სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინი ქეთელაური
    12.05.2018

     ლექსები „ბიჭობაზე" და მამიდის ხიდან ჩამოვარდნაზე; მოთხრობა „წებოს სუნთქვით განცდილ შეგრძნებებზე"; ზღაპარი მეფეზე, რომელმაც სკუთარი შვილი ცოლად შეირთო; დავალება, რომლის მიხედვითაც მოსწავლემ ტყუილი უნდა მოიფიქროს და ფურცელზე დაწეროს - სასკოლო სახელმძღვანელოებში ეს და ზოგიერთი სხვა ტექსტები და დავალებები მშობლების აღშოფოთებას იწვევს.

    ფსიქოლოგების შეფასებით, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება, ყველა ნაწამოების სიფაქიზით შერჩევა უნდა მოხდეს, რადგან მათთვის უდიდესი დატვირთვა აქვს თითეულ სიტყვას და ფრაზას, რომელიც ქვეცნობიერში ილექება.

    განათლების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული სახელმძღვანელოები სკოლებში 2011 წელს შევიდა და სწორედ მსგავსი კრიტიკული შენიშვნების გამო დაიწყო გრიფირების პროცესი. მათივე ცნობით, ამ წლის სექტემბრიდან სკოლებში მსგავსი ნაწარმოებები აღარ ისწავლება.

    მშობლებსა და საზოგადოების წარმომადგენლებში დიდი ვნებათაღლვა ჰარი გრემის იუმორისტულმა ლექსმა გამოიწვია, რომელიც უცროსკლასელთა სასწავლო წიგნშია შეტანილი.

    მისი შინაარსი ასეთია: „ჩვენი კარგი მამიდა" ხიდან ერთხელ ჩამოვარდა და გადარჩა, მაგრამ მეორედ უნდა აძვრეს ხეზე და ისევ გადმოვარდეს, რათა ლექსის ავტორის მეგობარმა სეირს უყუროს:

    „ხიდან, რომ ჩამოვარდი, ჩემო კარგო მამიდა,

    არაფერი გეტკინა? ხომ ნამდვილად კარგად ხარ?

    მაშინ იქნებ ახვიდე და ჩამოვარდე თავიდან,

    წეღან ჩემმა მეგობარმა ვერ მოასწრო დანახვა!"

    კიდევ ერთი ლექსი, „ბიჭობა", რომელსაც მშობლების ნაწილის უკმაყოფილება მოყვა, მეორე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოშია შეტანილი და პოეტ ცირა ქიტიაშვილს ეკუთვნის:

    „თუნდ იყოს ასჯერ ნაცემი, ბიჭი არ არის გამცემი,

    ბიჭობა სასურველია, ბიჭობა სანატრელია,

    მისგან დიდ საქმეს ელიან, ეს ნათქვამი კი ძველია,

    ბიჭობა ძალზე ძნელია."

    სახელმძღვანელოში აღნიშნულ ლექსს მოჰყვება კითხვები: ლექსის მიხედვით, რას ნიშნავს ბიჭობა? შესწავლილი ნაწარმოებებიდან დაასახელეთ „ნამდვილი ბიჭები" და დაასაბუთეთ მათი ბიჭობა, რატომ არის ძნელი ბიჭობა? რა მოეთხოვება ბიჭს და რატომ არის ბიჭობა სანატრელი?

    გარდა ამისა, სკოლის VII და IX კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებში შეტანილია ნაწარმოები, რომელშიც ასახულია წებოს სუნთქვით გამოწვეული შეგრძნებები. კერძოდ, ნუგზარ შატაიძის „მოგზაურობა აფრიკაში", რომლის ნაწყვეტმაც საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია.

    მოთხრობაში საუბარია 12 წლის ბიჭზე, რომელიც მუყაოს ყუთში ცხოვრობს. „აფრიკა" კი ჰალუცინაციაა, რომელიც წებოს მოხმარებას მოსდევს: ზებრები, მარტორქები, ანტილოპები. არჩევანიც სწორედ ახლოს არსებულ აფრიკასა და შორს არსებულ აფხაზეთს შორის კეთდება. ერთი - მარტივად მისაღწევი ილუზიაა, მეორე კი - რთულად მისაღწევი სინამდვილე.

    მშობლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ნაწარმოებმა შესაძლოა, მოზარდებს „წებოს" მიმართ ინტერესი გაუჩინოს. ამასთან, ერთ-ერთი მოსწავლე ყვება, რომ მოთხრობის სწავლის პროცესში მისი თანაკლასელები დიდი ინტერესს გამოხატავდნენ აღწერილი შეგრძნებების მიმართ.

    სოციალურ ქსელში ასვე გავრცელდა ნაწყვეტი მოთხრობიდან, რომელიც სკოლის დაბალი კლასის მოსწავლეთა კლასგარეშე საკითხავშია შესული:

    „იყო და არა იყო რა. იყო ერთი მეფე, რომელსაც ცოლი ადრე გარდაეცვალა და ამ ამბავს იმდენად განიცდიდა, ჭკუიდან შეცდა. სხვა ცოლის მოყვანაზე არც უფიქრია.

    „გავიდა რამდენიმე წელიწადი და მისი ასული გაიზარდა. ძალიან ჰგავდა დედას, მასავით მშვენიერი და სათნო გოგონა იყო. შვილის შემხედვარე შეშლილ მეფეს საშინელი აზრი მოუვიდა - გადაწყვიტა, საკუთარი ასული შეერთო ცოლად.

    საბრალო გოგომ არ იცოდა, რა ექნა. შეწუხებულმა მეგობარ ფერიას სთხოვა დახმარება"...

    მშობლების კრიტიკა გამოიწვია მესამე კალსის სახელმძღვანელოში შესულმა მოთრობამაც, სახელწოდებით „ცრუპენტელები".

    ნაწარმოებში ასახულია ორი ბიჭის შეჯიბრი ტყუილში, რომლთაც საუბარში ეჭრება მესამე მოზარდი და უყვება, თუ როგორ იხეირა ტყუილით. მან საკუთარ დას მურაბის შეჭმა დააბრალა და დედის საყვედური აირიდა.

    მშობლების უკმაყოფილება გამოიწვია ნაწარმოების ქვეშ მითითებულმა დავალებამაც, რომლის მიხედვითაც, მოსწავლემ უნდა მოფიქროს ტყუილი და ფურცელზე დაწეროს.

    ფსიქოლოგი ნანა ჩიჩუა ამბობს, რომ როდესაც საქმე ბავშვებს ეხება, თითოეულმა ავტორმა, პროგრამის შემდგენელმა და მიმწოდებელმა ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს, რადგან მოზარდების ქვეცნობიერში ყველაფერი ილექება.

    „პოეზიას აქვს უდიდესი დანიშნულება, სადაც ესთეტიკური განცდა უნდა გადადიოდეს ეთიკურში. პოეზია არის ის, რაც ფრაზიდან ფრაზამდე განიცდება. ამას უდიდესი სიფაქიზით შერჩევა სჭირდება. ვაჟა-ფშაველას აქვს საუკეთესო ლექსი - „კაი ყმა", სადაც კარგ ყმად ვინც იწოდება, საუკეთესოდ განაცდევინებს ადამიანს და შინაგან სამყაროში შედის, როგორც გარკვეული ღირებულება. ამიტომ, ყოველი სიტყვა და ფრაზა უდიდესი დატვირთვის მატარებელია. აღნიშნული ტექსტები კი ვერანაირ ეთიკურ განცდას ვერ აღძრავს.

    „რაც შეეხება ნუგზარ შატაიძის მოთხრობას „მოგზაურობა აფრიკაში", ეს არის უძლიერესი ნაწარმოები. თუმცა, ერთია, როდესაც მწერალმა უდიდესი ნაწარმოები დაწერა, მეორეა, ამონარიდის გაკეთება და ამის მიწოდება. ეს ისეთივე შემოქმედებით უნარს მოითხოვს, როგორც თვითონ ნაწარმოების შექმნა. აქ მთავარია, ნაწარმოების მთელ პათოსს რომელ ამონარიდში მოაქცევ და როგორ მიაწვდი", - აცხადებს ნანა ჩიჩუა.

    მოთხრობა „ცრუპენტელებზე" ფსიქოლოგი ამბობს, რომ თუ ნაწარმოები ფანტაზიის უნარს და ტყულს ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს, მაშინ ასევე დიდი უპასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე.

    „არსებობს ტყულის ფსიქოლოგია, რომელიც ძალიან საინტერესო მიმართულებაა. თუ ეს გაცნობიერებული არ აქვს გინდ მწერალს, გინდაც მას, ვისაც ის სახელმძღვანელოში შეაქვს, მაშინ დიდი უპასუხისმგებლოაბსთან გვაქვს საქმე.

    „ტყული და ფანტაზია ერთმანეთისგან უნდა განასხვაონ ბავშვებმა. მეორეც, ჩვენ გვაქვს ტყულის ერთი არაჩვეულებრივი ისტორია - თევდორე მღვდლის ამბავი. ეს არის სამშობლოს წინაშე სიმართლე, რომელიც კონკრეტულ მომენტში მოქნილობას შეიძენს და იქ ტყულის სახით გამოჩნდება. ამიტომ, ტყუილი მოიგონონ ბავშვებმა და დაწერონ, ეს არასწორია. თუ წარმოსახვასთან და ფანტაზიასთან გავქვს საქმე, მაშინ იქ შესაბამისი განმარტება უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მიუღებელია", - ამბობს ნანა ჩიჩუა.

    მეფის მიერ ცოლად საკუთარი შვილის შერთვაზე ნანა ჩიჩუა ამბობს, რომ როდესაც საქმე კლასგარეშე საკითხავს ეხება, აქ ცენზურა არასწორია. თუმცა, გააჩნია რა ასაკზეა საუბარი.

    „ზღაპარში და მითოლოგიაში ყველაფერი დასაშვებია და ის არ მოითოხოვს ცენზურას. თუმცა, აქ ბეწვის ხიდზე გადის პედაგოგი - როგორ ახსნის და როგორ მიაწოდებს, ამათან, რა სასკოლო ასაკს ეხება ეს. ამიტომ დიდი სიფრთხილეა ყველაფერში საჭირო", - აღნიშნავს ფსიქოლოგი.

    განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სწორედ აღნიშნული კრიტიკული შენიშვნებია ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაიწყო. მისი დასრულება სავარაუდოდ, მაისის ბოლოს მოხდება და სექტემბრიდან სკოლებში ახალი წიგნები შევა, რომელშიც მსგავსი ტექსტები აღარ იქნება.

    „გრიფირების მიმდინარე პროცესი, რომელიც მომავალი ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება, უზრუნველყოფს სახელმძღვანელოების შინაარსობრივი მხარის დახვეწას. როგორც შინაარსი, ასევე წონა, მორგებული იქნება მოსწავლეების ასაკობრივ განვითარებასა და შესაძლებლობებზე. ახალი სახელმძღვანელოები წელს I-VI კლასებში შევა, შემდეგ წელს კი - VII-XII კლასებში", - აცხადებენ სამინისტროში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved