სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნათია ლომიძე
    16.05.2018

     მაღიზიებში ქიმიური და საკვები ნივთიერებები გვერდიგვერდ იყიდება და ხანდახან ამას საგანგაშო შედეგები მოსდევს. სამაგალითოდ ფოთში 2 მცირეწლოვნის "კროტით" მოწამვლაც კმარა. წლების განმავლობაში ამ საკითხზე არავის უფიქრია, არადა, მაღაზიების უდიდეს ნაწილში სურსათი და სანიტარიულ-ჰიგიენური მოხმარების საქონელი ერთ დახლზე იყიდება.

    სუპერმარკეტებში საკვები და ქიმიური ნივთიერებები დახლზე გვერდიგვერდ ალაგია. სიჩქარეში, გამყიდველს (სხვათა შორის, მყიდველსაც) შეიძლება, შეეშალოს და ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება მიაწოდოს კლიენტს. სწორედ მსგავსი უყურადღებობის გამოისობით, მილების გასაწმენდი ქიმიური ნივთიერება "კროტით" მოწამვლის შედეგად იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში ორი მოზარდი რამდენიმე დღე მკურნალობდა.

    ასეთი ფაქტების თავიდან ასაცილებლად მომხმარებელთა უფლებების დამცველები სახელმწიფოსგან მეტ ყურადღებასა და გახშირებულ კონტროლს მოითხოვენ.

    მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო საზოგადოებრივი ასოციაციის თავმჯდომარე ამირან შენგელია "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მსგავსი ფაქტები აუცილებლად კანონით უნდა ისჯებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქაოსური შეცდომების რაოდენობა მოიმატებს. "მაღაზიების ამგვარი შემოწმების ფაქტი არც კი მახსენდება და ეს ძალიან ცუდია. ამ მიმართულებით ყველაფერი თავის ნებაზეა მიშვებული.

    "არ შეიძლება კვებისა და ქიმიური პროდუქტების ერთმანეთის გვერდით დალაგება. გაფრთხილებასაც აძლევენ მაღაზიებს, როდესაც მსგავსი შემთხვევები ხდება, მაგრამ ისინი ყურსაც არ იბერტავენ. ახლახან მომხდარი ფაქტიც გავიხსენოთ, თუ როგორ შეეშალა გამყიდველს და ბავშვს, კანფეტის ნაცვლად, ქიმიური ნივთიერება მისცა. ამას თავი დავანებოთ, დახლიდან გამყიდველმა საერეცხი საშუალება რომ მიაწოდოს მყიდველს, უწევს სხვა საკვებ პროდუქტზე მისი გადატარება. ხშირ შემთხვევაში, ნამცხვრებიც აქვთ დახლზე თავღია მდგომარეობაში. ასეთი ფაქტები ერთმანეთს რომ დავუკავშიროთ, საკმაოდ დიდ დარღვევასთან გვაქვს საქმე.

    სავაჭრო ობიექტებში გამოყოფილი უნდა იყოს ქიმიური საშუალებებისა და საკვების სექციები ერთმანეთისგან. დიდ მარკეტებში დაცულია ეს სტანდარტი, მცირე მარკეტების უმრავლესობა ვერ ახერხებს ამას.

    კონტროლზე რომ ვისაუბროთ, მაღაზიების ამგვარი შემოწმების ფაქტი არც მახსენდება. როდესაც ასეთი შემთხვევები დაუსჯელი რჩება, ცხადია, რომ ქვეყანაში ყველაფერი თავის ნებაზეა მიშვებული", - განუცხადა "რეზონანსს" შენგელიამ.

    სურსათის სფეროს სპეციალისტი ლია კვარაცხელია კი აღნიშნავს, რომ კონტროლი გასაძლიერებელია, როდესაც უბნის მაღაზიებს ეხება საქმე. დიდი სუპერმარკეტები ამ საკითხს თავს მეტ-ნაკლებად ართმევენ. სწორედ ამის გამო შესაბამისმა უწყებებმა, ვისაც ეს ევალება, მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს საკითხს.

    "სასტიკად უნდა იკრძალებოდეს ქიმიური და საკვები პროდუქტების გვერდიგვერდ გაყიდვა. რაც არ უნდა მცირე მასშტაბის იყოს მაღაზია და ვერ ხერხდებოდეს მათი დაცალკევება, შენობაში მაინც უნდა გამოინახოს სხვა ადგილი. კონტროლი გასამკაცრებელია, როდესაც უბნის მაღაზიებს ეხება საქმე. დიდი სუპერმარკეტები ამ საკითხს, ასე თუ ისე, თავს ართმევენ. ნამდვილად მიშვებულია და ყურადღების მიღმაა დარჩენილი ეს რგოლი, სახელმწიფომ უფრო მეტი რესურსი უნდა გამოძებნოს და პრობლემა აღმოფხვრას", - განუცხადა "რეზონანსს" კვარაცხელიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved