სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    16.04.2018

     "ჩემს ყველა სურათს საქართველოს სიყვარულით ვხატავდი", - ასეთი წარწერა გაუკეთებია ქართველ მხატვარ ფელიქს ვარლამიშვილს პარიზში გამოფენილ მის ერთ-ერთ სურათზე.

    ბოლშევიკებს გაქცეული და საფრანგეთში ემიგრირებული მხატვრის, ფელიქს ვარლამიშვილის შესახებ, ვისაც ევროპელი მხატვრები ვარლას სახელით იცნობდნენ, მწირი ცნობებები მოგვეპოვება. თუმცა, დღევანდელ სტატიაში შევეცდებით, რამდენიმე საინტერესო ეპიზოდი გავიხსენოთ იმ ქართველი ემიგრანტი მხატვრის შემოქმედებიდან, რომლის ნახატები დღესაც ამშვენებს მსოფლიოს მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებს.

    ფელიქს ვარლამიშვილი დაიბადა ქუთაისში 1903 წელს ფინანსისტის ოჯახში. 1912 წელს ქუთაისის რეალურ სასწავლებელში შევიდა, რომლის დასრულების შედეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, მაგრამ თბილისში სამხატვრო აკადემიის დაარსებისთანავე აკადემიაში ჩააბარა და მისი სამხატვრო კარიერაც იქიდან დაიწყო.

    აკადემიაში მისი პედაგოგები იყვნენ: გიგო გაბაშვილი, ნიკო ნიკოლაძე, ევგენი ლანსერე, ოსკარ შმერლინგი, ბორის ფოგელი, იოსებ შარლემანი. სტუდენტობის პერიოდშივე მონაწილეობდა გამოფენებში. მისმა ნამუშევრებმა, როგორც გრაფიკაში, ასევე ფერწერაში, მაშინვე მიიქცია საზოგადოების ყურადღება. ფელიქს ვარლამიშვილის ილუტრაციებით მალევე გამოიცა კრებული "იეთიმ გურჯი".

    სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ თბილისში დააარსა სამხეტვრო სკოლა, თუმცა, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, მალევე წავიდა ემიგრაციაში. რამდენიმე თვე სტამბოლში ცხოვრობდა, შემდეგ პარიზში, მონპარნასზე დასახლდა.

    როგორც მისი ბიოგრაფი, ხელოვნებათმცოდნე ქეთვან კინწურაშვილი წერს, პარიზში დამკვიდრება მარტივი არ იყო, მატერიალურადაც ძალიან უჭირდა. ხატავდა საქართველოს სცენებს, რომლებსაც ქართველი ემიგრანტები გროშებად ყიდულობდნენ, თუმცა ეს მაინც დიდი შეღავათი იყო მისთვის.

    პარიზში რამდენიმე წელი სიუჟელის ატელიეში მუშაობდა და დეკორაციული ხელოვნების ნიმუშებს ქმნიდა. პარიზის მცირე გალერეებში გამოფნებსაც აწყობდა. 1933 წელს მისი ნახატების გამოფენა პირველად პარიზის ცნობილ გალერეა "სპერანცაში" მოეწყო.

    1934 წელს ცოლად შეირთო დანიელი მხატვარი ქალი ზირე ბინდერი, 1945 წლს კი ფელიქს ვარლა "შემოდგომის სალონის" წევრი გახდა.

    1948 წელს ცოლ-ქმარი არგენტინაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც თავდაპირველად დეკორატიულ ხელოვნებაში სცადა ბედი. ძირითადად ხატავდა პანოებს ხალიჩებისთვის, თუმცა პარალელურად ქმნიდა ფერწერულ ტილოებს. სწორე ბუენოს-აირესში 1950 წელს მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა, რომელმაც აღაფრთოვანა ევროპელი მხატვრები.

    ამ გამოფენაზე წერდა უცხოური და ქართული ემიგრანტული პრესა. ბუენოს-აირესში ვიქტორ ნოზაძის რედაქტორობით გამომავალ ჟურნალ "მამულში" დაიბეჭდა დიდი სტატია სათაურით "ვარლამიშვილის სამხატვრო გამოფენა".

     მიუხედავად არგენტინაში დიდი წარმატებისა, ქართველი მხატვარი 1952 წელს პარიზში ბრუნდება და ისევ მონპარნასზე, დაგერის ქუჩაზე დაიდებს ბინას. პარიზში ცხოვრების პერიოდში შექმნა ისეთი ფერწერული ტილოები, რომლებიც შემდეგ გამოფინა მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში: 1959-1960 წელებში - სან-ფრანცისკოში, 1963 წელს - დეტროიტის საგამოფენო დარბაზში, შემდგომ წლებში - ნიუ-იორკის, ლოს-ანჯელესის, დალასის, ჰიუსტონის, ტოკიოს, ოსაკის, იოკოჰამის, ბრიუსელის, მონტე-კარლოს, თეირანის გამოფენებზე.

    როგორც მისი თანამედროვენი წერდნენ, ვარლას ნამუშევრებს დიდი სიამოვნებით იძენდნენ. გამოფენებზე გამოტანილი სურათები ხშირად წინასწარ, გახსნამდე იყო გაყიდული. ეს იმ დროს, როცა საბჭოთა კავშირში მისი სახელის ხსენება აკრძალული იყო.

    1986 წელს ფელიქს ვარლამიშვილი პარიზში გარდაიცვალა. ანდერძის თანხმად, მისი ფერფლი ლევილის ქართულ სასაფლაოზე დაკრძალეს. გარდაცვალებამდე დაწერილ ანდერძში ასევე ეწერა, რომ მისი ათი ნახატი საჩუქრად საქართველოს გადასცემოდა.

    როგორც ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კინწურაშვილი წერს, საბჭოთა პერიოდში ამ სურათების ჩამოტანა საქართველოში იოლი არ იყო, თუმცა მისმა მეუღლემ ზირე ბინდერმა ვარლამიშვილის ანდერძი აასრულა და მხატვრის ათი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი საქართველოს ხელოვნების მუზეუმს უსახსოვრა.

    ასეთი იყო შემოქმედება ფელიქს ვარლასი, ვინც სურათებს მხოლოდ საქართველოს სიყვარულით ხატავდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved