სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    14.04.2018

     მსოფლიოს სახელგანთქმული მხატვრ-ბატალისტის პეტრე გრუზინსკის შესახებ ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდს მის შემოქმედებიდან მაინც გავიხსენებთ დღევანდელ სტატიაში.

    როგორც მისი თანამედროვენი წერდნენ, პეტრე გრუზინსკი რუსეთში გადასახლებულ ბაგრატოვანთა დინასტის წარმომადგენელი იყო - ვახტანგ ქ|-ის უფროსი ვაჟის, უფლისწულ ბაქარის შთამომავალი, რომელმაც სამშობლო მამასთან ერთად დატოვა და რუსეთში გადაიხვეწა. ბატონიშვილ ბაქარის შვილების, ლევანისა და ალექსანდრეს შთამომავალთ რუსეთის სენატის გადაწყვეტილებით თავად გრუზინსკის წოდება მიენიჭათ.

    პეტრე გრუზინსკი 1837 წელს კურსკში დაიბადა. ხატვამ ბავობიდან გაიტაცა. 1851 წელს პეტერბურგის სამხატვრო აკადემიასთან არსებულ სასწავლებელში ჩაირიცხა. მისი დასრულების შემდეგ კი აკადემიის სტუდენტი გახდა.

    აკადემიაში მისი მასწავლებელი იყო ცნობილი მხატვარი, აკადემიის ბატალური კლასის ხელმძღვანელი პროფესორი ვილელვალდი. როგორც ნიჭიერი მოწაფეს, აკადემიის სტიპენდია დაენიშნა და გამოფენებშიც იღებდა მონაწილოებას.

    პირველი პრესტიჟული ჯილდო, ოქროს მედალი, დაიმსახურა 1860 წელს სურათისთვის "ბოშათა ბანაკი". 1862 წელს კი ფერწერული ტილოსთვის "დუნიბის აღება" დიდი ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

    1863 წელს პეტრებურგის სამხატვრო აკადემიამ პეტრე გრუზინსკი სასწავლებლად ევროპაში მიავლინა. სწავლობდა გერმანიის, იტალიისა და საფრანგეთის სამხატვრო აკადემიებში. 1868 წელს პარიზში შექმნა სურათი "ზუავების პიკეტი საფრანგეთში", რომელიც მაშინვე შეისყიდა პარიზის სამხატვრო აკადემიამ. ამავე პერიოდს მიეკუთვნება მისი შესანიშნავი ტილო "იტალიელთა ცეკვა-თამაში პარიზის ერთ-ერთ ქუჩაზე" და პარიზის აკადემიის გამოფენაზე წარდგენილი ტილო "ბაზარი ფონტენებლოში".

    პეტრე გრუზინსკი მაღალი ოსტატობით ხატავდა ჟანრული ხასიათის სურათებს და პეიზაჟებს. მისი სურათები: "სცენა სოფლის ცხოვრებიდან", "გასეირნება ქალაქგარეთ", "ყველიერი", "ეკლესიიდან დაბრუნებული ახალჯვარდაწერილების შეხვედრა" და ამ ჟანრის კიდევ სამი ტილო 1864 წელს პეტერბურგის აკადემიის გამოფენაზე იყო წარდგენილი, რომელმაც როგორც რუსი, ასევე ევროპელი მხატვრები აღაფრთოვანა. თუმცა, პეტერბურგის აკადემიის პროფესურა უკმაყოფილო დარჩა და ახალგაზრდა მხატვარს ურჩიეს, რომ ბატალური ფერწერისთვის არ ეღალატა.

    გაითვალისწინა თუ არა პეტრე გრუზინსკიმ ცნობილი მხატვრების რჩევა, უცნობია, მაგრამ ფერწერული ტილო, რომელიც მან პარიზის მსოფლიო გამოფენისთვის შექმნა, სწორედ ბატალურ სცენებს ასახავს, კერძოდ, რუსი სამხედროების შეტევას კავკასიელ მთიელებზე.

    სურათისთვის ესკიზებისა და ჩანახატების გასაკეთებლად მხატვარი კავკასიაში ჩადის. თავის თვალით ნახა საომარი მოქმედების ადგილები. იყო საქართველოშიც. ადგილზე გაეცნო მთიელთა ყოფა-ცხოვრებას და შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნდა პარიზში.

    სწორედ პარიზში დაასრულა მხატვარმა სურათი "მთიელთა მიერ აულების დატოვება რუსი სამხედროების შეტევის დროს". ეს მასშტაბური ტილო პირველად ვენის მსოფლიო მხატვართა გამოფენაზე წარადგინეს, შემდეგ - მოსკოვში.

    ჟურნალი "ვსემირნაია ილუსტრაცია" წერდა, რომ "მხატვარი თავის მშვენიერ ნამუშევარში ჩვენს წინაშე აცოცხლებს კავკასიის დაპყრობის დრამას... სურათის წინა პლანზე უწესრიგო მასაში ერთმანეთში არეულია ადამიანი და პირუტყვი. მძიმე ნაბიჯებით დაძრული ხარების მოშორებით ჩერქეზ ქალს ბარგი მოუკიდია ზურგზე და ხელჩაკიდებული მიჰყავს შავგვრემანი, ნახევრად შიშველი შვილი... ლტოლვილების ზურგს უკან მოსჩანს დანგრეული აული, ხოლო წინ საშიში დაღმართი იწყება".

    მიუხედავად იმისა, რომ მხატვრის მიერ რეალისტურად ასახულმა კავკასიურმა დრამამ ხელისუფალთა გაღიზიანება გამოიწვია, სურათი თავად მეფე ალექსანდრე ||-ს რვა ათას მანეთად შეუძენია. პეტრბურგის სამხატვრო აკადემიამ კი პარიზიდან დაბრუნებულ მხატვარს აკადემიკოსის წოდება მიანიჭა.

    პეტრე გრუზინსკიმ კავკასიელ მთიელთა ყოფა-ცხოვრებაზე კიდევ რამდენიმე ფერწერული ტილო შექმნა. მათ შორის იყო ისეთი ცნობილი სურათები, როგორიცაა "ცხენების ჯოგი კავკასიაში", "დუქნის ახლოს კავკასიაში", "კავკასიელ მთიელთა გადასახლება" და სხვა.

    მიუხედავად დიდი წარმატებისა, ამ მრავალმხრივმა ხელოვანმა სიცოცხლის ბოლო წლები სიღატაკეში გაატარა და იძულებული გახდა პეტრბურგის სამხატვრო აკადემიისთვის მიეყიდა იშვიათი ნივთების მდიდარი კოლექცია, რომელსაც მთელი ცხოვრება აგროვებდა.

    კოლექციაში შესული იყო 91 უნიკალური ნივთი - კავკასიური ტანსაცმელი, სხვადასხვა სახის თოფები, ხმლები, ოქროთი ნაჭდევი ვერცხლისბუდიანი ხანჯალი, სავაზნე, ქართული ქამარი, ყანწები, რუსული და ფრანგული ზარბაზნების მოდელები და სხვა.

    პეტრე გრუზინსკი გარაიცვალა 1892 წელს პეტერბურგში. მის მიერ შექმნილი ფერწერული ტილოები კი დღესაც ამშვენებს, მოსკოვის, პეტერბურგისა და დასავლეთ ევროპის ქალაქების მუზეუმებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved