სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "მთელი ჩვენი საბანკო-საფინანსო სისტემა გადაიქცა ერთ დიდ ლომბარდად"
    თამუნა მუკბანიანი
    11.05.2018

     ეროვნული ბანკი ახალი რეგულაციის პროექტს ამზადებს, რომლის მიხედვითაც, პირი, რომელსაც ერთზე მეტი საცხოვრებელი არ ექნება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის აღებას ვეღარ შეძლებს. ინიციატივას დადებითად აფასებს საფინანსო სფეროს სპეციალისტების ნაწილი, ნაწილი კი სესხებზე მიწვდომის გართულებაზე საუბრობს. 2014-2016 წლებში აუქციონზე იძულების წესით 4522 უძრავი ქონება გაიყიდა.

    ზედამხედველობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების გამოქვეყნების ინიციატივის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა "ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების" პროექტი შეიმუშავა. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს შემოსავალი არ აქვს და არც მისი გადამხდელუნარიანობის ანალიზია ჩატარებული, იგი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის მიღებას ვერ შეძლებს, თუკი ერთზე მეტი საცხოვრებელი არ ექნება.

    საქართველოში აუქციონის წესით რეალიზებული უძრავი ქონების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. 2014 წელს - 1343, 2015 წელს - 1410, ხოლო 2016 წელს 1769 სხვადასხვა ტიპის უძრავი ქონება გაუყიდეს მსესხებლებს. უცნობია, აქედან რამდენი იყო ერთადერთი საცხოვრისი. ჯერ არ გასაჯაროებულა 2017 წლის სტატისტიკა, რომელიც აღსრულების ეროვნულ ბიუროს დღემდე არ გამოუქვეყნებია, მაგრამ სტატისტიკა აშკარად მზარდია. სავარაუდოდ, სწორედ ამან გააჩინა რეგულაციის აუცილებლობა.

    ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ახალი რეგულაციის შემოღებას მიესალმება. დღემდე არსებული პრაქტიკა ხელს უწყობდა იმას, რომ საკრედიტო ორგანიზაციები ორიენტირებული იყვნენ კლიენტის გადახდისუუნარობაზე, რადგან ამ შემთხვევაში მეტ მოგებას იღებდნენ.

    "აქ საუბარია იმ რეგულაციის გაგრძელებაზე, რომელიც შემოსავლის დაუდასტურებლობის შემთხვევაში სესხის გაცემას ზღუდავს. ბინა იმ ადამიანმა არ უნდა დატვირთოს იპოთეკით, რომელსაც შემოსავალი არ უდასტურდება. ეს ხომ პირდაპირ ნიშნავს, რომ იგი ამ ერთადერთ საცხოვრებელსაც დაკარგავს? საკრედიტო ორგანიზაცია, ადამიანს რომელსაც შემოსავალი არ გააჩნია, სესხს აძლევს იმისათვის, რომ ეს ბინა წაართვას.

    ორგანიზაციები კი ამას ცუდად იმიტომ შეხვდნენ, რომ მანკიერ პრაქტიკას წარმატებით იყენებდნენ წლების განმავლობაში. ადამიანებს ქონების სანაცვლოდ აძლევენ იმ ქონების ღირებულების მესამედ სესხს და შემდეგ თავად არიან დაინტერესებული, რომ სესხის გადახდა ვერ შეძლონ, რათა ქონება მიითვისონ. ამჟამინდელი პრაქტიკა ხელს უწყობს, რომ კლიენტი იყოს გადახდისუუნარო.

    ასეთი პარადოქსი ალბათ არც ერთ ქვეყანაში არ არის - საკრედიტო ორგანიზაცია, რომელიც გასცემს სესხს, დაინტერესებულია, რომ მომხმარებელმა იგი ვერ დაფაროს. მერე წესდება ჯარიმები, პირგასამტეხლოები და შემდეგ ისე გამოდის, რომ 30 000-იან ქონებაში 10 000-ს უხდიან კლიენტს, საბოლოოდ კი ამ ქონებას მთლიანად ისაკუთრებენ.

    ეს რეგულაცია უნდა შეეხოს ყველას, როგორც ლომბარდებს, ასევე კომერციულ ბანკებსაც. წესები ყველასათვის ერთნაირი უნდა იყოს", - განუცხადა "რეზონანსს" მერაბ ჯანიაშვილმა.

    ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტ ზურაბ კუკულაძის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა იყოს კლიენტის გადახდისუნარიანობა. შემოსავლის დაუდასტურებლობის შემთხვევაში სესხი არ უნდა გაიცემოდეს, თუნდაც მის სახელზე რამდენიმე სახლი იყოს რეგისტრირებული.

    "ლიბერტარიანული აზროვნების ადამიანებისათვის მსგავსი რეგულაციები, რა თქმა უნდა, გაუგებარია. ვისაც რეალურად ესმის ეს საკითხები, ყველა კარგად ხვდება, თუ რას ნიშნავს ეკონომიკაში ჭარბვალიანობის პრობლემა.

    თუკი სესხები შეიზღუდება, ამით ეკონომიკას ხელი არ შეეშლება, პირიქით, ეს საკრედიტო პორტფელს გააჯანსაღებს. ეკონომიკის მეორე კურსის სტუდენტმაც კი იცის განსხვავება ორ ტერმინს შორის - მოთხოვნა და მოთხოვნილება. მოთხოვნაა, როცა ადამიანს აქვს რაიმე პროდუქტის შეძენის სურვილი და, ამასთანავე, შესაძლებლობა, მოთხოვნილება კი, უბრალოდ, სურვილს გულისხმობს.

    ჩვენთან ფულზე მოთხოვნილება მოთხოვნად აქციეს და რეგულაციის არარსებობამ მარტივად მისაწვდომი გახადა სესხები, რომლის დაბრუნების შესაძლებლობაც მომხმარებელს აღარ აქვს. ამიტომაც მთელი ჩვენი საბანკო-საფინანსო სისტემა გადაიქცა ლომბარდად.

    როცა არ ხერხდება შემოსავლის დადასტურება და ფინანსური ინსტიტუტი მხოლოდ გირაოს საფუძველზე გასცემს კრედიტის, ეს სინამდვილეში ნიშნავს, რომ მსესხებელიც და მისი ქონებაც განწირულია. აქედან გამომდინარე, ჯერ ის რეგულაცია უნდა ამუშავდეს სრული ძალით, რომელიც სესხის შემოსავალზე მიბმას გულისხმობს.

    ჩემი აზრით, რეგულაციის საბოლოო სახე უნდა იყოს ასეთი: თუ დადასტურებულად აქვს ადამიანს შემოსავალი, ერთადერთი საცხოვრისის იპოთეკით დატვირთვაც შესაძლებელი უნდა იყოს, თუ - არა, 10 საცხოვრებლის შემთხვევაშიც არ უნდა გაიცეს არც ერთი თეთრი. სწორედ ეს ფაქტორი იწვევს ჭარბვალიანობას", - აღნიშნა "რეზონანსთან კუკულაძემ.

    მისივე თქმით, აუცილებელია დამატებითი რეგულაცია მთავრობის ან ეროვნული ბანკის მხრიდან, რათა სამომხმარებლო სესხები არ გაიცემოდეს გაურკვეველი მიზნით.

    "კრედიტების დიდი ნაწილი გაიცემა განვადებებზე, მობილურების ან საყოფაცხოვრებო ნივთებისათვის. ჩვენი ეკონომიკა ყოველწლიურად იმპორტზე კარგავს 5 მილიარდ დოლარს, ანუ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკიდან გადის ეს ფული. მარტივი მაგალითია, ადამიანს აქვს 2 ლარი და ხარჯავს 10 ლარს, ასეთი რამე სჭირს ჩვენს ეკონომიკას და, შესაბამისად, გაჯანსაღებასა და წინსვალზე საუბარიც კი ზედმეტია. საკმაოდ დაგვიანებულია, მაგრამ კარგია, რომ ფინანსთა მინისტრი დღეს მაინც საუბრობს ამ თემებზე", - აცხადებს კუკულაძე.

    "საზოგადოება და ბანკების" საბანკო პროდუქტების ექსპერტ ანი ალიბეგაშვილი იმედოვნებს, რომ ეს შეზღუდვა სალომბარდე ტიპის სესხებს შეეხება და არა კომერციულ საბანკო სისტემას.

    "იმედია, შეზღუდვა მხოლოდ სალომბარდე ტიპის სესხებს შეეხება და არა კომერციულ საბანკო სისტემას, რადგან ამან, შესაძლოა, იპოთეკური სესხის მიღების საშუალება შეუზღუდოს მომხმარებელს. ჩემი აზრით, სალომბარდე ტიპის მომსახურების დროსაც კი არ არის მართებული ასეთი აკრძალვის დაწესება. ამავე ლოგიკით, ჩვენ შეგვიძლია, საცხოვრებლის გაყიდვაც ავუკრძალოთ მომხმარებლებს.

    თუკი ეს რეგულაცია სრულად ამოქმედდა, მომხმარებლები ვეღარ შეძლებენ, საკუთარი სურვილისამებრ განკარგონ ქონება და გასწიონ გარკვეული ხარჯი", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ალიბეგაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved