სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სავაჭრო ქსელები ადასტურებენ, რომ ახალმა საბანკო რეგულაციამ რეალიზაცია უკვე შეამცირა
    ნათია ლომიძე
    15.05.2018

     ახალმა საბანკო რეგულაციამ უკვე სავაჭრო სფეროც დააზარალა. მაღაზიებში, რომლებიც საქონელს ძირითადად განვადებით ყიდდნენ, აცხადებენ, რომ მათი რეალიზაციის მაჩვენებელი მცირდება. შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხის გაუცემლობის გამო რეალური მყიდველი იკარგება. მსგავს სირთულეზე საუბრობენ ავტომობილების მაღაზიებშიც, სადაც დაბალფასიანი ავტომობილების გაყიდვა საბანკო განვადების საშუალებით იყო შესაძლებელი.

    ტექნიკის მსხვილი ქსელების წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ საბანკო რეგულაციამ პრობლემა უკვე შექმნა. კომპანია "ტექნო ბუმის" ხელმძღვანელ ანზორ ქოქოლაძეს მიაჩნია, რომ სავაჭრო სფეროს უნდა ჰქონოდა მოსამზადებელი პერიოდი, რათა ადაპტაცია მოეხდინათ და გარკვეული ზომები წინასწარ მიეღოთ.

    "სებ-ის რეგულაცია მაღაზიის გაყიდვის მაჩვენებელზე იმოქმედებს, ეს გარდაუვალია. მიზანი, რომ რეგულაციას მოჰყვება ჭარბვალიანობის შემცირება, სავსებით სწორია, თუმცა სხვანაირადაც შეიძლებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა. ძალიან იჩქარეს და ხისტი დამოკიდებულება გამოავლინეს.

    კარგი იქნებოდა, კანონის ძალაში შესვლამდე ჩვენთვის მოსამზადებელი პერიოდი მოეცათ. ფაქტობრივად, ცვლილების შესახებ თქვეს და 2 კვირაში ახალი კანონიც მიიღეს. ჩვენ გონს მოსვლა, ადაპტირებაც ვერ მოვასწარით. ვცდილობთ, არ ავჩქარდეთ კადრებთან დაკავშირებით, არავინ შევამციროთ. ალბათ გადაწყვეტილებას დაახლოებით 3 თვის შემდეგ მივიღებთ, როცა შედეგი გვექნება. არ ვიცი ზუსტი პროგნოზი და ამიტომ დარწმუნებითაც ვერაფერს ვიტყვი. ახლა გაურკვევლობაა და ვერაფერს მოვიმოქმედებთ, სანამ რეალურ სურათს არ დავინახავთ", - უთხრა "ბიზნეს-რეზონანსს" ქოქოლაძემ.

    ახალი რეგულაციის ამოქმედებით ძალიან უკმაყოფილო დარჩნენ ტექნიკის მცირე მაღაზიებიც. ერთ-ერთი ობიექტის მფლობელი ლევან ღონღაძე ამბობს, რომ თუკი მყიდველს ბანკმა დაუდასტურებელი შემოსავლის გარეშე თანხა არ დაუმტკიცა, მათი გაყიდვის მაჩვენებელი საგრძნობლად დაეცემა.

    "ჩვენთან ტექნიკას ის ადამიანები ყიდულობენ, ვისაც საშუალო ან საშუალოზე დაბალი შემოსავალი აქვს, ვგულისხმობ განვადების საშუალებით შეძენილ ნივთებს. რა თქმა უნდა, ახალი რეგულაცია მათზე და შემდეგ უკვე ჩვენზეც უარყოფითად აისახება, რადგან კლიენტთა რაოდენობა შეგვიმცირდება. ასეთ დეტალებზე, რაც საბოლოოდ ძალიან დიდ სირთულედ იქცევა, არავინ ფიქრობს. თუ არ აქვს ადამიანს ერთიანი თანხა, რომ იყიდოს გარკვეული პროდუქცია, ასეთ დროს რა უნდა ქნას? ავუკრძალოთ საერთოდ რაიმეს შეძენა?

    ცალკე სავაჭრო ობიექტები ვვარდებით რთულ მდგომარეობაში. ამდენ საქონელს რეალიზაცია ხომ უნდა. ჩვენც ბანკის დახმარებით გვაქვს ეს ბიზნესი აწყობილი. თუ რაღაც ვერ გავყიდე, როგორ გავისტუმრო ის ვალდებულება, რაც ბანკის წინაშე მაკისრია?" - კითხულობს ღონღაძე.

    "ბიზნეს-რეზონანსი" ავტომობილების მაღაზიებსაც დაუკავშირდა. როგორც "თეგეტა მოტორსის" წარმომადგენელი აცხადებს, მათგან მყიდველს სასურველი ავტომობილის შეძენაში შეფერხება არ შეექმნება, მთავარია, ბანკმა სესხი გასცეს.

    "მთავარია, ბანკმა დაუკმაყოფილოს მყიდველს კონკრეტული თანხის მოთხოვნა. ჩვენგან არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ. ბანკის ნაცვლად ვერ ვიტყვი ვერაფერს, ვის დაუმტკიცებენ სესხს და ვის - არა. ჩვენი კომპანია მზადაა, ნებისმიერ მსურველს დაეხმაროს სასურველი ავტომობილის შეძენაში და შევუქმნათ კომფორტი", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას "თეგეტა-მოტორსის" წარმომადგენელმა.

    "აკა მერსედესის" გაყიდვის მენეჯერი დიმიტრი ტატიშვილი კი ამბობს, რომ მათთან მყიდველის ორი კატეგორიაა - ვისაც ბანკი თავად უკავშირდება და სთავაზობს უკვე დამტკიცებულ სესხს მანქანის საყიდლად და ისინი, ვისთვისაც სესხის დამტკიცება საკმაოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ახალმა რეგულაციამ, შესაძლოა, მათი ინტერესი დააზარალოს. ტატიშვილის თქმით, შეიძლება რეგულაციამ დაბალფასიანი ავტომობილების რეალიზაციაზე იმოქმედოს.

    "ჩვენთან მყიდველთა ის კატეგორია შემოდის, რომელსაც მაღალი შემოსავალი აქვს და უკვე გარკვეულნი არიან, რა უნდათ და რა ფასად. მათ დიდ ნაწილს თავად ბანკები უკავშირდებიან და სთავაზობენ ავტომობილის შეძენას, მარტივი გზით უკვე დამტკიცებული აქვთ სესხი. ამ კატეგორიას, არა მგონია, პრობლემა შეექმნას, თუმცა არის სხვა სეგმენტიც.

    საშუალო შემოსავლის ადამიანებს ნამდვილად ექნებათ გარკვეული შეფერხება. ისინი უფრო დაბალფასიანი ავტომობილების შეძენას ცდილობენ და არც შესაბამისი შემოსავალი აქვთ. აქამდე მათ ბანკი მარტივად უმტკიცებდა სესხს და ახლა დამატებით დოკუმენტაციას ითხოვენ. სწორედ ამ მხრივ ვფიქრობ გარკვეულ სირთულეზე.

    ჯერჯერობით ნორმალური ვითარებაა ჩვენთან, როგორც ვმუშაობდით, ისე ვაგრძელებთ. არ დაგვტყობია რეგულაციის "ხელი" და არ შემცირებულა რეალიზაციის მაჩვენებელი", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ტატიშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved