სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "100 ან 200 ლარის გამო ხალხი სოფელს არ დაუბრუნდება, ეს წარმოუდგენელია"
    მარი ჩიტაია
    09.05.2018

     "მთის კანონი" აშკარად ვერ მუშაობს. გარდა იმისა, რომ მაღალმთიან რეგიონებში სამეწარმეო საქმიანობა ვერ გამოცოცხლდა, კანონმა ადგილზე ვერც მოსახლეობის დამაგრება უზრუნველყო. იმის მაგიერ, რომ ხალხს სოფლად დაბრუნებისთვის სტიმული გასჩენოდა, მოსახლეობა მშობლიურ სამოსახლოს ტოვებს. თითქმის 2,5 წელიწადია, რაც კანონი ძალაშია, მაგრამ მან არათუ მოსახლეობის დაბრუნებას, იქ დარჩენილთა შენარჩუნებასაც ვერ შეუწყო ხელი.

    როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, თითქმის ყველა მაღალმთიან რაიონში მოსახლეობა მცირდება. "საქსტატის" მონაცემით, რომელიც 2016 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობას ასახავს, ჩოხატაურში 18,8 ათასი მოსახლე ფიქსირდებოდა, მაგრამ უკვე 2018 წლის ამავე პერიოდისთვის ეს მაჩვენებელი 18,4 ათასამდე შემცირდა. ხარაგაულში მცხოვრებთა რაოდენობა 19,9 ათასი იყო და 19,1 ათასამდე შემცირდა. ტყიბულის შემთხვევაში, თუ 2016 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით 20,3 ათასი მცხოვრები იყო, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში 19,3 ათასია. ამბროლაურში 9,0 ათასი იყო და ბოლო მონაცემით, 8,7 ათასია. იგივე ვითარებაა ონშიც, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 6,1 ათასი იყო და 5,9 ათასი გახდა. ცაგერში 10,0 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, მაგრამ მიმდინარე წლის დასაწყისში 9,4 ათასამდე შემცირდა. 9,0 ათას მოსახლეს ითვლიდა წალენჯიხა, სადაც ეს მაჩვენებელი ახლა 8,7 ათასია.

    ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მოსახლეობის ზრდა შეინიშნება მხოლოდ ქვემო ქართლსა და აჭარაში, მცხეთა-მთიანეთში იგივეა, დანარჩენ რაიონებში მოსახლეობის რაოდენობა მცირდება. სამცხე-ჯავახეთში, რომელიც თითქმის მთლიანად მაღალმთიანი ზონაა (ახალციხის გარდა), 158,7 ათასი მოსახლე იყო და 155,9 ათასამდე ჩამოვიდა.

    სპეციალისტები "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" კანონს პოპულისტურს უწოდებენ. მათი შეფასებით, ცვლილებას დემოგრაფიული ვითარება სასიკეთოდ ოდნავადაც არ შეუცვლია, პირიქით, მდგომარეობა ბოლო 2 წელიწადში გაუარესდა კიდეც. როგორც დემოგრაფი ავთანდილ სულაბერიძე აცხადებს, ყველა დემოგრაფიული მონაცემით დასტურდება, რომ კანონმა ვერ გაამართლა.

    "კანონმდებლებს რატომღაც წარმოედგინათ, რომ დემოგრაფიულ აფეთქებას მოახდენდნენ. ასე არ არის, 100 ან 200 ლარის გამო ხალხი სოფელს არ დაუბრუნდება, ეს წარმოუდგენელია. "მთის კანონი" კომუნისტურ პერიოდშიც გაკეთდა, მაგრამ ვერც მაშინ იმუშავა. საწარმოები არ აშენებულა, ვერც მცირე და საშუალო ბიზნესი ვითარდება. ზოგ რაიონში ერთადერთი ტურიზმია და ისიც სტიქიურად ვითარდება, არც ერთი ორგანიზაციული პროექტი არ განხორციელებულა, რაც მოსახლეობას წაახალისებდა.

    სამხრეთ მთიანეთში, ალპური ზონის გამო, მეცხოველეობის დარგი მეტ-ნაკლებად ვითარდება და იქ მოსახლეთა რაოდენობა არ შემცირებულა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ძვრა არ არის. კანონი ჰაერში დაიწერა, არ შესწავლილა, თითოეულ რეგიონში რომელი მეურნეობა შეიძლება განვითარდეს. ეს ნაკლებად იყო გათვალისწინებული. არავითარი სასტარტო პირობა არ არის, რა ვითარებაც იყო თიანეთში 90-იან წლების დასაწყისში, ახლაც აბსოლუტურად იგივეა", - აცხადებს სულაბერიძე.

    მისი შეფასებით, "მთის კანონს" სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკური მხარდაჭერა არ აქვს. არ არის გზები, ინფრასტრუქტურა მოშლილია. უამრავი მიზეზია, რომელთა გამოც კანონის აღსრულება ვერ ხერხდება.

    "ეს არის პოპულისტური, მკვდარი კანონი, რომელიც არ მუშაობს. გარდა იმისა, რომ არ დაბრუნდა ხალხი, ვერც შობადობის მაჩვენებელი გაუმჯობესდა. ყველა დემოგრაფიული მონაცემი ადასტურებს, რომ კანონმა ვერ გაამართლა. კომპლექსური მიდგომის გარეშე არაფერი გამოვა. ეკონომიკური მხარდაჭერაა საჭირო. ჩვენ შეგვიძლია, უამრავი კანონი მივიღოთ, მაგრამ ეკონომიკური მხარდაჭერა თუ არ ექნება, ვერც ერთ რეგიონში ვერ იმუშავებს. კანონმდებლობას პატივს ვცემ, მაგრამ ვიქნები პრინციპული და ვიტყვი, რომ ასეთი მიდგომით ქვეყანა წინ ვერ წავა", - აცხადებს სულაბერიძე.

    მთის რეგიონში მცხოვრებლები ფიქრობენ, რომ ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა უფრო ეფექტური იქნებოდა, ინფრასტრუქტურული პროექტებით რომ დაეწყოთ და გზების კეთილმოწყობაზე ეზრუნათ.

    ლეჩხუმელი მეწარმე სოფელ ქორენიშიდან ლევან ხმელიძე ამბობს, რომ არნახულად დიდი შრომა გასწია, რომ საოჯახო სასტუმროს მშენებლობა წამოეწყო. მისი თქმით, უგზოობის გამო სამშენებლო მასალების ტრანსპორტირება ძალიან გაუჭირდა.

    "ჩვენი სოფელი ხვამლის მთის ძირში მდებარეობს. აქამდე საქართველოშიც კი არ გვიცნობდნენ, ახლა ჩვენი სოფელი მსოფლიოს გვინდა, გავაცნოთ. ვინც დაბრუნდა, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის მოლოდინშია. პირადად ვერ ვიტყვი ამას ჩემზე, რადგან რამდენიმე აგრარულ პროექტში მაქვს მონაწილეობა მირებული და ძალიან კმაყოფილი ვარ, თუმცა ჩვენ გვაქვს პრობლემა გზასთან დაკავშირებით, რამაც ბევრ რამეში შეგვიშალა ხელი.

    მოსახლეობამ რომ წამოიწყოს საქმე, გზის მშენებლობა უნდა დაჩქარდეს. გვპირდებიან, რომ გზას გააკეთებენ. ახალი განვითარებისთვის გვაქვს ახალი გეგმა, რომლის განხორციელებაშიც ინფრასტრუქტურას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს", - ამბობს ლეჩხუმელი მეწარმე.

    შეგახსენებთ, რომ "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" კანონი 2016 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. ის ითვალისწინებს მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას, ცხოვრების დონის ამაღლებას, დასაქმების ხელშეწყობას, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას მთიან რეგიონებში. გათვალისწინებულია საგადასახადო, სოციალური შეღავათები, მაღალმთიანი მოსახლეობის განვითარების ფონდის შექმნა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved