ჟღენტი ერთ-ერთ ინტერვიუში.

    "ფილმის მუსიკა გია ყანჩელთან ერთად დაწერა ჯანსუღ კახიძემ - ექსპერიმენტმა გაამართლა. ამ ფილმ-ზღაპარს მუსიკალური სიჭრელე მოუხდა. მაყურებლის ხსოვნაში დარჩა გია ყანჩელის ვალსი, რომელიც, მართლაც რომ ფრენის განწყობას უქმნიდა მაყურებელს. ვალსი მთელი ამ მხიარული და, ამავე დროს, ძალიან სევდიანი ზღაპრის კამერტონია", - იხსენებს ნანი ბრეგვაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved