სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    13.04.2018

     "ვინ არის ეს სამეგრელოს თავადის ასული, რომელიც ახალგაზრდა მიურატს გაჰყვა ცოლად? შამილის ტყვედ წაყვანილი ქალის შვილი ხომ არ არის? მისი თავგადასავალი სადღაც წამიკითხავს" - უკითხავს პროსპერ მერიმეს ივან ტურგენევისთვის. ეს მშვენიერი ასული სალომე დადიანი იყო, რომელიც მე-19 საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ მესამის ოჯახის მიწვევით დედასთან - სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელ დედოფალ ეკატერინე ჭავჭავაძესთან და ძმებთან ერთად პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ პარიზის არისტოკრატიულ წრეში გაიცნო მომავალი მეუღლე, საფრანგეთის საიმპერატორო ოჯახის წევრი აშილ შარლ-ლუი ნაპოლეონ მიურატი, რომელსაც 1868 წლის 18 მაისს ცოლად გაჰყვა.

    სწორედ ამ საქორწინო ცერემონიის ამბავი, რომელიც პარიზის წლის მოვლენად იქცა, გვინდა, შევთავაზოთ მკითხველს დღევანდელ სტატიაში.

    20 წლის სალომესა და 21 წლის აშილის ჯვრისწერა ტიულრის სასახლის ეკლესიაში გაიმართა, რომელსაც საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ მესამე და დედოფალი ეჟენი დე მონტიჟო ესწრებოდნენ. წყვილს რუსეთის მონარქმა ოცი ათასი ფრანკი მიართვა საჩუქრად, ხოლო იმპერატორმა ნაპოლეონმა თავის ძმისწულს ერთი მილიონი ფრანკი და მონსოს ბაღის მახლობლად მდებარე პრეირასის მშვენიერი სასახლე უბოძა. ახლად დაქოწინებული წყვილის შესახებ ბევრს წერდა ფრანგული პრესაც. "პრინცესა სალომე დადიანი იყო გრაციოზული და წარმტაცი, როგორც დედამისი, ცხოვრობდა სასტუმრო ლუვრში. საფრანგეთის მაღალი წრის საზოგადოება თავს იყრიდა მათთან. დადიანების გვარის წარმომადგენლები, დიდი ხანია, მეფობდნენ სამეგრელოში, სადაც ამბობენ, რომ ქალები ლამაზები არიან. აშილ მიურატი ნიუ-ჯერსიში, ლუსიენ მიურატისა და ქეროლაინ ჯორჯიანა ფრეიზერის ოჯახში დაიბადა, სამხედრო ინსტიტუტში განათლების მიღების შემდეგ საფრანგეთის არმიაში ლეიტენანტის ჩინით მსახურობს" - წერდა ერთ-ერთი ფრანგული გაზეთი.

    1869 წელს აშილ მიურატი ალჟირში გაიწვიეს, მას თან გაჰყვა მეუღლეც, ალჟირში შეეძინათ პირველი ვაჟი. საფრანგეთ-პრუსიის ომის დაწყებისთანავე აშილ მიურატი სასწრაფოდ სამშობლოში დაბრუნდა, შემდეგ ტყვედ ჩავარდა. საფრანგეთის პარლამენტმა მონარქია გააუქმა და 1873 წელს სალომე დადიანი და აშილ მიურატი სამეგრელოში გამოემგზავრნენ. ეკატერინე ჭავჭავაძემ სიძე-ქალიშვილი დიდი პატივით მიიღო და დადიანების ერთ-ერთი სასახლეც დაუთმო. აშილ მიურატი სამეწარმეო საქმიანობით დაკავდა და სალხინოში დიდი მეურნეობაც მოაწყო. საფრანგეთიდან გამოიწერა ვაზის სხვადასხვა ჯიშები და სამეგრელოში მოაშენა. არც ქართული ვაზის ჯიშები დავიწყნია, გადაშენების პირას მისული სახელგანთქმული ოჯალეშის ვაზის ჯიშის მოშენება დაიწყო, მისგან ღვინოს ამზადებდა და ევროპაში გაჰქონდა. სალხინოში მიურატის მიერ დამზადებული "ოჯალეში" პარიზის საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის პრიზიორი გახდა; ამ ამბავზე წერდა გაზეთი "დროება".

     გარდა სამეურნეო საქმიანობისა, სალომე და აშილ მიურატების ინიციატივით გაიხსნა ქალთა ორკლასიანი სასწავლებელი და ამისთვის მათ საკუთარი სახლიც კი დაუთმეს. აშილ მიურატის სახელთანაა დაკავშირებული მრავალი სკოლისა თუ აფთიაქის გახსნა სამეგრელოს მაზრაში. ზუგდიდში მიურატმა კანცელარიაც გახსნა, სადაც საქმეს ფრნაგი მმართველები უძღვებოდნენ, რომლებიც მიწერ-მოწერას აწარმოებდნენ საფრანგეთთან. ცოლ-ქმარი დაუღალავად შრომობდა, აშილ მიურატი გლეხებთან ერთად ბარავდა და თოხნიდა, სალომეს კი მოყვანილი მოსავალი თავად გაჰქონდა ბაზარზე და დახლის თავში იდგა. ბედნიერი ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა, აშილ მიურატი 1895 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა. ოფიციალცური ვერსიით მას ტვინში სისხლი ჩაექცა, თუმცა ხალხში ამბობდნენ, რომ თავი მოიკლა.

    პრინცის დაკრძალვა სამეგრელოში სახალხო გლოვად იქცა. სამგლოვიარო პროცესს ესწრებოდნენ გრაფი ალექსანდრე ოლდენბურგი, ტფილისის გუბრენატორი, გურია-სამეგრელოს მღვდელმთავარი გრიგოლი, ზუგდიდის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი, წარჩინებული თავადაზნაურობა, გლეხობა, ვაჭარ-სოვდაგრები, მოკლედ მთელი საქართველო. დაკრძალვაზე საფრანგეთიდან ოჯახის უახლოეს ნათესავებიც ჩამოვიდნენ, სალომეს ძმა ნიკო დადიანი და აშილ მიურატის ძმა პრინცი იოაჰიმ მიურატი და სხვები.

    გამოსამშვიდობებელი სიტყვა კათოლიკე პადრე ვერმიშევმა წარმოთქვა: "არ შევუდგები იმის განხილვას, თუ როგორი წარჩინებულინი იყვნენ შენნი წინაპარნი, რადგან ეს, ვინც ცოტაოდენ მაინც იცის საფრანგეთის ისტორია ძალაინ კარგად უწყის. მე მსურს საზოგადოების ყურადღება მივაქციო იმ ნაწილს შენი მოღვაწეობისა, რომელიც სასარგებლო იყო ჩვენი ქვეყნისთვის. 17 წელი დაჰყავი შენ სამეგრელოში და ამ ხნის განმავლობაში, ერთი საათიც არ გაგიცდენია უსაქმოდ, როგორც უბრალო მუშა გამოდიოდი სამუშაოდ, თვითონ ბარავდი, ხნავდი და ჰრგავდი. ეს ადგილები რამდენიმე წლის წინად მოფენილი იყო ბუჩქნარითა და ტყით. დღეს აქ გაშენებულნი არიან ვაზის პლანტაციებია. შენ გსურდა სამეგრელოსა და ევროპას შუა გაგაკეთებინა ხიდი, გაგება შემაერთებელი ძაფი, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვეძლებოდა დასავლეთ-ევროპის გაცნობა. ახლა საფრანგეთი კარგად იცნობს სამეგრელოს".

    პრინცი აშილ მიურატი ჭკადუაშის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს, საგანგებოდ მოწყობილ აკლდამაში. "აშილ მიურატის საფლავი, ეკლესიის გვერდითაა, ირგვლივ ლურჯი ჰორტენზია ჰყვავის, ჩიტის ბუდებით. მის წინ თვალუწვდენელი ჰორიზონტი იშლება, პრინცის ქვრივი ხშირად დადის აქ სალოცავად" - წერდა მეოცე საუკუნის დასაწყისში ფრნაგი მწერალი და პოეტი ქალი დოშეს დე როანი.

    ქმრის სიკვდილის შემდეგ ოჯახის მოვლა სალომემ განაგრძო. 1902 წლისთვის სავენახე მამული უფრო გაფართოვდა. ერთ-ერთმა ფრანგულმა კომპანიამ სალომე დადიანთან ხელშეკრულებაც გააფორმა, რომლის თანახმადაც სალხინოში "რამის" ფირმის გადამამუშავებელი ფაბრიკა უნდა აშნებულიყო. 1905 წელს კი ვორონცოვ-დაშკოვის შუამავლობით სალომე დადიანს ყოველწლიური 30 ათასი მანეთის სუფსიდია დაენიშნა, რომელსაც მეურნეობის გაფართოებისთვის იყენებდა. მე-20 საუკუნის 10-იან წლებში კი სალხინოს მეურნეობას სათავეში სალომე დადიანის ვაჟი ჩაუდგა, რომელმაც, როგორც გაზეთი "მოსავალი" წერდა თავის მამულის გასანვითარებლად 1911 წელს ლონდონში სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საზოგადოებაც კი დაარსა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved