სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ჩაკრულოსა" და "ხასანბეგურას" ისტორია, რომელმაც მსოფლიო მუსიკალური სამყარო გააოცა
    ია აბულაშვილი
    12.04.2018

     ევროპული მრავალხმიანობის წარმოშობის საფუძვლად მუსიკალურმა სამყარომ ქართული პოლიფონია რომ მიიჩნია და გალაქტიკაში კოსმოსური ხომალდით "ჩაკრულო" გაუშვეს, ამის შეხსენებით მკითხველს თავს არ შევაწყენთ, მხოლოდ რამდენიმე საინტერესო მასალას შევთავაზებთ დღევანდელ სტატიაში ქართული ხალხური სიმღერის ისტორიიდან.

    როგორც მუსიკათმცოდნეები ამბობენ, ქართულ სამუსიკო კულტურას დიდი ხნის ისტორია აქვს, რასაც ადასტურებს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთები და წერილობითი წყაროებიც.

    1930 წელს მცხეთაში, კერძოდ სამთავროში, აღმოჩენილ ძველ სამარხში იპოვეს გედის წვივის ძვლისგან დამზადებული პატარა უენო სალამური, რომელიც, სავარაუდოდ, ძვ.წ. მე-15-მე-13 საუკუნეებს განეკუთვნება. 70-იან წლებში კი ყაზბეგის რაიონში აღმოაჩინეს უძველესი საკრავები: ბობღანი, ქნარი და ჩანგი.

    ქართული ხალხური მუსიკის უძველეს წარმომავლობას ადასტურებს თრიალეთის ვერცხლის თასი, რომელზეც აღბეჭდილია ქართული მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე არქაულ სახეობად მიჩნეული ფერხული, რომელიც ნაყოფიერების უძველესი ღვთაებისადმი არის მიძღვნილი.

    სამთავროს ბრინჯაოს სარტყელზე, რომელიც, სავარაუდოდ, ძვ.წ. მე-11-მე-10 საუკუნეებშია შესრულებული, გამოსახულია ქართული ფერხულის უძველესი ნიმუში, მონადირეთა ცეკვა და სიმღერა მთვარის შუქზე.

    რაც შეეხება წერილობით წყაროებს, გვხვდება ცნობები, რომ უძველეს დროში ქართველებს ჰქონდათ "შრომისა" და "სალაშქრო" სიმღერები. მაგალითად, ასურეთის მეფე სარგონი, რომელმაც ძვ.წ. 714 წელს დაიპყრო ურარტუს ერთ-ერთი სამთავრო მანა, წერს, რომ ეს ხალხი შრომას "მხიარული სიმღერებით" ახალისებდა.

    ბერძენი ფილოსოფოსი ქსენოფონტე თავის ნაშრომში "ანაბაზისი" აღნიშნავს, რომ იმ პერიოდში ქართველებს ჰქონიათ სალაშქრო სიმღერები, რომელსაც ერთი მომღერალი იწყებდა, ხოლო შემდეგ მას გუნდი უერთდებოდა: "მას შემდეგ, რაც ისინი გამწკრივდნენ, ერთმა მათგანმა დაიწყო, ხოლო ყველა დანარჩენი მღერით რიტმულად მიაბიჯებდა".

    იოანე ბატონიშვილი თავის ნაშრომებში "კალმასობა" და "მუსიკის სახელმძღვანელო" განიხილავს როგორც საერო, ისე სასულიერო მუსიკის საკითხებს, ქართული გუნდის სტრუქტურას, ასევე, საინტერესო ცნობებს გვაწვდის ქართველი მუსიკოსების, მოღვაწეების შესახებ.

    ქართული ხალხური სიმღერები დაცულია მსოფლიოს სხვადასხვა არქივში. მაგალითად, ინგლისში, ლონდონის არქივის თბილისურ კატალოგში, ოთხმოცდაცხრა ქართული ხალხური სიმღერა ინახება.

    1967 წელს ჟურნალ "ამერიკაში" გამოქვეყნდა იგორ სტრავინსკის შთაბეჭდილებები ქართული ხალხური სიმღერების შესახებ, სადაც ეწერა, რომ "საქართველოში მიკვლეულ ცოცხალ საშემსრულებლო ტრადიციას უდიდესი წვლილი შეაქვს მუსიკალურ მეცნიერებაში. ეს წვლილი ახალი მუსიკის ყველა აღმოჩენაზე უფრო მნიშვნელოვანია, უბადლო, რომელსაც საქართველოში კრიმანჭულს ეძახიან, უკეთესი არაფერი მსმენია".

    გასული საუკუნის 60-იან წლებში თბილისში გასტროლებზე ჩამოვიდა ამერიკული ორკესტრი, ცნობილი მუსიკოსის - ნოელ გინდბერდის ხელმძღვანელობით.

    როგორც ანზორ ერქომაიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, ამერიკელმა მუსიკოსმა "ხასანბეგურას" ჩანაწერი მოითხოვა და თქვა, იგორ სტრავინსკის უნდა მოვასმენინოო, სამშობლოში დაბრუნელმა კი ასეთი შინაარსის წერილი გამოაგზავნა: "სტრავინსკიმ რამდენჯერმე მოისმინა "ხასანბეგურა", გიჟივით დადიოდა ოთახში, ადგილს ვერ პოულობდა აღფრთოვანებული".

    ჯანსუღ კახიძის "შვიდკაცა" მონაწილეობდა ერთ-ერთ კონკურსში. "ხასანბეგურას" შესრულების შემდეგ ჟიურის წევრები თურმე ფეხზე წამოდგნენ და მხურვალე ტაშს უკრავდნენ. ჟიურის თავმჯდომარეს, ცნობილ ფრანგ მუსიკოსს, ფოლკლორის კარგ მცოდნე ფილიპ ჟერარს საღამოს დასრულების შემდეგ უთხოვია, კიდევ ერთხელ შეასრულეთ ეს თქვენი სასწაული სიმღერაო. "ჩვენ "ხასანბეგურა" პირადად ჟერარისთვის კიდევ ერთხელ ვიმღერეთ და საქართველოში ოქროს მედლებით დავბრუნდით" - იხსენებდნენ "შვიდკაცას" წევრები.

    "ჩაკრულო" იუნესკოს არამატერიალური მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაშია შესული, ხოლო ოქროს ფირფიტაზე ჩაწერილი ილია ზაქაიძისა და როსტომ საგინაშვილის მიერ შესრულებული "ჩაკრულო" 1977 წელს კოსმოსურმა ხომალდმა "ვოიჯერმა" კოსმოსში გაიტანა. ეს სიმღერა პირველად ზაქარია ფალიაშვილმა ჩაიწერა სოფელ ვაჩნაძიანში.

    "ჩაკრულოს" კოსმოსში გაგზავნის ისტორია კი ასე ყოფილა: "ნასაში ერთ-ერთი ვიზიტის დროს ვეცადე, გამერკვია, როგორ მოხვდა "ჩაკრულო" კოსმოსში. ძებნამ პროექტის ავტორ კარლ საგანის მეუღლემდე მიმიყვანა. ქალბატონმა ენ დროენმა ასეთი ამბავი მიამბო. როდესაც გადაწყდა, რომ "ვოიჯერზე" უნდა ყოფილიყო ოქროს ფირფიტა, რომელიც ძალიან ბევრ ინფორმაციას მოიცავს კაცობრიობის შესახებ და მათ შორის მუსიკალურ ნაწარმოებებს, გვირჩიეს, მივსულიყავით ცნობილ ფოლკლორისტ ალან ლომაქსთან.

    პირველი, რაც მოგვასმენინა, "ჩაკრულო" იყო და გვითხრა, თუ გინდათ ისეთი რამ, რაც კოსმოსის ღირსია, ეს "ჩაკრულოაო". ალანს "ჩაკრულო" მოსკოვში მოუსმენია რადიოთი და ამერიკაში ჩამოუტანია.

    მაშინვე გადავწყვიტეთ, რომ ეს სიმღერა იქნებოდა ოქროს დისკზე. რამდენიმე დღეში "ნასადან" დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ მოსკოვიდან მიიღეს წერილი, სადაც ეწერა - ჩვენ და საქართველო ერთი ქვეყანა ვართ და ჩვენ ვწყვეტთ, რა უნდა წავიდეს კოსმოსში ჩვენი ქვეყნიდანო, თან გამოაგზავნეს სიმღერა "პოდმოსკოვნიე ვეჩერა", ასევე, "ჩაკრულოს" ტექსტის თარგმანი - რას აგზავნით, ნახეთ, როგორი აგრესიული სიმღერააო. იმ დონემდე მივიდნენ, რომ "ნასამ" თითქოს გადაიფიქრა "ჩაკრულოს" გაშვება, მაგრამ კარლ საგანმა პრინციპულობა გამოიჩინა - კი, ბატონო, გაუშვით "პოდმოსკოვნიე ვეჩერა", მაგრამ მე ამერიკელ ხალხს ვეტყვი, რომ "ნასა" მოსკოვიდან იღებს მითითებებსო. აქ დასრულდა კამათი" - ასე იხსენებს "ჩაკრულოს" კოსმოსში გაგზავნის ისტორიას რეჟისორი რამაზ ბლუაშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved