სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ყოველი მესამე ფინანსურ პრობლემასა და დროის უქონლობაზე საუბრობს
    თეო გუდავაძე
    11.04.2018

     საქართველოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს განსაკუთრებულად აღნიშნავენ. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, ვისაც წინაპრების საფლავები რაიონებში აქვთ, დედაქალაქიდან სწორედ ამ დღეებში გადიან, თუმცა წელს თბილისიდან იმაზე ნაკლები ადამიანი დაიძრა სოფლებისკენ, ვიდრე წინა წლებში. სხვათა შორის, ამას უკვე ტენდენციის ხასიათი აქვს. ყოველ წელს სააღდგომოდ რეგიონებში წამსვლელთა რაოდენობა თანდათან მცირდება.

    "რეზონანსი" დაინტერესდა, რატომ ვერ გაემგზავრნენ ადამიანები სოფლებში და რამ შეუშალათ ხელი. უმეტესობა მთავარ პრობლემად ფინანსურ მდგომარეობას ასახელებს და აღნიშნავს, რომ დღესასწაულის გატარება უჩვეულო გარემოში მოუხდა.

    აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული საქართველოში განსაკუთრებულად აღინიშნება. დედალაქლაქში გადმოხვეწილი ადამიანები ყოველთვის ცდილობენ მამაპაპისეულ კარმიდამოს მიაშურონ. წლების წინ შესამჩნევი იყო დედაქალაქიდან რეგიონებისკენ გამგზავრება, მანქანების რაოდენობაც საგრძნობლად იკლებდა, სანაცვლოდ კი დედაქალაქის გასასვლელთან უსაშველო საცობები იყო.

    წელსაც დაახლოებით იგივე სცენარი გათამაშდა, მაგრამ არა ძველებური ინტენსივობით. თბილისი დაცარიელდა, თუმცა ისე არა, როგორც ეს წლების წინათ ხდებოდა. ბევრმა სოფლებში გამგზავრება ვერც აღდგომას მოახერხა.

    "რეზონანსმა" გადაწყვიტა, მცირე გამოკითხვა ჩაეტარებინა და გამოერკვია მიზეზი, თუ რატომ ვერ ახერხებენ ადამიანები რეგიონებში ჩასვლასა და წინაპრების საფლავების მონახულებას - ეს უბრალოდ სურვილზეა დამოკიდებული, დროის უქონლობაზე, თუ აქაც ფინანსები თამაშობს დიდ როლს. სულ გამოიკითხა 70 ადამიანი და ყოველმა მესამემ ფინანსურ პრობლემასა და დროის უქონლობაზე გაამახვილა ყურადღება.

    გიორგი ჩომახიძე 39 წლისაა, კარგა ხანია, თბილისში ცხოვრობს. მისი სოფელი გურიაშია, თუმცა ბოლო ორი წელია, იქ არ ჩასულა. გიორგი ერთ-ერთი სუპერმარკეტების ქსელის დაცვაში მუშაობს, ძალიან ცოტა თავისუფალი დრო რჩება და ძალიან რთულია მისთვის ქალაქიდან გასვლა:

    "დაცვაში ვმუშაობ, ყოველ მეორე ღამეს მორიგე ვარ. საკმაოდ რთული გრაფიკია იმისათვის, რომ დარჩენილი ძალიან მცირე თავისუფალი დრო ქალაქიდან გასვლას დავუთმო. ასეთ შემთხვევაში მომიწევს, მორიგეობა გავუცვალო თანამშრომელს და ხელფასი დამაკლდება. ეს კი ნამდვილად არ მინდა, ორი შვილი მყავს გამოსაკვები და თბილისში დარჩენილიც ძლივს ვახერხებ, ცოლ-შვილს საკადრისად მივხედო.

    ქალაქიდან გასვლა დამატებითი ხარჯია. სოფელში მხოლოდ მოხუცი დედაჩემი ცხოვრობს, რომელსაც აღარც საქონელი ჰყავს და აღარც ქათმები, ამიტომ ყველაფერი თბილისიდან უნდა ჩავიტანო. ამ ყველაფერს ემატება გზის ხარჯიც. გურია არც ისე ახლოა, რომ ბენზინი იაფი დაჯდეს, თანაც სამსახურის გადამკიდე დროშიც ვერ ვეტევი.

    საბოლოო ჯამში, ბევრი მიზეზია, თუ რატომ ვერ მივდივარ მე პირადად საკუთარ სახლში და ვერ ვაკითხავ გარდაცვლილი მამის საფლავს. ეს ყველაფერი მძიმე გადასატანია ჩემთვის, ძალიან განვიცდი. დროთა განმავლობაში, უსახსრობისა და უდროობის გამო, წინაპრების საფლავებს ვკარგავთ, ეს არის გარდაუვალი", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას გიორგი ჩომახიძემ.

    საზოგადოების დიდი ნაწილი სადღესასწაულო დღეების სახეცვლილებაზე საუბრობს. ისინი ფიქრობენ, რომ ტრადიციები ნელ-ნელა იცვლება იმის გამო, რომ ადამიანებს აღარ აქვთ შესაძლებლობა, დრო და აღარც შესაბამისი დამოკიდებულება.

    თამრიკო მახალდიანი ჯერ მხოლოდ 27 წლისაა, მაგრამ თავისი დაკვირვებით დაასკვნა, რომ აღდგომას აღარ ანიჭებს ხალხი ისეთ უპირატესობას, რაც ამ დღესასწაულს წინა წლებში ახლდა თან:

    "უშგულშია ჩემი წინაპრების ბუდე და ყოველ წელს ჩავდივარ აღდგომას. წელს სამსახურის გამო ვერ შევძელი და იმდენად გავბრაზდი თანამედროვე, რობოტულ სისტემაზე (რომელიც მუშაობის გარდა არაფერს ცნობს ამ ქვეყანაზე), რომ კინაღამ სამსახურიდან წამოვედი. მერე გამახსენდა ის სოციალური ფონი, რაც ჩვენ ქვეყანაშია და რომელიც ჩვენ ოჯახებამდე აღწევს და ამჯერად თავი შევიკავე.

    აღარ მიკვირს, აღდგომას თბილისი რომ არ ცარიელდება. ხალხს ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მიკვირს მათი, ვინც სამეგობროს გამო არ მიდის სოფელში ან უბრალოდ არ უყურებს აღდგომის დღესასწაულს ისე, როგორც ნამდვილი ქართველი უნდა უყურებდეს და აღიქვამდეს.

    მახსოვს, ჩემს ბავშვობაში სხვანაირად აღვნიშნავდით, ყველა სოფელში იკრიბებოდა და ბებო 100-200 კვერცხს ღებავდა, რომლებიც აუცილებლად მისი ქათმების დადებული იყო. უამრავი პასქა ცხვებოდა სახლში და ეს ყველაფერი აღდგომის დღესასწაულზე საფლავებზე გაგვქონდა, ხალხს ვურიგებდით და მეზობლები ასე მივდი-მოვდიოდით ერთმანეთში. კვერცხი ნატურალური საღებავით იღებებოდა და სუნიც განსაკუთრებული ჰქონდა. აღდგომის სუნს ვეძახდი. ახლა სწორედ ეს ხალისი და ეს აღდგომის სუნი გაქრა თავისი წეს-ჩვეულებებით.

    ხალხს აღარ აქვს იმის ფუფუნება, რომ სახლში გემრიელი პასქები დააცხოს. ქვეყანაში რთული ფინანსური მდგომარეობაა და დღესასწაულები კარგავს თავის დანიშნულებას. რა თქმა უნდა, ვერ წავიდოდნენ სოფლებში, რადგან ეს უკვე სერიოზული ხარჯია, რომლისთვისაც ოჯახების 90% დღესდღეობით არ იყო მზად. სოციალური ფონი ძალიან ბევრ რამეზე იქონიებს გავლენას და სახეს შეუცვლის ყველაფერს, რაც ჩვენთვის ღირებულია", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას თამრიკო მახალდიანმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved