სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ფრაგმენტები დიდი პოლიტიკური თამაშების ისტორიიდან
    მამუკა ნაცვალაძე
    16.04.2018

     საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც აშკარად გამოჩნდა, რა ტრაგიკული შედეგები მოიტანა ერთმორწმუნე რუსეთთან ურთიერთობამ. შებღალული სიწმინდეები, რუსულ ყაიდაზე გადაკეთებული ეკლესიები, ლოცვის მოსმენის აკრძალვა მშობლიურ ენაზე, გაძარცული ეროვნული საგანძური და უამრავი სხვა ამგვარი მოვლენა რუსეთის იმპერიის სახელმწიფოებრივი მართვის მექანიზმის განუყოფელი ნაწილი გახლდათ.

    ამიტომაც აშკარად გამოიკვეთა საზოგადოებაში უკმაყოფილება იმ არჩევანის მიმართ, რაც თავის დროზე ერეკლემ გააკეთა. ხშირად ცდილობენ, წარმოაჩინონ ერეკლეს პოლიტიკა, როგორც სწორხაზოვანი, ერთმნიშვნელოვნად რუსეთისაკენ მიმართული, ეს საბჭოთა კონიუნქტურული პოლიტიკური დემაგოგიის ნაწილი გახლდათ, არადა, ისტორიული ფაქტებითა და დოკუმენტებით დასტურდება, რომ ერეკლე მეორე მხოლოდ რუსეთზე არ იყო ორიენტირებული, მას არ შეუწყვეტია პოლიტიკური მოკავშირის ძიება დასავლეთში, ინსპირირებულად იმოგზაურა კიდეც ევროპაში, მაგრამ ამ ძიებას პრაქტიკული შედეგი არ მოუტანია.

    ერეკლე მეორის ბალანსის პოლიტიკა

    ერეკლეს მოკავშირეები ჰყავდა მაჰმადიანთა შორისაც, სხვაგვარად ის ვერ შეძლებდა, ემართა ეთნიკურად მრავალეროვანი კავკასია, რომელსაც მეთვრამეტე საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისისთვის ფაქტობრივად სრულად აკონტროლებდა.

    ინტრიგებსა და შანტაჟზე აგებულმა რუსულმა იმპერიულმა პოლიტიკამ შეძლო ამ კავკასიური ერთობის მოშლა და ქართლ-კახეთის მეფის იზოლაციაში მოქცევა. ეს დიდი პოლიტიკური თამაშების ნაწილი იყო, სადაც რუსეთი დომინანტი გახლდათ.

    მოვლენები დააჩქარა სამ კონტინენტზე გადაჭიმულმა ოსმალეთის იმპერიამ, რომელიც ჯერ ევროპამ, შემდეგ კი რუსეთმა მთავარ საფრთხობელად გამოიყენა. თავის მხრივ ოსმალეთმა მოახერხა საქართველოს ტრადიციული ჩრდილოკავკასიური კოზირის განეიტრალება. ჩრდილოეთ კავკასიის გამაჰმადიანებით ფაქტობრივად ჩამოაშორა ერთიან ქართულ კულტურულ სივრცეს ჩრდილოეთ კავკასიის დიდი ნაწილი, თავის გავლენის სფეროში მოაქცია დასავლეთი საქართველო.

    აღმოსავლეთ საქართველოში განსაკუთრებით მტკივნეული პროცესები განვითარდა - კახეთს ოსმალთაგან მართული ლეკები მუდმივად ესხმოდნენ თავს. სწორედ ეს წერტილოვანი სპონტანური შემოსევები აღმოჩნდა განსაკუთრებულად მტკივნეული ქართლ-კახეთის სამეფოსთვის, რამაც ბაგრატიონთა სამეფო კარს უბიძგა, ერთმორწმუნე რუსეთის მეშვეობით გაენეიტრალებინა ეს პრობლემა.

    რატომ აწყობდა რუსეთს ოსმალურ-ლეკური საფრთხობელა

    რუსეთს თავის მხრივ აწყობდა, ოსმალურ-ლეკური საფრთხობელა შეენარჩუნებინა, ის თავის დროს უცდიდა, დროს, როცა სრულად შეძლებდა დამკვიდრებას საქართველოსა და ამიერკავკასიაში. ერთი სიტყვით, საქართველო დიდი პოლიტიკური თამაშების მონაწილე ხდება, თუმცა ეს განსახვავებული ეპოქაა, განსხვავებული შესაძლებლობებით - მსგავსი უძლურება საქართველოს არასდროს უგრძვნია.

    საქმე ისაა, რომ ის ორი ტრადიციული კოზირი, რომლებიც საქართველოს უხსოვარი დროიდან ჰქონდა - ჩრდილოკავკასიური გადმოსასვლელები და ზღვა, მეთვრამეტე საუკუნისათვის ჩვენს ქვეყანას აღარ გააჩნდა, შესაბამისად, ასეთი რეალობიდან აშკარა გახლდათ, რომ საქართველოს ხელთ აღარ იყო არათუ მსოფლიო მონსტრებზე, მეზობელ ქვეყნებზე გავლენის მოპოვების არანაირი ობიექტური მექანიზმი, იყო მხოლოდ სუბიექტური მექანიზმი, შინაგანი, ადამიანური რესურსები, რომლებსაც, არცთუ იშვიათად, წარმატებით იყენებდა კიდეც.

    რატომ ჩაერთო ერეკლე წინასწარ წაგებულ თამაშში

    სწორედ ამ პრიზმიდან უნდა შეფასდეს ერეკლე მეორის მოღვაწეობა. შეეძლო თუ არა მას, გამკლავებოდა იმ უდიდეს მონსტრს, ერთმორწმუნეობის ნიღბით სხვადასხვა ინტრიგას რომ უწყობდა მუდმივად ქართლ-კახეთის სამეფოს?

    იმ პერიოდის მსოფლიო პოლიტიკური ფონი აშკარად მიგვანიშნებს, რომ ერეკლეს წინასწარ წაგებულ თამაშში უწევდა მონაწილეობა, ყოველგვარი კოზირის, მით უფრო - ობიექტური კოზირის გარეშე. ამ ბრძოლაში მას მხოლოდ ერთი რესურსი რჩებოდა - ადამიანური, სუბიექტური რესურსი და ამ რეალობაში რუსთა მრავალწახნაგოვანი და მრავალფუნქციური სვლები - ინტრიგებითა და შანტაჟით გაჯერებული, აშკარად ჯაბნიდა ერეკლეს.

    და, მიუხედავად ამისა, ქართველ მეფეს პოლიტიკური ორიენტაციის საკითხის დასმა არც უცდია - ისევ ვა-ბანკზე წასვლა არჩია, რამდენადაც იმ პოლიტიკური ბალანსის აღდგენას, რაც გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებით რუსეთის ინტრიგების შედეგად მოიშალა, საკმაო დრო სჭირდებოდა. აღარ იყო იოლი მაჰმადიანთა შორის ნდობის მოპოვება.

    როგორ განსაზღვრა ვახტანგ გორგასალმა საქართველოს პოლიტიკური ორიენტაცია

    საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლის დროს, მეხუთე საუკუნეში გადაწყდა, როცა ჩვენმა ქვეყანამ დასავლურ ფასეულობებზე გააკეთა არჩევანი. ქრისტიანობა გახდა ქვეყნის კულტურული და სოციალური ყოფის განმსაზღვრელი უმთავარესი იდეოლოგია. ამიტომაც მეხუთე საუკუნის შემდეგ ქართული დიპლომატიის ისტორიაში აღარ დამდგარა ეჭვქვეშ, პოლიტიკური თვალსაზრისით რა არჩევანი უნდა გაეკეთებინა საქართველოს.

    სწორედ ამ რეალობამ უბიძგა საქართველოს ბიზანტიის იმპერიის დაცემის პერიოდიდან მოყოლებული, ერთმორწმუნე რუსეთთან მუდმივი კონტაქტები ეძებნა. ეს კავშირი, ქრისტიანული ერთობა, ელემენტარული ლოგიკით, ორმხრივად სასარგებლო უნდა ყოფილიყო, თუმცა რუსეთი სწორედ ის ფენომენია, არანაირ ლოგიკას რომ არ ცნობს. მისთვის ერთმორწმუნეობა ცალსახად პოლიტიკური დემაგოგია და იმპერიული განწყობებით მანიპულირების საშუალება გახლდათ და არაერთ იდეოლოგიურ პოსტულატზე აღმოცენებული თანასწორი პოლიტიკური კავშირის სურვილი.

    ამ დემაგოგიას ბუნებრივია, ხვდებოდნენ ბაგრატიონთა სამეფო კარზე, ამიტომაც იყო მუდმივი მცდელობა, მოკავშირე დასავლეთ ევროპაში ეძებნათ, თუმცა ევროპას მაშინ საქართველოსთვის არ ეცალა, თანაც, დასავლეთი არანაკლებ პოლიტიკურ დემაგოგიას იყენებდა. სწორედ ამ პრიზმაში იკვეთებოდა, რომ ერთმორწმუნეობა ფაქტობრივად მხოლოდ შირმა იყო იმისათვის, რომ დიდ ქვეყნებს თავიანთი პოლიტიკური იმპერიული მიზნები აღესრულებინათ.

    როგორ გახდა დემაგოგია ქართველ მონარქთა წარმატების ფორმულის ნაწილი

    და ამ რეალობაში ჩნდება ქართველი მონარქის წარმატების ფორმულა - ის უნდა აჰყვეს პოლიტიკურ დემაგოგიას, უნდა აჰყვეს ერთმორწმუნეთა თამაშს, რომელსაც ერთმორწმუნეობასთან არაფერი აქვს საერთო და სწორედ ამ ფილიგრანულ დიპლომატიურ წიაღსვლებში მონახოს მისთვის სასურველი პოლიტიკური სვლები. და ამ ფონზე ქართველ მეფეებს ხშირად ის უშლიდათ ხელს, რომ რუსეთსა და ევროპულ სახელმწიფოებთან ურთიერთობისას სარწმუნოებრივ დემაგოგიას მაღალი ხარისხით ვერ იყენებდნენ. სწორედ ქართველ მეფეთა პიროვნული კეთილშობილება და ქრისტიანობისადმი ერთგულება ხდებოდა მათი პოლიტიკური კრახის მიზეზი. ამის მაგალითი ვახტანგ მეექვსეა, მეფე, რომელმაც ოცდაათი წლით გაუსწრო ევროპულ განმანათლებლობის პროცესს და განმანათლებლური ტენდენციები საქართველოში დაამკვიდრა 30 წლით ადრე, ვიდრე ეს საფრანგეთში მოხდებოდა, ვერაფერს გახდა რუსული სარწმუნოებრივი დემაგოგიის წინაშე.

    თავისი სიმამრის, ვახტანგ მეექვსის შეცდომას კარგად ხედავს თეიმურაზ მეორე, ამიტომაც ქართულ დიპლომატიაში იწყება მრავალწახნაგოვანი დიპლომატიური სვლები - რუსეთ-ირან-ოსმალეთს შორის პოლიტიკური ბალანსის დამყარების რომ ისახავს მიზნად. მთავარი კოზირი კი ის კავკასიური ერთობაა, ერეკლემ და მამამისმა რომ ამგვარი ფილიგრანული დიპლომატიით შექმნეს. ამიტომაც ხდება რუსული იმპერიული პოლიტიკის განსაკუთრებულ სამიზნედ კავკასიური ერთობა.

    რა თავსატეხი გაუჩინა ვატიკანს კონსტანტინოპოლის დაცემამ

    ოსმალეთის იმპერიამ, მეთხუთმეტე საუკუნიდან მოყოლებული, თავდაყირა დააყენა მსოფლიოს ისტორია. კონსტანტინოპოლის დაცემას აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი გზის პარალიზება მოჰყვა, რამაც მსოფლიოს იმჟამინდელ მონარქებს ალტერნატიული გზის ძიების პროცესისაკენ უბიძგა. ამ პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგი გახლდათ ახალი კონტინენტის, ამერიკის აღმოჩენა.

    შემთხვევითი არაა, რომ სწორედ კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ ჩამოყალიბდა ოსმალთა სასულთნო იმპერიად. მის ფარგლებში მოექცა მრავალი ეთნიკური ჯგუფი, მისი გავლენის სფეროში იყო სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა, დასავლეთი აზია, კავკასია, ჩრდილოეთი აფრიკა. სამ კონტინენტზე გადაჭიმული იმპერია დიდ თავსატეხს უქმნიდა ევროპელ მონარქებს.

    1453 წლის ტრაგედიის ერთ-ერთი შემოქმედი ვატიკანი გახლდათ, რომის იმპერიის დაცემის შემდგომ აღმოცენებული დაპირისპირება რომსა და კონსტანტინოპოლს შორის, ის უშეღავათო და მიზანმიმართული ხრიკები, რომლებიც აღმოსავლეთ რომის იმპერიის დაცემის წინაპირობა იყო, ბუმერანგივით შეუტრიალდა ვატიკანს.

    სწორედ ბოლო ჟამს, 1453 წლის 28 მაისს, კონსტანტინოპოლის დაცემის ბოლო დღეს, მიხვდნენ კათოლიკები, რომ ის მზარდი აგრესია, რომლითაც ოსმალთა სასულთნო გამოირჩეოდა, ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ სწორედ ევროპას დაემუქრებოდა. ოსმალები უშუალო მეზობლის, ბიზანტიის განადგურების ფონზე ცალსახად ევროპაზე მომართავდნენ მახვილს.

    ეს ელემენტარული გათვლა სულ მალე აუხდა ევროპას. 1529 წელს ოტომანთა უძლიერესმა არმიამ ალყაში მოაქცია ევროპის ულამაზესი ქალაქი ვენა, მანამდე კი სამხრეთ უნგრეთში მოიგო ბრძოლა მოჰაჩთან, 1526 წლის 29 აგვისტოს, სადაც სულთან სულეიმან | დიდის სამასი ქვემეხით შეიარაღებულ ასიათასიან არმიას უნგრეთის, ჩეხეთისა და ხორვატიის მეფე ლაიოშ მეორის 25-ათასიანი არმია დაუპირისპირდა.

    თურქებს სულ ორი საათი დასჭირდათ გამარჯვებისათვის. ეს სერიოზული განგაშის ნიშანი გახლდათ დასავლეთ ევროპისათვის.

    რატომ დასჭირდა ევროპას რუსეთი ოსმალთა საფრთხობელას როლში

    ამ რეალობაში იწყება ფიქრი და ზრუნვა იმაზე, რომ საჭიროა ახალი შემაკავებელი პოლიტიკური ერთეულის მონახვა, რომელიც ოსმალეთთან ომში ჩაერთვება, რაც იმ უდიდეს აგრესიას, ევროპის წინააღმდეგ მომართულს, შეანელებს. ასეთ ძალად აღმოსავლეთით რუსეთი ესახებათ. მეთხუთმეტე საუკუნისთვის ჩრდილოელი ერთმორწმუნე ჯერ კიდევ არაა ერთიანი, პოლიტიკურად დაქუცმაცებულია, თუმცა მთავარი აქცენტი მაინც მოსკოვის სამთავროზე კეთდება, სადაც ივანე მესამე ზეობს...

    აყველაფერს აკეთებს ვატიკანი, რათა ივანე მესამეს კონსტანტინოპოლის უკანასკნელ იმპერატორ კონსტანტინეს მემკვიდრე სოფია პალეოლოგი შერთოს ცოლად და შესაბამისად რუსეთში გააჩინოს ამბიცია მესამე რომისა.

    არადა, ივანე მესამეს ეს არ სურს... ვატიკანის სამწლიანმა მცდელობამ თავისი შედეგი გამოიღო. სწორედ სოფია პალეოლოგის რიურიკებთან დანათესავებით იწყება ახალი ერა რუსეთის ცხოვრებაში, რამაც უმძიმესი პოლიტიკური კატაკლიზმები მოიტანა შედეგად. არ სურს არც ივანე მესამეს, არც ივანე მეოთხეს, ივანე მესამისა და სოფია პალეოლოგის შვილიშვილს, ოსმალთა იმპერიისათვის საფრთხობელას როლის მორგება, ნამეტანი ხელოვნურია მოსკოვის მესამე რომის სტატუსი, მით უმეტეს - ოსმალეთთან დაპირისპირების მცდელობა, თუნდაც იმიტომ, რომ ჯერ მოსკოვს არც ერთ ზღვაზე არ გააჩნია გასასვლელი.

    არადა, რუსეთისა და ოსმალეთის დაპირისპირებაზე მუშაობს ვატიკანი და მთელი დასავლეთი ევროპა. ეს კონცეფტუალური და იდეოლოგიური წინააღმდეგობა კი იმით მთავრდება, ივანე მეოთხის შემდეგ ფაქტობრივად წყდება რიურიკთა დინასტია.

    როგორ დაუპირისპირდა აბას პირველი კავკასიაში რუსეთის გამოჩენას

    ეს მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისში ხდება, სწორედ ამ დროიდან იწყება კიდეც კახეთისა და რუსეთის ინტენსიური ურთიერთობები... ეს ის ურთიერთობებია, ახალ შარს რომ გადაჰკიდებს მალე ქართველთ... აბას პირველი სწორედ ამ ურთიერთობებს უპირისპირებს საკმაოდ მზაკვრულ გეგმას - 1605 წლის 12 მარტს ზეგამში კახეთის სამეფო რეზიდენციაში რუსთა ელჩობის თვალწინ უნდა დატრიალდეს უსასტიკესი ტრაგედია - კონსტანტინე მირზამ, აბასის კარზე გამოზრდილმა ქართველმა, მამამისი ალექსანდრე მეორე და ძმა გიორგი - ქეთევან დედოფლის თანამეცხედრე უნდა დახოცოს...

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved